უშვილობა წარმოადგენს წყვილისათვის შვილის ყოლის შეუძლებლობას, რომლის დროსაც, მიუხედავად რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტისა, 1 წლის განმავლობაში ორსულობა არ დგება.
რეგულარული სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში, რომელიც ხორციელდება კონტრაცეფციის გარეშე, ქალის ორსულობის ალბათობა შემდეგია:
წყვილებისთვის დაორსულების მაქსიმალური შესაძლებლობა, ხშირი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის პირობებში, თვის განმავლობაში რამდენიმე დღეა. ეს დღეები შეესაბამება ქალის მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდს და ემთხვევა საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გადმოსვლის (ოვულაციის) ფაზას. ქალებს, რომელთაც აქვთ რეგულარული მენსტრუალური ციკლი, შეუძლიათ თავად გამოთვალონ ოვულაციის პერიოდი, მოსვენებულ მდგომარეობაში (სხეულის ბაზალური ტემპერატურის) რექტალურად ტემპერატურის გაზომვით. მონიტორინგი ხდება ყოველდღიურად, დილით გაღვიძებისას ლოგინიდან ადგომამდე. ტემპერატურის დაკლება მანიშნებელია ოვულაციის საწყისი პერიოდისა, ხოლო მატება 0,9ºF (0,5ºC)-ით და მეტად ოვულაციის ნიშანია. ქალებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ოვულაციის დასადგენი ტესტ-მეთოდი სახლის პრობებში, ნერწყვის ან შარდის გამოყენებით. ცნობილია, რომ თამბაქოს და კოფეინის მიღება ამცირებს ქალის ნაყოფიერების უნარს. ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყოველი ხუთი უშვილო წყვილიდან ერთის უნაყოფობის მიზეზად პირველი წლის განმავლობაში თამბაქო და კოფეინი დასახელდა.
უშვილობა შესაძლოა იყოს ქალის, მამაკაცის ან ორივეს ერთდროული პრობლემით განპირობებული.
ასე რომ, უშვილობის დიაგნოსტირებისას აუცილებელია, როგორც ქალის, ისე მამაკაცის სრულყოფილი გამოკვლევა.
ასაკი წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკფაქტორს ქალებისთვის, როგორც დაორსულების გაძნელების, ისე ორსულობის პერიოდში გართულებების ალბათობის ზრდის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ 35 წელზე მეტი ასაკის ქალებს აქვთ ლიმიტირებული დრო უშვილობის პრობლემის დასაძლევად მენოპაუზამდე.
იმ წყვილების 60%-ში, რომლებიც მცდელობის მიუხედავად იყვნენ უნაყოფო პირველი წლის განმავლობაში, ორსულობა მოხდა მოგვიანებით, მკურნალობის შედეგად ან მის გარეშე, მკურნალობის მიზანს წარმოადგენს გამოვლენილი უშვილობის მიზეზის კორექცია, თუ ეს შესაძლებელია, განაყოფიერების შესაძლებლობის გაზრდა და დაორსულების დაჩქარება.
ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც უშვილობის მიზეზის გამოვლენა ვერ ხერხდება, წყვილი იმყოფება ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ქალებთან შესაძლებელია საკვერცხის მასტიმულირებელი მედიკამენტების დანიშვნა, რომელთა საშუალებითაც საკვერცხეში იწყება აქტიური ოვულაციის პროცესი და მწიფდება რამდენიმე ფოლიკული. კვერცხუჯრედი ემზადება განაყოფიერებისთვის. ამ მედიკამენტებს ნაყოფიერების წამლებს უწოდებენ. ყოველთვიური მკურნალობის ფონზე ორსულობის დადგომის ალბათობა ქალისთვის 10-15%-ია. მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდს წარმოადგენს ხელოვნური განაყოფიერება, რომლის ჩატარება შესაძლებელია აქტიური, ჯანმრთელი სპერმის არსებობისას.
როგორც ცნობილია, წყვილი უშვილობის მკურნალობისას იმყოფება ემოციური სტრესის ქვეშ. ერთი ან ორივე პარტნიორი მიმართავს ექიმს სხვადასხვა სახის ჩივილებით. ვლინდება თვითდანაშაულის, მოლოდინის გაცრუების და დაძაბულობის შეგრძნებები, ასევე, იზოლაციისა და ურთიერთობის დეფიციტის ფაქტები. ხშირია ჩხუბი და უთანხმოება პარტნიორებს, ოჯახის სხვა წევრებს შორის, უსიამოვნება მეგობრებთან, ექიმთან. ემოციური სტრესი ხდება დაღლილობის, მოუსვენრობის, ძილისა და კვების დარღვევის მიზეზი. აღნიშნავენ კონცენტრირების გაძნელებას. გასათვალისწინებელია ფინანსური ტვირთი, რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო მომსახურებასთან, და დრო, დახარჯული კვლევებსა და მკურნალობაზე. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე წყვილების გარკვეულ ნაწილში იწყება უთანხმოება. ეფექტიანი ჩარევის გზით შესაძლებელია წყვილებს შორის პრობლემების თავიდან აცილება. ორივე პარტნიორს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია საჭირო სამედიცინო ჩარევებზე, შესაძლო ფინანსურ ხარჯზე და მკურნალობის სავარაუდო ხანგრძლივობაზე (რა დრო დასჭირდება გამოკვლევებსა და მკურნალობას). ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ მკურნალობის ფონზე არსებობს დაორსულების შანსი ან, პირიქით, მკურნალობა შესაძლოა იყოს წარუმატებელი და შეიძლება გაგრძელდეს დაუსრულებლად, ამცირებს წყვილებს შორის და სოციუმის სხვა წევრებთან უთანხმოებას. ითვლება, რომ სასარგებლოა ექიმმა მიაწოდოს პაციენტებს ინფორმაცია მკურნალობის შესაძლო ხანგრძლივობისა და დასრულების ვადების შესახებ, ასევე, როდის მოიძიონ განსხვავებული გამოსავალი ან როდის დაიწყონ შვილის აყვანაზე ზრუნვა. საუკეთესო შემთხვევებში წყვილი მკურნალობის დაწყებამდე მოითხოვს ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხს. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის მხრიდან წყვილის მხარდაჭერა, ფსიქოლოგიური, გუნდური მუშაობის პრინციპის დაცვა, კონსულტირება და სწორი, მკაფიო რეკომენდაციების მიცემა როგორც ქალის, ისე მამაკაცისთვის.