დამწვრობა ქსოვილების დაზიანებაა, რომელიც სითბური, ელექტრული, სხივური ან ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად ვითარდება.
დამწვრობა უხშირესად სითბური, სახელდობრ, ცეცხლის, ორთქლის, კუპრის ცხელი სითხეების ზემოქმედების შედეგია (თერმული დამწვრობა). ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული დამწვრობა თერმულის მსგავსია, მზის სხივებითა და ელექტრული დენით გამოწვეული კი მნიშვნელოვნად განსხვავებულია. დამწვრობასთან დაკავშირებულმა სიტუაციებმა, როგორიცაა ცეცხლმოკიდებული შენობიდან გადმოხტომა, ნანგრევებში მოყოლა ან ავტოსაგზაო შემთხვევა, სხვა სახის დაზიანებებიც შეიძლება გამოიწვიოს.
თერმული და ქიმიური დამწვრობა, ჩვეულებრივ, სხეულის ზედაპირზე, ძირითადად კანზე, სითბური ან ქიმიური ფაქტორების ზემოქმედების შედეგად ვითარდება. ამგვარად, კანი ყველაზე ხშირად ზიანდება. ამასთან, მძიმე ხარისხის დამწვრობამ შესაძლებელია სხეულის ღრმად მდებარე სტრუქტურებამდე, როგორიცაა ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები ან ძვლები, შეაღწიოს.
ქსოვილების დამწვრობისას სითხე სისხლძარღვებიდან დაზიანებულ ქსოვილში ჟონავს, რაც შეშუპებას იწვევს. გარდა ამისა, კანი და სხეულის სხვა ზედაპირები ადვილად ინფიცირდება, ვინაიდან მიკროორგანიზმების შეჭრისაგან დამცავი ბარიერული ფუნქცია დაქვეითებულია.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტ ადამიანს ესაჭიროება მკურნალობა დამწვრობის გამო, ხოლო 3000-4000 მძიმე ხარისხის დამწვრობის შედეგად იღუპება. განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან ხანდაზმული პირები და მცირე ასაკის ბავშვები; ამ ასაკობრივ ჯგუფებში ძალადობის შესაძლებლობაც უნდა იქნეს გათვალისწინებული.
დამწვრობის კლასიფიკაციას ზუსტი და ფართოდ აღიარებული განსაზღვრებები უდევს საფუძვლად, სახელდობრ, დამწვრობა სიღრმისა და ქსოვილების დაზიანების ხარისხის მიხედვით კლასიფიცირდება.
დამწვრობის სიღრმე: დამწვრობის შედეგად განვითარებულიდაზიანების ინტენსივობა კლასიფიცირდება როგორც პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის.
მესამე ხარისხის დამწვრობა კანის სამივე შრეს მოიცავს (ეპიდერმა, დერმა და ცხიმოვანი შრე); დაზიანებულია საოფლე ჯირკვლები, თმის ფოლიკულები და ნერვული დაბოლოებები.
დამწვრობის სიმძიმე: დამწვრობის სამი ფორმაა გამოყოფილი: მსუბუქი, საშუალო და მძიმე. აღნიშნული კლასიფიკაცია პაციენტისთვის ყოველთვის გასაგები და მისაღები არ არის. მაგალითად, ექიმმა დამწვრობა შესაძლოა მსუბუქ ფორმად ჩათვალოს, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი უჩივის ძლიერ ტკივილს, რომელიც შეუძლებელს ხდის ნორმალურ აქტივობას. სიმძიმე იმის მიხედვით განისაზღვრება, რამდენად სწრაფად არის შეხორცება მოსალოდნელი და სავარაუდოა თუ არა გართულებების განვითარება. ექიმები დამწვრობის სიმძიმეს, მისი სიღრმისა და მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობის ფართობის მიხედვით აფასებენ. ფართობის განსაზღვრისათვის სპეციალური ცხრილები გამოიყენება, რომელთა დახმარებით ფასდება სხეულის ზედაპირის რამდენი პროცენტია დაზიანებული. მაგალითად, მოზრდილისთვის ხელი სხეულის 9%-ს შეადგენს. განსხვავებული სქემებია ბავშვებისთვის, რადგან მათი სხეულის პროპორციები განსხვავებულია.
სიმპტომები დამწვრობის სიღრმეზეა დამოკიდებული, სახელდობრ:
ღრმა დამწვრობის სიმპტომები და დამწვარი უბნის შესახედაობა შესაძლოა დაზიანებიდან რამდენიმე საათში ან დღეში გაუარესდეს.
ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს ექიმები ხშირად იკვლევენ გართულების დროულად ამოსაცნობად და დამწვრობის სიღრმისა და გავრცელების შესაფასებლად. დიდი ზომის დამწვრობისას, გაუწყლოებისა და შოკის ხარისხის განსაზღვრისათვის, სისხლის წნევა, გულისცემის სიხშირე და გამოყოფილი შარდის რაოდენობა პეროდულად იზომება და მიღებული შედეგებით ფასდება ინტრავენური გადასხმების საჭიროება. ტარდება სისხლის ანალიზები ელექტროლიტების რაოდენობასა და სისხლის უჯრედულ შემადგენლობაზე დაკვირვებისთვის. გარდა ამისა, საჭიროა ელექტროკარდიოგრამის გადაღება, გულმკერდის რენტგენოგრაფია. სისხლისა და შარდის ანალიზები ტარდება ცილის არსებობის გამოსავლენად, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის დაზიანების (რაბდომიოლიზი) შედეგად ჩნდება ღრმა მესამე ხარისხის დამწვრობისას.
მსუბუქი ხარისხის დამწვრობა, ჩვეულებრივ, ზედაპირულია და გართულებებს არ იწვევს. ღრმა მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობის შედეგად შეშუპება ვითარდება და შეხორცებისთვის უფრო მეტი დროა საჭირო. გარდა ამისა, უფრო ღრმა დამწვრობამ შესაძლოა ნაწიბურის ჩამოყალიბება გამოიწვიოს. შეხორცების პროცესში ნაწიბუროვანი ქსოვილი იჭმუხნება (კონტრაქცია). თუ ნაწიბური კიდურის ან თითის არეშია, განვითარებულმა კონტრაქტურამ შეიძლება ზოგჯერ ახლოს მდებარე სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვიოს.
მძიმე დამწვრობამ და, ზოგჯერ, საშუალო სიმძიმის დამწვრობამ, დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვისა და ქსოვილების დაზიანების გამო, შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს, აღნიშნული გართულებები რამდენიმე საათში ან რამდენიმე დღეში ვითარდება.
რაც უფრო ღრმა და გავრცელებულია დამწვრობა, მით უფრო სერიოზულია მასთან დაკავშირებული პრობლემები. სხვა ასაკობრივ ჯგუფებთან შედარებით, მცირე ასაკის ბავშვებს და ხანდაზმულებს გართულებები უფრო ხშირად აღენიშნებათ. ქვემოთ ჩამოთვლილია საშუალო და მძიმე დამწვრობისას მოსალოდნელი გართულებები:
დამწვრობის მკურნალობის დაწყებამდე, დაზიანების გაღრმავების თავიდან ასაცილებლად გამომწვევი ფაქტორის ზემოქმედება უნდა აღიკვეთოს, მაგალითად, სითბურ ზემოქმედებას გაერიდოს ადამიანი ან მოსცილდეს ტანსაცმელი, განსაკუთრებით ისეთი, რომელიც ლღვება (მაგალითად, სინთეზური ქსოვილის პერანგი), ან რაიმე ქიმიური ნივთიერებითაა დასველებული.
დამწვრობის სათანადოდ მოსავლელად ზოგჯერ კლინიკაში მოთავსებაა საჭირო. მაგალითად, საავადმყოფოს პირობებში უფრო ადვილად არის განსახორციელებელი მძიმედ დამწვარი ხელის ან ქვედა კიდურის შემაღლება – გულის დონეზე მაღლა დაფიქსირება, რაც აფერხებს შეშუპების განვითარებას. გარდა ამისა, კლინიკაში მოთავსება ზოგჯერ საჭირო ხდება იმის გამო, რომ დამწვრობა ხშირად ზღუდავს ყოველდღიური ფუნქციების შესრულებას, როგორიცაა სიარული ან საკვების მიღება. მძიმე დამწვრობა, ღრმა მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობა, ბავშვობის ან ხანდაზმულობის ასაკი, ან ხელების, ფეხების, სახის, ან გენიტალური მიდამოს დამწვრობა პაციენტის დამწვრობის ცენტრში მოთავსების ჩვენებებია. დამწვრობის ცენტრი სპეციალიზებული კლინიკაა, რომელიც სათანადოდ არის აღჭურვილი, დაკომპლექტებულია პერსონალით, რომელიც დახელოვნებულია დამწვრობის მქონე ადამიანების მოვლაში.
ზედაპირული მცირე დამწვრობა: ზედაპირული მცირე ზომის დამწვრობის დროს, დაზიანებული უბანი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს ცივ წყალში, გულდასმით უნდა გასუფთავდეს ინფექციის თავიდან ასაცილებლად. თუ დამწვარი მიდამო ძალიან დაბინძურებულია, ექიმები, ანალგეზიური საშუალების დასალევად მიცემის ან ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებით გაუტკივარების შემდეგ, ჯაგრისით ასუფთავებენ ჭრილობას.
ხშირად მხოლოდ ადგილობრივად ანტიბიოტიკის შემცველი კრემის გამოყენებაა საჭირო, მაგალითად, ვერცხლის სულფადიაზინისა. კრემი ინფექციის განვითარების პრევენციის შესაძლებლობას იძლევა – ქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას ბაქტერიის შეჭრისგან იცავს. დამწვარი ადგილის დაბინძურებისა და შემდგომი დაზიანებისაგან დასაცავად სტერილური ნახვევი იხმარება. საჭიროების შემთხვევაში, ინიშნება ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა.
სახლის პირობებში ჭრილობის მოვლა მოიცავს, ინფექციის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ჭრილობის სისუფთავის უზრუნველყოფას. დამატებით, სულ მცირე, რამდენიმე დღის განმავლობაში, ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, მათ შორის, ზოგჯერ ნარკოტიკულიც. დაზიანებული უბანი იფარება არაწებვადი სახვევით ან სტერილური ბინტით. ბინტის მოცილება მისი წყალში დასველებით არის შესაძლებელი.
მცირე ზომის ღრმა დამწვრობა: ისევე, როგორც ზედაპირული დამწვრობის შემთხვევაში, ღრმა დამწვრობის სამკურნალოდ ანტიბიოტიკის შემცველი კრემი გამოიყენება. ანტიბიოტიკის კრემის წასმამდე კანის მკვდარი ქსოვილები დაზიანებული ბუშტები უნდა მოაცილოს ექიმმა. გარდა ამისა, ღრმად დამწვარი ხელის ან ფეხის შემაღლება, გულის დონეზე მისი დაფიქსირება პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში შეამცირებს შეშუპებას და ტკივილს. დამწვრობის გამო, ზოგჯერ საჭირო ხდება კლინიკაში მოთავსება ან ხშირი განმეორებითი ვიზიტები ექიმის ოფისში, პირველი დღეების განმავლობაში ყოველდღიურადაც კი.
შესაძლებელია საჭირო გახდეს კანის გადანერგვა. ამ გზით ჩაანაცვლებენ დამწვარი კანის იმ უბანს, რომელიც შესაძლოა არ შეხორცდეს. გარდა ამისა, კანის გადანერგვა დროებით ფარავს და იცავს დაზიანებულ უბანს, სანამ ის თავისით შეხორცდება. გადასანერგად კანს იღებენ პაციენტის სხეულის ჯანმრთელი უბნიდან (ატოტრანსპლანტატი) ან გარდაცვლილი ადამიანიდან (ალოტრანსპლანტატი) ან ცხოველიდან (ქსენოტრანსპლანტატი). მკვდარი ქსოვილების მოცილების და ჭრილობის გასუფთავების შემდეგ, ქირურგი დამწვარ არეში კანის ტრანსპლანტატს მიაკერებს. შესაძლებელია ხელოვნური კანის გამოყენებაც. ავტოტრანსპლანტატები მუდმივია. ალოტრანსპლანტატი და ქსენოტრანსპლანტატი იმუნური სისტემის ზემოქმედებით 10-14 დღის შემდეგ სცილდება, ასევე სცილდება ხელოვნური კანი. კანის აღნიშნული საფარველი მხოლოდ დროებით ფარავს დაზიანებულ უბანს, სანამ ის თავისით შეხორცდება. დამწვარი კანი, დამწვრობიდან რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს.
სახსრის ირგვლივ მდებარე ქსოვილების დანაწიბურების გამო მოძრაობის შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე სახსრების მოძრაობის სიფართის შემცირებისას ფუნქციის შესანარჩუნებლად, ფიზიკური და შრომითი თერაპიაა საჭირო.დამწვრობის შემდგომ, პირველ დღეებში, იწყება დაჭიმვითი ვარჯიშები. არტაშანი გამოიყენება სახსრების იმ პოზიციაში დასაფიქსირებლად, რომელშიც ნაკლებად მოსალოდნელია კონტრაქტურების განვითარება. კანის გადანერგვის შემთხვევაში, მკურნალობა 3-5 დღით გვიან – ტრანსპლანტატის მიმაგრების შემდეგ იწყება, რათა გადანერგილი კანი არ მოსცილდეს. დიდი რაოდენობით შესახვევი მასალის გამოყენება, რომელიც ზეწოლას ახდენს ჭრილობაზე, აფერხებს უხეში ნაწიბურის განვითარებას.
მძიმე დამწვრობა: მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში დამწვრობის დროს გადაუდებელი ჩარევაა საჭირო. გაუწყლოების გამო შოკურ მდგომარეობაში მყოფ დაზარალებულს ჟანგბადი მიეწოდება ნიღბით.
გაუწყლოების, შოკის ან დამწვრობის დროს, რომელიც სხეულის დიდ ფართობს მოიცავს, დაუყოვნებლივ იწყება დიდი რაოდენობით სითხეების გადასხმა. სითხეები ეძლევათ იმ პირებსაც, რომელთაც კუნთოვანი ქსოვილის დესტრუქცია უვითარდებათ.
სითხეები სისხლში მიოგლობინის განზავებას იწვევს და თირკმლებს დაზიანებისაგან იცავს. ზოგჯერ, ინტრავენურად ინიშნება ქიმიური ნივთიერება (ნატრიუმის ბიკარბონატი), რომელიც ხელს უწყობს მიოგლობინის გახსნას და ამგვარად იცავს თირკმლებს დაზიანებისგან.
ქირურგიული ჩარევა შესაძლოა საჭირო გახდეს უხეში ქერქების გასაკვეთად, რომლებიც აფერხებს კიდურების სისხლით მომარაგებას ან სუნთქვის პროცესს. აღნიშნულ პროცედურას ესკაროტომია ეწოდება. ესკაროტომია, ჩვეულებრივ, სისხლდენას იწვევს, თუმცა, დამწვრობის გამო კანის ნერვების დაზიანების შედეგად ტკივილის შეგრძნება ნაკლებია.
უკიდურესად მნიშვნელოვანია კანის მოვლა. არსებითი მნიშვნელობა აქვს, დამწვრობის უბნის სუფთად დაცვას, ვინაიდან დაზიანებული კანი ადვილად ინფიცირდება. კანი უნდა გასუფთავდეს დამწვრობის უბანზე წყლის პერიოდული, ფრთხილად გადავლებით. ჭრილობა სუფთავდება და ნახვევი დღეში 1-3-ჯერ იცვლება. თუ ჭრილობა არ ხორცდება, კანის გადანერგვაა საჭირო.
საკვები რაციონის ცვლილება გულისხმობს საკმარისი რაოდენობით ცილების და სხვა საკვები ნივთიერებების მიღებას, რაც აუცილებელია შეხორცებისთვის. იმ პირებს, რომლებიც ვერ იღებენ კალორიების საკმარის რაოდენობას, საკვები დანამატები ან დასალევად ან ცხვირის გზით კუჭში ჩადგმული მილის საშუალებით (ნაზოგასტრული მილი) ეძლევათ; უფრო იშვიათად საკვები ნივთიერებები ინტრავენური გზით შეჰყავთ. ჩვეულებრივ, დამატებით ინიშნება ვიტამინები და მინერალები.
საჭიროა ფიზიკური და შრომითი თერაპიის ჩატარება.
ინიშნება დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებები.დიდი ზომის დამწვრობის შეხორცებისთვის დიდი დროა საჭირო, დამწვრობამ შეიძლება დამახინჯება გამოიწვიოს; მოხსენიებულის გამო პაციენტებს ხშირად უვითარდებათ დეპრესია, რომლის შემსუბუქებისთვის მედიკამენტები, ფსიქოთერაპია ან ორივე გამოიყენება.
პირველი და, ცალკეულ შემთხვევებში, მეორე ხარისხის დამწვრობა, ნაწიბურის ჩამოყალიბების გარეშე, რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორცდება. ღრმა მეორე ხარისხის და მცირე ზომის მესამე ხარისხის დამწვრობის შეხორცებას, ჩვეულებრივ, კვირები სჭირდება და, როგორც წესი, ნაწიბური წარმოიქმნება. შემთხვევების უმრავლესობაში, კანის გადანერგვაა საჭირო. დამწვრობა, რომელიც სხეულის ზედაპირის 90%-ზე მეტს, ხოლო ხანდაზმულობის ასაკში 60%-ზე მეტს მოიცავს, ხშირად ფატალურია.