ბავშვის უგულებელყოფა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა | მკურნალი.გე
  1. ბავშვის უგულებელყოფა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა
  2. ბავშვთა ჯანმრთელობა
ბავშვის უგულებელყოფა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობა

  • ბავშვის უგულებელყოფისა და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევები ხშირად გვხვდება გარკვეული რისკფაქტორების არსებობისას, როგორებიც არის: სიღარიბე, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ნარკოდამოკიდებულება, მენტალური პრობლემების მქონე პირები და მარტოხელა მშობელი;

  • ბავშვები, რომლებიც უფროსებისგან განიცდიან ჩაგვრას და არასათანადო მოპყრობას, ხშირად გამოიყურებიან სუსტად, არიან ჭუჭყიანები, აქვთ ტანზე დაზიანებები ან ემოციურად და მენტალურად გაუწონასწორებლები არიან;

  • ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობა სავარაუდოა, როდესაც ბავშვის ტანზე ვლინდება ფიზიკური ზემოქმედების კვალი, ჩალურჯებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული შემთხვევით ტრავმასთან ან არ ემთხვევა ბავშვის ან მისი მშობლის მიერ აღწერილ შემთხვევებს. ჩნდება ახალი სისხლჩაქცევები;

  • ბავშვთა ძალადობის მართვა გულისხმობს, მოარიდონ ბავშვი შემდგომ დამზიანებელ ზემოქმედებას. საჭიროა ბავშვებთან და მშობლებთან ხშირი კონსულტაციები. ზოგჯერ აუცილებელია ბავშვის ჰოსპიტალიზაციაც და ხშირად – ოჯახის დახმარება უსაფრთხო და აუცილებელი მატერიალური გარემოს შექმნით.

ბავშვის უგულებელყოფაზე საუბრობენ, როდესაც მშობლები ან მასზე მზრუნველი პირები, არსებული შესაძლებლობის მიუხედავად, არ უზრუნველყოფენ მას აუცილებელი პირობებით, ხოლო სასტიკი მოპყრობა განისაზღვრება, როდესაც ბავშვზე ზემოქმედებენ დამაზიანებელი ფაქტორებით, მათ შორის, ფსიქოლოგიურით.ბავშვის უგულებელყოფა გულისხმობს მისთვის აუცილებელი ბაზისური საჭიროებების – ფიზიკური, სამედიცინო, განათლების და ემოციური განვითარების სერვისების – შეზღუდვა. ემოციური უგულებელყოფა ნაწილია ემოციური ძალადობისა. ძალადობა შესაძლოა იყოს ფიზიკური, სექსუალური და ემოციური. ზოგჯერ ძალადობის რამდენიმე ფორმა ერთდროულად ხორციელდება ბავშვზე. ასევე, ხშირია უგულებელყოფისა და სასტიკი მოპყრობის თანაარსებობა ოჯახური ძალადობის სხვა ფორმებთან ერთად, როგორიც არის ცოლ-ქმარს შორის ძალადობა. უშუალოდ მიყენებული ზიანი ბავშვს უქმნის ხანგრძლივ პრობლემებს, რაც გამოიხატება მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით ან ნარკოდამოკიდებულებით. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ მოზარდები, რომლებიც არიან ფიზიკური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი, მოგვიანებით თავად ხდებიან მოძალადეები საკუთარი შვილების მიმართ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ფიქსირდება ბავშვთა უგულებელყოფისა და სასტიკი მოპყრობის 896000-ზე მეტი შემთხვევა, რომელთაგან 1400 მთავრდება ბავშვის გარდაცვალებით. უგულებელყოფა 3-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა.

უგულებელყოფა და სასტიკი მოპყრობა შედეგია რთული ინდივიდუალური, ოჯახური და სოციალური ფაქტორების კომბინაციისა. მარტოხელა მშობელი, ეკონომიკური სიდუხჭირე, ალკოჰოლდამოკიდებულება, ნარკოდამოკიდებულება და მენტალური პრობლემების არსებობა (როგორიც არის დაბალი თვითშეფასება და პერსონალური ფსიქიკური პრობლემები) ხელს უწყობს მშობლების მხრიდან ბავშვების უგულებელყოფას და ძალადობის განხორციელებას. უგულებელყოფა 12-ჯერ უფრო ხშირია ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ ხელმოკლე ოჯახებში.

ექიმებსა და ექთნებს კანონი აკისრებთ ვალდებულებას, რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინონ ადგილობრივ ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს ბავშვის უგულებელყოფისა და სასტიკი მოპყრობის ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა.სამედიცინო მუშაკებს არ აქვთ ვალდებულება, თუმცა შეუძლიათ გააცნონ მშობლებს მათ მიერ განხორციელებული შეტყობინების შესახებ, რათა მშობელი მზად იყოს შესაბამის ორგანოებთან გასაუბრებისთვის ან დაელოდოს სახლში ვიზიტს. გარემოებიდან გამომდინარე, არსებული შემთხვევის მართვაში შესაძლებელია ჩაერთონ ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურებიც. საეჭვო შემთხვევების გადაუდებელ შეტყობინებას კანონი ავალდებულებს ყველა პირს, რომელსაც უწევს მუშაობა (ზრუნვა) 18 წლამდე ასაკის ბავშვებთან. ამ პირებში მოიაზრებიან: მასწავლებლები, ბავშვის მომვლელები (ძიძები), აღმზრდელები (საბავშვო ბაღში), მინდობით აღზრდის შემთხვევებში მიმღებ ოჯახზე მეთვალყურე პირები, პოლიციელები და იურიდიული მომსახურე პერსონალი. სხვა ნებისმიერ პირს, რომელმაც იცის ან ეჭვი აქვს ბავშვებზე ძალადობის ფაქტზე, შეუძლია გააკეთოს შეტყობინება, თუმცა კანონი მათ ამას არ ავალდებულებს.

ყველა შეტყობინებას, რომელიც ეხება ბავშვთა უგულებელყოფას და სასტიკ მოპყრობას, დეტალურად სწავლობს ადგილობრივი ბავშვთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი, ადასტურებს ფაქტს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს. სააგენტოს წარმომადგენლის რეკომენდაცია შესაძლოა იყოს სოციალური ხასიათის და მოითხოვდეს: ბავშვისა და მისი ოჯახისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობას, დროებით ჰოსპიტალიზაციას, დროებით მინდობით აღზრდას ან მშობლებისთვის დედობის ან მამობის უფლების ჩამორთმევას. ექიმები და სოციალური მუშაკები ეხმარებიან ბავშვთა უფლებების დაცვის სააგენტოს წარმომადგენელს, ბავშვისთვის საჭირო გადაუდებელი სამედიცინო სერვისების განსაზღვრაში, დაზიანების სიმძიმის იდენტიფიცირებასა და, მომავალში, ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის გაგრძელების შესაძლებლობის დადგენაში.

ტიპები

არსებობს ბავშვთა უგულებელყოფისა და სასტიკი მოპყრობის განსხვავებული ტიპები.

ფიზიკური უგულებელყოფა: გულისხმობს ბავშვის ძირითადი და აუცილებელი საჭიროებების – საკვების, ტანსაცმლისა და თავშესაფრის – გარეშე დატოვებას. გარდა ამისა, არსებობს სხვა საჭირო სერვისები, რომლებითაც მშობელი არ უზრუნველყოფს პატარას. ასეთია, მაგალითად, პრევენციული სტომატოლოგიური და ზოგადი სამედიცინო შემოწმება, ვაქცინაცია. მშობლებმა შესაძლოა არ მიიყვანონ ბავშვი ექიმთან ავადმყოფობის დროს, სამედიცინო მომსახურების დაგვიანებამ კი მოსალოდნელია ბავშვის ჯანმრთელობა სერიოზულად დააზიანოს და საბოლოოდ სიკვდილის მიზეზიც გახდეს. მშობლები ხშირად არ ინტერესდებიან, იღებს თუ არა მათი შვილი განათლებას, დადის თუ არა სკოლაში ან კერძო მასწავლებელთან. არის შემთხვევები, როდესაც მშობლები ბავშვებს ტოვებენ არასანდო პირებთან ან სრულიად უმეთვალყურეოდ.

ფიზიკური ძალადობა: ბავშვის მიმართ სასტიკი მოპყრობა, უშუალოდ ზიანის მიყენება, რომელიც გამოიხატება ფიზიკურ დასჯაში, დეფინირდება, როგორც ფიზიკური ძალადობა. ნებისმიერი ასაკის ბავშვი შეიძლება გახდეს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა, ჩვილები და მცირე ასაკის ბავშვები ითვლება ყველაზე დაუცველ კატეგორიად. ფიზიკური ძალადობა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ მიზეზს ახალშობილების სერიოზული თავის ტვინის ტრამვებისა. მცირე ასაკის ბავშვებში ხშირია ძალადობით მიყენებული მუცლის ღრუს ორგანოების ტრავმები, რომლებიც შესაძლოა სასიკვდილოც გახდეს. ფიზიკური ძალადობა (მკვლელობების ჩათვლით) წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიზეზს, ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირ 10 მიზეზს შორის. ზოგადად, ბავშვზე ფიზიკური ძალადობის რისკი მცირდება ადრეულ სასკოლო ასაკში და იზრდება მოზარდობის პერიოდში.

ბავშვზე ძალადობის სამ მეოთხედზე მეტ შემთხვევებში, მოძალადეები არიან ბავშვის მშობლები. ბავშვი, რომელიც იბადება მარტოხელა, ახალგაზრდა, ღარიბი დედის ოჯახში, ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ არის. ოჯახში დაძაბული ურთიერთობები ხელს უწყობს ძალადობის დაწყებას. სტრესული სიტუაცია მოსალოდნელია უმუშევრობის, სახლიდან ხშირი წასვლის, სოციუმისგან, მეგობრებისგან და ოჯახის წევრებისგან იზოლაციის ან ოჯახური ძალადობის პირობებში. რთული ბავშვები (ჰიპერაქტიური, მომთხოვნი, ფიცხი) და ბავშვები განსხვავებული შესაძლებლობებით (განვითარების შეფერხება ან ფიზიკური უნარშეზღუდულობა) იმყოფებიან ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ. ფიზიკური ძალადობის მაპროვოცირებელი ხშირად არის მწვავე სტრესული სიტუაცია, მაგალითად, სამსახურის დაკარგვა, ოჯახის წევრის ან ახლობლის გარდაცვალება ან დისციპლინის პრობლემები.

სექსუალური ძალადობა: ნებისმიერ ბავშვზე განხორციელებული ქმედება მოზრდილის ან უფროსი ასაკის ბავშვის მხრიდან, რომელიც იწვევს სექსუალურ ვნებას, დეფინირდება, როგორც სექსუალური ძალადობა. იგი მოიცავს: ბავშვის საშოში, უკანა ტანში ან პირში შეღწევას, სექსუალური მიზნით ბავშვთან შეხებას შეღწევის გარეშე (გარყვნილი ქმედება), გენიტალური ორგანოების ან პორნოგრაფიული ფილმების ბავშვისთვის ჩვენებას ან ბავშვის გამოყენებას პორნოგრაფიული მიზნით. სექსუალურ ძალადობად არ მოიაზრება სექსუალური თამაშები, რომლის დროსაც 4 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველგვარი იძულების გარეშე ეხებიან ან ანახებენ ერთმანეთს გენიტალურ ორგანოებს. 18 წლის ასაკის მოზარდებში გოგონების 12-დან 15% და ბიჭების 8-დან 10% სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. უმეტესწილად სექსუალური მოძალადეები არიან ბავშვისთვის ნაცნობი პირები: მამინაცვალი, ბიძა, დედის მეგობარი მამაკაცი. ქალების მხრიდან სექსუალური ძალადობა იშვიათია.

გარკვეული გარემოებები ზრდის სექსუალური ძალადობის რისკს. მაგალითად, ბავშვს, რომელსაც ჰყავს რამდენიმე სხვადასხვა ძიძა ან ძიძა, რომელსაც ჰყავს არაერთი სექსუალური პარტნიორი, იმყოფება მაღალი რისკის ქვეშ. საზოგადოებიდან იზოლირებული, დაბალი თვითშეფასების მქონე ან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სხვა წევრებზე ხორციელდება სექსუალური ძალადობა, ასევე, წარმოადგენენ მაღალ რისკჯგუფს.

ემოციური ძალადობა: ბავშვზე სიტყვიერი ან ფსიქოლოგიური არასათანადო ზემოქმედება ცნობილია, როგორც ემოციური ძალადობის სახეობა. ემოციური ძალადობა ბავშვს უღვიძებს შეგრძნებებს, რომ ის უვარგისია, ნაწყენია, არ უყვართ, არასასურველია, საფრთხის ქვეშ არის და აფასებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ასრულებს სხვის მოთხოვნილებებს. ემოციური ძალადობა მოიცავს: უარყოფას, ექსპლუატაციას, ტერორს, იზოლაციასა და უგულებელყოფას. უარყოფაში იგულისხმება ბავშვის შესაძლებლობებისა და მიღწევების დაკნინება. ექსპლუატაცია მოიცავს არანორმალური ქცევის ან დანაშაულებრივი ქმედების ხელის შეწყობას, მაგ., ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების წახალისებას. ტერორში მოიაზრება ბავშვის მუქარა, დაშინება, დაჩაგვრა. იზოლაციაზე საუბარია, როდესაც ბავშვს არ აძლევენ სხვა მოზრდილებთან ან ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობას, ხოლო უგულებელყოფა ნიშნავს ბავშვის იგნორირებას, მასთან ურთიერთობის შეწყვეტას, სიყვარულისა და ყურადღების გამოხატვის დეფიციტს. ემოციური ძალადობა ხშირად ხანგრძლივი დროით გრძელდება.

მიმნდობი პირის მიუნჰაუზენის სინდრომი – ეს იშვიათი ფორმაა ბავშვზე ძალადობისა, როდესაც ძიძა ან დედა აზვიადებს ან გამიზნულად ხელს უწყობს ბავშვის ავადობას.

სიმპტომები

ბავშვის უგულებელყოფისა და სასტიკი მოპყრობის გამოვლინებები დიდად არის დამოკიდებული ზემოქმედების ფორმაზე, ხანგრძლივობასა და კონკრეტულ გარემოებებზე. გარდა თვალხილული ფიზიკური დაზიანებებისა, ძალადობრივი ზემოქმედების სიმპტომები მოიცავს ფსიქოლოგიური და მენტალური ჯანმრთელობის დარღვევებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს დაუყოვნებლივ ან მოგვიანებით და გაგრძელდეს ხანგრძლივი დროით.

ფიზიკური უგულებელყოფის დროს ბავშვს აქვს ცუდად ნაკვების შესახედაობა, დაღლილია, ჭუჭყიანია ან შესაძლოა არ ჰქონდეს შესაბამისი ტანსაცმელი. ისინი ხშირად აცდენენ სკოლას. უკიდურეს შემთხვევებში, ცხოვრობენ მარტო, მცირეწლოვან და-ძმებთან ერთად, უფროსის მეთვალყურეობის გარეშე. მოსალოდნელია ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა. გარკვეული კატეგორია მიტოვებული ბავშვებისა იღუპება დაუცველობის ან შიმშილის გამო.

ფიზიკური ძალადობა: სისხლნაჟღენთები, ნაკბენები, დამწვრობა, ნაკაწრები ან ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე წარმოადგენს ფიზიკური ძალადობის ზოგად ნიშნებს. ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები სხვადასხვა ფორმისაა და იმეორებს იმ საგნის ფორმას, რომლის ზემოქმედებითაც მიყენებულ იქნა ტრავმა, მაგ., დენის კაბელი ან ქამარი, სიგარეტის ნამწვავები კანზე, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება ხელებსა და ფეხებზე. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პირის ღრუს, თავის ტვინის, თვალის ან სხვა შინაგანი ორგანოების მძიმე დაზიანებას, რომელიც არ იყოს ხილული. ბავშვს შესაძლოა შეამჩნიოთ ძველი ტრავმების კვალი, მაგ., ძვლების მოტეხილობა არასწორი შეხორცებით. ზოგჯერ ტრავმები იწვევს ბავშვის დასახიჩრებას.

ჩვილს, რომელიც განზრახ ჩააგდეს ცხელ აბაზანაში, აღენიშნება მრავლობითი დამწვრობები. ეს დაზიანებები ლოკალიზებულია დუნდულებზე და აქვს ფუნთუშების მსგავსი შესახედაობა. ცხელი წყლის მისხმა, მიშხეფება იწვევს მცირე ზომის დამწვრობებს სხვა ადგილებში.

ბავშვის შენჯღრევის სინდრომი ძალადობის ერთ-ერთი სერიოზული ფორმაა. მშობლები ანჯღრევენ ბავშვს ტირილის, ყვირილის ან დაუმორჩილებლობის გამო, როდესაც კარგავენ მოთმინებას. შენჯღრევით გამოწვეული დაზიანებები შესაძლოა ბავშვის სიკვდილის მიზეზიც გახდეს, ხშირია თავის ტვინის ქერქის დაზიანება, რაც მოგვიანებით იწვევს სიბრმავეს, კრუნჩხვებს, პარკუჭების გაფართოებას, სისხლჩაქვევას თავის ტვინსა და ქალას შორის (სუბდურული) და ა. შ. თვალხილური დაზიანების ნიშნები იშვიათია, თუმცა საყურადღებოა: ძილიანობა, მოუსვენრობა, მადის დაკარგვა, ღებინება, თვალში სისხლჩაქცევა, ნეკნებისა და სხვა ძვლების მოტეხილობა.

ბავშვები, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფებიან ძალადობრივი ზემოქმედების ქვეშ, ხშირად არიან გაღიზიანებულები, შეშინებულები, აქვთ ძილის პრობლემები, შესაძლოა ვლინდებოდეს დეპრესია და შფოთვის სხვადასხვა ფორმა. არსებობს მაღალი ალბათობა მომავალში მათი მხრიდან ძალადობის, დანაშაულებრივი ქმედების ან სუიციდის განხორციელებისა.

სექსუალური ძალადობა: დამახასიათებელია ქცევითი ცვლილებები. ეს ცვლილებები შესაძლოა ძალიან სწრაფად მოხდეს და იყოს უკიდურესი. მოსალოდნელია ბავშვი გახდეს აგრესიული და უპირისპირდებოდეს ირგვლივ მყოფებს, დაეწყოს შიშები და ძილის დარღვევები. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ასაკის შეუსაბამოდ იცვლის ქცევას სექსუალური კუთხით. ბავშვებს, რომლებზეც სექსუალურად ძალადობენ მშობლები ან ოჯახის სხვა წევრები, აქვთ კონფლიქტის შეგრძნება, რადგან მათთვის ახლობელმა ადამიანმა უღალატა.

სექსუალური ძალადობისას ხშირია ფიზიკური დაზიანებების არსებობა. ბავშვებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ ჩალურჯებები, ნახეთქები ან სისხლმდენი ადგილები გენიტალური ორგანოების, უკანატანის ან პირის არეებში. დაზიანებების გამო მოსალოდნელია, ბავშვს შეეცვალოს სიარულის მანერა ან გაუძნელდეს დაჯდომა. გოგონებში საყურადღებოა გამონადენი საშოდან. არის შემთხვევები სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (გონორეა, ქლამიდიური ინფექცია, ზოგჯერ კი ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირება) გამოვლენისა.

ემოციური ძალადობა: ბავშვებს, რომლებიც იმყოფებიან ემოციური ძალადობის ქვეშ, აკლიათ თავდაჯერებულობა, აქვთ დაუცველობისა და შფოთვის შეგრძნება, ისინი მეტად დამოკიდებულნი არიან ოჯახის რომელიმე წევრზე და მუდმივად ითვალისწინებენ მხოლოდ მის მოთხოვნებს, არ აქვთ საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების გამოხატვის უნარი. ახალშობილების შემთხვევაში, ბავშვები არანაირ ინტერესს არ იჩენენ გარემოსა და ადამიანების მიმართ, არიან ნაკლებ ემოციურნი. მათი ქცევა შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც მენტალური განვითარების შეფერხება/ინტელექტუალური უუნარობა ან ფიზიკური პათოლოგია. ბავშვებს, რომლებზეც ხორციელდება ემოციური ძალადობა, უჭირთ საზოგადოებრივი ჩვევების განვითარება, გვიან იწყებენ ლაპარაკს და აქვთ ენის დასწავლის პრობლემები. უგულებელყოფის შემთხვევებში ვლინდება დაბალი თვითშეფასების უნარი. ბავშვის ექსპლუატაციამ მოგვიანებით შესაძლოა გამოიწვიოს მისი, როგორც დამნაშავის ჩამოყალიბება ან ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. ტერორის ქვეშ მყოფი ბავშვები ხშირად არიან შეშინებულები და ჩაკეტილები, აქვთ უნდობლობის შეგრძნება. არასტაბილურები და თავის თავში დაურწმუნებლები, ღელავენ, რომ არ შეუქმნან უფროსებს დისკომფორტი. ბავშვის იზოლაციაში მოქცევისას იქმნება საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემები. ასეთ ბავშვებს უჭირთ თანატოლებთან და სხვა პირებთან ნორმალური კონტაქტის დამყარება, აკლიათ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები. მოზრდილი ასაკის ბავშვებს აქვთ სკოლაში აკადემიური მოსწრების პრობლემები, არ სწავლობენ რეგულარულად ან უჭირთ ნასწავლის გადმოცემა.

დიაგნოზი

ბავშვთა უგულებელყოფისა და არასათანადო მოპყრობის დიაგნოსტირება არც ისე ადვილია, განსაკუთრებით, როცა ადგილი არ აქვს ძალადობის მძიმე ფორმებს. შემთხვევების გამოვლენა შესაძლებელია, როდესაც ვინმე შეესწრება ძალადობის ფაქტს ან თავად ბავშვი ჰყვება აღნიშნულის თაობაზე. ძალადობის ფაქტები შეიძლება ვერ გამოვლინდეს წლების განმავლობაში. არსებობს ბევრი სირთულე: ბავშვების გარკვეული ნაწილი მათზე განხორციელებულ ძალადობას აღიქვამს, როგორც ნორმალურ ქმედებას და არ ჰყვება ამის შესახებ. ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ბავშვების დიდი ნაწილი გაურბის ამ თემაზე საკუთარი ნებით საუბარს, რადგან მას რცხვენია, ეშინია მოძალადის ან აქვს შეგრძნება, რომ ის ამ ძალადობას იმსახურებს. ფიზიკური ძალადობის შემთხვევაში ბავშვი გაცილებით უფრო იოლად, პირდაპირ პასუხობს დასმულ კითხვებს და აღწერს დეტალურად ძალადობის შემთხვევას, ხოლო სექსუალური ძალადობის ფაქტი ბავშვებისთვის იმდენად ტრავმული და დამთრგუნველია, რომ არ შეუძლიათ მის შესახებ საუბარი ან მოძალადეს აძლევენ პირობას, რომ აღნიშნულს შეინახავენ საიდუმლოდ.

როდესაც ექიმს ეჭვი უჩნდება ძალადობის ან უგულებელყოფის ფაქტის არსებობაზე, ის იწყებს დამატებითი ინფორმაციისა და კლინიკური ნიშნების მოძიებას, რათა დაადასტუროს ფაქტი. აუცილებელია ბავშვის სრული ფიზიკური გასინჯვა, ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური სტატუსის შეფასება და დადგენა, არის თუ არა ბავშვი ბაზისური საჭიროებებით უზრუნველყოფილი.

ფიზიკური უგულებელყოფა: ბავშვის უგულებელყოფის ფაქტები უფრო ხშირად გამოვლენილა სამედიცინო პერსონალის ან სოციალური მუშაკის მიერ, როდესაც აღინიშნება აუხსნელი ტრავმები, გართულებული ავადმყოფობა ან ქცევითი დარღვევები. ექიმი ამჩნევს ბავშვის ჩამორჩენას ზრდა-განვითარებაში, ვაქცინაციის ეპიზოდების გაცდენას, დაგვიანებულ მიმართვას ბავშვის ავადმყოფობის შემთხვევებში ან არასათანადოდ შესრულებულ სამკურნალო რეკომენდაციებს. მასწავლებლებსაც შეუძლიათ გამოააშკარაონ უგულებელყოფის შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ხშირად უმიზეზოდ აცდენს მეცადინეობებს. როდესაც საეჭვოა ბავშვთა უგულებელყოფის ფაქტი, ექიმი ყოველთვის აფასებს ანემიის, ინფექციის ან ტყვიით მოწამვლის არსებობას, რაც ხშირია უმეთვალყურეოდ მიტოვებულ ბავშვებში.

ფიზიკური ძალადობა: საეჭვოა, როდესაც მცირე ასაკის ბავშვს, რომელიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლად ვერ დადის, სხეულზე აღენიშნება ჩალურჯებები და სერიოზული ტრავმები. ასევე, სავარაუდოა ძალადობა მცირე ასაკის ბავშვებში ან მოზარდებში, რომელთაც სხეულზე აქვთ გარკვეული სახის ჩალურჯებები, მაგალითად, ფეხების უკანა ზედაპირზე, დუნდულებზე ან ტანზე. როდესაც ბავშვი სწავლობს სიარულს, ხშირია სისხლჩაქცევები, თუმცა ისინი ძირითადად ლოკალიზებულია სხეულის წინა ზედაპირზე გამოშვერილ ძვლოვან არეებში, როგორიც არის მუხლები, წვივები, შუბლი, ნიკაპი, ცხვირი, იდაყვები და ა.შ. არასათანადო მოპყრობაზე შეიძლება მიტანილი იქნეს ეჭვი, როდესაც მშობელმა არ იცის ბავშვის ჯანმრთელობის დეტალები ან ნაკლებად შეწუხებულია არსებული დაზიანებების გამო. მოძალადე მშობელი ზოგჯერ უარს ამბობს, აღწეროს ექიმთან ან ახლობლებთან, როგორ მიიღო მისმა შვილმა ესა თუ ის დაზიანებები. სხვა შემთხვევაში, შემთხვევის აღწერილობა ხშირად შეუსაბამოა არსებულ ტრავმებთან ან რამდენიმეჯერ შემთხვევის აღწერისას მშობელი საუბრობს განსხვავებული ვერსიებით.

როდესაც ექიმს აქვს ეჭვი ძალადობის არსებობაზე, ის ცდილობს წარმოადგინოს დეტალური აღწერილობა ზემოქმედების ფაქტზე. სასურველია ფოტომასალის მოპოვებაც. ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევა, დაზიანებების ან წარსულში არსებული ტრავმების შესაფასებლად. 2 წლამდე ასაკის ბავშვის შემთხვევაში რეკომენდებულია მთელი სხეულის ძვლოვანი სისტემის რენტგენოგრაფია მოტეხილობების გამოვლენის მიზნით.

სექსუალური ძალადობა: ხშირად სექსუალური ძალადობის გამოვლენა დაფუძნებულია ბავშვის მონაყოლზე ან სხვა პირის ჩვენებაზე, რომელიც შეესწრო არსებულ ფაქტს. გასათვალისწინებელია, რომ მსხვერპლი ბავშვების უმრავლესობა გაურბიან აღნიშნულ ზემოქმედებაზე საუბარს. ამიტომ ძალადობის შესახებ ვარაუდი ჩნდება მხოლოდ მათი ქცევის მკვეთრი ცვლილების საფუძველზე. თუ ბავშვზე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში განხორციელდა სექსუალური ძალადობის ფაქტი, აუცილებელია სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება, რაც გულისხმობს გენიტალიებიდან ნაცხის, თმის მასალის, ბიოლოგიური სითხეების ნიმუშების აღებას, ხილულ დაზიანებებზე ფოტომასალის შეგროვებას. ხშირ შემთხვევაში ამ პროცედურას ახორციელებს სპეციალურად ტრენირებული ექიმი ექსპერტი.

ემოციური ძალადობა: უმეტესად ემოციური ძალადობის გამოვლენა თან ახლავს სხვა პრობლემების შეფასებას, როგორიც არის ბავშვის აკადემიური მოსწრების დაბალი დონე ან ქცევითი დარღვევები. ემოციური ძალადობის შემთხვევების არსებობისას, აუცილებელია ბავშვი შეფასდეს ფიზიკური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის თვალსაზრისით.

მკურნალობა

ბავშვის უგულებელყოფისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების მართვა ხორციელდება ექიმების ჯგუფის, ჯანდაცვის სხვა პროფესიონალების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისგან შემდგარი გუნდის მიერ, რომელიც მოქმედებს შეთანხმებულად ძალადობის მიზეზების წინააღმდეგ და მსხვერპლის სარეაბილიტაციოდ. პროფესიონალთა გუნდი ეხმარება ოჯახის წევრებს, გააანალიზონ ბავშვის საჭიროებები და ხელმისაწვდომი გახდეს მათთვის ადგილობრივი სოციალური და სამედიცინო სერვისები. მაგ., ეხმარებიან ახალშობილის მშობლებს, რომელთაც არ აქვთ კანონიერი უფლება, მიიღონ ჯანდაცვის მომსახურება (მაგ., არალეგალები), ამ სერვისების მოპოვებაში. ხელმოკლე ოჯახებისთვის შესაძლებელია ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო დახმარებების მოძიება, ბავშვების საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით. მშობლები, რომელთაც აქვთ ნარკოდამოკიდებულების, ალკოჰოლდამოკიდებულების ან მენტალური პრობლემები, პირდაპირ იგზავნებიან სპეციალურ დაწესებულებებში სამკურნალოდ. გარკვეულ რეგიონებში არსებობს პროგრამები მშობელთა განათლებისთვის.

აუცილებელია ყველა სახის ფიზიკური დაზიანების ან არსებული დაავადების დაუყოვნებელი მკურნალობა. ბავშვების გარკვეული ნაწილი იგზავნება საავადმყოფოებში დაზიანებების, მძიმე კვების დეფიციტის ან სხვა სახის დარღვევების სამკურნალოდ. სერიოზული ტრავმების შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ოპერაციული ჩარევა. ჩვილები, რომელთაც აღენიშნებათ შენჯღრევის სინდრომის მძიმე გამოვლინებები, თავსდებიან პედიატრიულ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. არის შემთხვევები, როდესაც ხდება ჯანმრთელი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, განმეორებითი ძალადობის პრევენციის მიზნით, მანამ, სანამ ბავშვისთვის ორგანიზაციულად არ მოგვარდება უსაფრთხო გარემოთი უზრუნველყოფა.

ბავშვების გარკვეულ კატეგორიას, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლია, შესაძლოა პრევენციულად დაენიშნოს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მედიკამენტური მკურნალობა, მათ შორის, აივ-ინფექციის (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) მკურნალობა. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფ ბავშვებთან აუცილებელია გადაუდებლად დაიწყოს პროფესიონალური მხარდამჭერი ფსიქოთერაპია. სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ნებისმიერი ბავშვი გადის სპეციალურ ფსიქოლოგიურ (მენტალურ) თერაპიას, სპეციალიზებულ ცენტრებში, რადგან სტრესით მიყენებულმა ზიანმა შესაძლებელია გასტანოს რამდენიმე წელი. მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არ არის ხანმოკლე. სიმპტომებისა და ქცევითი დარღვევების გახანგრძლივების შემთხვევებში, ექიმმა უნდა მოიძიოს და გამოავლინოს სხვა ფორმის ძალადობის ფაქტები, რომლებიც შესაძლოა ხორციელდებოდეს ბავშვზე.

მკურნალობის მიზანს წარმოადგენს ბავშვის რეაბილიტაცია და დაბრუნება ჯანსაღ ოჯახურ გარემოში. ძალადობის ბუნებიდან გამომდინარე, ბავშვების გარკვეული კატეგორია შესაძლებელია დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს ან სამუდამოდ მოაცილონ ბიოლოგიურ მშობლებს თუ მიმღებ ოჯახებს. ბავშვების ოჯახიდან წამოყვანა უფრო ხშირად დროებითია და გრძელდება მანამ, სანამ მშობლები იპოვიან შესაფერის საცხოვრებელს ან დაწესდება და განხორციელდება მათზე სოციალური მუშაკის მუდმივი ზედამხედველობა. ძალადობისა და უგულებელყოფის მძიმე შემთხვევებისას მშობლებს შესაძლებელია სასამართლოს ძალით ჩამოერთვათ დედობის ან მამობის უფლება. ასეთ შემთხვევაში ბავშვი იზრდება მიმღებ ოჯახში, სანამ არ მოხდება მისი საბოლოოდ შვილად აყვანა ან არ გახდება სრულწლოვანი.