ბავშვის ზრდისა და გარეგნული ფორმების შეცვლის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ზრდის სათავე იწყება ძვლის ყველაზე მოწყვლადი ადგილიდან, რომელსაც ზრდის ფირფიტას უწოდებენ. ძვლების რემოდულირების პროცესში ძველი ძვლოვანი ქსოვილი ახლით იცვლება. ძვლების ბევრი პათოლოგია მომდინარეობს ბავშვის ზრდის პროცესში მიმდინარე ძვალ-კუნთოვანი სისტემის ცვლილებებიდან. ეს ცვლილებები შეიძლება ჯანსაღად წარიმართოს ან, პირიქით, დამაზიანებელი აღმოჩნდეს. ძვლის ზოგიერთი ცვლილება შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი ან უცნობი მიზეზით გამოწვეული.
ძვლის პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორებიცაა დაზიანება, სიმსივნე და ინფექციები. ტიპურ შემთხვევებში მიზეზები შეიძლება იყოს: ძვლების თანდათანობითი დაცილება, მათი არასწორი დგომა, რაც ხშირად განპირობებულია ბავშვის განვითარების პროცესში ზრდის ფირფიტაზე შესაძლო ზეწოლით. სისხლის მომარაგების შემცირების გამო, ასევე, შეიძლება დაზიანდეს ზრდის ფირფიტა. ეს ხდება ძვლის ნაწილების დაცილების ან მათი აცილების შემთხვევებში. ზრდის ფირფიტის დაზიანების შედეგად, ძვლის ზრდის პროცესის სუპრესია ხდება, რასაც შეიძლება ძვლების გამრუდება მოჰყვეს, ამის შედეგად კი სახსრების ხანგრძლივად მიმდინარე დაზიანება (ართრიტი) განვითარდეს.
შემაერთებელი ქსოვილის ზოგიერთმა თანდაყოლილმა პათოლოგიამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ძვლების დაზიანება და შედეგად ისეთი პათოლოგიები განვითარდეს, როგორიცაა მარფანის სინდრომი, ქონდროდისპლაზია და ოსტეოპეტროზი.
ძვლების პათოლოგიები ზოგჯერ ტკივილის გარეშე მიმდინარე დეფორმაციებს იწვევს. ზოგიერთი ტიპის დეფორმაციამ შეიძლება გავლენა იქონიოს ბავშვის სწორად სიარულისა და კიდურების შესაბამისად გამოყენების უნარზე. ძვლების პათოლოგიის დიაგნოზი ეყრდნობა ანამნეზის, ვიზუალური დათვალიერებისა და ფიზიკური გამოკვლევის შედეგებს და, საჭიროების შემთხვევაში – რენტგენოლოგიურ კვლევასა და ლაბორატორიულ ტესტებს.
ძვლის პათოლოგიების მკურნალობის ხასიათი დამოკიდებულია არსებულ მდგომარეობაზე. შესაძლოა, ბავშვებმა, ზრდის პროცესში, ზოგჯერ გადალახონ არსებული დარღვევები, თუმცა, ზოგიერთს შეიძლება დასჭირდეს ძვლების დამაფიქსირებელი საშუალებების გამოყენება ან ქირურგიული ჩარევა.
თუ ზრდის ფირფიტა დაზიანებულია, ქირურგიული ჩარევით შეიძლება დახმარების გაწევა. ქირურგიული მეთოდის გამოყენებით, ზრდის ფირფიტის დაცილებული ან არასწორად მდგომი ბოლოების ზუსტად შეერთებითა და გასწორებით შეიძლება ხელი შეეწყოს ნორმალური ზრდის პროცესს. ქირურგიული ჩარევით შეიძლება შემცირდეს ძვლების არასწორი დგომით გამოწვეული ტკივილი და გაღიზიანება და, ამავე დროს, თავიდან იქნეს აცილებული სახსრებში ართრიტის განვითარების შესაძლებლობა.
თუ ძვლის პათოლოგია იწვევს ფიზიკურ დეფორმაციას, ბავშვები შეიძლება გახდნენ აღგზნებულები ან დეპრესიულები, ასევე, შეიძლება მათთვის ფსიქოლოგიურად ძნელად მისაღები იყოს მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი. მაგალითად, მოზარდებმა შეიძლება წინააღმდეგობა გასწიონ და უარი თქვან სკოლიოზის დროს ზურგის დამჭერი საშუალებების ტარებაზე, რადგან ამით ისინი განსხვავებული იქნებიან თავიანთი თანატოლებისაგან. პროფესიულად ჩატარებული კონსულტაციით შეიძლება მათი ნერვიულობისა და დეპრესიის შემცირება. კონსულტაციები ასევე ეხმარება მათ, გადალახონ მკურნალობის სირთულეები.