მოგზაურობა და ჯანმრთელობა | მკურნალი.გე
  1. მოგზაურობა და ჯანმრთელობა
  2. საგანგებო საკითხები
მოგზაურობა და ჯანმრთელობა

მოგზაურობის წინ მომზადება უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც კი. ეს უფრო იაფიც ჯდება უცხო ადგილას ავად გახდომის ან დაშავების ხარჯებთან შედარებით.

სამოგზაურო ნაკრები

მსუბუქი დაავადებისა და ტრავმებისთვის ადამიანს თან უნდა ჰქონდეს სამოგზაურო ნაკრები, რომელშიც შედის პირველი დახმარების აღმოსაჩენად საჭირო ნივთები, ტკივილგამაყუჩებლები (აცეტამინოფენი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები), ცხვირში გამხსნელი საშუალებები, ანტაციდები, ანტიბიოტიკები და ლოპერამიდი – მოგზაურთა დიარეისთვის. ალბათ, კარგი იდეაა ადგილობრივად გამოსაყენებელი წამლების, მაგალითად, ჰიდროკორტიზონის 1%-იანი მალამოს ან ურეცეპტოდ გაცემული სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბიოტიკის მალამოს წაღებაც. სამოგზაურო ნაკრები, რეცეპტით გაცემული მედიკამენტები, ზედმეტი სათვალე ან კონტაქტური ლინზები (მათ რეცეპტებთან ერთად) და სასმენი აპარატის ელემენტები ხელჩანთაში უნდა ელაგოს, რადგან დანარჩენი ბარგი შესაძლოა გზაში შეყოვნდეს, მოიპარონ ან დაიკარგოს. საკმაოდ სერიოზული პრობლემების თავიდან აცილება ხშირად უბრალოდ საღი აზრის მეშვეობით შეიძლება.

ჯანმრთელობა და სამოგზაურო დაზღვევა

ჯანმრთელობის დაზღვევა მნიშვნელოვანია მოგზაურთათვის. ქვეყნის შიგნით გადაადგილებისასაც კი ზოგი სადაზღვევო პაკეტი არ ფარავს სამედიცინო ხარჯებს. შესაბამისად, ადამიანი კარგად უნდა ერკვეოდეს თავისი დაზღვევის პირობებსა და შეზღუდვებში.

ხარჯების ანაზღაურების პრობლემა უფრო ხშირად ქვეყნის გარეთ მოგზაურობის დროს წარმოიშობა. ზოგი სადაზღვევო პაკეტი არ ფარავს ამისთვის საჭირო აცრებისა და პროფილაქტიკური მედიკამენტების საფასურს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ვაქცინაცია აუცილებელია ზოგ ქვეყანაში შესვლის ნებართვის მისაღებად. ასე მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში მედიქეარი და კერძო სადაზღვევო პაკეტების უმრავლესობა არ ანაზღაურებს ქვეყნის გარეთ ჩატარებული მკურნალობის ხარჯებს. მსოფლიოში ზოგი საავადმყოფო დამატებით ითხოვს ანგარიშზე საჭირო თანხის ქონას ან წინასწარ გადახდას, სანამ მკურნალობა ჩატარდებოდეს.

იმისთვის, რომ დიდი დანახარჯი აიცილონ თავიდან ან, საერთოდ, სამედიცინო დახმარების გარეშე არ დარჩნენ, მოგზაურებმა წინასწარ უნდა გაარკვიონ, რა საერთაშორისო ხარჯებს ანაზღაურებს მათი სადაზღვევო პაკეტი, როგორ ხდება პირველადი ავტორიზაცია უცხო ქვეყნებში და როგორ უნდა მოითხოვონ ანაზღაურება გადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაში. სამოგზაურო დაზღვევას, მათ შორის, სასწრაფო ევაკუაციის დაზღვევასაც, მრავალი კომერციული სააგენტო, სამოგზაურო და საკრედიტო ბარათების კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს. მოგზაურებს შესაძლოა სურდეთ დაზღვევა, რომელიც ფარავს: გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირების, უკან ტრანსპორტირების, სამედიცინო აღჭურვილობისა და პერსონალის, სტომატოლოგიური მომსახურების, ორსულთა და მშობიარობის შემდგომი მზრუნველობის, რეცეპტით გაცემული მედიკამენტების დაკარგვის ან მოპარვის და სამედიცინო თარჯიმნის ხარჯებს.

მოგზაურთა სამედიცინო დახმარების საერთაშორისო ასოციაცია (IAMAT) არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ინგლისურის მცოდნე ექიმთა სია (www.iamat.org). ასეთი მონაცემთა ბაზა გააჩნია რამდენიმე სხვა ორგანიზაციასა და ვებგვერდს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღებაში მოგზაურებს, ასევე, შეიძლება დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოები.

ვაქცინაცია

ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობაში მოგზაურობამდე და ზოგ ქვეყანაში შესვლისთვის სავალდებულოც კია. საუკეთესო შემთხვევაში ადამიანმა გამგზავრებამდე სულ მცირე 6-8 კვირით ადრე უნდა მიაკითხოს თავის ექიმს. ვაქცინაციის საერთაშორისო სერტიფიკატი საუკეთესო საშუალებაა ყველა ჩატარებული აცრის სახელწოდებისა და თარიღის ერთ დოკუმენტში მოსაქცევად. მისი თან ტარება ადვილია და მიღება შეიძლება ბევრ სამოგზაური კლინიკაში.

ჯანმრთელობის პრობლემები და მოგზაურობა

ჯანმრთელობის პრობლემებით მოგზაურობამდე სპეციალური მომზადებაა საჭირო. ადამიანებმა გამგზავრებამდე ექიმს უნდა მიაკითხონ და დარწმუნდნენ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია, ამასთან, გაიგონ, წამლების მხრივ რაიმეს შეცვლა ხომ არაა საჭირო. გადაუდებელ სამედიცინო მდგომარეობაში ყველაზე გამოსადეგი, რაც ადამიანს თან შეიძლება ჰქონდეს, არის წერილობითი სამედიცინო ინფორმაცია აცრების, წამლების, ძირითადი დიაგნოსტიკური კვლევების შედეგების, მკურნალობის მეთოდებისა და თარიღების შესახებ. ამის ჩამოწერა ექიმს უნდა სთხოვოს პაციენტმა. სამედიცინო იდენტიფიკაციის სამაჯურები ან ყელსაბამები აუცილებელია ისეთი დაავადებების მქონე მოგზაურებისთვის, რომელთა დროსაც სიცოცხლისთვის საშიში სიმპტომები, ცნობიერების აბნევა ან დაკარგვა სწრაფად შეიძლება განვითარდეს (მაგ. შაქრიანი დიაბეტი, გულყრები და მძიმე ალერგიული რეაქციები). ასევე საჭიროა ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის თან ტარებაც. გულის დაავადების მქონე ადამიანებმა ბოლოდროინდელი ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ასლიც უნდა იქონიონ თან.

წამლები თავის შეფუთვაში უნდა იდოს, რათა მათი ზუსტი სახელწოდება და მიღების ინსტრუქცია წაიკითხონ გადაუდებელ სიტუაციაში. წამლის გენერიკული სახელი უფრო გამოსადეგია, რადგან მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დასახელებით გამოდის.

მოგზაურობისას უმჯობესია ამ წამლების კიდევ ერთი ნაკრების ჩადება ხელბარგში, იმ შემთხვევისთვის, თუ პირველი ნაკრები დაიკარგა, მოიპარეს, გზაში შეფერხდა ან უკან დაბრუნება გადაიდო. ოპიოიდების, შპრიცებისა და ნებისმიერი მედიკამენტის დიდი რაოდენობით გადატანა საეჭვოდ მოეჩვენებათ საბაჟოზე, ამიტომ მოგზაურს ექიმის წერილობითი დასტურიც უნდა ჰქონდეს თან, სადაც ახსნილი იქნება ამ წამლების საჭიროება. ამასთანავე, შპრიცები იმ მედიკამენტებთან ერთად უნდა ჩალაგდეს, რომლებიც მათშია ამოღებული. უმჯობესია აეროპორტებში, ავიაკომპანიებსა და საელჩოებში იმის გადამოწმება, კიდევ რაიმე დოკუმენტაცია ხომ არ არის საჭირო წამლებითა და სხვა სამედიცინო ნივთებით უპრობლემოდ მოგზაურობისთვის.