ჩვილთა უმრავლესობა დროულად და პრობლემების გარეშე იბადება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს შესაძლოა ისეთი სამედიცინო პრობლემები განუვითარდეს, რომლებიც დაკავშირებულია დაბადებამდე არსებულ ფაქტორებთან, როგორიცაა დედის ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემა ან მავნე ჩვევა. ჯანმრთელობის პრობლემების მაგალითებია დიაბეტი, მაღალი წნევა ან პრეეკლამფსია (მდგომარეობა, რომელიც წნევის მომატებას, შეშუპებას და შარდში ცილის გაჩენას იწვევს), რაც პირდაპირ მოქმედებს ნაყოფის ზრდასა და ახალშობილის ჯანმრთელობაზე. მავნე ჩვევები, როგორიცაა მოწევა, ალკოჰოლი და აკრძალული წამლების მოხმარება, ასევე მოქმედებს ნაყოფის ზრდაზე და ახალშობილებში პრობლემებს იწვევს. ყოველივე ამის თავიდან აცილებასთან ერთად, სამედიცინო პრობლემებზე ზრუნვით, პრენატალურად ვიტამინების მიღებით, ადრეული პრენატალური მზრუნველობითა და ჯანსაღი დიეტის დაცვით, ორსულ ქალს შეუძლია ჯანმრთელი ჩვილის დაბადების შანსები გაზარდოს.
ჩვილების დაახლოებით 12% იბადება ვადაზე ადრე (ნაადრევი მშობიარობა). ერთზე მეტი ნაყოფის (ტყუპი, სამი ტყუპი, ოთხი ტყუპი) და ზოგიერთი თანდაყოლილი დეფექტის არსებობამ შესაძლებელია ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს. ყველაზე ადრეული ასაკის დღენაკლულ ახალშობილებს დაბადების შემდეგ აღენიშნებათ უმეტესად სუნთქვის პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია რესპირაციული დისტრეს სინდრომით. ახალშობილის ჯანმრთელობაზე პირდაპირ გავლენას ახდენს აგრეთვე ნაყოფის აჩქარებული ან შეფერხებული ზრდა. იშვიათად, ჩვილებს აქვთ სხვა პრობლემებიც, როგორიცაა თანდაყოლილი მანკები, ინფექციები ან სისხლში შაქრის (გლუკოზის) პათოლოგიური დონე. ექიმებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ ბევრი პრობლემის არსებობა ნაყოფის ზრდისა და განვითარების მონიტორინგით, ძირითადად ექოსკოპიის მეშვეობით. ახალშობილები, რომელთაც შესაძლოა რაიმე სერიოზული პრობლემა ჰქონდეთ, ხშირად ისეთ საავადმყოფოში იბადებიან, რომელსაც ნეონატალური ინტენსიური განყოფილება აქვს. აქ მათ სწრაფ და, საჭიროების შემთხვევაში, ინტენსიურ დახმარებას აღმოუჩენენ.