თითოეული მშობიარობა განსხვავებულია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ისინი ერთმანეთის მსგავსი თანმიმდევრობით მიმდინარეობს. შესაბამისად, ორსულს შესაძლოა ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს წინასწარ, თუ რა ცვლილებები განვითარდება მის ორგანიზმში მშობიარობისთვის და რა პროცედურები ჩატარდება მის დასახმარებლად. ქალს ასევე აქვს შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი, მაგალითად, სად გააჩინოს ბავშვი და დაესწროს თუ არა ვინმე მშობიარობას (ბავშვის მამა ან სხვა ახლობელი).
ორსულს შესაძლოა სურდეს, რომ პარტნიორი გვერდით ჰყავდეს მშობიარობისას. მისგან ემოციური მხარდაჭერა და გამხნევება ეხმარება ქალს მოდუნებაში და ზოგჯერ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების საჭიროებასაც კი ამცირებს. ამასთანავე, ბავშვის დაბადების პროცესში ერთად ყოფნას ემოციური და ფსიქოლოგიური კუთხით სარგებლობაც მოაქვს, რადგან ერთგვარად აძლიერებს ოჯახურ კავშირებს. თუმცაღა, ორსულს შესაძლოა მარტო სურდეს ყოფნა მშობიარობისას და არ უნდოდეს პარტნიორის დასწრება. მომავალ მშობელთა სკოლები დედას და მამას, ორივეს მთელი ამ პროცესისთვის წინასწარ ამზადებენ.
ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის ყველა ბავშვი სამშობიაროში იბადება, მაგრამ ზოგ ქალს უნდა, რომ სახლში გააჩინოს შვილი. თუმცაღა, მშობიარობისას ან მისი დასრულებიდან მალევე შეიძლება წარმოიშვას მოულოდნელი გართულებები იმ ქალებშიც კი, ვისაც ორსულობისას პრობლემები არ ჰქონია და კარგი პრენატალური მზრუნველობის ქვეშ იმყოფებოდა. შესაბამისად, ექსპერტთა უმრავლესობა სახლში მშობიარობას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. თუკი ქალს შინაური გარემო და ნაკლები წესები სურს (მაგ., არ იყოს შეზღუდული მნახველთა რაოდენობა ან ნახვის საათები), მას შეუძლია სპეციალური სამშობიარო ცენტრი აარჩიოს. ამ დაწესებულებებში ყველაფერი ნაკლებად ფორმალური, შინაურია, მაგრამ იქ მშობიარობა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სახლში. სამშობიარო ცენტრი საავადმყოფოის ნაწილია ან მასთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, ამ დაწესებულებებს, საჭიროების შემთხვევაში, ჰყავთ სამედიცინო პერსონალი, აქვთ გადაუდებელი დახმარების აღჭურვილობა და ზოგადად ყველაფერი, რაც სჭირდება ჩვეულებრივ საავადმყოფოს. თუკი მშობიარობისას გართულება წარმოიშვა, ქალს მაშინვე კლინიკაში გადაიყვანენ. ზოგ საავადმყოფოს პერსონალური პალატებიც აქვს, სადაც ქალი რჩება მშობიარობიდან სახლში გაწერამდე.
იმის მიუხედავად, თუ სად გადაწყვეტს ქალი მშობიარობას, მას მომზადებაში ეხმარება იმის ცოდნა, რა ელის წინ.