გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს) არის მთლიანად საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადება, რომელიც იწვევს მუცლის ტკივილს და შეკრულობას ან დიარეას.
გნს-ი აზიანებს საერთო მოსახლეობის დაახლოებით 10-15%-ს. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ქალები, რომელთაც გნს-ი აქვთ, უფრო ხშირად მიმართავენ ექიმს საკონსულტაციოდ. გნს-ი გასტროენტეროლოგის (ექიმი, რომელიც სპეციალიზებულია საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებზე) მიერ ყველაზე ხშირად დასმული დიაგნოზია.
გნს-ი ზოგადად კლასიფიცირდება როგორც ფუნქციური დარღვევა, რადგან ამ დროს ირღვევა ორგანიზმში მიმდინარე ნორმალური პროცესები, რაც მოიცავს ნაწლავების მოძრაობას, ნაწლავის ნერვების მგრძნობელობას, ან თავის ტვინის მიერ ამ პროცესების მართვას. ნორმალური ფუნქციონირების დარღვევის მიუხედავად, ენდოსკოპით (დრეკადი დასათვალიერებელი მილი), რენტგენოლოგიური კვლევით ან სისხლის ანალიზით რაიმე სტრუქტურული ცვლილება არ შეინიშნება. ამგვარად, გნს-ის ამოცნობა ხდება პაციენტის მიერ აღწერილი სიმპტომების საფუძველზე და, საჭიროების შემთხვევაში, მცირე რაოდენობის ლაბორატორიულ გამოკვლევებზე დაყრდნობით.
გნს-ის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გნს-ით დაავადებულთა უმეტესობაში საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებით მგრძნობიარეა მრავალი გამღიზიანებლის მიმართ. ზოგ ადამიანს ნაწლავებში დაგროვილმა აირმა ან ნაწლავების შეკუმშვამ შეიძლება დისკომფორტი შეუქმნას, რასაც სხვები შემაწუხებლად არ თვლიან. მართალია, გნს-ის დროს განვითარებული ნაწლავის მოძრაობის თავისებურება შეიძლება ნაწლავის პათოლოგიურ შეკუმშვებს უკავშირდებოდეს, თუმცა ყველა გნს-ით დაავადებულს არ აქვს ნაწლავის პათოლოგიური შეკუმშვები, და ბევრ მათგანს, ვისაც აქვს დაავადების სიმპტომების აღმოცენება, პათოლოგიურ შეკუმშვებს არ ემთხვევა.
გნს-ის შეტევის პროვოცირება ან მისი დამძიმება შეუძლია ემოციურ ფაქტორებს (მაგალითად, სტრესი, შფოთვა, დეპრესია და შიში), საკვებს, წამლებს, ჰორმონებს ან მცირე გამღიზიანებლებს. ზოგიერთისთვის ჩამრთველი მექანიზმი (მაპროვოცირებელი ფაქტორი) შეიძლება გახდეს მაღალკალორიული საკვები ან ცხიმით მდიდარი დიეტა. დანარჩენებში, როგორც ჩანს, სიმპტომებს ამძაფრებს ხორბალი, რძისპროდუქტები, ყავა, ჩაი ან ციტრუსები. რადგანაც საკვები პროდუქტები მრავალ ინგრედიენტს შეიცავს, რთულია სპეციფიკური მაპროვოცირებელი ფაქტორის განსაზღვრა. ზოგი ამჩნევს, რომ ძალიან სწრაფი ჭამა, ან ხანგრძლივი პერიოდის შიმშილის შემდეგ საკვების მიღება ასტიმულირებს გამწვავებას. თუმცა, ასეთი კავშირი არ არის დადასტურებული. პაციენტს ჩვეულ მაპროვოცირებელ ფაქტორზე ყოველთვის არ უვითარდება სიმპტომები, და სიმპტომები ხშირად თავს იჩენს რაიმე აშკარა გამომწვევი ფაქტორის გარეშე. დღემდე უცნობია, თუ რა კავშირია სხვადასხვა მაპროვოცირებელ ფაქტორსა და გნს-ის განვითარებას შორის.
გნს-ი, ძირითადად, მოზარდობასა და ახალგაზრდობაში (10-30 წლის ასაკში) იწყება და იწვევს სიმპტომების შეტევებს, რომლებიც არათანაბარი ინტერვალებით მეორდება. ასაკოვნებში დაავადების დაწყება ნაკლებად დამახასიათებელია, თუმცა, არცთუ იშვიათია. გამწვავება თითქმის ყოველთვის სიფხიზლის (მღვიძარე) პერიოდში იწყება და იშვიათად აღვიძებს პაციენტს ძილის დროს.
დამახასიათებელი სიმპტომებია: მუცლის ტკივილი, რომელიც ნაწლავების მოქმედებას (დეფეკაცია) უკავშირდება ან დეფეკაციის შემდეგ იხსნება, ნაწლავების მოქმედების სიხშირის ცვლილება (ყაბზობა ან ფაღარათი) ან განავლის კონსისტენციის შეცვლა, მუცლის ზომაში მატება (შებერვა), განავალში ლორწოს არსებობა და დეფეკაციის შემდეგ ნაწლავის არასრულად დაცლის შეგრძნება. ტკივილი შეიძლება განვითარდეს ეპიზოდურად, მუდმივი ყრუ ტკივილის ან სპაზმური ტკივილის სახით. ის,როგორც წესი, მუცლის ქვედა ნახევარში წარმოიქმნება. სხვა შესაძლო სიმპტომებია: შებერილობა, აირების დაგროვება, გულისრევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, დეპრესია, შფოთვა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და სხვა. კავშირი ტკივილის ხასიათს და ლოკალიზაციას, მაპროვოცირებელ ფაქტორსა და ნაწლავის მოძრაობის თავისებურებას შორის შედარებით სტაბილურია. თუმცა, სიმპტომების სიმძიმემ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს, ან სიმპტომები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში.
გნს-ით დაავადებულთა უმეტესობა ჯანმრთელად გამოიყურება. ფიზიკური გამოკვლევა ზოგადად რაიმე უჩვეულოს არ ავლენს. ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის არეში მუცელზე შეხება უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ექიმი ხშირად ნიშნავს ისეთ გამოკვლევებს (მაგალითად, სისხლის ანალიზს, განავლის კვლევას და სიგმოიდოსკოპიას), რომლებიც საჭიროა გნს-ის განსხვავებისთვის იმ დაავადებებისგან, რომლებიც იწვევენ მუცლის ტკივილს და ნაწლავის ჩვეული მოქმედების შეცვლას. ეს დაავადებებია: კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, კიბო (ძირითადად 40 წელზე მეტი ასაკის პირებში), კოლაგენური კოლიტი, ლიმფოციტური კოლიტი და სხვ. ამ კვლევების შედეგებიგნს-ით დაავადებულებში, როგორც წესი, ნორმაშია; თუმცა, განავალი შეიძლება წყლიანი იყოს და სიგმოიდოსკოპიამ შეიძლება უჩვეულოდ ძლიერი სპაზმი და ტკივილი გამოიწვიოს. ასაკოვნებში და მათში, ვისაც აქვთგნს-ისთვის უჩვეულო სიმპტომები, მაგალითად ცხელება, სისხლიანი განავალი, წონაში კლება და ღებინება, ექიმებს უხდებათ დამატებითი კვლევების ჩატარება, როგორიცაა მუცლის ულტრაბგერითი კვლევა, ნაწლავების რენტგენოლოგიური კვლევა ან კოლონოსკოპია.
გნს-ით დაავადებულ პირებში, განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ ასაკში, შეიძლება განვითარდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებებიც (როგორიცაა აპენდიციტი, ნაღვლის ბუშტის დაავადებები, წყლულოვანი დაავადება და კიბო). ამგვარად, სიმპტომების მნიშვნელოვნად შეცვლა ან გნს-ისთვის უჩვეულო სიმპტომების გაჩენა დამატებითი კვლევების ჩატარებას საჭიროებს.
მკურნალობა სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებულია. თუ აშკარაა, რომ პრობლემას იწვევს კონკრეტული საკვები ან სტრესი, შეძლებისდაგვარად მათ თავი უნდა აარიდონ. უმეტესობას, განსაკუთრებით მათ, ვინც მიდრეკილია შეკრულობისკენ, საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში რეგულარული ფიზიკური აქტიურობა ეხმარება.
ჩვეულებრივ, საუკეთესოა ნორმალური დიეტა. პაციენტთა უმეტესობა თავს უკეთ გრძნობს, როდესაც ჭამს ხშირად, პატარა ულუფებით, ვიდრე იშვიათად და დიდ პორციებს (მაგალითად, ხუთი ან ექვსი მცირე ულუფა დღეში უმჯობესია, ვიდრე სამი დიდი ულუფა). პაციენტები ვისაც შებერილობა და აირების სიჭარბე (მეტეორიზმი) აწუხებს, უნდა მოერიდონ ლობიოს, კომბოსტოს და სხვა რთულად მოსანელებელ საკვებს. არ შეიძლება დიდი რაოდენობით სორბიტოლის მოხმარება, რომელიც, როგორც შაქრის შემცვლელი, ხშირად გამოიყენება დიეტურ საკვებში, ზოგიერთ წამალსა და საღეჭ რეზინში. რეკომენდებულია ფრუქტოზის შემცველი ხილის, კენკრისა და ზოგიერთი მცენარის მხოლოდ მცირე რაოდენობით მიღება. ზოგისთვის სასარგებლოა დაბალცხიმიანი დიეტა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ახასიათებს კუჭის ძალიან ნელი ან ძალიან სწრაფი დაცლა. მათ, ვისაც გნს-იდა ლაქტაზას დეფიციტი ერთდროულად აქვთ, რძის პროდუქტები ზომიერად უნდა მოიხმარონ. ლაქტაზადეფიციტურმა პაციენტებმაც კი შეიძლება მიიღონ ერთი ჭიქა რძე, ოღონდ მცირე ულუფებით, დღის განმავლობაში.
შეკრულობის მოხსნა შეიძლება ბოჭკოების შემცველი პროდუქტების მიღებით. შეკრულობის მქონე პაციენტებმა ყოველი კვებისას უნდა მიიღონ ერთი სუფრის კოვზი უმი ქატოდიდი რაოდენობით წყალთან ან სხვა სითხეებთან ერთად, ან შეუძლიათ მიიღონ ფსილიუმის დანამატები ორ ჭიქა წყალთან ერთად. დიეტური ბოჭკოების გაზრდამ შეიძლება გააუარესოს მეტეორიზმი და შებერილობა. პერიოდულად ასეთი მეტეორიზმი შეიძლება შემცირდეს სინთეზურ ბოჭკოვან პრეპარატებზე გადასვლით (მაგ., მეთილცელულოზა). ზოგიერთი საფაღარათო საშუალება ხშირად ეფექტური და უსაფრთხოა. ასეთ საფაღარათო საშუალებებს განეკუთვნება სორბიტოლის, ლაქტულოზას ან პოლიეთილენგლიკოლის შემცველი წამლები, აგრეთვე, მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები, რომლებიც ბისაკოდილს ან გლიცერინს შეიცავს. ყაბზობის დროს ასევე ეფექტურია ახალი საფაღარათე საშუალება ლუბიპროსტონი.
მუცლის ტკივილი შეიძლება მოხსნას გლუვი კუნთების ტონუსის დამაქვეითებელმა წამლებმა (რელაქსანტებმა), როგორიცაა დიციკლომინი, მაგრამ ის ხშირად იწვევს ანტიქოლინერგულ გვერდით მოვლენებს – პირის სიმშრალე, მხედველობის გაბუნდოვნება ან შარდვის გაძნელება.
ფაღარათის მქონე პაციენტებისთვის ეფექტურია ანტიდიარეული წამლები, როგორიცაა დიფენოქსილატი ან ლოპერამიდი, ასევე, ალოსეტრონი, რომელიც სეროტონინის (ნეირომედიატორი) ეფექტს ამცირებს. არომატული ზეთები, მაგალითად, პიტნის ზეთი, ხშირად შველის მეტეორიზმს და სპაზმურ სიმპტომებს. ანტიდეპრესანტები, ქცევის მოდიფიკაციის ტექნიკა (როგორიცაა შემეცნებით-ქცევითი თერაპია), ფსიქოთერაპია და ჰიპნოზი ხშირად ძალზე ეფექტურია გნს-ის სიმპტომების მართვაში. ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი მოხმარება დაბალ, ასევე, შედარებით მაღალ დოზებში უსაფრთხოა. ანტიდეპრესანტებმა შეიძლება არა მარტო მოხსნას ტკივილი და სხვა სიმპტომები, არამედ მოხსნას ძილის პრობლემები, დეპრესია ან შფოთვა.