ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის ბავშვს სჭირდება უწყვეტი, თანმიმდევრული, უსაფრთხო და სიყვარულის შემცველი მზრუნველობა, რომელსაც ახორციელებს მშობელი ან სხვა ნებისმიერი აღმზრდელი (მეურვე). უფროსის მხრიდან ბავშვის დაცვა და მხარდაჭერა მატებს მას თავდაჯერებულობას და სიმტკიცეს, რათა გაუმკლავდეს წინააღმდეგობებს. სოციალური და ემოციური მომწიფებისათვის აუცილებელია ბავშვების ურთიერთობა, ოჯახის წევრების გარდა, სხვა პირებთან. მსგავსი სახის კონტაქტები, როგორც წესი, პატარებს აქვთ ახლო ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან, ძიძებთან, შემდგომ სკოლაში, ეკლესიებში, სპორტულ წრეებსა და სხვა აქტივობებში მონაწილეობისას, თავის მცირე სოციუმში ურთიერთობებისას. ბავშვების მიერ მცირე სტრესებისა და კონფლიქტების მოგვარება, მათ აძლევს შესაძლებლობას, თანდათანობით შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები, მომავალში უფრო მნიშვნელოვანი წინააღმდეგობების დასაძლევად. ბავშვები, ასევე, დიდ ყურადღებას აქცევენ მოზრდილების ქცევას სტრესულ სიტუაციებში და მათგან სწავლობენ არაერთ ჩვევას.
ზოგიერთმა მნიშვნელოვანმა მოვლენამ ბავშვის ცხოვრებაში, როგორიც არის ავადმყოფობა ან მშობლების განქორწინება, შესაძლებელია საზიანო გავლენა იქონიოს მისი წინააღმდეგობების დაძლევის უნარზე. ასეთი მოვლენების დროს მოსალოდნელია ბავშვის ემოციური და სოციალური განვითარების სერიოზული დარღვევები. მაგალითად, გარკვეული ქრონიკული დაავადების არსებობისას ბავშვს შეზღუდული აქვს ფიზიკური აქტივობა და ვერ მონაწილეობს თანატოლებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაში, ამასთანავე, ზოგჯერ ადგილი აქვს სწავლაში ჩამორჩენის შემთხვევებს.
მოვლენები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ბავშვზე, ასევე, მოქმედებენ მის გარშემო მყოფ ყველა პირზე. ბავშვის ავადობის დროს საკმაოდ დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებიან მისი უახლოესი ადამიანები. ამ სტრესის მოგვიანებითი შედეგები ვარიაბელურია და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და წარმოშობაზე, ოჯახის ემოციურ მახასიათებლებზე, სხვა რესურსებსა და მხარდაჭერაზე.