ქირურგია | მკურნალი.გე
  1. ქირურგია
  2. საგანგებო საკითხები
ქირურგია

ქირურგია მკურნალობის იმ მეთოდებს მოიცავს, რომლებიც ქსოვილთა გაკვეთას ან გაკერვას გულისხმობს. თუმცაღა, მედიცინის წინსვლასთან ერთად ეს განმარტება უფრო და უფრო რთულდება. ზოგჯერ ქსოვილთა გასაკვეთად სკალპელის ნაცვლად ლაზერი გამოიყენება, ჭრილობები კი ნაკერების გარეშე იხურება. თანამედროვე მედიცინაში ხანდახან მკაფიოდ ვერც გამიჯნავ ერთმანეთისგან ქირურგიულ და თერაპიულ პროცედურებს. თუმცა ეს ყოველთვის აუცილებელი არც არის – მთავარია ექიმი, რომელიც პროცედურას ატარებს, დახელოვნებული და გამოცდილი იყოს.

ქირურგია დიდი მიმართულებაა და მრავალ მეთოდს მოიცავს. ზოგი მათგანი გულისხმობს ქსოვილთა ამოკვეთას, ზოგი – დახშული უბნის გამავლობის აღდგენას, ზოგი კი – არტერიებისა და ვენების გადატანას იმ ადგილას, სადაც სისხლმომარაგება საკმარისი არ არის. ქირურგია მოიცავს ტრანსპლანტაციასაც (ზოგჯერ ხელოვნური ქსოვილის გამოყენებით) – სისხლძარღვების, შემაერთებელი ქსოვილის ჩასანაცვლებლად – ან მეტალის ჩხირების ჩადგმას ძვალში მოტეხილი ნაწილების მაგივრად.

ზოგჯერ ოპერაციის დროს დიაგნოზიც ისმება. დიაგნოსტიკური ქირურგიის ყველაზე ხშირი სახეა ბიოფსია, რომელიც გულისხმობს ქსოვილის ნაწილის ამოკვეთასა და მიკროსკოპით შესწავლას. ხანდახან, მაგალითად, გადაუდებელ სიტუაციებში, როცა დიაგნოსტიკური კვლევებისთვის დრო არ არის, ოპერაციის მიზანია ერთდროულად დიაგნოზის დასმაცა და მკურნალობაც. მაგალითად, ცეცხლნასროლი ჭრილობის შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის დროს სწრაფად უნდა დადგინდეს, რა ორგანოებია დაზიანებული, და სწრაფადვე აღდგეს მათი მთლიანობა.

იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფადაა საჭირო მათი ჩატარება, ოპერაციები სამ ჯგუფად იყოფა – გადაუდებელი, სასწრაფო და გეგმური. გადაუდებელ ოპერაციებში შედის, მაგალითად, ძლიერი შინაგანი სისხლდენის შეჩერება და იგი დაუყოვნებლივ კეთდება, რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება წუთებიც კი გადამწყვეტი იყოს. სასწრაფო ქირურგიული ჩარევაა ანთებადი ჭია ნაწლავის ამოკვეთა, რაც რამდენიმე საათით მოცდის საშუალებას იძლევა. გეგმურ ოპერაციებში შედის, მაგალითად, მუხლის სახსრის ხელოვნურით ჩანაცვლება. იგი რაღაც დროით შეიძლება გადაიდოს კიდეც, სანამ პაციენტის მდგომარეობა საუკეთესო არ იქნება ოპერაციისა და მისი შემდგომი პერიოდის კარგად გადასატანად.

ანესთეზია

ოპერაცია ზოგადად მტკივნეულია, ამიტომ მის დაწყებამდე თითქმის ყოველთვის კეთდება რაიმე სახის საანესთეზიო საშუალება, რომელიც ტკივილის აღქმას თრგუნავს. ანესთეზია შეიძლება იყოს ადგილობრივი, რეგიონული ან ზოგადი. საანესთეზიო ნივთიერებების შეყვანა ევალებათ ადამიანებს, რომლებსაც ამ მიმართულებით აქვთ მიღებული განათლება, სპეციალიზაცია და ლიცენზია. ეს შეიძლება იყოს ექიმი (ანესთეზიოლოგი) ან ექთანი (ანესთეზიის მედდა). ანესთეზიის ექთნები ანესთეზიოლოგების ხელმძღვანელობით მუშაობენ.

ადგილობრივი და რეგიონული ანესთეზია: ეს მეთოდები გულისხმობს საანესთეზიო საშუალებების (მაგ., ლიდოკაინის ან ბუპივაკაინის) შეყვანას სხეულის ზუსტად იმ უბანში, რომლის გაუტკივარებაცაა საჭირო. ადგილობრივი ანესთეზიის შემთხვევაში მედიკამენტი კანქვეშ კეთდება, განაკვეთის ადგილას და, შესაბამისად, მხოლოდ ის უბანი გაუტკივარდება. რეგიონული ანესთეზია კი სხეულის უფრო დიდ ნაწილს მოიცავს, რადგან წამალი ერთი ან მეტი ნერვის გარშემო შეიყვანება და მათი შესაბამისი უბნების გაუტკივარება მიიღწევა. მაგალითად, ნერვის მახლობლად წამლის გაკეთება იწვევს ფეხის ან ხელის თითების ან კიდურების დიდი ნაწილის ანესთეზიას. არსებობს რეგიონული ანესთეზიის კიდევ ერთი სახე – ინტრავენური რეგიონული ანესთეზია, რომელიც გულისხმობს საშუალების ვენაში შეყვანას. კიდურის ტანთან დაკავშირების ადგილს ელასტიკურ ბინტს ან წნევის მანჟეტს უჭერენ, რათა წამალი მის სისხლძარღვებში დარჩეს. ინტრავენური რეგიონული ანესთეზით მთელი კიდურის გაუტკივარებაც შეიძლება.

ადგილობრივი და რეგიონული ანესთეზიის დროს პაციენტის ცნობიერება შენარჩუნებელია. თუმცა, ექიმებს ხშირად შფოთვის საწინააღმდეგო წამალიც შეჰყავთ ვენაში, რათა დაეხმარონ მას მოდუნებაში. იშვიათად, გაუტკივარების უბანში ოპერაციიდან დღეების ან კვირების შემდეგ დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ან ტკივილი შეიძლება დარჩეს.

სპინალური და ეპიდურული ანესთეზია რეგიონული ანესთეზიის სპეციფიკური სახეებია, რომელთა დროსაც წამალი წელის დონეზე, ზურგის ტვინის გარშემო შეიყვანება. შეყვანის ადგილისა და სხეულის მდებარეობის მიხედვით, საკმაოდ დიდი უბნის გაუტკივარებაა შესაძლებელი (მაგ., წელიდან ფეხის თითებამდე). ანესთეზიის ეს სახეები გამოიყენება სხეულის ქვედა ნაწილზე ქირურგიული ჩარევისას, მაგალითად, თიაქრის, წინამდებარე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის, შარდის ბუშტის, ფეხებისა და ზოგი გინეკოლოგიური ოპერაციის დროს. სპინალური და ეპიდურული ანესთეზია მშობიარობის დროსაც კეთდება. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში ზოგჯერ თავის ტკივილი ვითარდება, მაგრამ იგი საკმაოდ კარგად ემორჩილება მკურნალობას.

ზოგადი ანესთეზია: ზოგადი ანესთეზიის, ანუ ნარკოზის, დროს პაციენტის ორგანიზმში სისხლში მოცირკულირე წამალი შეჰყავთ ვენაში ან საინჰალაციო ფორმით. ზოგადი ანესთეზიის დროს სუნთქვა ნელდება, ამიტომ ანესთეზიოლოგი სასულეში სასუნთქ მილს დგამს (პაციენტს აპარატი ასუნთქებს, თუ ოპერაცია დიდხანს გაგრძელდა). ხანმოკლე ქირურგიული ჩარევის დროს ეს შეიძლება საჭირო არც იყოს. ამის ნაცვლად ანესთეზიოლოგი სპეციალურ ნიღაბს ათავსებს პაციენტის სახეზე და ისე ეხმარება სუნთქვაში. ნარკოზი სხვა ორგანოებზეც ახდენს გავლენას, ამიტომ ანესთეზიოლოგი მუდმივად აკვირდება ადამიანის გულისცემის სიხშირეს, რიტმულობას, სუნთქვას, სხეულის ტემპერატურასა და არტერიულ წნევას, სანამ წამლის მოქმედება არ გაივლის. მძიმე გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია.

დიდი და მცირე ოპერაციები

განარჩევენ დიდ და მცირემასშტაბიან ოპერაციებს, თუმცა მრავალ ქირურგიულ ჩარევას ორივესთვის დამახასიათებელი თავისებურებები აქვს.

დიდმასშტაბიანი ოპერაცია გულისხმობს ორგანიზმის რომელიმე ძირითადი ღრუს გახსნას – მუცლის (ლაპაროტომია), გულმკერდის (თორაკოტომია) ან თავის ქალას (კრანიოტომია), რაც სასიცოცხლო ორგანოებისთვის საკმაოდ დიდი სტრესია. ასეთი ქირურგიული ჩარევები ზოგადი ანესთეზიით კეთდება საავადმყოფოს საოპერაციოში ექიმთა გუნდის მიერ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი სტაციონარში, სულ მცირე, ერთი ღამე მაინც რჩება.

მცირე ოპერაციის დროს სხეულის ძირითადი ღრუები არ იხსნება. ამ დროს შეიძლება გამოიყენონ ადგილობრივი, რეგიონული ან ზოგადი ანესთეზია. პროცედურა ტარდება მიმღებ განყოფილებაში, ამბულატორიული ქირურგიის ცენტრში ან ექიმის კაბინეტში. ეს ჩარევა სასიცოცხლო ორგანოების ძლიერ სტრესს არ იწვევს და შესაძლოა, გააკეთოს ერთმა ექიმმა, თუნდაც ის არ იყოს ქირურგი. პაციენტი, როგორც წესი, იმავე დღეს ბრუნდება სახლში.

ქირურგიული ჩარევის რისკები

ქირურგიული ჩარევის რისკები (ანუ ალბათობა, რომ იგი პაციენტის დაღუპვას ან მძიმე გართულებებს გამოიწვევს) დამოკიდებულია ოპერაციის სახესა და თავად ადამიანის მდგომარეობაზე.

ყველაზე მაღალი რისკი ახასიათებს შემდეგ ჩარევებს:

  • ოპერაცია გულსა და ფილტვებზე

  • წინამდებარე ჯირკლის ამოკვეთა

  • დიდმასშტაბიანი ოპერაციები ძვლებსა და სახსრებზე (მაგ., მენჯ-ბარძაყის სახსრის პროთეზირება)

ზოგადად, რაც უფრო მძიმეა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მით უფრო საშიშია ოპერაცია. რისკს ზრდის ზოგი პათოლოგიაც:

  • ძლიერი ტკივილი გულმკერდში (სტენოკარდია)

  • ბოლო პერიოდში გადატანილი გულის შეტევა

  • გულის მძიმე უკმარისობა

  • ცუდი კვება (ხშირია მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებ ადამიანებში)

  • ფილტვების ან ღვიძლის მძიმე დაავადება

  • თირკმლის ქრონიკული დაავადება (უკმარისობა)

  • ფილტვების ქრონიკული დაავადება (ხშირად დაკავშირებულია მოწევასთან)

  • დასუსტებული იმუნიტეტი (მაგ., კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის გამო)

  • შაქრიანი დიაბეტი (განსაკუთრებით კი ცუდად ნამკურნალები)

ოპერაციები უფრო სარისკოა ხანში შესულებში (იხ. ცხრილი გვ. 2267), თუმცაღა, ეს ასაკზე მეტად ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ქირურგიულ ჩარევამდე საჭიროა, მაქსიმალურად გაკონტროლდეს ქრონიკული დაავადებები, რომლებიცრისკს ზრდის, და გამოსწორდეს სხვა მდგომარეობები, როგორიცაა გაუწყლოება, ინფექციები და ორგანიზმში სითხისა და ელქტროლიტების ბალანსის მოშლა.

მეორე აზრი

პაციენტები ყოველთვის მტკიცედ არ არიან დარწმუნებულნი, რომ ოპერაცია უნდა გაიკეთონ. შესაძლოა, არსებობდეს მკურნალობის არაქირურგიული გზებიც ან ქირურგიული პროცედურების რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატივა. შესაბამისად, ადამიანებს სურთ ხოლმე, მეორე სპეციალისტის აზრიც მოისმინონ გეგმურ ოპერაციასთან დაკავშირებით. თუმცაღა, ყველა ექსპერტი ვერ თანხმდება, ზუსტად ვის უნდა დაეკითხოს პაციენტი:

  • ზოგი ფიქრობს, რომ უმჯობესია, მეორე ექიმი ქირურგი არ იყოს, რათა თავიდან ავიცილოთ მიკერძოება ქირურგიული მკურნალობისკენ, ნაცვლად თერაპიულისა;

  • ზოგ ექსპერტს მიაჩნია, რომ სჯობს, სხვა ქირურგს დაეკითხოს ადამიანი, რადგან ამ სპეციალისტებს უფრო ესმით ოპერაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები, ვიდრე თერაპევტებს;

  • ზოგი ექსპერტის აზრით, წინასწარვე მტკიცედ უნდა გადაწყდეს, რომ ქირურგი, რომლისგანაც მეორე აზრის მოსმენა სურს პაციენტს, ამ ოპერაციას არ გააკეთებს, რათა ინტერესთა კონფლიქტი არ წარმოიშვას ექიმებს შორის.

მომზადება ოპერაციისთვის

ოპერაციამდე მომზადება რამდენიმე დღითა და კვირით ადრე იწყება. პაციენტებს ხშირად ურჩევენ, ფიზიკურად რაც შეიძლება უკეთეს ფორმაში ჩადგნენ და რაც შეიძლება კარგად იკვებონ, რადგან კარგი ზოგადი მდგომარეობა ორგანიზმს გამოჯანმრთელებას უადვილებს. საავადმყოფოში წასვლისას ძვირფასი ნივთები სახლში უნდა დარჩეს.

ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება: ზოგადი ანესთეზიის საჭიროების შემთხვევაში ოპერაციამდე ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ან შეზღუდვა ამცირებს საფრთხეებს. ქირურგიულ ჩარევამდე ცოტა ხნით ადრე თამბაქოს მოხმარება ზრდის გულის რიტმის დარღვევის რისკს ნარკოზის დროს და არღვევს ფილტვების ფუნქციონირებას. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება აზიანებს ღვიძლს, რამაც შესაძლოა ძლიერი სისხლდენა გამოიწვიოს ოპერაციის დროს და ზოგადი ანესთეზიისთვის გამოყენებული წამლების ეფექტი მოულოდნელად გააძლიეროს ან შეასუსტოს. თუმცაღა, ალკოჰოლის მოხმარება თანდათან უნდა შემცირდეს, რადგან ნარკოზამდე მისი მიღების უეცრად შეწყვეტას ცუდი შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს, მაგალითად, ცხელება, არტერიული წნევის ცვლილება ან გულის რიტმის დარღვევა.

ექიმის კონსულტაცია: ქირურგი გასინჯავს პაციენტს და გამოიკითხავს სამედიცინო ისტორიას, რაშიც შედის ბოლოდროინდელი სიმპტომები, წარსულში გადატანილი დაავადებები, რეაქციები საანესთეზიო საშუალებებზე (თუ ყოფილა), თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ინფექციები, თრომბის წარმოქმნის რისკფაქტორები, გულისა და ფილტვების პრობლემები (მაგ., ხველა ან ტკივილი გულმკერდში), ალერგიები. პაციენტს სთხოვენ, ჩამოთვალოს ყველა წამალი, რომელსაც იღებს, რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემულიც, რადგან თუ ექიმს ეს ინფორმაცია არ ექნება, შეიძლება მძიმე გართულებები განვითარდეს. მაგალითად, ადამიანი შესაძლოა იღებდეს ასპირინს და მისი ხსენება საჭიროდ არ ჩათვალოს. ეს წამალი კი სისხლდენის რისკს ზრდის ოპერაციისას. ამასთანავე, აუცილებელია ექიმს მიეწოდოს ინფორმაცია საკვები დანამატებისა და სამკურნალო მცენარეების შესახებაც (მაგ., გინგკო ბილობა ან კრაზანა), რადგან ამ საშუალებებსაც შეიძლება ჰქონდეს ეფექტი ოპერაციის დროს ან შემდეგ.

ანესთეზიოლოგმაც უნდა მოინახულოს პაციენტი ქირურგიულ ჩარევამდე, გაეცნოს ანალიზების შედეგებს და დაადგინოს, რაიმე ქრონიკული დაავადება ხომ არ აქვს მას, რის გამოც საანესთეზიო საშუალების შეცვლაა საჭირო. იგი პაციენტს გააცნობს გაუტკივარების ყველაზე უსაფრთხო და ეფექტიან სახეებსაც.

გამოკვლევები: ოპერაციამდე ჩატარებულ (ოპერაციისწინა) კვლევებში შედის სისხლისა და შარდის ანალიზები, ელექტროკარდიოგრამა, რენტგენოგრაფია და ფილტვის ფუნქციური ტესტები (ფილტვის მოცულობების კვლევა). მათი მეშვეობით დგინდება, რამდენად კარგად ფუნქციონირებს ძირითადი ორგანოები. თუ მდგომარეობა ცუდია, ანესთეზიითა და ოპერაციით გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება გართულებები გამოიწვიოს. ოპერაციისწინა კვლევებით ზოგჯერ დგინდება ხოლმერაიმე დაავადებაც, რომელიც პაციენტს აქვს, მაგრამ არ ვლინდება, მაგალითად, ინფექცია, რაც ქირურგიული ჩარევის გადადებას მოითხოვს.

გადასასხმელი სისხლის დამარაგება: პაციენტს შესაძლოა სურდეს სისხლის ჩაბარება და შენახვა იმ შემთხვევისთვის, თუ გადასხმა საჭირო გახდება ოპერაციისას. საკუთარი სისხლის გადასხმისას (ავტოლოგიური ტრანსფუზია) ინფიცირებისა და გვერდითი მოვლენების უმრავლესობის განვითარების რისკი ქრება. ოპერაციამდე პაციენტს შესაძლოა აუღონ ერთი პინტი (ნახევარ ლიტრამდე) სისხლი და შეინახონ იგი. ეს კვირაში მაქსიმუმ ერთხელ შეიძლება და ბოლო ჩაბარებიდან, ალბათ, სულ მცირე, ორი კვირა უნდა გავიდეს ოპერაციამდე. სისხლის დანაკლისის შევსებას ორგანიზმი რამდენიმე კვირას ანდომებს.

გადაწყვეტილების მიღება: ზოგჯერ ოპერაციამდე ქირურგი პაციენტისგან ჩარევის ჩატარებაზე ინფორმირებულ თანხმობას იღებს. იგი გააცნობს ადამიანს, რა სარგებელი და რისკებია მოსალოდნელი, მკურნალობის სხვა რა საშუალებებია და უპასუხებს მის შეკითხვებს. შემდეგ პაციენტმა უნდა წაიკითხოს და ხელი მოაწეროს ინფორმირებული თანხმობის ფორმას. იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი ოპერაციაა საჭირო და ადამიანს არ შეუძლია თანხმობის მიცემა, ექიმები ცდილობენ, მის ოჯახს დაუკავშირდნენ. იშვიათად, ოპერაციის გაკეთება მანამდეა აუცილებელი, სანამ ოჯახთან კონტაქტი მოხერხდებოდეს.

ქირურგიულ ჩარევამდე უნდა განისაზღვროს პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე უფლებამოსილი პირი (durable power of attorney) და წინასწარი სამედიცინო მითითებები (living will), იმ შემთხვევისთვის, თუ ოპერაციის შემდეგ ადამიანმა ვეღარ შეძლო კომუნიკაცია ან შესაძლებლობები მკვეთრად შეეზღუდა.

საჭმლის მომნელებელი ორგანოების მომზადება: ოპერაციის დროს გამოყენებული ზოგი წამალი ღებინებას იწვევს, ამიტომ არ შეიძლება საკვების ან სასმლის მიღება, სულ მცირე, 8 საათით ადრე. ამბულატორიული პროცედურების შემთხვევაში ადამიანმა წინა ღამის 12 საათის შემდეგ აღარ უნდა მიირთვას. დაგეგმილი ოპერაციის მიხედვით, შეიძლება ექიმმა პაციენტს სხვადასხვა მითითება მისცეს. აუცილებელია იმის გამოკითხვაც, დანიშნული წამლებიდან რომლის მიღება შეიძლება ოპერაციამდე და რომლის – არა. ნაწლავებზე ქირურგიულ ჩარევამდე ერთი ან ორი დღით ადრე პაციენტებს საფაღარათო საშუალებებს უნიშნავენ.

ფრჩხილები: მოწყობილობა, რომელიც სისხლში ჟანგბადის შემცველობას განსაზღვრავს, თითზე მაგრდება, ამიტომ საავადმყოფოში წასვლამდე ფრჩხილების ლაკისა და ხელოვნური ფრჩხილების მოშორებაა საჭირო. ამით ეს აპარატი უფრო ზუსტ მაჩვენებელს დააფიქსირებს.

ოპერაციის დღე

ოპერაციის წინ პაციენტმა, როგორც წესი, უნდა გაიხადოს ტანსაცმელი, მოიხსნას სამკაული, სასმენი აპარატი, კბილის პროთეზი, კონტაქტური ლინზები ან სათვალე და საავადმყოფოს ხალათი ჩაიცვას. საოპერაციოში შესვლამდე ის სპეციალურ, მოსაცდელ ოთახში შეჰყავთ საბოლოო მოსამზადებელი პროცედურებისთვის. საოპერაციო არე, ანუ კანის ის უბანი, რომელიც უნდა გაიჭრას, ანტისეპტიკური საშუალებით მუშავდება. ეს ამცირებს მასზე ბაქტერიების რაოდენობას და, შესაბამისად, ინფექციის რისკს. შესაძლოა, საოპერაციო არე გაიპარსოს კიდეც. მტევანზე ან მკლავზე ვენაში იდგმება კათეტერი, რომლის მეშვეობითაც პაციენტს სითხეები ესხმება და წამლები უკეთდება. სედაციის მიზნით, ვენაში რაიმე მედიკამენტიც შეიძლება შეიყვანონ. თუ ოპერაცია პირის ღრუზე, საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, ფილტვებზე, სასუნთქ ან საშარდე გზებზე კეთდება, ერთი საათით ადრე ერთ ან მეტ ანტიბიოტიკს აძლევენ პაციენტს ინფექციის თავიდან აცილების (პროფილაქტიკის) მიზნით. ეს ასევე საჭიროა ზოგი სხვა ქირურგიული ჩარევის წინ, რომელსაც ინფექციის განსაკუთრებული რისკი ახლავს თან (მაგ., ხელოვნური სახსრის ან გულის სარქვლის ჩაყენებისას).

საბოლოო მოსამზადებელი პროცედურების შემდეგ, პაციენტი საოპერაციოში გადაჰყავთ. შესაძლოა, ამ დროს იგი ჯერ კიდევ ფხიზლად, მაგრამ გაბრუებული იყოს ან უკვე ეძინოს. შემდეგ მას საოპერაციო მაგიდაზე აწვენენ, რომლის თავზეც სპეციალური განათებაა განთავსებული. ექიმები, ექთნები და პერსონალის სხვა წევრები, რომლებმაც საოპერაციო არესთან უნდა იმუშაონ ან შეეხონ მას, გულდასმით იბანენ ხელებს ანტისეპტიკური საპნით. მისი მეშვეობით მაქსიმალურად მცირდება ბაქტერიებისა და ვირუსების რაოდენობა საოპერაციოში. გუნდის წევრები ასევე იცვამენ ქირურგიულ ფორმებს, იკეთებენ ქუდებს, ნიღბებს, ბახილებს, სტერილურ ხალათებსა და ხელთათმანებს. ოპერაციის დაწყებამდე გუნდი იკრიბება, რათა კიდევ ერთხელ დადასტურდეს:

  • პაციენტის ვინაობა

  • რა ოპერაცია კეთდება და რომელ მხარეს (საჭიროების შემთხვევაში)

  • მომარაგებულია თუ არა ყველანაირი საჭირო აღჭურვილობა

  • დაწყებულია თუ არა ინფექციისა და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკური მკურნალობა (საჭიროების შემთხვევაში)

ოპერაციის მსვლელობისას ადგილობრივი, რეგიონული ან ზოგადი ანესთეზია გამოიყენება.

ოპერაციის შემდეგ

ოპერაციის დასრულების შემდეგ, სანამ საანესთეზიო საშუალებების მოქმედება გაივლიდეს, პაციენტი პოსტოპერაციულ პალატაში გადაჰყავთ და 1-2 საათი ყურადღებით აკვირდებიან. გაღვიძებისას უმრავლესობა გაბრუებულია, განსაკუთრებით კი – დიდი ოპერაციის შემდეგ. ზოგ მათგანს გულისრევის შეგრძნება აქვს, ზოგს სცივა.

ქირურგიული ჩარევისა და ანესთეზიის სახის მიხედვით გადაწყდება, პაციენტი პოსტოპერაციული პალატიდან პირდაპირ სახლში გაეწეროს თუ გადავიდეს ჩვეულებრივ პალატაში ან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პირდაპირ სახლში გაწერა: ადამიანი, რომელიც ოპერაციის შემდეგ სახლში ეწერება, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აზროვნებდეს ნათლად

  • სუნთქავდეს ნორმალურად

  • შეეძლოს სითხეების მიღება

  • შეეძლოს სიარული

  • არ აწუხებდეს ძლიერი ტკივილი

სედაციური საშუალებების გაკეთების შემდეგ სახლში გაწერისას პაციენტს ვინმე უნდა ახლდეს თან და მას მანქანის ტარებაც ეკრძალება. საოპერაციო არეში არ უნდა აღინიშნებოდეს სისხლდენა და მოსალოდნელზე მეტი შეშუპება.

ჰოსპიტალიზაცია: პაციენტებმა, რომლებიც ოპერაციის შემდეგ სტაციონარში გადაიყვანეს, გაღვიძებისას შეიძლება აღმოაჩინონ, რომ უამრავი მილი და მოწყობილობა აქვთ ზედ დამაგრებული. მაგალითად: სასულეში ჩადგმული ჰქონდეთ სასუნთქი მილი, გულმკერდზე ელექტროდები ეკრათ გულისცემის აღსარიცხავად, შარდის ბუშტში – კათეტერი, თითზე მოწყობილობა, რომელიც სისხლში ჟანგბადის შემცველობას ზომავს, ნახვევი – საოპერაციო უბანზე, მილი – პირში ან ცხვირში და ერთი ან მეტი კათეტერი ვენაში.

ტკივილი, როგორც წესი, მოსალოდნელია ოპერაციის შემდეგ და თითქმის ყოველთვის ექვემდებარება მკურნალობას. ტკივილგამაყუჩებელი წამლები (ანალგეტიკები) ვენაში შეიყვანება, დასალევად ეძლევა პაციენტს, კუნთში კეთდება ან კანზე ფირფიტის სახით ეკვრება. თუ ეპიდურული ანესთეზია გამოიყენეს ოპერაციისას, ხერხემალში შესაძლოა ჩატოვონ მილი, რომლითაც საანესთეზიო საშუალება შეიყვანებოდა. მასში საჭიროების შემთხვევაში ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად, მორფინი შეჰყავთ. ზოგჯერ სტაციონარში იყენებენ პატარა მოწყობილობებს, რომლებსაც მუდმივად შეჰყავს ტკივილგამაყუჩებელი ვენაში. პაციენტებს შეუძლიათ, ღილაკზე თითის დაჭერით წამლის დამატებითი რაოდენობაც შეუშვან (პაციენტის მიერ კონტროლირებული ანალგეზია). თუ ტკივილი მაინც რჩება, მკურნალობის სხვა მეთოდიც შეიძლება გახდეს საჭირო. ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების ხშირად გამოყენება შეკრულობას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად ექიმმა შესაძლოა, განავლის დამარბილებელი ან საფაღარათო საშუალება დაუნიშნოს პაციენტს.

კარგი კვება უმნიშვნელოვანესია სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის და ინფექციის რისკის მაქსიმალურად შესამცირებლად. თუ ოპერაციის გამო პაციენტს რამდენიმე დღე ჭამა არ შეუძლია, უნდა მოინახოს საკვები ნივთიერებების მიღების სხვა გზა გამოჯანმრთელების დასაჩქარებლად და პრობლემების თავიდან ასაცილებლად. თუ საჭმლის მომნელებელი ორგანოები ჩვეულებრივად ფუნქციონირებს, მაგრამ პაციენტი ვერ მიირთმევს, შეიძლება მილი, ზონდი ჩაიდგას კუჭში და მისი მეშვეობით შეიყვანონ საკვები. ზონდი ცხვირიდან, პირიდან ან მუცლის წინა კედელზე არსებული განაკვეთიდან იდგმება. იშვიათად, თუკი ოპერაცია საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე გაკეთდა და პაციენტს დიდხანს არ შეუძლია ჭამა, მსხვილ ვენაში კათეტერს აყენებენ და სპეციალური საკვები ნივთიერებები მისი მეშვეობით შეჰყავთ (პარენტერული კვება).

გართულებები: ოპერაციის შემდგომ დღეებში შეიძლება განვითარდეს გართულებები, როგორიცაა: ცხელება, თრომბის წარმოქმნა, ჭრილობის პრობლემები, ცნობიერების აბნევა, მოშარდვის ან დეფეკაციის გაძნელება, კუნთების განლევა.

ცხელებას რამდენიმე ხშირი მიზეზი აქვს, მათ შორის: ანთებითი რეაქცია ქსოვილთა დაზიანებაზე ოპერაციისას; ნივთიერებათა ცვლის სიჩქარის მატება სტრესის ან ქირურგიული ჩარევის საპასუხოდ, რის გამოც ორგანიზმი მეტ კალორიას წვავს და მეტ სითბოს წარმოქმნის; საშარდე გზებისა და საოპერაციო არის ინფექციები, ფილტვების ანთება. ამ უკანასკნელის თავიდან აცილება შეიძლება პერიოდული სუნთქვითი სავარჯიშოებით – ღრმად ამოსუნთქვითა და პატარა მოწყობილობაში ჩაბერვით (მასტიმულირებელი სპირომეტრია) და, საჭიროებისამებრ, დახველებით.

თრომბები შეიძლება ქვედა კიდურების ან მენჯის ვენებში წარმოიქმნას (ღრმა ვენების თრომბოზი), განსაკუთრებით კი მაშინ, თუ პაციენტი დიდხანს წევს გაუნძრევლად ოპერაციის დროს ან მერე და თუ ქირურგიული ჩარევა ფეხებზე, მენჯზე ან ორივეზე ჩატარდა. თრომბი შესაძლოა ადგილიდან მოწყდეს, სისხლის ნაკადს გაჰყვეს და მოხვდეს ფილტვში, სადაც რომელიმე სისხლძარღვს დაახშობს და ქსოვილთა კვებას დაარღვევს (ამას ფილტვის ემბოლია ეწოდება). შედეგად მთელი დანარჩენი ორგანიზმის ჟანგბადით მომარაგება მცირდება და ზოგჯერ არტერიული წნევაც ეცემა. თუ ისეთი ოპერაცია კეთდება, რომლის დროსაც თრომბოზის რისკი განსაკუთრებით მაღალია ან პაციენტს, სავარაუდოდ, დიდხანს მოუწევს წოლა და ცოტას იმოძრავებს, ექიმები სისხლის შედედების საწინააღმდეგო წამალს (ანტიკოაგულანტს), მაგალითად, დაბალი მოლეკულური წონის ჰეპარინს, ნიშნავენ ან პაციენტს დამწოლ წინდებს აცმევენ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. თუმცაღა, ანტიკოაგულანტების გამოყენება სარისკოა ზოგი ოპერაციის შემთხვევაში, რადგან სისხლდენის რისკი მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს. კიდურების ამოძრავება და სიარული მალევე უნდა დაიწყოს პაციენტმა, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება.

ჭრილობის გართულებებია მისი ინფექცია და კიდეების დაშორება (ჭრილობის გახსნა). ინფექციის რისკის შესამცირებლად ოპერაციის დამთავრების შემდეგ ექიმები განაკვეთის ადგილს სტერილური საფენით დაფარავენ, რომელიც ხშირად ანტიბიოტიკის შემცველი მალამოთიცაა გაჟღენთილი. მისი მეშვეობით ჭრილობა ბაქტერიებით არ ბინძურდება და განაკვეთიდან გამოჟონილი სითხეც შეიწოვება. ჭრილობის გამონადენში ბაქტერიები ადვილად მრავლდება, ამიტომ საფენი მალ-მალე, როგორც წესი, ყოველდღიურად იცვლება. შეხვევის დროს და ზოგჯერ უფრო ხშირადაც, თავად ჭრილობასაც ათვალიერებენ. ზოგჯერ ინფექცია, საუკეთესო მოვლის მიუხედავად, მაინც ვითარდება. ინფიცირებული უბანი ოპერაციიდან 1 ან მეტი დღის შემდეგ თანდათან უფრო მტკივნეული, შეწითლებული და ცხელი ხდება, მისგან ჩირქი ან სითხე მოჟონავს. შესაძლოა, ცხელებაც განვითარდეს. ამ სიმპტომებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რაც შეიძლება მალე.

ზოგჯერ დელირიუმი (ცნობიერების აბნევა და აღგზნება) ვითარდება, განსაკუთრებით კი ხანში შესულებში. ამას შესაძლოა ხელი შეუწყოს ანტიქოლინერგული ეფექტების (ცნობიერების აბნევა, მხედველობის დაბინდვა, შარდის შეუკავებლობა) მქონე წამლებმა, ოპიოიდებმა, სედაციურმა საშუალებებმა ან ჰისტამინური მეორე რეცეპტორების (H2) ბლოკერებმა, ისევე, როგორც სისხლში ჟანგბადის ნაკლებობამ. მოხუცებულებში, თუკი შესაძლებელია, ერიდებიან ცნობიერების აბნევის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენებას.

ოპერაციის შემდგომი პრობლემაა შარდვისა და დეფეკაციის გაძნელებაც (შეკრულობა). ამას ხელს უწყობს ანტიქოლინერგული საშუალებები ან ოპიოიდები, უმოძრაობა, საკვებისა და სასმლის მიუღებლობა. შარდის გამოყოფა შესაძლოა საერთოდ ვერ ხერხდებოდეს, რაც შარდის ბუშტის გადავსებას იწვევს. შეგუბების შედეგად საშარდე გზების ინფექციები ვითარდება. ზოგჯერ მოშარდვას აადვილებს ზეწოლა მუცლის ქვედა ნაწილზე, მაგრამ ხშირად შარდის ბუშტის კათეტერის ჩადგმა ხდება საჭირო. მას ზოგჯერ ტოვებენ, ზოგჯერ კი ბუშტის დაცლისთანავე ამოიღებენ. შეგუბების თავიდან აცილების კარგი საშუალებაა ხშირად წამოჯდომაც. პაციენტებს, რომელთაც შეკრულობა აწუხებთ, ოპერაცია კი კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე არ გაკეთებულა, ნაწლავთა მოქმედების სტიმულირებისთვის უნიშნავენ საფაღარათო საშუალებებს, მაგალითად, ბისაკოდილს, სენას ან კასკარას. ზოგჯერ ასევე გამოიყენება განავლის დამარბილებლები, როგორიცაა დოკუზატი.

კუნთების განლევა (სარკოპენია) და ძალის დაკარგვა ყველა ადამიანში ვლინდება, ვისაც დიდი ხანი უწევს წოლითი რეჟიმის დაცვა. სრული გაუნძრევლობის შემთხვევაში ახალგაზრდებში დღეში კუნთთა მასის 1% იკარგება, მოხუცებში კი 5%-მდე, რადგან მათ ორგანიზმში ნაკლებია ზრდის ჰორმონი, ის ნივთიერება, რომელიც კუნთოვანი ქსოვილის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი. გამოსაჯანმრთელებლად აუცილებელია კუნთოვანი მასის საკმარისად შენარჩუნება. შესაბამისად, პაციენტები უნდა ეცადონ, წამოსხდნენ საწოლში, იმოძრაონ, ადგნენ და ივარჯიშონ კიდეც, როგორც კი ეს უსაფრთხო გახდება.

საავადმყოფოდან სახლში გაწერა: საავადმყოფოდან სახლში წასვლამდე ადამიანმა უნდა:

  • დაგეგმოს მომდევნო ვიზიტი ექიმთან;

  • იცოდეს, რა წამლები მიიღოს;

  • იცოდეს, რა საქმიანობას მოერიდოს ან შეზღუდოს.

შესაძლოა, საჭირო იყოს ისეთი აქტივობების დროებით აკრძალვა, როგორიცაა კიბეზე ასვლა, მანქანის მართვა, სიმძიმეების აწევა და სქესობრივი კავშირი. პაციენტმა ისიც უნდა იცოდეს, რა სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს გეგმურ ვიზიტამდე.

ადამიანმა ჩვეული საქმიანობა ოპერაციის შემდეგ თანდათან უნდა გააგრძელოს. ზოგს რეაბილიტაცია ესაჭიროება, რაც სპეციალურ სავარჯიშოებსა და აქტივობებს მოიცავს ძალისა და მოქნილობის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, მენჯ-ბარძაყის ხელოვნური სახსრის ჩაყენების შემდეგ რეაბილიტაცია გულისხმობს პაციენტისთვის სიარულის, გაჭიმვისა და ვარჯიშის სწავლებას.