სამედიცინო დაწესებულებაში დაცული დოკუმენტაცია პაციენტისთვის არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ, ჩვეულებრივ, ის ინფორმირებულია თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. სამედიცინო ჩანაწერების რეზიუმე ან ასლები შეიძლება სასამართლომ მოითხოვოს, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრული გარემოებების დადგომისას, რაც იშვიათია. თუ პაციენტი მოითხოვს სამედიცინო ჩანაწერებს სხვა ჯანდაცვის პროფესიონალისთვის გადასაცემად, ექიმი ან მისი თანამშრომლები აძლევენ სამედიცინო დოკუმენტების ასლებს ან გასცემენ ჩანაწერების ყველა, ან რომელიმე ნაწილის შემაჯამებელ ამონაწერს. პაციენტს, რომელსაც სურს მიიღოს ყველა სამედიცინო ჩანაწერის ასლები პირადი სარგებლობისთვის, შტატის კანონმდებლობის შესაბამისად, შეუსრულდება ან არ შეუსრულდება ეს სურვილი. ჩვეულებრივ, საჭირო ხდება მხოლოდ პირისთვის ყველაზე მეტად სასარგებლო სამედიცინო ინფორმაცია და არა ყველა ჩანაწერი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს მისთვის უსარგებლო ინფორმაციასაც.
აუცილებელია მნიშვნელოვანი სამედიცინო მონაცემების შემცველი ჩანაწერების შენახვა; არ შეიძლება მეხსიერებაზე დანდობა. იმუნიზაციის ამსახველი დოკუმენტების მოფრთხილება საჭიროა მთელი ცხოვრების განმავლობაში და არა მხოლოდ ბავშვობის პერიოდში. პაციენტმა თავად ან სხვისი დახმარებით უნდა ჩაიწეროს ხოლმე წამლით მკურნალობის ამსახველი მონაცემები, შეინახოს ეს ჩანაწერი წამლებთან ერთად, განაახლოს ის მკურნალობაში ცვლილებებისას. ამ მასალის გამოყენება საჭირო ხდება იმ შემთხვევებში, თუ პაციენტი გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში მოხვდა. ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების ასლები აგრეთვე უნდა იქნეს შენახული. აუცილებელია ყოველდღიურად დაავადების სიმპტომების შესახებ ინფორმაციის წერილობით ჩანიშვნა. მასალის შესანახად შეიძლება გამოყენებული იქნეს კომპიუტერული და ინტერნეტის პროგრამები ან ყუთი, ან ბაინდერი.
კონფიდენციალურობის დაცვის სამართლებრივი და ეთიკური ნორმები უზრუნველყოფენ პაციენტის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ექიმსა და პაციენტს შორის კომუნიკაციის შინაარსის გაუმჟღავნებლობის მოვალეობას. კანონით, აგრეთვე, დაწესებულია სამედიცინო ჩანაწერებში ასახული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის აუცილებლობა ექიმისა და სამედიცინო დაწესებულების მიერ. ერთი ასეთი კანონთაგანია 1996 წლის აქტი სამედიცინო დაზღვევის მობილურობისა და ანგარიშგების შესახებ. ამ კანონში გაცხადებულია, რომ პერსონალური სამედიცინო ინფორმაციის გამჟღავნებისთვის აუცილებელია თავად ამ პირის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. ექიმის მოსაცდელ ოთახში პაციენტს ხელს აწერინებენ ფორმაზე, რომელიც ადასტურებს, რომ ის იცნობს ზემოხსენებულ კანონს და იცის, რომ მას აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. ამ ნორმაში, აგრეთვე, აღნიშნულია, როგორ შეიძლება იქნეს გამოყენებული და გავრცელებული ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ზემოხსენებული კანონი დასაშვებად მიიჩნევს სამედიცინო ინფორმაციის გავრცელებას კონკრეტული მიზნებით, სახელდობრ:
ამრიგად, ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გადახდის კანონიერად ცნობისთვის შეიძლება გავრცელდეს მართული სამედიცინო მომსახურების ორგანიზაციებსა და დაზღვევის მიმწოდებლებს შორის, რომელთაც, საჩივრის შემთხვევაში, შეუძლიათ მოითხოვონ სამედიცინო ინფორმაცია, როგორც გადახდის წინა პირობა. ასეთ შემთხვევებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების გამჟღავნებისთვის აუცილებელია პირის თანხმობა, რაც, ჩვეულებრივ, სამედიცინო დახმარების დაწყებამდე მიიღება. სამედიცინო ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს პაციენტის დამქირავებელს ან სავაჭრო აგენტს მისი თანხმობის გარეშე. ჯანდაცვის პროფესიონალები სულ უფრო და უფრო მეტად იყენებენ სამედიცინო ინფორმაციის ჩაწერისა და შენახვის ელექტრონულ საშუალებებს. ეს უკანასკნელი შესაძლებლობას აძლევს ერთი პაციენტის მკურნალობაში ჩართულ სხვადასხვა სპეციალისტს უფრო მარტივად და უშეცდომოდ გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია.