ბაქტერია არის მიკროსკოპული, ერთუჯრედიანი ორგანიზმი. მხოლოდ ზოგიერთი ბაქტერია იწვევს დაავადებას ადამიანებში. ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირი ბაქტერიული ინფექციები არის კანის (იმპეტიგოს ჩათვლით), ყურის და ყელის ინფექციები (სტრეპტოკოკული ყელი). მოზრდილებსა და ბავშვებში ამ და სხვა ბევრ, ნაკლებად ხშირ, ბაქტერიულ დაავადებას ერთნაირად მკურნალობენ და განხილულია ამ წიგნში სხვა ადგილას. არის ინფექციები, რომლებიც გვხვდება ყველა ასაკში, მაგრამ ბავშვებში მიმდინარეობის თავისებურებები ახასიათებს. რუტინული იმუნიზაციით შესაძლებელია რამდენიმე მძიმე ბაქტერიული ინფექციის პრევენცია ადრეულ ბავშვობაში.
ზოგიერთი ბავშვი იმყოფება ბაქტერიული ინფექციების განვითარების გარკვეული რისკის ქვეშ. ესენია 2 თვემდე ჩვილები, ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ ელენთა ან აქვთ იმუნური სისტემის დარღვევა და ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია.
ხანდახან ექიმები სვამენ ბაქტერიული ინფექციის დიაგნოზს დამახასიათებელი სიმპტომების არსებობისას, თუმცა უნდა მოხდეს ბაქტერიის აღმოჩენა ქსოვილში ან სხეულის სითხეებში, როგორიცაა სისხლი, შარდი, ჩირქი ან თავ-ზურგტვინის სითხე. ხანდახან ამ ნიმუშებიდან აღმოჩენილი ბაქტერიის ნახვა ხდება მიკროსკოპის ქვეშ ან სწრაფი ტესტით. რადგან ბაქტერიები მცირე რაოდენობით და პატარა ზომისაა, დიაგნოსტირებისთვის ხშირად საჭირო ხდება მათი გაზრდა (კულტივირება) ლაბორატორიაში. ბაქტერიის კულტურის ზრდას სჭირდება 24-48 საათი. კულტურის გამოყენება შეიძლება აგრეთვე სხვადასხვა ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიების მგრძნობელობის შეფასებისთვის. შედეგი ეხმარება ექიმს, განსაზღვროს, რომელი წამალი გამოიყენოს ინფიცირებული ბავშვის მკურნალობისთვის. თუმცა ზოგჯერ ექიმი პოტენციურად საშიში ინფექციების ანტიბიოტიკებით მკურნალობას იწყებს კულტურის შედეგის მიღებამდე. როდესაც შედეგები მზადაა, ანტიბიოტიკების მიღება გრძელდება ან იცვლება სხვა ანტიბიოტიკით – საჭიროების მიხედვით. თუ ბაქტერიის აღმოჩენა ვერ მოხერხდება, ანტიბიოტიკების მიღება წყდება.