სიმაღლის ავადმყოფობა ვითარდება ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე არსებული ჟანგბადის დეფიციტის გამო.
სიმაღლის გაზრდასთან ერთად ატმოსფერული წნევა მცირდება, ჰაერი თხელდება და უფრო ნაკლებ ჟანგბადს შეიცავს. მაგალითად, ზღვის დონესთან შედარებით 5800 მეტრის სიმაღლეზე არსებული ჰაერი ორჯერ ნაკლებ ჟანგბადს შეიცავს. დენვერში, რომელიც ზღვის დონიდან 1615 მეტრზე მდებარეობს, ჰაერი 20%-ით ნაკლებ ჟანგბადს შეიცავს.
ადამიანთა უმრავლესობას ერთი დღის განმავლობაში 1500-2000 მეტრის სიმაღლეზე ასვლა უპრობლემოდ შეუძლია. ამასთან, 2500 მეტრზე ასვლისას ადამიანების 20%-ს, ხოლო 3000 მეტრამდე ასვლისას 40%-ს სიმაღლის ავადმყოფობის გარკვეული ფორმა უვითარდება.
სიმაღლის ავადმყოფობის დროს ყველაზე ხშირად ზიანდება შემდეგი ორგანოები:
ფილტვის მცირე ზომის სისხლძარღვებში – კაპილარებში წნევა მატულობს, სისხლძარღვის კედლის განვლადობა იზრდება, რაც სითხის გარეთ გამოსვლას და ფილტვებში დაგროვებას განაპირობებს.
რისკფაქტორები: დიდ სიმაღლეზე ყოფნა განსხვავებულ გავლენას ახდენს ადამიანებზე. ამასთან, სიმაღლის ავადმყოფობის განვითარების რისკი, ჩვეულებრივ იზრდება:
რისკი ასევე მაღალია ადამიანებში, რომლებსაც ადრე სიმაღლის დაავადება ჰქონიათ და მათში, ვინც, ჩვეულებრივ, ზღვის დონეზე ან ძალიან დაბალ სიმაღლეზე (900 მეტრამდე) ცხოვრობს.
ბავშვები და მოზარდები წნევის ცვლილების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. დიაბეტის, კორონარული არტერიების დაავადების და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მსუბუქი ფორმის მქონე პირებს არ აქვთ სიმაღლის ავადმყოფობის განვითარების მაღალი რისკი. თუმცა, ასეთ პაციენტებს გარკვეული სირთულეები აქვთ დიდ სიმაღლეზე ჟანგბადის უკმარისობის გამო. კარგი ფიზიკური მომზადება არ აუმჯობესებს პროგნოზს. სიმაღლეზე ყოფნისას ასთმის გამწვავება არ აღინიშნება. საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს ორსული ქალებისა და მათი ნაყოფისთვის რამდენიმე კვირა მაღალმთიან ადგილებში (არა უმეტეს 3000 მეტრის სიმაღლისა) გაჩერება.
აკლიმატიზაცია: ორგანიზმი საბოლოოდ ეჩვევა სიმაღლეზე ყოფნას (განიცდის აკლიმატიზაციას), რადგან იზრდება სუნთქვისა და გულის შეკუმშვათა სიხშირე, მატულობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა და ჟანგბადის ქსოვილებისათვის მიწოდება. პაციენტების უმეტესობა რამდენიმე დღეში პრობლემების გარეშე ეგუება 3000 მეტრის სიმაღლეზე ყოფნას. გაცილებით ძნელია და დროში გახანგრძლივებულია უფრო მაღალ ადგილებთან შეგუება; მაგალითად, 5300 მეტრის სიმაღლეზე ასვლისას ადაპტაციისთვის რამდენიმე კვირაა საჭირო. პაციენტების გარკვეული ნაწილი ახერხებს აღნიშნულ სიმაღლეზე ჩვეულ აქტივობას. გასათვალისწინებელია, რომ არც ერთ ადამიანს არ შეუძლია სრულად შეეგუოს დასაშვებზე მაღლა მთიან ადგილებში ხანგრძლივად ყოფნას ან საცხოვრებლად დარჩენას.
მთის მწვავე ავადმყოფობა: მთის მწვავე ავადმყოფობა სიმაღლის დაავადების მსუბუქ და ყველაზე მეტად გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს. ის შეიძლება შედარებით დაბალ სიმაღლეზეც (2000 მეტრზე) განვითარდეს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, 6-10 საათის განმავლობაში ვითარდება და ახასიათებს თავის ტკივილი და ქვემოთ ჩამოთვლილთაგან კიდევ ერთი ან რამდენიმე სიმპტომი: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, სისუსტე, გაღიზიანებადობა და უძილობა. ზოგიერთი აღწერს ნაბახუსევის მსგავს ჩივილებს. სიმპტომები, როგორც წესი, 24-48 საათის განმავლობაში გრძელდება. თუმცა, ზოგჯერ, მთის მწვავე ავადმყოფობა უფრო მძიმე ფორმებში გადაიზრდება.
სიმაღლით გამოწვეული ფილტვების შეშუპება (HAPE): სიმაღლით გამოწვეული ფილტვების შეშუპება, როგორც წესი, მაღალმთიან რეგიონში სწრაფი ასვლიდან 24-96 საათის შემდეგ ვითარდება. ხშირად სიმაღლე ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მეტია. აღნიშნული მდგომარეობა მთის ავადმყოფობით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია. რესპირატორული ინფექციები საგრძნობლად ზრდის ფილტვების შეშუპების რისკს. სიმპტომები უარესდება ღამით. ზოგჯერ სიმპტომები ძალიან სწრაფად პროგრესირებს მძიმე სუნთქვის უკმარისობამდე. მსუბუქად მიმდინარე პროცესის დროს ზომიერი ფიზიკური დატვირთვის ფონზე მხოლოდ მშრალი ხველა და ქოშინი ვლინდება. საშუალო სიმძიმის ნიშნები მოიცავს სუნთქვის უკმარისობას მოსვენებისას, გონების დაბინდვას, ხველას ვარდისფერი ან სისხლიანი ნახველით, ცხელებას და მოლურჯო (ციანოზური) ელფერის კანს, ტუჩებსა და ფრჩხილებს. მძიმე შემთხვევაში პაციენტი თითქოს პირით ჰაერის "დაჭერას" ცდილობს და სუნთქვის დროს ბუყბუყის მსგავს ხმებს გამოსცემს.
სიმაღლით გამოწვეული თავის ტვინის შეშუპება (HACE): სიმაღლით გამოწვეული თავის ტვინის შეშუპება იშვიათად ვითარდება და მძიმე შედეგებით მთავრდება. პაციენტების უმრავლესობა იღუპება. დამახასიათებელი სიმპტომებია ძლიერი თავის ტკივილი, გონების დაბინდვა, არამყარი, არაკოორდინირებული სიარული (ატაქსია) და კომა. აღნიშნული სიმპტომები სწრაფად პროგრესირებს და პაციენტი რამდენიმე საათში მძიმდება.
სხვა სიმპტომები: დამახასიათებელია ხელების, ფეხებისა და სახის შეშუპება, რომელიც ძირითადად გაღვიძებისას ვლინდება. იწვევს მცირე დისკომფორტს და, როგორც წესი, რამდენიმე დღეში გაივლის.
ბადურას ჰემორაგიები (მცირე ზომის სისხლჩაქცევები ბადურაზე, რომელიც თვალის უკან მდებარეობს) შესაძლოა 2700 მეტრის სიმაღლეზე ასვლისას განვითარდეს. ზოგადად მსგავსი ჰემორაგიები უფრო ხშირია 5000 მეტრის სიმაღლეზე ყოფნის დროს. პაციენტების უმრავლესობას არავითარი ჩივილი არ აქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლჩაქცევა მოიცავს თვალის იმ ნაწილს, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალურ მხედველობაზე, პაციენტი ხედავს ლაქას ან მცირე ზომის წერტილებს. ბადურას ჰემორაგია სწრაფადვე აღდგება და ხანგრძლივ პრობლემებს არ იწვევს.
სიმაღლის ავადმყოფობის დიაგნოზი, ჩვეულებრივ, სიმპტომების საფუძველზე ისმება. ფილტვების შეშუპების დროს ექიმი ფონენდოსკოპის საშუალებით ფილტვებში სითხის არსებობას ავლენს. დიაგნოზის დასადასტურებლად გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევა და სისხლში ჟანგბადის კონცენტრაციის განსაზღვრა გამოიყენება.
სიმაღლეზე ასვლის ტემპი: სიმაღლეზე თანდათანობით ასვლა სიმაღლის ავადმყოფობის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია იმ ადგილის დაშორება ზღვის დონიდან, სადაც ადამიანმა ღამე უნდა დაიძინოს, ვიდრე დღის განმავლობაში მიღწეული მაქსიმალური სიმაღლე. სასურველია, დიდ სიმაღლეზე ასვლის დროს პირველი ღამე მგზავრმა ზღვის დონიდან 2500-3000 მეტრის სიმაღლეზე გაატაროს. მთასვლელებმა აღნიშნულ სიმაღლეზე 2-3 ღამე უნდა დაიძინონ, სანამ გზას გააგრძელებენ და უფრო დიდ სიმაღლეზე დაიძინებენ. აღნიშნული დონიდან მოყოლებული ყოველი მომდევნო ღამის გასათევად შერჩეული დონე 300 მეტრზე მეტად არ უნდა აღემატებოდეს წინამორბედს. ამასთან, დასაშვებია დღის განმავლობაში უფრო მეტი სიმაღლის დაძლევა, თუკი მთასვლელი ღამის გასათევად იმავე სიმაღლეზე დაბრუნდება.
ადამიანებს სიმაღლეების უსიმპტომოდ დაძლევის განსხვავებული უნარი აქვთ. ამიტომ, როდესაც მთაში ადამიანების ჯგუფი მიემგზავრება, აღმასვლის ტემპი ჯგუფის ყველაზე "ნელი" წევრის შესაძლებლობებს უნდა მიესადაგოს.
სიმპტომების გამოვლენა ვარიაბელურია და დამოკიდებულია ინდივიდუალურად ორგანიზმის ადაპტაციის შესაძლებლობებზე, ამიტომ მოლაშქრეთა ჯგუფი აუცილებელია მიჰყვეს გუნდის ყველაზე ნელი ტემპით მოსიარულე წევრის შესაძლებლობებს. მთის ავადმყოფობის სიმპტომების გამოვლენისთანავე სიმაღლეზე ასვლის ტემპი უნდა შენელდეს.
აკლიმატიზაციის პროცესი სწრაფად აღდგება, თუ პაციენტი დაბრუნდება დაბალ სიმაღლეზე, სადაც რამდენიმე დღე შეჩერდება, შემდეგ კი რეკომენდებული ტემპით საფეხურებრივად კვლავ გააგრძელებს სიმაღლეზე ასვლას.
მედიკამენტები: მაღალ მთაზე ასვლამდე წინასწარ აცეტაზოლამიდის დალევა ამცირებს სიმაღლის ავადმყოფობის განვითარების ალბათობას. თუ წამლის მიღება დაავადების დაწყების შემდეგ ხდება, ის სიმპტომების შემსუბუქებას შეუწყობს ხელს. სასურველია, მთაზე ასვლის პერიოდში აცეტაზოლამიდის მიღება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ექიმების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სიმაღლის ავადმყოფობის განვითარების თავიდან აცილებას და მისი სიმპტომების შემსუბუქებას დექსამეტაზონის მიღებაც უწყობს ხელს.
წარსულში ფილტვის შეშუპების მქონე პაციენტები განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებენ სიმაღლეზე ასვლისას და ნებისმიერი დამახასიათებელი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვიდნენ დაბალ სიმაღლეზე. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ასეთმა პაციენტებმა ფილტვის შეშუპების სიმპტომების თავიდან ასაცილებლად უნდა დალიონ მედიკამენტი ნიფედიპინი ან შეისუნთქონ ბრონქების გასაფართოებელი საშუალება (ბრონქოდილატატორი).
ზოგადი რეკომენდაციები: დიდ სიმაღლეზე მდებარე სამიზნე ობიექტზე მიღწევის შემდეგ ადამიანებმა ერთი ან რამდენიმე დღის განმავლობაში თავი უნდა შეიკავონ ძლიერი ფიზიკური დატვირთვისაგან. ასევე რეკომენდებულია ადვილად მოსანელებელი ნახშირწყლების შემცველი საკვების (მაგალითად, ხილი, ხილფაფა და პურეული) მცირე ზომის ულუფების ხშირად მირთმევა, ვიდრე დიდი რაოდენობის საკვების იშვიათად მიღება. აუცილებელია ისეთი სითხეების ჭარბად სმა, რომელიც კოფეინს არ შეიცავს. ალკოჰოლისა და სედაციური საშუალებების მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან ისინი სიმაღლის დაავადების მსგავს სიმპტომებს იწვევენ.
მიუხედავად იმისა, რომ კარგი ფიზიკური მომზადება სიმაღლეზე ყოფნისას მეტი ფიზიკური დატვირთვის ატანის საშუალებას იძლევა, ის არ იცავს ადამიანს სიმაღლის ავადმყოფობის რომელიმე ფორმის განვითარებისაგან.
მთის დაავადების მწვავე ფორმით გამოვლენისთანავე ადამიანებმა უნდა შეწყვიტონ აღმასვლა და დაისვენონ. ლაშქრობის გაგრძელება დაუშვებელია, სანამ სიმპტომები სრულად არ გაქრება. მთის მწვავე ავადმყოფობის მქონე ადამიანების უმრავლესობა ერთ ან ორ დღეში გამოკეთდება. აცეტაზოლამიდის (შარდმდენი) გამოყენება ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას. აცეტამინოფენისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები სასარგებლოა თავის ტკივილის შესამცირებლად.
სიმპტომების დამძიმების შემთხვევაში სასურველია ჟანგბადის ნიღბით მიწოდება. თუ ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომი არ არის, ან მკურნალობის ფონზე სიმპტომები რჩება ან სწრაფად უარესდება, პაციენტი უნდა ჩამოვიდეს, სულ მცირე, 760 მეტრით უფრო დაბლა.
სიმაღლით გამოწვეული ფილტვების შეშუპების განვითარების შემთხვევაში ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვიდეს დაბალ სიმაღლეზე. აუცილებელია ჟანგბადის მიწოდება, თუკი ხელმისაწვდომია. ნიფედიპინის მიღებამ შეიძლება დროებით გააუმჯობესოს პაციენტის მდგომარეობა ფილტვის არტერიებში წნევის დაქვეითების გამო.
თუ ადამიანს განუვითარდა სიმაღლით გამოწვეული თავის ტვინის შეშუპება, აუცილებელია მისი სწრაფად ჩამოყვანა შეძლებისდაგვარად დაბალ სიმაღლეზე. პაციენტს ეძლევა ჟანგბადი და დექსამეტაზონი.
როდესაც სწრაფად დაშვება შეუძლებელია და პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დროის მოსაგებად შესაძლოა ჰიპერბარიული ტომრის გამოყენება. აღნიშნული მოწყობილობა შედგება სპეციალური პორტატული ტომრისა და ხელით სამართავი ტუმბოსგან. ის საკმაოდ მსუბუქი და სატარებლად ადვილია. ადამიანი მთლიანად თავსდება ტომარაში, რომელიც ჰერმეტულად იხურება და სპეციალური ტუმბოს საშუალებით მასში მაღალი წნევა იქმნება. ტომარაში ჰაერის მაღალი წნევის შექმნა დაბალ სიმაღლეზე ჩამოსვლის იმიტაციას იძლევა. პაციენტი ტომარაში 2-3 საათის განმავლობაში უნდა დარჩეს. ჰიპერბარიული ტომარა ისევე ეფექტურია, როგორც ჟანგბადის დამატებითი მიცემა, რომელიც მთაში ლაშქრობის დროს ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. მკურნალობის ვერც ერთი მეთოდი პაციენტის სიმაღლიდან დაშვებას ვერ ცვლის.