ანუსი საჭმლის მომნელებელი მილის ბოლო ნაწილია, საიდანაც განავალი ორგანიზმს ტოვებს. სწორი ნაწლავი საჭმლის მომნელებელი მილის ის მონაკვეთია, რომელიც ზუსტად ანუსის ზემოთ მდებარეობს და სადაც განავალი ყოვნდება ორგანიზმიდან გამოსვლამდე.
ანუსი ნაწილობრივ ორგანიზმის ზედაპირული შრიდან, მათ შორის კანიდან და, ნაწილობრივ ნაწლავიდან იქმნება. სწორი ნაწლავის ამომფენი შრე, ნაწლავის დანარჩენი ნაწილის მსგავსად, შედგება პრიალა წითელი ქსოვილისგან, რომელიც ლორწოვან ჯირკვლებს შეიცავს.სწორი ნაწლავის ამომფენ შრეს შედარებით ნაკლები მგრძნობელობა აქვს ტკივილის მიმართ, მაგრამ ანუსის და მის ირგვლივ მდებარე კანის ნერვები ტკივილის მიმართ ძალიან მგრძნობიარეა.
სწორი ნაწლავიდან და ანუსიდან ვენები ჩაედინება კარის ვენაში, რომელიც ღვიძლის გავლით საერთო ცირკულაციაში გადადის. სწორი ნაწლავის ლიმფური სადინარები მუცლის ქვედა ნახევარში მდებარე ლიმფურ კვანძებში ჩაედინება. ანუსიდან ლიმფა საზარდულში მდებარე ლიმფურ კვანძებში ჩადის.
კუნთოვანი რგოლი (ანალური სფინქტერი) ანუსის დახურვას უზრუნველყოფს. ეს სფინქტერი აუტონომიური ნერვული სისტემით ქვეცნობიერად კონტროლდება; თუმცა, სფინქტერის ქვედა ნაწილი სურვილისამებრ შეიძლება მოეშვას ან შემჭიდროვდეს.
ანუსის და სწორი ნაწლავის დარღვევების სადიაგნოზოდ ექიმი ანუსის ირგვლივ მდებარე კანს ათვალიერებს, აკვირდება ნებისმიერ ცვლილებას. ხელთათმნიანი თითით ექიმი სინჯავს სწორ ნაწლავს. ქალებში ეს ხშირად ტარდება საშოს ხელით გასინჯვასთან ერთად.
შემდგომ ექიმი ანუსს და სწორ ნაწლავს ათვალიერებს 3-10 დუიმის (დაახლოებით 7.6-25 სანტიმეტრი) სიგრძის მყარი დასათვალიერებელი მილით (ანოსკოპი ან პროქტოსკოპი). ნაწლავის უფრო დიდი, დაახლოებით 60 სანტიმეტრამდე სიგრძის, მონაკვეთის დასათვალიერებლად გამოიყენება უფრო გრძელი, დრეკადი მილი (სიგმოიდოსკოპი). ზოგადად, ანოსკოპით ან სიგმოიდოსკოპით გამოკვლევა არაკომფორტულია, თუმცა, უმტკივნეულო პროცედურაა. თუ პათოლოგიური მდგომარეობის გამო ანუსის ან მის გარშემო მდებარე მიდამო მტკივნეულია, გამოკვლევის ჩატარების წინ ექიმმა შეიძლება გააკეთოს ადგილობრივი, რეგიონული ან ზოგადი ანესთეზიაც კი. ზოგჯერ სიგმოიდოსკოპიის წინ კეთდება გამწმენდი ოყნა, მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის განავლისგან გასათავისუფლებლად. სიგმოიდოსკოპია მიკროსკოპიული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის ქსოვილისა და განავლის ნიმუშის აღების საშუალებასაც იძლევა. ასევე შესაძლებელია რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარება ბარიუმის ოყნის ფონზე (ირიგოსკოპია).