კუჭ-ნაწლავის გარკვეული დაავადებები შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს და გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებდეს, უმეტეს შემთხვევაში – ქირურგიულ ჩარევას.
გასტროინტესტინურ გადაუდებელ მდგომარეობებს, ჩვეულებრივ, თან ახლავს მუცლის ტკივილი, რომელიც ხშირად მწვავე ხასიათს ატარებს. თუ პაციენტს აქვს მუცლის ტკივილი, ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად საჭიროა დაუყოვნებლივი ქირურგიული ჩარევა (სადიაგნოზოდ თუ სამკურნალოდ), თუ შესაძლებელია მოცდა დიაგნოსტიკური ტესტების პასუხების მიღებამდე. მუცლის ღრუში გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ხშირად ისეთ შემთხვევაში ტარდება, როდესაც არის ეჭვი, რომ მუცლის ტკივილი გამოწვეულია ნაწლავის ობსტრუქციით, ან ისეთი ორგანოს დაზიანებით, როგორიცაა ნაღვლის ბუშტი, აპენდიქსი ან ნაწლავი, ან აბსცესით (ჩირქით სავსე ჯიბე).
გასტროინტესტინური სისხლდენა, რომელიც როგორც წესი, უმტკივნეულოა, ასევე შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის საშიში. ექიმი ხშირად ატარებს ენდოსკოპიურ კვლევას (შინაგანი სტრუქტურების გამოკვლევა დრეკადი დასათვალიერებელი მილით) სისხლდენის წყაროს დასადგენად და სამკურნალოდ.