გონებრივი ჩამორჩენა/ ინტელექტუალური შეზღუდულობა | მკურნალი.გე
  1. გონებრივი ჩამორჩენა/ ინტელექტუალური შეზღუდულობა
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
გონებრივი ჩამორჩენა/ ინტელექტუალური შეზღუდულობა

გონებრივი ჩამორჩენა/ინტელექტუალური შეზღუდულობა წარმოადგენს ინტელექტის მნიშვნელოვან, საშუალოზე დაბალ დონეზე ფუნქციონირებას, რაც დაბადებისთანავე ან ადრეულ ახალშობილობაში ვლინდება და იწვევს ყოველდღიურ ცხოვრებაში ნორმალური აქტიურობის შეზღუდვას.

  • გონებრივი ჩამორჩენა/ინტელექტუალური შეზღუდულობა (MR/ID) შესაძლოა იყოს გენეტიკური ან ისეთი დარღვევის შედეგი, რასაც ტვინის განვითარებაზე აქვს გავლენა;

  • MR/ID-ის მქონე ბავშვებს სკოლამდელ ასაკამდე შესამჩნევი სიმპტომები არ უვითარდებათ;

  • დიაგნოზი ეფუძნება ფორმალური ტესტირების შედეგებს;

  • ბავშვის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დამოკიდებულია გონებრივი და ფიზიკური პრობლემების ხარისხზე;

  • სათანადო პრენატალური მოვლა ამცირებს MR/ID-ის მქონე ბავშვის დაბადების რისკს;

  • სხვადასხვა სპეციალისტის, თერაპიის და სპეციალური განათლების დახმარებით, ბავშვებს შეუძლიათ მიაღწიონ მათი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენას.

ტერმინი "გონებრივი ჩამორჩენა" დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებოდა და მან არასასურველი სოციალური სტიგმა შეიძინა. ამ სტიგმის გამო, ექიმებმა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებმა ეს ტერმინი ახლით – "ინტელექტუალური შეზღუდულობა" ჩაანაცვლეს. რადგანაც ეს ცვლილება ახალია, ტერმინოლოგიაში ცვლილების აღსანიშნავად დღეს გამოიყენება "გონებრივი ჩამორჩენა/ინტელექტუალური შეზღუდულობა" (MR/ID).

MR/ID არ არის სპეციფიკური სამედიცინო დარღვევა, როგორიც არის პნევმონია ან სტრეპტოკოკური ფარინგიტი, და არ არის ფსიქიკური ტიპის დარღვევა. MR/ID-ის მქონე პირებს საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ინტელექტის ფუნქცია აქვთ, რაც ზღუდავს მათ უნარს, თავი გაართვან ორ ან მეტ ყოველდღიურ აქტივობას (ადაპტაციური უნარ-ჩვევები). ამ აქტივობებში შედის კომუნიკაციის უნარი; სახლში ცხოვრება; საკუთარი თავის მოვლა, მათ შორის, გადაწყვეტილებების მიღება, უქმეების, სოციალურ, სკოლის და სამუშაო აქტივობებში მონაწილეობა და პერსონალური ჯანმრთელობის და უსაფრთხოების შესახებ საქმის კურსში ყოფნა.

MR/ID-ის მქონე პირებს სხვადასხვა ხარისხის შეზღუდვა აქვთ. ექიმი პაციენტის ფუნქციონირების დონის კლასიფიცირებას ახდენს თითოეული ადამიანის ინდივიდუალურობის გათვალისწინებით. ინტელექტუალური ფუნქციონირების დონე შეიძლება ეფუძნებოდეს განვითარების კოეფიციენტის (DQ) ტესტის და ინტელექტის კოეფიციენტის (IQ) ტესტის შედეგებს ან დახმარების დონეს, რასაც პაციენტი საჭიროებს. დახმარება კატეგორიზდება როგორც დროებითი, შეზღუდული, ექსტენსიური, ყოვლისმომცველი. დროებითი ნიშნავს, რომ ადამიანი საჭიროებს დროებით დახმარებას, შეზღუდული – საჭიროებს დღიურ პროგრამას სპეციალურად ასეთი ბავშვებისთვის განკუთვნილ ადგილას; ექსტენსიური გულისხმობს, ყოველდღიურ მუდმივ დახმარებას და ყოვლისმომცველი გულისხმობს ინტენსიურ დახმარებას ყოველდღიური ცხოვრების ყველა აქტივობაში, სავარაუდოდ, მუდმივ ზრუნვას.

ითვლება, რომ მხოლოდ IQ ტესტის მაჩვენებელზე დაყრდნობით, MR/ID აქვს მთლიანი პოპულაციის დაახლოებით 3%-ს. თუმცა, თუ კლასიფიცირება დახმარების საჭიროების მიხედვით მოხდება, მნიშვნელოვანი გონებრივი (კოგნიტური) შეზღუდვის მქონედ მხოლოდ 1% კლასიფიცირდება.

გამომწვევი მიზეზები

MR/ID-ის გამოწვევა მრავალ სამედიცინო და გარემო ფაქტორს შეუძლია. ზოგი მათგანი გენეტიკურია, ზოგი განაყოფიერებამდე ან განაყოფიერების დროს ზემოქმედებს, ხოლო სხვები შეიძლება ორსულობისას, დაბადებისას ან დაბადების შემდეგ მოქმედებდეს. ხშირი მიზეზია ის ფაქტორი, რაც ხელს უშლის ტვინის ზრდასა და განვითარებას. თუმცა, ექიმებს სპეციფიკური გამომწვევის დადგენა მხოლოდ მსუბუქი ფორმის MR/ID-ის მქონე პირების ერთ მესამედში და საშუალო და მძიმე ფორმის MR/ID-ის მქონე პირების ორ მესამედში შეუძლიათ.

სიმპტომები

MR/ID-ის მქონე ზოგიერთ ბავშვში პათოლოგია დაბადებისთანავე ან დაბადებიდან მცირე ხნის განმავლობაში ვლინდება. ეს დარღვევები შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ნევროლოგიური. ის შეიძლება მოიცავდეს სახის ნაკვთების ცვლილებას, ძალიან პატარა ან ძალიან დიდ თავს, ხელების და ფეხების დეფორმაციებს და სხვადასხვა პათოლოგიას. ზოგჯერ ბავშვები გარეგნულად ნორმალურად გამოიყურებიან, მაგრამ სერიოზული ავადმყოფობის სხვა ნიშნები უვლინდებათ, როგორიც არის კრუნჩხვები, ლეთარგია, ღებინება, შარდის შეცვლილი სუნი და ნორმალური კვებისა და ზრდის დარღვევები. უფრო მძიმე ფორმის MR/ID-ის მქონე ბავშვებში, სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში გვიანდება მოტორული უნარ-ჩვევების განვითარება. ბავშვი ნელა ასრულებს ისეთ მოძრაობებს, როგორიცაა გორვა, დაჯდომა და დადგომა.

MR/ID-ის მქონე ბავშვების უმეტესობას სკოლამდელ ასაკამდე შესამჩნევი სიმპტომები არ უვითარდება. მძიმე ფორმის შემთხვევაში სიმპტომები უფრო ადრეულ ასაკში აშკარავდება. პირველი პრობლემა, რასაც მშობლები ამჩნევენ, მეტყველების განვითარების დაგვიანებაა. MR/ID-ის მქონე ბავშვებს უჭირთ სიტყვების გამოყენება, სიტყვების ერთად დაწყობა და სრული წინადადების თქმა. მათი სოციალური განვითარებაც შეფერხებულია კოგნიტიური და მეტყველების დარღვევების გამო. MR/ID-ის მქონე ბავშვები ძნელად სწავლობენ ჩაცმას და დამოუკიდებლად ჭამას. ზოგიერთმა მშობელმა გარკვეული ქცევები კოგნიტურ შეზღუდვად შეიძლება არ ჩათვალოს მანამ, სანამ ბავშვი სკოლაში ან სკოლამდელ პერიოდში ასაკის შესაფერის ქცევებს ვერ შეასრულებს.

MR/ID-ის მქონე ბავშვებს, სხვა ბავშვებთან შედარებით, გარკვეულწილად უფრო მეტად უვითარდებათ ქცევითი პრობლემები, მაგალითად, explosive outbursts, temper tantrums და ფიზიკური აგრესიული ქცევები. ეს ქცევები ხშირად დაკავშირებულია სპეციფიკურ გამაღიზიანებელ სიტუაციებთან, რაც კომბინაციაშია კომუნიკაციისა და იმპულსების კონტროლის შეზღუდულ უნართან.

MR/ID-ის მქონე პირთა 10-40%-ს, ასევე, აქვს ფსიქიკური დარღვევები (ორმაგი დიაგნოზი). ხშირია შფოთვა და დეპრესია, განსაკუთრებით, იმ ბავშვებში, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ ისინი თანატოლებისგან განსხვავდებიან ან ვისაც თავიანთი მდგომარეობის გამო დასცინიან და ცუდად ექცევიან.

დიაგნოზი

ბავშვების მდგომარეობას პროფესიონალთა გუნდი აფასებს, მათ შორის არიან ბავშვთა ნევროპათოლოგი ან განვითარების პედიატრი, ფსიქოლოგი, ლოგოპედი (მეტყველების პათოლოგი), ოკუპაციური ან ფიზიკური თერაპევტი, სპეციალური პედაგოგი, სოციალური მუშაკი ან ექთანი.

MR/ID-ზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ექიმი აფასებს ბავშვს ინტელექტუალური ფუნქციონირების ტესტებით და ცდილობს, დაადგინოს პათოლოგიის გამომწვევი მიზეზი. ექიმისთვის MR/ID-ის გამომწვევი მიზეზის ცოდნა მნიშვნელოვანია მაშინაც კი, თუ ეს მიზეზი შეუქცევადია. ის საშუალებას აძლევს ექიმს, განსაზღვროს ბავშვისთვის საჭირო მომავალი ზედამხედველობა, მოახდინოს უნარების შემდგომი დაკარგვის პრევენცია და დაგეგმოს ისეთი ჩარევები, რაც ბავშვის ფუნქციონირების დონეს გაზრდის. ასევე, ის კონსულტაციას გაუწევს მშობლებს ამავე დარღვევით შემდეგი ბავშვის გაჩენის რისკის შესახებ.

ახალშობილები, რომელთაც ფიზიკური პათოლოგია ან სხვა სიმპტომები აქვთ, რაც, სავარაუდოდ, MR/ID ან მასთან ასოცირებულ მდგომარეობას მიუთითებს, ხშირად საჭიროებენ ლაბორატორულ კვლევებს, მეტაბოლური და გენეტიკური დარღვევების აღმოსაჩენად. გამოსახულებითი კვლევები, როგორიც არის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულებითი კვლევა, (შეიძლება ჩატარდეს ტვინში არსებული სტრუქტურული პრობლემების სანახავად. ელექტროენცეფალოგრამა (EEG) ტვინის ელექტრულ აქტივობას იწერს და გამოიყენება ბავშვში შესაძლო კრუნჩხვების შესაფასებლად. ქრომოსომული ანალიზი, შარდისა და სისხლის ტესტები და ძვლების რენტგენოლოგიური კვლევა, ასევე, გვეხმარება MR/ID-ის გამომწვევი საეჭვო მიზეზების გამორიცხვაში.

MR/ID-ისგან განსხვავებული მდგომარეობა აქვს ზოგიერთ ბავშვს, რომელსაც მეტყველების სწავლისა და სოციალური ჩვევების ათვისების დაგვიანება აღენიშნება. როგორც წესი, ტარდება სმენის გამოკვლევა, რადგან სმენის პრობლემები მოქმედებს მეტყველებასა და სოციალურ განვითარებაზე. ემოციური პრობლემები და სწავლის დარღვევები შეიძლება შეცდომით MR/ID-ად ჩაითვალოს. ბავშვები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მძიმედ განიცდიდნენ სიყვარულისა და ყურადღების დეფიციტს, შეიძლება ჰგავდნენ MR/ID-ის მქონეთ. ბავშვს, რომელიც გვიან სწავლობს ჯდომას ან სიარულს (ხილვადი მოტორული ჩვევები) ან საგნებით მანიპულირებას (ნატიფი მოტორული ჩვევები), შესაძლოა, ჰქონდეს ნევროლოგიური დარღვევა, რაც MR/ID-ისთან არ არის ასოცირებული.

ბავშვის გეგმური ვიზიტისას ექიმები რუტინულად ატარებენ განვითარების სკრინინგულ ტესტებს, რადგანაც განვითარების მსუბუქ პრობლემებს მშობლები ყოველთვის ვერ ამჩნევენ. ბავშვის კოგნიტური, ვერბალური და მოტორული უნარ-ჩვევების სწრაფად შესაფასებლად, ექიმი იყენებს მარტივ კითხვარს, როგორიც არის ასაკისა და განვითარების საფეხურის კითხვარები (ASQ) ან ბავშვის განვითარების ჩამონათვალი (CDI). მშობლები, მშობლის მიერ შესაფასებელი განვითარების სტატუსის (PEDS) ტესტის შევსებით, ეხმარებიან ექიმს ბავშვის ფუნქციონირების დონის განსაზღვრაში. ბავშვებს, რომლებიც ამ სკრინინგტესტებზე თავიანთ ასაკთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ დონეს აჩვენებენ, უტარდებათ ფორმალური კვლევები.

ფორმალური კვლევა სამი კომპონენტისგან შედგება: მშობლებთან ინტერვიუ, ბავშვზე დაკვირვება და ტესტი, ნორმებთან შესაბამისობაზე.ინტელექტუალურ უნარებს აფასებს ზოგიერთი ტესტი, მაგალითად, სტენფორდ-ბინეტის ინტელექტის შესაფასებელი ტესტი (SBIT) და ვექსლერის ინტელექტის სკალა ბავშვებისთვის-IV (WISC-IV). სხვა ტესტები, როგორიც არის ვაინლენდის ადაპტაციური ქცევის სკალა (VABS), აფასებს კომუნიკაციას, ყოველდღიური ცხოვრების უნარებს, სოციალურ შესაძლებლობებსა და მოტორულ უნარებს. ზოგადად, ეს ფორმალური ტესტები საშუალებას იძლევა, ბავშვის ინტელექტუალური და სოციალური შესაძლებლობები შედარდეს იმავე ასაკის სხვა ბავშვების შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ განსხვავებული კულტურული საფუძვლის მქონე ბავშვები, ბავშვები არაინგლისურენოვანი ოჯახებიდან და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ბავშვები, როგორც წესი, ცუდად აბარებენ ტესტს. ამის გამო, MR/ID-ის დიაგნოზის დასასმელად, ექიმის მხრიდან საჭიროა ტესტის მონაცემების შეჯერება მშობლებისგან მიღებულ ინფორმაციასთან და ბავშვზე პირდაპირ დაკვირვებასთან. MR/ID-ის დიაგნოზი ზუსტია მხოლოდ მაშინ, როდესაც როგორც ინტელექტუალური, ისე ადაპტაციური ჩვევები საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბლაა.

პროგნოზი და პრევენცია

MR/ID-ს ხშირად თან სდევს სერიოზული ფიზიკური პრობლემები, რის გამოც შესაძლოა, შემცირდეს MR/ID-ის მქონე ბავშვების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რაც კონკრეტულ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

ჩვეულებრივ, რაც უფრო მძიმეა ბავშვის კოგნიტური ინვალიდობის ხარისხი და მეტია ფიზიკური პრობლემები, მით ნაკლებია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. თუმცა, მსუბუქი MR/ID-ის მქონე ბავშვს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის ნორმალური აქვს და ჯანდაცვა აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შორეულ გამოსავალს განვითარების პათოლოგიის ყველა ტიპის მქონე ადამიანისთვის. მსუბუქი და საშუალო MR/ID-ის მქონე პირებს საკუთარი თავის მოვლის უნარი აქვთ, ისინი დამოუკიდებლად ცხოვრობენ და წარმატებით მუშაობენ ისეთ სამსახურებში, რაც ბაზისურ ინტელექტუალურ უნარებს მოითხოვს.

პრევენცია მოიცავს გარემოს, გენეტიკურ და ინფექციურ დაავადებებს, ასევე, შემთხვევით დაზიანებებს. MR/ID-ის ძალიან ხშირი და სრულიად პრევენტაბელური მიზეზია ნაყოფის ალკოჰოლის სინდრომი. The March of Dimes და MR/ID-ის პრევენციაზე მომუშავე სხვა ჯგუფები დიდ ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ გააფრთხილონ ქალები ორსულობის დროს ალკოჰოლის მოხმარების სერიოზული დამაზიანებელი ეფექტების შესახებ. ექიმმა, შესაძლოა, გენეტიკური კვლევის ჩატარება ურჩიოს იმ პირს, ვისაც ჰყავს ოჯახის წევრი ან მეორე ბავშვი ისეთი მემკვიდრული დარღვევით, რაც გარკვეულ კავშირშია MR/ID-თან. ასეთი დარღვევებია ფენილკეტონურია, ტეი-საქსის დაავადება, მყიფე X სინდრომი.

მემკვიდრული დარღვევის განმაპირობებელი გენის იდენტიფიცირება საშუალებას აძლევს გენეტიკოს-კონსულტანტს, დაეხმაროს მშობლებს დაავადებული ბავშვის დაბადების რისკის შეფასებაში. ქალმა, რომელიც აპირებს დაფეხმძიმებას, უნდა გაიკეთოს გარკვეული აცრები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წითელას საწინააღმდეგო აცრა. ქალი, რომელიც ნაყოფისთვის საზიანო ინფექციის განვითარების რისკის ქვეშაა, დაფეხმძიმებამდე აუცილებლად უნდა იქნეს გამოკვლეული საეჭვო ინფექციაზე, როგორიცაა წითურა და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ).

კარგი პრენატალური მოვლა ამცირებს MR/ID-ის მქონე ბავშვის დაბადების რისკს. ჩასახვამდე და ორსულობის ადრეულ პერიოდში ფოლატისა და ვიტამინის დანამატების მიღება ტვინის გარკვეული სახის პათოლოგიის პრევენციას ეხმარება. შრომისა და მშობიარობის, ასევე, დღენაკლულ ბავშვთა მოვლის პრაქტიკაში დანერგილი მიღწევების წყალობით შემცირდა დღენაკლულობასთან დაკავშირებული MR/ID-ის შემთხვევები.

ორსულობის დროს იმ მდგომარეობათა გამოსავლენად, რასაც ხშირად თან სდევს MR/ID-ის განვითარება, გამოიყენება ისეთი ტესტები, როგორებიცაა ულტრაბგერა, ამნიოცენტეზი, ქორიონული ბუსუსების კვლევა და სისხლის სხვადასხვა ტესტი. ამნიოცენტეზი ან ქორიონული ბუსუსების კვლევა უკეთდებათ იმ ქალებს, ვისაც მაღალი აქვს დაუნის სინდრომით ბავშვის დაბადების რისკი, 35 წლისა და მეტი ასაკის ქალებს ან მეტაბოლური სინდრომის ოჯახური ისტორიის მქონე ქალებს. ნერვული მილის დეფექტის, დაუნის სინდრომისა და სხვა ანომალიების სკრინინგტესტად გამოიყენება დედის შრატში ალფა-ფეტოპროტეინის განსაზღვრა. ორსულობის დროს შეიძლება ზოგიერთი მდგომარეობის მკურნალობა, როგორიცაა ჰიდროცეფალია და მძიმე რეზუსკონფლიქტი. უმეტეს მდგომარებათა მკურნალობა არ არის შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, პრობლემის ადრეული ამოცნობა საშუალებას იძლევა, მოამზადოს მშობელი და საშუალება მისცეს მას განიხილოს ორსულობის შეწყვეტის შესაძლებლობა.

მკურნალობა

MR/ID-ის მქონე ბავშვის მოვლას ყველაზე უკეთ მულტიდისციპლინური გუნდი ახორციელებს. გუნდის შემადგენლობაში არიან: პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმი; სოციალური მუშაკები; მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპევტები; ნევროლოგები; ნუტრიციოლოგები; პედაგოგები და სხვ. ეს ხალხი, ოჯახთან ერთად, ბავშვისთვის ადგენს ყოვლისმომცველ, ინდივიდუალურ პროგრამას, რომლის განხორციელება იწყება მაშინვე, როგორც კი სავარაუდო ხდება MR/ID-ის დიაგნოზი. ბავშვის მშობლებს და დედმამიშვილებს ასევე სჭირდებათ ემოციური მხარდაჭერა და ხანდახან კონსულტირება. მთელი ოჯახი უნდა იყოს პროგრამის შემადგენელი ნაწილი.

ბავშვისთვის საჭირო დახმარების გასაწევად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების სრული სპექტრი. მხედველობაში მიიღება ფაქტორები, როგორებიც არის ფიზიკური უნარშეზღუდულობა, პიროვნული პრობლემები, ფსიქიკური ავადმყოფობა, ინტერპერსონალური უნარები. MR/ID-ის მქონე ბავშვებს, რომელთაც თან ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევები აქვთ, მაგალითად, დეპრესია, უნდა ჩაუტარდეთ შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა იმავე დოზებით, როგორითაც ეს სხვა ბავშვებში ხდება. თუმცა, ქცევითი თერაპიის დაწყებისა და გარემოს შეცვლის გარეშე, მხოლოდ მედიკამენტის მიცემა, როგორც წესი, არ არის შედეგიანი.

MR/ID-ის მქონე ყველა ბავშვისთვის ეფექტიანია სპეციალური განათლება. ფედერალური ხელისუფლება შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების საგანმანათლებლო აქტით (IDEA) ავალდებულებს საჯარო სკოლებს, მიაწოდონ უფასო და შესაფერისი განათლება MR/ID-ის ან განვითარების სხვა დარღვევის მქონე ბავშვებს და მოზრდილებს. განათლება რაც შეიძლება ნაკლებშეზღუდულად და ყოვლისმომცველად უნდა იყოს მიწოდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვებს აქვთ ყველა შესაძლებლობა იურთიერთონ უნარშეუზღუდავ თანატოლებთან და თანასწორი წვდომა ჰქონდეთ საზოგადოებრივ წყაროებთან.

MR/ID-ის მქონე ბავშვი, როგორც წესი, სახლში თავს კარგად გრძნობს. თუმცა, ზოგიერთი ოჯახი ვერ უზრუნველყოფს შინ მის მოვლას, განსაკუთრებით იმ ბავშვების, რომელთაც მძიმე, კომპლექსური შეზღუდვები აქვთ. ასეთი გადაწყვეტილების მიღება რთულია და მოითხოვს ვრცელ დისკუსიას ოჯახის წევრებსა და მათ მთელ მხარდამჭერ გუნდს შორის. ოჯახში მძიმე უნარშეზღუდული ბავშვის ყოლა თავდადებულ მოვლას საჭიროებს, რაც ზოგიერთ მშობელს არ შეუძლია. ოჯახს შეიძლება დასჭირდეს ფსიქოლოგიური დახმარება. სოციალურმა მუშაკმა შეიძლება მოახდინოს ოჯახის დახმარებისთვის საჭირო სერვისების ორგანიზება. მათ შეიძლება დახმარება გაეწიოს დღის მოვლის ცენტრების, მოსამსახურის, ბავშვის მომვლელისა და სპეციალიზებული დასვენების ცენტრების მიერ. MR/ID-ის მქონე მოზრდილთა უმეტესობა ცხოვრობს საზოგადოებრივ საცხოვრისებში, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის პერსონალური მოთხოვნების ადეკვატური სერვისების მიწოდებას, ისევე, როგორც სამუშაო და გასართობ საშუალებებს.