სპორტული ტრავმები ხშირია ათლეტებსა და სპორტულ აქტივობებში მონაწილე სხვა პირებს შორის. ტრავმების ცალკეული სახეობები, რომლებიც ტრადიციულად სპორტულ ტრავმებად განიხილება, იმ პირებსაც შეიძლება აღენიშნოს, რომლებიც არ მისდევენ სპორტს. მაგალითად, დიასახლისებს და ქარხნის მუშებს ხშირად უვითარდებათ "ჩოგბურთელის იდაყვი", მიუხედავად იმისა, რომ ჩოგბურთთან საერთო არაფერი აქვთ.
სპორტულ ვარჯიშებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობას ყოველთვის ახლავს დაზიანების ალბათობა. სპორტული ტრავმების განვითარების რისკი მაღალია, როდესაც ინტენსიური ვარჯიშს წინ არ უძღვის სათანადო მოთელვა (კუნთების გავარჯიშება ნელი ტემპით).
კუნთები და იოგები ზიანდება, თუ დატვირთვა მათ შესაძლებლობას აღემატება. მაგალითად, დაზიანება მოსალოდნელია თუ კუნთები და იოგები შესასრულებელი ვარჯიშისთვის ზედმეტად სუსტია ან დაჭიმული. სახსარი უფრო მეტადაა მიდრეკილი დაზიანებისადმი, როდესაც მასთან დაკავშირებული კუნთები და იოგები სუსტია ან დაჭიმულია.
ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებით შეპირობებული სხეულის ნაწილების არათანაბარი დატვირთვა სპორტული ტრავმების განვითარებისადმი მიდრეკილების საფუძველი შეიძლება გახდეს. მაგალითად, როდესაც ფეხები არათანაბარი სიგრძისაა, თეძოებსა და მუხლებზე ზეწოლა არათანაბარია, რაც სხეულის ერთ მხარეზე შედარებით მეტ დატვირთვას იწვევს.
პრონაცია – სწორ ზედაპირზე ფეხის დადგმისას ტერფის შიგნითა მხარეს შებრუნება ნორმალური მოვლენაა; ის ტერფზე სიმძიმის ზეწოლის თანაბარი განაწილების გზით დაზიანების პრევენციას ახდენს. ამავე დროს, ზომაგადასულმა პრონაციამ ტერფის და მუხლის ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს. ჭარბი პრონაციის დროს ტერფი იმდენად დრეკადია, რომ მისი თაღი ბრტყელდება და სიარულის ან სირბილის დროს ტერფის შიგნითა მხარე ზედაპირს მთლიანად ეხება და ბრტყელი ტერფის ფორმას იძენს. მორბენლებს, რომელთაც გამოხატული პრონაცია აქვთ, გრძელ დისტანციაზე სირბილის დროს შესაძლოა მუხლის ტკივილი დაეწყოთ, რადგან ტერფის შიგნით შებრუნებისას კვირისტავი გარეთ ბრუნდება. აღნიშნული პოზიცია მუხლის წინა ნაწილზე ზედმეტი დატვირთვის მიზეზია.
საპირისპირო პრობლემა – პრონაციის ნორმაზე დაბალი ხარისხი – შესაძლებელია რიგიდული კოჭ-წვივის სახსრის მქონე პირებს განუვითარდეთ. ასეთ შემთხვევაში ტერფს ძალზე მაღალი თაღი აქვს და სიარულის დროს რყევას ვერ ანეიტრალებს, რის გამოც მაღალია ტერფისა და წვივის ძვლებზე მცირე ბზარების განვითარების რისკი.
ტკივილის განვითარება შესაძლებელია შეპირობებული იყოს ქვედა კიდურების აგებულების თავისებურებით. მაგალითად, ფართო თეძოების მქონე ქალებს შორის. კვირისტავი შუახაზიდან გარეთ გადაინაცვლებს; კვირისტავზე ამგვარი დატვირთვა ტკივილს იწვევს.
ზოგადად, სპორტული ტრავმები 4 კატეგორიად შეიძლება დაიყოს:
გადატვირთვა: გადატვირთვა (ცვეთა) სპორტული ტრავმების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. გადატვირთვით გამოწვეული ტრავმები უპირატესწილად ვარჯიშის არასწორი შესრულებითაა შეპირობებული. მოხსენიებულის მაგალითია დამრეცი გზის ერთსა და იმავე მხარეს სირბილი. მსუბუქად შემაღლებულ ზედაპირზე ერთი და იმავე ტერფით განმეორებადი ზეწოლები განსხვავებული ძალის ზემოქმედებას იწვევს მარჯვენა და მარცხენა ბარძაყის ძვლებსა და მუხლებზე. ზემოქმედების ძალებს შორის ამგვარი სხვაობა ზრდის ტრავმირების რისკს შემაღლებულ ზედაპირთან შეხებაში მყოფ მხარეზე და ცვლის მეორე მხარეზე მოქმედ ძალას, რაც ზრდის დაზიანების რისკს ამავე მხარეს.
ზოგი ათლეტი ძალიან სწრაფად ზრდის ვარჯიშის შესრულების სიჩქარეს ან ვარჯიშის ინტენსივობას, რის გამოც კუნთები ზომაგადასულად იტვირთება. მაგალითად, ზოგი მორბენალი, რომელიც ვარჯიშის დროს სიჩქარეს ან მანძილს სწრაფად ზრდის, ზედმეტად ტვირთავს წვივებს, ბარძაყებსა და ტერფებს. მოხსენიებული ხშირად იწვევს კუნთების დაჭიმულობას და ძვლების სტრესულ მოტეხილობას.
ზოგი ათლეტი მეტისმეტად ავარჯიშებს კუნთების ერთ ჯგუფს, საპირისპირო ჯგუფის კუნთების გაძლიერების გარეშე, რაც დისბალანსს იწვევს და ხელს უწყობს დაზიანების განვითარებას.
გადატვირთვასთან დაკავშირებული ტრავმის განვითარების სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია: ვარჯიშის შემდეგ არაადეკვატური დასვენება, ვარჯიშის გაგრძელება მაშინაც კი, როდესაც ტკივილი აღინიშნება (ტკივილით ვარჯიში). ტკივილის დროს ვარჯიშის გაგრძელება კუნთოვანი ან შემაერთებელი ქსოვილის დაზიანების უბანს ზრდის და აფერხებს გამოჯანმრთელების პროცესს; დასვენება გამოჯანმრთელების საშუალებას იძლევა.
ბლაგვი ტრავმა: ბლაგვმა ათლეტურმა ტრავმამ სისხლჩაქცევები, დაჟეჟილობა და მოტეხილობა შეიძლება გამოიწვიოს. ტრავმის ეს სახე მოიცავს დიდი ძალით შეჯახებას სხვა ათლეტთან ან საგნებთან, დაცემას, პირდაპირ დარტყმას (მაგალითად, ბოქსსა და საბრძოლო ხელოვნების სახეებში).
მოტეხილობა და ამოვარდნილობა: მოტეხილობა და სახსრის ამოვარდნილობა მძიმე ტრავმებს მიეკუთვნება, რომლებიც დაუყოვნებლივ საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ამგვარი დაზიანების მქონე პირებს ხშირად აღენიშნებათ კიდურის დეფორმაცია, ძლიერი ტკივილი და კიდურის ან სახსრის ფუნქციის დარღვევა, რაც შემდგომ შეფასებას საჭიროებს ისეთი სადიაგნოზო ტესტებით, როგორიცაა რენტგენოგრაფია. როდესაც ადამიანი ეჭვობს, რომ მოტეხილობა ან ამოვარდნილობა შეიძლება ჰქონდეს, აუცილებელია კიდურის უძრავად დაფიქსირება არტაშანით "იმავე მდგომარეობაში" და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებისთვის მიმართვა.
დაჭიმულობა და გადაძაბვა: დაჭიმულობა, ჩვეულებრივ, უეცარი, ძლიერი დატვირთვის შედეგად ვითარდება, ყველაზე ხშირად სირბილის, კერძოდ კი მიმართულების სწრაფი ცვლილებისას (მაგალითად, მოწინააღმდეგის მოტყუების ან დასხლტომის დროს ფეხბურთში). ამგვარი ტრავმები ასევე ხშირია ძალოსნური ვარჯიშის დროს, როდესაც ნელი და თანაბარი მოქმედებების ნაცვლად წონის აზიდვა ან ტყორცნა სწრაფად ხდება.
დაზიანება ყოველთვის იწვევს ტკივილს, რომელიც ინტენსივობის მიხედვით მსუბუქიდან ძლიერამდე იცვლება. გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნებოდეს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნების ნებისმიერი კომბინაცია:
სპორტული ტრავმის დიაგნოზისთვის ექიმი მოიძიებს ინფორმაციას დაზიანების განვითარების შესაძლო მექანიზმის თაობაზე, აგრეთვე, ბოლო პერიოდში ან ზოგადად გასართობ თუ სპორტულ აქტივობებში პაციენტის მონაწილეობისა და აქტივობის ინტენსივობის ცვლილების შესახებ. ექიმი სინჯავს დაზიანებულ არეს, შესაძლებელია შემდგომი კვლევებისთვის პაციენტი რომელიმე სპეციალისტს გაუგზავნოს. გარდა ამისა, განისაზღვრება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობა: კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), ულტრასონოგრაფია, ძვლების სკანირება, დუალენერგიული რენტგენოლოგიური აბსორბციომეტრია და ელექტრომიოგრაფია.
ზოგადი ღონისძიებების თაობაზე, რომლებიც ვარჯიშის დროს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, სხვაგან არის საუბარი. თავის მხრივ, ქსოვილების ელასტიკურობის ზრდის გამო ვარჯიში ხელს უწყობს ტრავმების პრევენციას.
ტრავმების პრევენციისთვის სათანადო აღჭურვილობაც გამოიყენება. მაგალითად, ჩაფხუტისა და პირის ღრუს დამცავის მორგება ამერიკული ფეხბურთის თამაშის დროს იცავს სპორტსმენს ტრავმისგან. მორბენალთათვის მნიშვნელოვანია სათანადო სარბენი ფეხსაცმელები. ტერფის უკანა ნაწილის მოძრაობის გასაკონტროლებლად სარბენ ფეხსაცმელს ქუსლის მყარი საყრდენი (ფეხსაცმლის უკანა ნაწილი, რომელიც გარს აკრავს ქუსლს) უნდა ჰქონდეს, ჭარბი პრონაციის თავიდან ასაცილებლად – ტერფის შუა ნაწილის (უნაგირის) არეში საყრდენი, ხოლო კოჭ-წვივის სახსრის გასამყარებლად – რბილი პირი (საყელო).
ფეხსაცმლის საფენებმა (ორთოზები) ზოგჯერ შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი პრობლემების გამოსწორებას, როგორიცაა ჭარბი პრონაცია. საფენები შეიძლება იყოს დრეკადი, ნახევრად მყარი ან მყარი, იცვლებოდეს სიგრძის მიხედვით და უნდა ერგებოდეს შესაბამის სარბენ ფეხსაცმელს. ფეხსაცმელს სათანადო სივრცე უნდა ჰქონდეს საფენებისთვის, რომელიც ჩაანაცვლებს ფეხსაცმლის შეძენის დროს მასში მოთავსებულ საფენებს.
ტკივილი გადატვირთვით გამოწვეული ტრავმების ერთ-ერთი პირველი ნიშანია; ამიტომაც ვარჯიშის შეწყვეტა მისი გამოჩენისთანავე ამცირებს კუნთებისა და მყესების დაზიანების ხარისხს.
სპორტული ტრავმის შემდეგ ათლეტებს აინტერესებთ, რამდენად მალე შეძლებენ აქტივობის გაგრძელებას. გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო ტრავმის სიმძიმეზეა დამოკიდებული. თავდაპირველად, სუსტი კუნთების, მყესების და იოგების გასამყარებლად და დაზიანების ხელახლა განვითარების თავიდან ასაცილებლად, დაზიანებული არეების დატვირთვა დაბალი ინტენსივობით უნდა დაიწყოს. ზოგჯერ, დაზიანების განმეორებით განვითარების პრევენციისთვის სპორტსმენმა ვარჯიშის ტექნიკა უნდა შეცვალოს. მაგალითად, ჩოგბურთის მოთამაშემ, რომელსაც "ჩოგბურთელის იდაყვის" დიაგნოზი აქვს, უნდა შეცვალოს ჩოგნის გამოყენების ტექნიკა.
სპორტული ტრავმების მკურნალობა არასპორტული ტრავმების მკურნალობის მსგავსია.
საწყისი მკურნალობა: თითქმის ყველა დაზიანების დროს, გადაუდებელი მკურნალობა მოიცავს დასვენებას (rest), ყინულის დადებას (ice), კომპრესიას/იმობილიზაციას (compression) და ტრავმირებული ადგილის შემაღლებას (elevation) (RICE). შინაგანი სისხლდენის და შეშუპების შესამცირებლად, შემდგომი დაზიანებების თავიდან ასაცილებლად დაზიანებული ნაწილის მოსვენება აუცილებელია.
დაზიანებული ადგილის შეშუპებას სისხლძარღვებიდან სითხის გამოჟონვა იწვევს. ყინული, სისხლძარღვების შევიწროების გზით, ამცირებს გაჟონვას და აფერხებს შეშუპების განვითარებას. გარდა ამისა, ყინული ხელს უწყობს ტკივილისა და კუნთების სპაზმის შემცირებას და ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს.
ყინული და ცივი პაკეტები პირდაპირ კანზე არ უნდა დაედოს პაციენტს, რადგან სიცივის ზემოქმედება კანის გაღიზიანებას ან დაზიანებას იწვევს. ყინულის ბურთულები უნდა მოთავსდეს პაკეტში (მაგალითად, ცელოფნის პარკი), შემდეგ პირსახოცი უნდა შემოეხვიოს. ადგილზე დასამაგრებლად ელასტიკური ბინტი გამოიყენება. დაზიანებული ნაწილი შემაღლებულია. ყინულს იღებენ 20 წუთის შემდეგ, ოცწუთიანი ან უფრო ხანგრძლივი შუალედის შემდეგ კვლავ დაადებენ ისევ 20 წუთით. ეს პროცედურა რამდენჯერმე მეორდება პირველი 24 საათის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, არის თუ არა ყინული დადებული, დაზიანებული ადგილის ელასტიკური ბინტით შეხვევა დაზიანებულ ქსოვილებზე ზეწოლას იწვევს და აფერხებს სისხლდენას და შეშუპების განვითარებას. ამგვარად, სახვევი განკურნებამდე უნდა დარჩეს ადგილზე.
დაზიანებული ადგილი უნდა შემაღლდეს გულის დონეზე ზემოთ, ისე, რომ სიმძიმის ძალის ზემოქმედებით ტკივილის და შეშუპების გამომწვევი დაგროვებული სითხის დრენირება მოხდეს. თუ შესაძლებელია, სითხემ დაზიანებული კერიდან ქვემოთ, გულის მიმართულებით უნდა იმოძრაოს. მაგალითად, მტევნის დაზიანების შემთხვევაში, შემაღლებულად უნდა მოთავსდეს როგორც მტევანი, ისე იდაყვი.
ტკივილის შემსუბუქებისთვის ანალგეზიური საშუალებები გამოიყენება. აცეტამინოფენი ეფექტურია, მაგრამ ანთებით პროცესს არ ამცირებს. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს-ები), როგორიცაა: იბუპროფენი ან ნაპროქსენი, შეიძლება გამოყენებული იქნეს ტკივილის და ანთებითი პროცესის შემცირების მიზნით, თუმცა აცეტამინოფენთან შედარებით, მათ გამოყენებისას გვერდითი ეფექტების ალბათობა (ყველაზე ხშირად კუჭის გაღიზიანება) შედარებით მაღალია. თუ ტკივილი ძლიერია ან სამ დღეზე მეტხანს გრძელდება, რეკომენდებულია სამედიცინო შემოწმება.
ზოგჯერ, ტკივილისა და შეშუპების შესამცირებლად, RICE-სთან ერთად დაზიანებულ სახსარში ან მის გარშემო ქსოვილებში კორტიკოსტეროიდების ინექციას მიმართავენ. გასათვალისწინებელია, რომ კორტიკოსტეროიდებმა შეიძლება შეაყოვნოს შეხორცების პროცესი, გაზარდოს მყესისა და ხრტილის დაზიანების რისკი; გარდა ამისა, ის საშუალებას აძლევს პაციენტს დაზიანებული სახსარი დატვირთოს სრულ გამოჯანმრთელებამდე, რაც ზრდის დაზიანების ხელახლა განვითარების ალბათობას. ისიც ხაზგასასმელია, რომ პროცედურა მხოლოდ ექიმმა უნდა ჩაატაროს.
რეაბილიტაცია: პირველადი დაზიანების აღდგენის შემდეგ, ტრავმის გამომწვევი აქტივობის განახლებამდე, დაზიანებული მიდამოს რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს. სარეაბილიტაციო ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს ფიზიოთერაპევტის ან სპორტული მწვრთნელის ზედამხედველობით ჩატარებულ სისტემატიზებულ ან ნაკლებად სისტემატიზებულ გამაძლიერებელ და ჯანმრთელობის შემანარჩუნებელ რეჟიმებს ზედამხედველობის გარეშე. ზოგჯერ, ფიზიოთერაპევტის მიერ ჩატარებული ინსტრუქტაჟის შემდეგ, სპორტსმენები თავად აგრძელებენ სარეაბილიტაციო ვარჯიშებს. ფიზიოთერაპევტმა, სამკურნალო ვარჯიშებთან ერთად, მკურნალობის სქემაში შეიძლება ჩართოს სითბური, სიცივის, ელექტრობის, ბგერითი ტალღების, დაჭიმვის ან წყლის პროცედურები. ფიზიკური თერაპიის ხანგრძლივობა დაზიანების სიმძიმესა და სირთულეზეა დამოკიდებული.
დაზიანების განკურნებამდე საჭიროა ტრავმის გამომწვევი აქტივობის ან სპორტის სახეობისთვის თავის არიდება ან ხსენებულთა მოდიფიცირება. სრული უმოქმედობა კუნთოვანი მასის, ძალისა და ამტანობის შემცირებას იწვევს. შესაბამისად, ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობაზე უარის თქმის ნაცვლად, უმჯობესია ისეთი აქტივობები, რომლებიც არ ტვირთავს დაზიანებულ არეს. ასეთი აქტივობებია ველოსიპედით სეირნობა, ცურვა; ფეხის ან ტერფის დაზიანებისას – ნიჩბოსნობა. ცურვა და ველოსიპედით სეირნობა კარგი საშუალებებია წელის დაზიანების დროს.