დახრჩობა ვითარდება სითხეში ჩაძირვით გამოწვეული სუნთქვის შეუძლებლობის ან სასუნთქის დარღვევის შედეგად.
წყალში დახრჩობა შეიძლება იყოს არასასიკვდილო ან სასიკვდილო. ამერიკის შეერთებულ შტატებში დახრჩობა უბედური შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილის წამყვანი მიზეზია, ხოლო 1-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში საერთო სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზი. არასასიკვდილო დახრჩობის შემთხვევები 4-ჯერ უფრო ხშირია სასიკვდილოზე და ასეთი პაციენტები საავადმყოფოში თავსდებიან. დახრჩობის ალბათობა მაღალია ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
დახრჩობა ხშირია აუზებში, ცხელ აბაზანებსა და წყალსაცავებში. მცირე ასაკის ბავშვების უმნიშვნელო რაოდენობის წყალთან კონტაქტის დროსაც კი მაღალია დახრჩობის რისკი; მაგალითად, საპირფარეშოში, აბაზანაში ან წყლით სავსე სათლში ჩავარდნისას ბავშვი შეიძლება დაიხრჩოს, რადგან დამოუკიდებლად ამოსვლას ვერ მოახერხებს.
საყურადღებოა, რომ დახრჩობის მიზეზი შესაძლოა პაციენტის წყალქვეშა დაზიანება იყოს; მაგალითად, მეჩხერ წყალში ჩახტომისას მყვინთავმა შეიძლება ხერხემლის ტრავმა მიიღოს, რაც დამბლას გამოიწვევს. ყვინთვის დროს სუნთქვის ხანგრძლივი შეკავებისას ადამიანს შეიძლება გული წაუვიდეს და დაიხრჩოს.
გემებისა და ნავების გამონაბოლქვის მილთან ახლოს ცურვა, ზრდის ნახშირჟანგით მოწამვლის რისკს, რამაც შეიძლება გონების დაკარგვა და დახრჩობა გამოიწვიოს.
ჟანგბადის ნაკლებობა: წყალში ჩაძირვისას სასუნთქი გზები და ფილტვები წყლით ივსება. დასაწყისში სახმო იოგების ძლიერი სპაზმი ხანმოკლე დროით იცავს ფილტვებს მასში წყლის მოხვედრისგან; თუმცა, ამავე დროს სუნთქვაც ჩერდება. ორივე შემთხვევაში ფილტვები სისხლს ჟანგბადით ვეღარ ამარაგებს. სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას თავის ტვინის დაზიანება და სიკვდილი მოსდევს. ხშირად ფილტვებში მოხვედრილი წყალი გაჯერებულია ბაქტერიებით, წყალმცენარეებით, ქვიშით, ჭუჭყითა და ქიმიური ნივთიერებებით, ან ნაღები მასებით, რაც, თავის მხრივ, სასუნთქი სისტემის საკმაოდ სერიოზულ დაზიანებას იწვევს. ფილტვების დაზიანების გამო სხეული ჟანგბადით აღარ მარაგდება. ფილტვებში მოხვედრილი მტკნარი წყალი შეიწოვება და სისხლში გადადის. დიდი რაოდენობით მტკნარი წყლის შეწოვა ხშირად ელექტროლიტური დისბალანსის მიზეზი ხდება, მაგალითად, ნატრიუმის რაოდენობა სისხლში შეიძლება მკვეთრად დაქვეითდეს.
სიცივის გავლენა: ცივ წყალში ჩაძირვას აქვს როგორც კარგი, ისე ცუდი ეფექტი. კუნთების გაციება ცურვას აძნელებს, სხეულის ძალზე დაბალი ტემპერატურა (ჰიპოთერმია) კი აზროვნებას ანელებს. მეორე მხრივ, სიცივე იცავს ქსოვილებს ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული დაზიანებებისგან. ცივ წყალში აქტიურდება ყვინთვის რეფლექსი, რაც გადარჩენის შანს ზრდის. ყვინთვის რეფლექსი ანელებს გულისცემას, სისხლის ნაკადს ხელებიდან, ფეხებიდან და ნაწლავებიდან გულისა და თავის ტვინისაკენ მიმართავს და ამით ხელს უწყობს ამ სასიცოცხლო ორგანოების გადარჩენას. ყვინთვის რეფლექსი ბავშვებში უფრო კარგად არის შენარჩუნებული, ვიდრე მოზრდილებში. ამიტომ ბავშვებს ცივ წყალში ჩაძირვისას გადარჩენის მეტი შანსი აქვთ მოზრდილებთან შედარებით.
წყალში დახრჩობის დროს ადამიანს არ აქვს საშველად დაძახების უნარი. ბავშვები, რომელთაც ცურვა არ იციან, წყალში სწრაფად, რამდენიმე წამში იძირებიან და მოზრდილთა მსგავსად, გადარჩენისთვის ბრძოლა არ შეუძლიათ. დახრჩობას გადარჩენილ ადამიანს, შესაძლოა ჰქონდეს მრავალფეროვანი სიმპტომები, მსუბუქი შიშითა და დისკომფორტით დაწყებული, სასიკვდილო გართულებებით დამთავრებული. პაციენტი შესაძლოა კონტაქტური, საღ გონებაზე იყოს ან განვითარდეს ძილიანობა და კომური მდგომარეობა. სუნთქვა შეიძლება შეწყდეს. მას, ვინც სუნთქავს, შესაძლოა აღენიშნებოდეს სუნთქვის გაძნელება, ღებინება, ხველა ან მსტვინავი ხიხინი. კანი ლურჯია (ციანოზური) ჟანგბადის ნაკლებობის გამო. ზოგჯერ, სუნთქვის პრობლემები რამდენიმე საათი არ ვლინდება და თავს მოგვიანებით იჩენს.
გართულებები: ადამიანების ნაწილს, რომელთაც წყლის ქვეშ ხანგრძლივად დაჰყვეს, ჟანგბადის უკმარისობით განპირობებული თავის ტვინის ქრონიკული დაზიანება უვითარდება. სასუნთქ გზებში წყლის ან უცხო სხეულის მოხვედრის (ასპირაციის) შემთხვევაში მოსალოდნელია ფილტვების ანთება (პნევმონია) ან რესპირატორული დისტრეს-სინდრომი (სუნთქვის უკმარისობის სინდრომი). ხანგრძლივი დროით ცივ წყალში ყოფნისას შესაძლოა ჰიპოთერმია განვითარდეს.
დიაგნოზი ეფუძნება წყალში ჩაძირვის ფაქტის ცოდნასა და სიმპტომებს. სისხლში ჟანგბადის დონის განსაზღვრა და გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა ექიმს ფილტვის დაზიანების გამოვლენაში ეხმარება. დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა თავის ან ხერხემლის ტრავმული დაზიანება დადგინდეს. კარდიოგრაფიული გამოკვლევა და სისხლის ანალიზების შედეგები სამედიცინო პერსონალს სხვა თანმხლები დარღვევების გამოვლენის საშუალებას აძლევს; მაგალითად, შეიძლება დადგინდეს ადრე არსებული არითმია, რომელმაც გამოიწვია წყალში პაციენტის გონების კარგვა და დახრჩობა.
ბავშვები: საცურაო აუზები უნდა იყოს მაქსიმალურად დაცულ გარემოში, რადგან ბავშვთა დახრჩობის შემთხვევები ყველაზე ხშირად სწორედ აუზებში ხდება. აუზთან ყველა მისასვლელი საჭიროა დაიხუროს, რათა მცირეწლოვანმა ბავშვმა დამოუკიდებლად ვერ შეძლოს მასთან მიახლოება. დაუშვებელია ბავშვის მარტო დატოვება აუზში ან აბაზანაში, მიუხედავად იმისა, უკეთია თუ არა მას საცურაო რგოლი. იმის გამო, რომ ბავშვები შეიძლება უმნიშვნელო რაოდენობის წყალშიც კი დაიხრჩონ, წყალთან ახლოს თამაშის დროს, აუზი იქნება ეს, თუ წყლით სავსე სათლი, მათ სამაშველო ჟილეტები უნდა ეცვათ.
უსაფრთხოება ცურვის დროს: ალკოჰოლის ან დამამშვიდებელი წამლების ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას დაუშვებელია ცურვა ან ნავით გასეირნება. თუ წყალში ყოფნისას შეგცივდებათ, აუცილებლად ამოდით წყლიდან. პაციენტებმა, რომელთაც გულყრებით მიმდინარე დაავადება აქვთ დადგენილი, რაც უნდა კარგად მკურნალობდნენ, თავი უნდა შეიკავონ ცურვისგან და წყალთან ახლო კონტაქტისაგან.
დახრჩობისგან თავის დასაცავად არ არის რეკომენდებული მარტო ცურვა, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც არ არის მაშველი. ოკეანეში ან ზღვაში დიდ ტალღებში ცურვის დროს, სასურველია ნაპირთან ახლოს ყოფნა. ასევე არ არის რეკომენდებული გემებისა და ნავების გამონაბოლქვის მილებთან ახლოს ცურვა.
სხვა ღონისძიებები: ნავში ყოფნისას პატარა ბავშვებისთვის და ცურვის არმცოდნე პირებისთვის აუცილებელია სამაშველო ჟილეტების ტარება. ხერხემლის დაზიანებისგან დაცვა შესაძლებელია მეჩხერ წყალში ყვინთვისაგან თავის არიდებით.
ხალხით დატვირთულ საცურაო აუზებთან აუცილებელია მაშველების ყოფნა. წყალში დახრჩობის საყოველთაო პრევენციული ღონისძიებები მოიცავს:
მცირეწლოვანი ბავშვისთვის ცურვის სწავლებისას აუცილებელია მწვრთნელი ზედმიწევნით ყურადღებით იყოს. სპეციალურად შემუშავებული პროგრამების მიუხედავად, მაღალია აუზებსა და წყალსაცავებში ბავშვთა დახრჩობის შემთხვევები.
ფაქტორები, რომელიც ზრდის პაციენტის გადარჩენის ალბათობას თავის ტვინისა და ფილტვების მუდმივი დაზიანების გარეშე, მოიცავს შემდეგს:
გადარჩენა შესაძლებელია წყლიდან ამოყვანიდან პირველი 40 წუთის განმავლობაში. პაციენტების უმრავლესობა, რომელთაც სწორად და დროულად ჩაუტარდათ გულ-ფილტვის რეანიმაცია, ასევე ის პირები, რომლებიც გადაყვანილი იყვნენ კლინიკაში, სრულიად გამოჯანმრთელდებიან.
პირებს, რომლებიც წყალში ალკოჰოლის ან რაიმე დამამშვიდებელი წამლის ზემოქმედების ქვეშ შევიდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი რისკი აქვთ.
კლინიკაში მიყვანამდე: საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებელი სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობა, რაც გულ-ფილტვის რეანიმაციას გულისხმობს, ზრდის პაციენტის გადარჩენის ალბათობას თავის ტვინის მყარი დაზიანების გარეშე. თუ საეჭვოა, რომ ხერხემალი დაზიანდა, აუცილებელია კისრის ფიქსაცია. გადარჩენილი პაციენტები მძიმე, საშუალო ან მსუბუქი სიმპტომებით უნდა მოთავსდნენ საავადმყოფოში, ან გაუგრძელდეთ ამბულატორიული მეთვალყურეობა. კლინიკაში დაყოვნება არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება.
კლინიკაში: თითქმის ყველა პაციენტი ინჰალაციის სახით ჟანგბადის დამატებით ინტენსიურ მიწოდებას საჭიროებს. ზოგჯერ საჭიროა ჟანგბადის მაღალი წნევით მიწოდება სუნთქვის აპარატის მეშვეობით. მსტვინავი სუნთქვის არსებობისას პაციენტს ეძლევა ბრონქების გასაფართოებელი საშუალებები. ინფექციის განვითარების შემთხვევაში ანტიბიოტიკები ინიშნება.
ცივ წყალში ხანგრძლივად დაყოვნებისას სხეულის ტემპერატურა სახიფათო დონემდე ეცემა (ვითარდება ჰიპოთერმია) და საჭიროა პაციენტის გათბობა. ხერხემლის დაზიანების შემთხვევაში სპეციფიკური მკურნალობაა აუცილებელი.