მოტეხილობა ძვლის გაბზარვა ან მთლიანობის დარღვევაა, რასაც, ჩვეულებრივ, თან ახლავს ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების დაზიანება.
მოტეხილობები მნიშვნელოვნად განხვავდება ზომით, სიმძიმით და მკურნალობის საჭიროებით; ზოგჯერ ტერფის ძვლის მცირე ზომის, ძლივს შესამჩნევი გაბზარვა აღინიშნება, ზოგჯერ – მენჯის ძვლების მასიური, სიცოცხლისთვის საშიში მოტეხილობა. მოტეხილობასთან ერთად შეიძლება მძიმედ დაზიანდეს კანი, ნერვები, სისხლძარღვები, კუნთები ან შინაგანი ორგანოები. მოხსენიებულ დაზიანებებს შეუძლია გაართულოს მოტეხილობის მკურნალობა, გამოიწვიოს დროებითი ან მუდმივი პრობლემები, ან ორივე.
მოტეხილობის უხშირესი მიზეზი ტრავმაა. მცირე ტრავმა, როგორიცაა დაცემა, ჩვეულებრივ, მსუბუქ მოტეხილობას იწვევს. ძლიერი ტრავმა, როგორიცაა მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილის დაჯახება ან შენობიდან გადმოვარდნა, მძიმე მოტეხილობებს იწვევს – რამდენიმე ძვალია დაზიანებული.
ზოგიერთმა დაავადებამ შეიძლება დაასუსტოს ჩონჩხის რომელიმე უბანი, რის შედეგად მოსალოდნელია მოტეხილობის განვითარება. ასეთი დაავადებებია: სხვადასხვა სახის ინფექციები, ძვლის კეთილთვისებიანი სიმსივნე, კიბო და ოსტეოპოროზი.
ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია ტკივილი. მოტეხილობა მტკივნეულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაზიანებულ უბანს დაადგება ძალა, მაგალითად, თუ ადამიანი ცდილობს დაზიანებულ კიდურზე დაყრდნობას. მოტეხილი ძვლის ირგვლივ მდებარე მიდამო შეხებით მტკივნეულია. რამდენიმე საათში დაზიანებული კიდური სათანადოდ ვერ ფუნქციონირებს; მკლავის, ფეხის, ხელისა და ფეხის თითების მოძრაობა შეზღუდულია, ზოგჯერ კი უჩველო მიმართულებით მოძრაობაა შესაძლებელი. მოძრაობა ძალზე მტკივნეულია. თუ დაშავებული ვერ ლაპარაკობს (მაგალითად, პატარა ბავშვი თავის ტრავმით ან ხანდაზმული პირი დემენციით), მოტეხილობა შეიძლება შევამჩნიოთ მოტეხილი ადგილის უმოძრაობით. ზოგიერთი სახის მოტეხილობა კიდურის მოძრაობას ხელს არ უშლის, ამიტომაც კიდურის მოძრაობა არ გამორიცხავს მოტეხილობის არსებობას.
დახურული მოტეხილობის (კანის მთლიანობა არ არის დარღვეული) დროს შეიძლება შინაგანი სისხლდენა განვითარდეს ან ძვლიდან, ან მიმდებარე რბილი ქსოვილებიდან; ზოგჯერ სისხლჩაქცევებიც (ექკიმოზი) აღინიშნება. დასაწყისში, სისხლჩაქცევა მუქი იასამნისფერია, თუმცა, შემდეგ თანდათან, ჩაღვრილი სისხლის დაშლისა და გაწოვის პარალელურად, მომწვანო-მოყვითალო ფერის ხდება. სისხლი მოტეხილობის უბნიდან საკმაოდ მოშორებით შეიძლება გადაადგილდეს, ამიტომ ჩაღვრილი სისხლის ალაგებას რამდენიმე კვირა სჭირდება. სისხლჩაქცევის შედეგად რბილ ქსოვილებში სისხლის დაგროვება მიმდებარე სტრუქტურების დროებით ტკივილს და დაჭიმულობას იწვევს. მაგალითად, მხრის მოტეხილობის დროს, სისხლჩაქცევა შეიძლება მთელ ხელში განვითარდეს და ტკივილი იდაყვისა და მაჯის არეში შეიგრძნობოდეს. ზოგიერთი მოტეხილობის დროს, როგორიცაა მენჯის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, მიმდებარე ქსოვილებში დიდი რაოდენობით სისხლის ჩაღვრამ შეიძლება წნევის დაქვეითება გამოიწვიოს.
შესაძლებელია არტერიის, ვენის ან ნერვის დაზიანება. ღია მოტეხილობა (როდესაც კანია გაგლეჯილი) ზოგჯერ დაზინებული ძვლის ინფექციის (ოსტეომიელიტი) განვითარებას უწყობს ხელს, რომლის მკურნალობაც საკმაოდ რთულია. გრძელი ძვლების მოტეხილობის დროს ძვლებიდან ცხიმი (ან ძვლის ტვინის სხვა შემადგენელი კომპონენტები) გადმოიღვრება, რომელიც შეიძლება ვენების გზით გადაადგილდეს და ფილტვების სისხლძარღვი დაახშოს, რაც რესპირაციულ გართულებებს იწვევს. სახსრის მოტეხილობის დროს, ჩვეულებრივ, ხრტილიც ზიანდება (გლუვი, ელასტიკური დამცავი ქსოვილი, რომელიც სახსრის მოძრაობის დროს ხახუნის ძალას ამცირებს). დაზიანებულ ხრტილზე ნაწიბური ვითარდება, რომელიც ოსტეოართრიტს და სახსარში მოძრაობის შეფერხებას იწვევს. მოტეხილობის სრულყოფილად შეხორცების შემდეგ, ფიზიკური დატვირთვის დროს, ზოგჯერ მაინც რჩება გარკვეული დისკომფორტი. მაგალითად, მაჯის მოტეხილიობისას მისი დატვირთვა 2 თვის განმავლობაში არ არის რეკომენდებული, რადგან ამ პერიოდში ძვლის აღდგენის პროცესი (რემოდელირება) გრძელდება. რაიმეზე ხელის ძლიერად მოჭიდებამ ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა ტკივილი გამოიწვიოს მაჯის მიდამოში. ტკივილი და შებოჭილობა შეიძლება განვითარდეს ამინდის ცვლილებების, მაღალი ტენიანობის, სიცივის ან ქარის დროს.
მოტეხილობათა უმრავლესობა ადვილად ხორცდება, თუმცა, ზოგჯერ შეხორცება, სათანადო დიაგნოზისა და მკურნალობის მიუხედავად, გაძნელებულია. ამ მოვლენას შეუხორცებელი მოტეხილობა ეწოდება. მოტეხილობა შეიძლება ძალიან ნელა (ეწოდება შენელებული კონსოლიდაცია) ან არასრულად შეხორცდეს (ეწოდება არასწორი შეხორცება). ზოგიერთი ძვალი, მაგალითად, ხელის მტევნის ნავისებრი ძვალი და ბარძაყის ძვლის ზოგიერთი ნაწილი ძნელად ხორცდება, რადგან მოტეხილობის დროს ამ ადგილების სისხლით მომარაგება შეფერხებულია.
ზეწოლის სინდრომი ძალზე იშვიათი, მაგრამ კიდურისთვის სახიფათო სერიოზული გართულებაა, რაც კიდურის მოტეხილობის ან ნამსხვრევი ჭრილობის დროს დაზიანებული კუნთების გამოხატული შეშუპებით არის გამოწვეული. კუნთების გარკვეული ჯგუფი, როგორიცაა ფეხის ქვედა კუნთები, გარშემორტყმულია მჭიდრო ფიბროზული ქსოვილით. ეს საფარველი ვიწრო სივრცეს წარმოქმნის, რომელიც შეშუპების საპასუხოდ ვერ ფართოვდება და "ვეღარ იტევს" შეშუპებას, რომელიც კუნთების ან ძვლების დაზიანების დროს ვითარდება. ამის შედეგად შეშუპება იწვევს კუნთოვან ქსოვილზე ზეწოლას, რაც თავის მხრივ აფერხებს კუნთთან სისხლის მიდენას და ჟანგბადით მომარაგებას. როდესაც კუნთს დიდხანს არ მიეწოდება ჟანგბადი, ის კიდევ უფრო ზიანდება, შუპდება, რაც აძლიერებს ქსოვილებზე ზეწოლას. სულ რამდენიმე საათში შეიძლება შეუქცევადი დაზიანება განვითარეს, რაც კუნთებისა და მიმდებარე რბილი ქსოვილების კვდომით სრულდება. ამის მსგავსად, კუნთებზე ზეწოლა და ქსოვილების დაზიანება შეიძლება განვითარდეს დაზიანებულ კიდურზე თაბაშირის ნახვევის დადებისას. ზეწოლის სინდრომი ყველაზე ხშირად ქვედა კიდურის დაზიანების დროს ვითარდება.
ზეწოლის სინდრომის არსებობაზე ეჭვი იბადება, თუ მოტეხილობის შემდეგ:
ზეწოლის სინდრომის დიაგნოზი დასტურდება ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც კუნთებში წნევას ზომავს.
პულმონური ემბოლიზმი ფილტვებში სისხლის მიმოქცევის უეცარი დახშობაა; მისი მიზეზია ვენებში წარმოქმნილი თრომბის მოწყვეტა (გარდაიქმნება ემბოლად) და სისხლის გზით გადაადგილება ფილტვებისკენ. თრომბების უმრავლესობა ფეხის ღრმა ვენებში ყალიბდება. ფილტვებში თრომბის მოხვედრა მრავალ პრობლემას იწვევს, სახელდობრ, გულთან სისხლის მიდენის შემცირებას, ფილტვების მიერ სისხლის ჟანგბადით გამდიდრების უნარის დაქვეითებას და ფილტვის ქსოვილის დაზიანებას. პულმონური ემბოლიზმი მენჯისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობების ყველაზე ხშირი ფატალური გართულებაა. ბარძაყის ძვლის მოტეხილობის მქონე პირებს შორის პულმონური ემბოლიზმის განვითარების ალბათობა მაღალია, რადგან ტრავმისა და რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში იძულებითი იმობილიზაციის, აგრეთვე, მოტეხილობის ირგვლივ განვითარებული შეშუპების გამო ვენებში სისხლის მოძრაობა შეფერხებულია. ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო გარდაცვლილთა ერთი მესამედი პულმონური ემბოლიზმის შედეგად იღუპება. ფილტვის ემბოლია იშვიათად ვითარდება წვივის მიდამოს მოტეხილობის და, უკიდურესად იშვიათად, ხელის მოტეხილობის დროს.
ექიმს პულმონური ემბოლიზმის განვითარებაზე ეჭვი შემდეგი სიმპტომების საფუძველზე მიაქვს: ტკივილი გულმკერდში, ხველა, ქოშინი, სისუსტე და ცნობიერების დაკარგვა. ელექტროკარდიოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია ან სხვა კვლევები სავარაუდოს ხდის ფილტვის სისხლძარღვებში თრომბის არსებობას. ვარაუდის დასადასტურებლად გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია ან ფილტვების სკანირება ტარდება.
პულმონური ემბოლიზმის თავიდან აცილება შესაძლებელია წამლებით, რომლებიც აქვეითებს სისხლის შედედების უნარს. ეს წამლებია: ჰეპარინი, დაბალმოლეკულური ჰეპარინი, ვარფარინი და ახალი თაობის ანტიკოაგულაციური საშუალებები, როგორიცაა ჰირუდინი, დანაპაროიდი და ფონდაპარინუქსი (ახალი, ჰეპარინის მსგავსი მედიკამენტი). პრეპარატები ენიშნება მოტეხილობის მქონე პაციენტებს, რომელთაც პულმონური ემბოლიზმის მომატებული რისკი აქვთ. ზოგჯერ თრომბის წარმოქმნის თავიდან აცილება, მიუხედავად პრევენციული ღონისძიებებისა, შეუძლებელია.
რენტგენოგრაფია მოტეხილობის სადიაგნოზო ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ძვლოვანი ფრაგმენტების მდებარეობის უკეთ შეფასების მიზნით, რენტგენოგრაფია რამდენიმე პროექციაში ტარდება. ზოგიერთი მცირე ზომის, შეცილების გარეშე მიმდინარე მოტეხილობის (ეწოდება ფარული მოტეხილობა) დადგენა რუტინული რენტგენოგრაფიით რთული ან შეუძლებელია. მოტეხილობის გამოსავლენად, ზოგჯერ დამატებითი რენტგენოგრაფიული კვლევის ჩატარებაა საჭირო. ცალკეულ შემთხვევებში ამგვარი მცირე ზომის მოტეხილობები რენტგენოგრაფიულად ხილვადი რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ ხდება, როდესაც მოტეხილობა შეხორცებას იწყებს და კორძი ყალიბდება. ამგვარი სიტუაცია განსაკუთრებით ხშირია ნეკნების მოტეხილობის დროს. სტრესული მოტეხილობის არსებობაც შესაძლოა ვერ დადგინდეს საწყისი რენტგენოლოგიური კვლევით და მხოლოდ კორძის ჩამოყალიბების შემდეგ დადასტურდეს. სხვადასხვა დაავადებით გამოწვეული მოტეხილობების (პათოლოგიური მოტეხილობა) დიაგნოზი ისმება, როდესაც, რენტგენოგრაფიულად ძვლებში პათოლოგიურ მოტეხილობასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილის ცვლილებები ვლინდება, მაგალითად, ინფექციის შედეგად გათხელებული (ლიზისური) კერები, არაავთვისებიანი (კეთილთვისებიანი) სიმსივნეები ან კიბო.
ცალკეულ შემთხვევებში რენტგენოგრაფია მოტეხილობის სადიაგნოზო ერთადერთი მეთოდია. ამასთან, როდესაც მოტეხილობის არსებობაზე ეჭვი დასაბუთებულია, მაგრამ რენტგენოგრაფიულად ის არ ვლინდება, ექიმები კომპიუტერულ (კტ ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (მრტ) მიმართავენ. ალტერნატივის სახით შეიძლება არტაშანის დადება და თუ სიმპტომები კვლავ გამოხატულია, რამდენიმე დღის შემდეგ განმეორებით გამოკვლევა. კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევები ასევე გამოიყენება დეტალების შესაფასებლად, რომლებიც რუტინული რენტგენოგრაფიით არ ვლინდება. კომპიუტერული ტომოგრაფია ავლენს მოტეხილი სახსრის ზედაპირის უმცირეს დეტალებს, შეუძლია გამოავლინოს ძვლების ზედდების გამო დამალული მოტეხილობა. მრტ ასახავს რბილი ქსოვილების მდგომარეობას ძვლის ირგვლივ და ეხმარება ექიმს ახლომდებარე მყესების და იოგების ან სახსრის ელემენტების ტრავმის, ასევე სიმსივნის დიაგნოზის დადგენაში. გარდა ამისა, მრტ აფიქსირებს დაზიანებას (შეშუპება ან სისხლჩაქცევა) ძვლებში და აღმოაჩენს დამალულ ან ნაკლებად შესამჩნევ (ფარული) მოტეხილობებს რენტგენოგრაფიულ დიაგნოზამდე.
ძვლის სკანირება გამოსახულებითი კვლევაა რადიოაქტიური ნივთიერების გამოყენებით (ტექნეციუმ 99m-ით ნიშანდებული პიროფოსფატი), რომელსაც შეხორცების პროცესში მყოფი ძვალი ჩაირთავს. ფარული მოტეხილობების გამოვლენა სკანირებით შესაძლებელია ტრავმის მიღებიდან 3-5 დღეში. თუმცა, მოტეხილობის არსებობაზე ეჭვის დროს, ექიმები, ჩვეულებრივ, მრტ ან კტ კვლევას უფრო გეგმავენ, ვიდრე ძვლების სკანირებას.
მოტეხილობა გადაუდებლად საჭიროებს ყურადღებას ტკივილის და ფუნქციის დაკარგვის გამო. საწყისი, გადაუდებელი ღონიძიებების შემდეგ საჭიროა იმობილიზაცია თაბაშირის ნახვევით ან ქირურგიული ფიქსაცია.
ბავშვებს შორის მოტეხილობის მართვა მოზრდილებისგან განსხვავებულია, ვინაიდან ბავშვის ძვლები უფრო მცირე ზომისაა, უფრო ელასტიკურია და ნაკლებად მყიფე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზრდის პროცესშია. მოტეხილობა ბავშვებს უფრო სწრაფად და სრულყოფილად უხორცდებათ, ვიდრე მოზრდილებს. შემთხვევების უმრავლესობაში მოტეხილობიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოტეხილი ადგილი თითქმის ნორმალურად გამოიყურება. ამასთან, თაბაშირის ნახვევის დადების დროს ბავშვებს დაჭიმულობა (რიგიდობა) უფრო ნაკლებად უვითარდებათ და სახსრის დაზიანების დროს ნორმალური ფუნქციის აღდგენა უფრო სწრაფად ხდება. ამიტომაც ბავშვებში მოტეხილობას იმობილიზაციით მკურნალობენ, რადგან სახსრის ახლოს ქირურგიული ჩარევისას ძვლისსაზრდელას (ზრდის ზონა) დაზიანების რისკი არსებობს.
საწყისი მკურნალობა: როდესაც მოტეხილობაა საეჭვო, დაზიანებულმა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას უნდა მიმართოს. ვისაც გადაადგილება არ შეუძლია ან მრავლობითი ტრავმა აქვს, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უნდა გადაიყვანოს. ექიმთან შეხვედრამდე შესაძლებელია:
ასპირინის შემცველი სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს) პარაცეტამოლზე მეტად ეფექტური არ არის; ამასთან,ზოგჯერ სისხლდენას უწყობს ხელს.
ღია მოტეხილობას ჭრილობის გასუფთავებისა და დახურვისათვის, გადაუდებელი ქირურგიული მკურნალობა ესაჭიროება. მასიური ღია მოტეხილობა, კანის დიდი უბნის, კუნთებისა და ძვლების სისხლით მომარაგების შემცირებით, უმძიმეს ტრავმად თვლება და რთულად სამკურნალოა.
დახურული მოტეხილობების დროს, უმრავლეს შემთხვევაში, შესაძლებელია მკურნალობის 1 კვირამდე გადავადება შორეული შედეგების გაუარესების გარეშე. თუმცა, ამის მიუხედავად, მოცდა სასურველი არ არის, რადგან დაზარალებულს ტკივილი და ფუნქციის დაკარგვა აწუხებს. ტკივილის და შეშუპების შესამსუბუქებლად, დაზიანებული ხელი ან ფეხი შემაღლებულ პოზიციაში უნდა მოთავსდეს. ხელის მოტეხილობის დროს, შესამაღლებლად ბალიშს იყენებენ, ფეხის მოტეხილობისას დაზარალებული ზურგზე უნდა იწვეს და გამართული ფეხი ბალიშზე უნდა ჰქონდეს მოათავსებული. ექიმი პერიოდულად ერთმანეთს ადარებს დაზიანებულ და ჯანმრთელ კიდურს, რაც ეხმარება იმის განსაზღვრაში, რა ხანგრძლივობით ან სიხშირითაა კიდურის შემაღლება საჭირო. შეხორცების ბოლო ეტაპზე, დღის განმავლობაში მჯდომარე ან ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნისას, შეშუპების თავიდან ასაცილებლად, ელასტიკური წინდების გამოყენება შეიძლება.
იმობილიზაცია: მოტეხილობის იმობილიზაცია მის შეხორცებამდე არტაშანით, ღვედით ან თაბაშირით შეიძლება. ძვლის მოტეხილი ბოლოების თავისუფალი მოძრაობა შეხორცების პროცესს აფერხებს. შეცილებული მოტეხილობის დროს, იმობილიზაციამდე საჭიროა მოტეხილი ბოლოების ერთ ხაზზე გასწორება.
ქირურგიული ჩარევის გარეშე ჩატარებულ ჩასწორებას დახურული ჩასწორება ეწოდება, ხოლო ქირურგიული ჩარევით ჩატარებულს – ღია ჩასწორება. მცირე მოტეხილობების (თითების ან მაჯის) ჩასწორების დროს ტკივილის თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების, როგორიცაა ლიდოკაინი, ინექცია. დიდი მოტეხილობების (ხელის, მხრის ან ქვედა კიდურის) ჩასასწორებლად შესაძლოა საჭირო გახდეს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გამოყენება, ზოგადი ან სპინალური ანესთეზია.
არტაშანი თაბაშირის, ბოჭკოვანი ან ელასტიკური ლენტით გადახვეული ალუმინის გრძელი, ვიწრო ფირფიტაა. ფირფიტა სრულად არ აკრავს გარშემო კიდურს და, ქსოვილების შეშუპების შემთხვევაში, მათ გაფართოების საშუალება ეძლევა. ამის გამო არტაშანი ხშირად გამოიყენება მოტეხილობის საწყისი მკურნალობისთვის. თითის მოტეხილობის დროს ძირითადად გამოიყენება ალუმინის არტაშანი, რომელშიც ღრუბელია ამოფენილი.
ხელის დასაკიდებელი ქამარი საკმარის საყრდენს წარმოადგენს მხრისა და იდაყვის მოტეხილობების დროს. ხელი სიმძიმის ძალით ქვემოთ ჭიმავს მხარს, რაც მოტეხილობის უკეთ ჩასწორების შესაძლებლობას იძლევა. ქსოვილის ან ღვედის შემოჭერით ზურგის მხრიდან, ხელი უკეთ ფიქსირდება და იცავს მოძრაობისაგან, განსაკუთრებით ღამით. საკიდი ქამარი ხელის რამდენადმე გამოყენების საშუალებას იძლევა.
თაბაშირის ნახვევი მზადდება პლასტმასის ან ბოჭკოვანი მასალის ირგვლივ შემოხვეული სველი თაბაშირისგან, რომელიც გაშრობის შემდეგ მყარდება. თაბაშირის ნახვევი ხშირად გამოიყენება შეცილებული მოტეხილობის მკურნალობის დასაწყისში. მისთვის ფორმის მიცემა ადვილია და ნაკლებია სხეულსა და ნახვევს შორის შეხების მტკივნეული წერტილების არსებობა. ბოჭკოვანი ნახვევის უპირატესობაა სიმტკიცე, სიმსუბუქე და გამძლეობა. ორივე შემთხვევაში ნახვევი ამოფენილია რბილი ბამბისებური მასალით, რომელიც კანს ზეწოლისა და გახეხვისაგან იცავს. ნახვევის დასველების შემთხვევაში მისი სრულყოფილი გაშრობა ხშირად შეუძლებელია. ამის შედეგად კანი ზიანდება (მისი მაცერაცია ხდება). ნაწილობრივად შეხორცებული მოტეხილობებისთვის სპეციალური, უფრო ძვირად ღირებული და წყალგამძლე ამოსაფენი მასალა გამოიყენება.
თაბაშირის დადების შემდეგ (განსაკუთრებით პირველი 24-48 საათის განმავლობაში), შეშუპების შესამცირებლად კიდური გულის დონეზე ზემოთ უნდა მოთავსდეს. თითების რეგულარული მოხრა და გაშლა ან თითების რხევა ხელს უწყობს კიდურიდან სისხლის დრენირებას და შეშუპების შემცირებას. ტკივილის, მოჭერის შეგრძნების ან დაბუჟების შესახებ, რომელიც არ იცვლება ან უარესდება, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ექიმს. აღნიშნული მდგომარეობები შესაძლებელია ნაწოლების განვითარებით ან ზეწოლის სინდრომით იყოს გამოწვეული.
კომბინაციას, რომელიც გულისხმობს მოსვენებას (rest), ყინულის დადებას (ice), იმობილიზაციას (compression) (მაგალითად, თაბაშირის ნახვევით, არტაშანით ან ელასტიკური ბანდით) და კიდურის შემაღლებას (elevation) ხშირად RICE თერაპიას უწოდებენ.
ქირურგიული მკურნალობა: მოტეხილობას ზოგჯერ ქირურგიული მკურნალობა ესაჭიროება. ამისი მიზეზებია:
ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია საჭირო გახდეს იოგების, ნერვების, მყესების ან მსხვილი არტერიების დაზიანებისას.
ქირურგიული სტაბილიზაცია ძვლის ბუნებრივი სიგრძისა და ფორმის აღდგენას გულისხმობს. ქირურგები კუნთების მოსადუნებლად ანესთეზიას, ხოლო ძვლების ჩასწორების შესამოწმებლად რენტგენოგრაფიას იყენებენ. ექიმი ძვლოვან ფრაგმენტებზე მანიპულაციების ჩასატარებლად სპეციალურ ხელსაწყოებს იყენებს. ძვლის ფრაგმენტი უსაფრთხოდ ფიქსირდება მეტალის ძაფების, სახრახნების, ჭანჭიკების, ღეროების და ფირფიტების გამოყენებით.აღნიშნულ პროცედურას ღია წესით ჩასწორება და შინაგანი ფიქსაცია ეწოდება (ORIF). მეტალის ფირფიტები ძვლის გარედან თავსდება და ჭანჭიკებით მაგრდება. ძვლის რომელიმე ბოლოდან მეტალის მილი მის ღრუში იდგმება. აღნიშნული იმპლანტი ან უჟანგავი ფოლადისაა, ან მაღალი გამძლეობის მეტალების შენადნობის, ან ტიტანისა. უკანასკნელი 20 წელია, ყველა მოხსენიებული იმპლანტის არსებობისას შესაძლებელია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. მათი უმრავლესობა არ ვლინდება აეროპორტის უსაფრთხოების დეტექტორში. ზოგი მეტალის იმპლანტი მუდმივად რჩება, ხოლო ზოგიერთი გარკვეული დროის გავლის შემდეგ სცილდება.
როდესაც მოტეხილობა ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილის (რომელიც მენჯ-ბარძაყის სახსრის შემადგენელია) ან მხრის თავის (რომელიც მხრის სახსრის შემადგენელია) მძიმე დაზიანებას იწვევს, შეიძლება საჭირო გახდეს სახსრის პროთეზირება (ართროპლასტიკა). თუ ძვლოვან ფრაგმენტებს შორის დიდი მანძილია ან შეხორცების პროცესი ნელა მიმდინარეობს (დაყოვნებული შეხორცება) ან შეჩერებულია (შეუხორცებლობა), დასაწყისში შეიძლება ჩატარდეს ძვლის გადანერგვა სხეულის სხვა ნაწილიდან, მაგალითად, მენჯის ძვლიდან აღებული ფრაგმენტების გამოყენებით.
ზეწოლის სინდრომის მკურნალობა: ნებისმიერი საგანი, რომელიც ზღუდავს კიდურს, მაგალითად, არტაშანი ან თაბაშირის ნახვევი, დაუყოვნებლივ უნდა მოსცილდეს. თუ ამის მიუხედავად კუნთებზე ზეწოლა არ შემცირდება, უნდა ჩატარდეს გადაუდებელი ქირურგიული პროცედურა, რომელსაც ფასციოტომია ეწოდება. ფასციოტომიის დროს, ექიმი განაკვეთს ავლებს სქელი ფიბროზული ქსოვილის (ფასცია) მთელ სიგრძეზე, რაც ზეწოლისაგან ათავისუფლებს კუნთებს და საშუალებას იძლევა, აღდგეს სისხლის ნაკადი კუნთებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟანგბადის ნაკლებობის გამო, შესაძლებელია კუნთებისა და ნერვების კვდომის გამო კიდურის ამპუტაცია გახდეს საჭირო. მკურნალობის გარეშე ზეწოლის სინდრომის გართულებებმა შესაძლებელია პაციენტის დაღუპვა გამოიწვიონ.
შეხორცების პროცესის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე მერყეობს. გამოსავალი დამოკიდებულია მოტეხილობის ხასიათსა და ადგილზე. ხშირად მოტეხილობის შემდეგ სრული გამოჯანმრთელება და ფუნქციის აღდგენაა შესაძლებელი და რაიმე სიმპტომებიც აღარ აღინიშნება. ზოგი მოტეხილობა, განსაკუთრებით, თუ სახსრებს მოიცავს, ტოვებს ნარჩენ ტკივილს, დაჭიმულობის შეგრძნებას ან ორივეს.
დაჭიმულობა და ძალის დაქვეითება იმობილიზაციის ბუნებრივი შედეგებია. თაბაშირით იმობილიზებული მოტეხილი კიდურის სახსრის რიგიდობა ყოველ კვირაში მატულობს, რაც საბოლოოდ სრულად გაშლისა და მოხრის ფუნქციის დაკარგვას იწვევს. მძიმედ შეიძლება იყოს გამოხატული კუნთების განლევა (ატროფია). მაგალითად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ფეხის მთელ სიგრძეზე მოთავსებული თაბაშირის ნახვევის ტარების შემთხვევაში შესაძლებელია თაბაშირსა და კიდურს შორის სივრცის გაფართოება იმდენად, რომ მათ შორის ხელის მოთავსებაც კი ხდება შესაძლებელი. თაბაშირის ნახვევის მოცილების შემდეგ თვალსაჩინო ხდება კუნთების ატროფიის შედეგად განვითარებული სისუსტე.
სახსრებში მოძრაობის დიაპაზონის გასაფართოებელი და კუნთების გასამკვრივებელი ვარჯიშების შესრულება ეფექტიანია რიგიდობის შემცირებისთვის და ძალის აღსადგენად. მოტეხილობის შეხორცების პროცესში შეიძლება თაბაშირის ნახვევს გარეთ მოთავსებული სახსრის ვარჯიში. ნახვევში მოყოლილი სახსრის ვარჯიში მოტეხილობის სრულყოფილად შეხორცებამდე და ნახვევის მოხსნამდე შეუძლებელია. ვარჯიშის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს დაზიანებულ კიდურში აღმოცენებულ შეგრძნებებზე, კიდური ზედემეტად არ უნდა დაიტვირთოს. პასიური ვარჯიშები, როცა ფიზიოთერაპევტი გარეგანი ძალის ზეგავლენით ამოძრავებს კიდურს, გამოიყენება ძალზე დასუსტებული კუნთების შემთხვევაში და მაშინ, როდესაც კუნთების ძლიერმა შეკუმშვამ მოტეხილობის შეცილება შეიძლება გამოიწვიოს. ამგვარად, დაზიანებულ კიდურში ძალის სრულად აღსადგენად აუცილებელია სიმძიმის ძალის წინააღმდეგ მიმართული აქტიური (საკუთარი კუნთოვანი ძალა გამოიყენება) ან რეზისტენტული სავარჯიშოების შესრულება.