პრევენციის საშუალებები | მკურნალი.გე
  1. პრევენციის საშუალებები
  2. ავთვისებიანი სიმსივნის პრევენცია და მკურნალობა
  3. ავთვისებიანი სიმსივნეები
პრევენციის საშუალებები

პრევენცია ხორციელდება 4 ძირითადი საშუალებით. ესენია: ა) ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც, აგრეთვე, გულისხმობს უსაფრთხოების ღვედის გამოყენებას, სათანადო დიეტას, საკმარის ფიზიკურ დატვირთვას, მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმას; ბ) ვაქცინაცია ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ (როგორიცაა გრიპი, პნევმოკოკური პნევმონია, ბავშვთა ინფექციური დაავადებები); გ)მონაწილეობა სკრინინგულ პროგრამებში, რომელთა მიზანია მაღალი სისხლის წნევის ან კიბოს ადრეული გამოვლენა; დ) წამლებით მკურნალობა დაავადების პროგრესირების ან გაუარესების თავიდან ასაცილებლად (პრევენციული თერაპია წამლებით, ანუ ქიმიოპრევენცია) მაღალი რისკის მქონე პირებისთვის. ქიმიოპრევენციის მაგალითებია ქოლესტეროლის დონის დამწევი წამლების გამოყენება ათეროსკლეროზის, ასპირინის – გულის ინფარქტის ან ინსულტის თავიდან ასაცილებლად, ტამოქსიფენის მოხმარება ძუძუს კიბოს პრევენციისთვის, ანტიჰიპერტენზიული წამლები სისხლის წნევის დასაქვეითებლად და ინსულტის თავიდან ასაცილებლად.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ცხოვრების წესსა და ავადმყოფობას შორის მჭიდრო კავშირია. ცხოვრების წესის შეცვლამ შეიძლება ზოგიერთი დაავადების პრევენცია გახადოს შესაძლებელი. გარდა ამისა, ზოგი ცვლილება ცხოვრების წესში აუმჯობესებს ადამიანის საერთო მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს, ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. მაგალითად, აშშ-ში სიკვდილის ყველაზე ხშირად განმაპირობებელი დაავადებები – გულის ინფარქტი, კიბო და ინსულტი, სავარაუდოდ, უვითარდება ადამიანებს, რომელთა ცხოვრების წესი არასრულფასოვანია, სახელდობრ: საკვები მაღალკალორიულია, მდიდარია ნაჯერი ცხიმებით, ტრანსცხიმოვანი მჟავებით და ქოლესტეროლით (ასეთი დიეტა ზრდის სისხლში ქოლესტეროლის დონის მომატების რისკს), ადამიანი რეგულარულად არ იტვირთება ფიზიკურად, მოიხმარს თამბაქოს. ექიმებთან და სხვა სამედიცინო პერსონალთან საუბრისას მიღებული ინფორმაციის გავლენით პაციენტმა შეიძლება მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და სათანადოდ შეცვალოს ცხოვრების წესი. ჯანსაღი ცხოვრების წესის რეალიზაცია და შენარჩუნება მხოლოდ ინდივიდზეა დამოკიდებული. ჯანსაღი საკვების მოხმარება, საკმარისი ფიზიკური დატვირთვა ბევრისთვის რთული ამოცანაა. ამავე დროს, ამ ჩვევების დამკვიდრება ყოველდღიურ ყოფაში სასარგებლოა, წამახალისებელი და მიღწევადი. ქვემოთ განმარტებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ზოგიერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი.

ჯანსაღი კვების ჩვევა შეიძლება დაეხმაროს ადამიანს ისეთი დაავადებების თავიდან აცილებაში ან სათანადოდ მართვაში, როგორიცაა მაღალი სისხლის წნევა, გულის ავადმყოფობა, დიაბეტი, ოსტეოპოროზი, კიბოს ზოგიერთი ფორმა. დიეტა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ბოსტნეულს, ხილს, მარცვლოვნებს, პურეულს მხოლოდ ნაწილობრივ არის რეკომენდებული, ვინაიდან მასში დიდი რაოდენობით არის ბოჭკო. სასარგებლოა მავნე ცხიმების (გაჯერებული ცხიმები და ტრანსცხიმოვანი მჟავები) შემცველი საკვების მიღების შემცირება და ჩანაცვლება თევზეულით, კანგაცლილი შინაური ფრინველის ხორცით, მჭლე ხორცით. აგრეთვე მნიშვნელოვანია დიეტა ცხიმის დაბალი შემცველობით. კალორიების შემცირება სათანადო დონეზე ინარჩუნებს სხეულის მასას. ასევე, რეკომენდებულია სუფრის მარილის რაოდენობის შეზღუდვა, კალციუმისა და D-ვიტამინის სათანადო რაოდენობის მიღება.

ფიზიკური აქტივობით და ვარჯიშით შესაძლებელია სიმსუქნის, მაღალი სისხლის წნევის, გულის დაავადების, ინსულტის, დიაბეტის, ოსტეოპოროზის, კიბოს ზოგიერთი ფორმის, შეკრულობის, წონასწორობის დაკარგვის და სხვა ჯანმრთელობის პრობლემების პრევენცია. საუკეთესო განწესებაა ზომიერი ფიზიკური დატვირთვა 60 წუთის ან მეტი დროის განმავლობაში ყოველდღიურად, ან კვირის უმეტეს დღეებში. ამასთან, თუნდაც მცირე ფიზიკური დატვირთვაც კი ბევრად უკეთესია, ვიდრე მისი სრული არარსებობა. მაგალითად, ფიზიკური დატვირთვა მხოლოდ 10 წუთის განმავლობაშიც კი ერთობ სასარგებლოა, განსაკუთრებით, თუ დატვირთვა ძლიერია ან მეორდება დღის განმავლობაში. ფეხით სიარული ერთ-ერთი მარტივი, ეფექტური და ბევრისთვის სასიამოვნო ვარჯიშია. ფიზიკური დატვირთვის ზოგიერთი ტიპის სამიზნეა ჯანმრთელობის სპეციფიკური პრობლემები. მაგალითად, დაჭიმვა აუმჯობესებს მოქნილობას, რაც დაცემის თავიდან აცილების საშუალებაა. აერობულ ვარჯიშებს შეუძლია შეამციროს სტენოკარდიისა და ინფარქტის რისკი.

თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ექიმს შეუძლია შესთავაზოს, წაახალისოს და ურჩიოს პაციენტს, რა გზით შეიძლება მიზნის მიღწევა; მიაწოდოს ინფორმაცია და რეკომენდაციები ნიკოტინის ჩამანაცვლებელი პროდუქტების, აგრეთვე, ბუპროპიონისა და ვერენიკლინის (ამცირებს თამბაქოს მოხმარების ძლიერ სურვილს), სხვა საშუალებების გამოყენების შესახებ.

უსაფრთხო სექსი მნიშვნელოვანია. ძირითადი პირობაა რისკის მქონე სექსუალური პარტნიორებისთვის თავის არიდება და ორმხრივი მონოგამია. ადამიანებს, რომლებსაც ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ, შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეამცირონ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკი ლატექსური კონდომების გამოყენებით. თუ აღინიშნება ალერგია ლატექსის მიმართ, შეიძლება კონდომის სხვა სახეების გამოყენება.

ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვა მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ მცირე რაოდენობით ალკოჰოლის, განსაკუთრებით წითელი ღვინის, მიღება, შესაძლოა, სასარგებლო იყოს, მაგრამ საშუალოზე მეტი რაოდენობით მიღება (მაგალითად, 1-2 დალევა დღეში, ქალებისთვის – უფრო ნაკლები) ხშირად ვნების მომტანია. ყოველი დალევა დაახლოებით 12 უნცია (წონის ერთეულია; 1 უნცია = 23.8 გ) ლუდია, 5 უნცია ღვინო ან 1.5 უნცია უფრო კონცენტრირებული სასმელი, მაგალითად, ვისკი.

დაზიანებათა პრევენცია დიდ როლს თამაშობს ცხოვრების ჯანსაღი წესის ჩამოყალიბებაში. მაგალითად, ადამიანებს შეუძლიათ შეამცირონ დაზიანების რისკი სიფრთხილის ზომების მეშვეობით.

ადეკვატური ძილის რეჟიმი აგრეთვე მნიშვნელოვანი ნაწილია ჯანსაღი ცხოვრების წესისა, განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს განწყობის ჩამოყალიბებასა და მენტალურ სტატუსზე. არასაკმარისი ძილი დაზიანებების (ტრავმების) განვითარების რისკის ფაქტორია.

ვაქცინაცია

ვაქცინაცია პრევენციის უაღრესად ქმედითი საშუალებაა. ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინების ხელმისაწვდომობისა და ფართოდ გავრცელების წყალობით, დარეგისტრირებული შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობის 99%-ზე მეტით შემცირდა ისეთი საშიში და ზოგჯერ ფატალური ინფექციური დაავადებების სიხშირე, როგორიცაა დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, ყბაყურა, წითელა, წითურა, პოლიომიელიტი. ისიც ხაზგასასმელია, რომ ვაქცინაციისთვის დახარჯული ყოველი 1 დოლარი დაახლოებით 14 დოლარს ზოგავს ჯანდაცვისთვის გამოყოფილი თანხების მოხმარებისას.

ვაქცინებს მრავალ გვერდით მოქმედებას მიაწერენ. სინამდვილეში გვერდითი მოქმედება იშვიათია და გამოიხატება მხოლოდ ადგილობრივი შეშუპებით, მტკივნეულობით და ალერგიული რეაქციით ინექციის მიდამოში, ზოგჯერ – ცხელებით და შემცივნებით. შეიძლება აღინიშნოს უფრო სერიოზული გვერდითი ეფექტები ავტოიმუნური რეაქციის სახით (მაგალითად, გულიენ-ბარრეს სინდრომი, რომელიც განაპირობებს დროებით კუნთოვან სისუსტეს ან დამბლას), თუმცაღა, თუ ვაქცინაცია ყველა წესის დაცვით არის ჩატარებული, სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია. მრავალრიცხოვანი კვლევებით არის დადასტურებული, რომ ვაქცინაცია არ იწვევს აუტიზმს. მითქმა-მოთქმა იმის თაობაზე, რომ ვაქცინაციის გვერდითი მოვლენა შეიძლება იქნეს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი და სტერილურობა "ქალაქური ლეგენდაა", რომელსაც არ აქვს რაიმე ფაქტობრივი საფუძველი განვითარებულ ქვეყნებში. კონტამინირებული (დაბინძურებული) ნემსის განმეორებით გამოყენების შემთხვევაში, ცხადია, შესაძლებელია ინფექციის გავრცელება, მაგრამ ეს არ იქნება თავად ვაქცინით განპირობებული. ადამიანები, რომელნიც გართულებების თავიდან ასაცილებლად უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, საკუთარ ჯანმრთელობას გაცილებით დიდი საფრთხის ქვეშ აყენებენ – უქმნიან იმ ინფექციური დაავადებებით დასნეულების რისკს, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციის გზით შესაძლებელია.

ბავშვები, მოზარდები, ხანდაზმულები, აგრეთვე, პირები სუსტი იმუნური სისტემით, მაქსიმალურად მოწყვლადნი არიან იმ დაავადებების მიმართ, რომელთა პრევენციაც ვაქცინაციით ხერხდება. მაგალითად, ყივანახველა ადამიანს შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ შეცდომით გრიპად იქნეს მიჩნეული, ვინაიდან სხვა მხრივ ჯანმრთელ პირს სიმპტომები რბილად ექნება გამოხატული. მართალია, მოწყვლადი ადამიანების ვაქცინაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვათა ვაქცინაციაც არ არის ნაკლებად ფასეული. ეს, გარდა იმისა, რომ ვაქცინირებულებს დაავადებას აცილებს თავიდან, ამცირებს იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც შეიძლება დასნებოვდნენ და მოწყვლად პირებს გადასცენ ინფექცია. ამრიგად, მაქსიმალურად შესაძლებელი რაოდენობის ადამიანების ვაქცინაცია ამცირებს შესაბამისი დაავადებით სიკვდილიანობის ან ამ დაავადების სერიოზული გართულებების ალბათობას. ეს ეფექტი "ჯოგური იმუნიტეტის" სახელით მოიხსენიება. დეტალურად ვაქცინაცია განხილულია შემდგომ თავებში.

სკრინინგი

სკრინინგი – ამა თუ იმ დაავადების რისკის მქონე პაციენტის გამოკვლევა, რომელსაც არ აქვს გამოხატული ავადმყოფობის რაიმე სიმპტომი. სკრინინგი შესაძლებელს ხდის დაავადების ადრეულ მკურნალობას და ფატალური გამოსავალის თავიდან აცილებას. მაგალითად, საშვილოსნოს ყელის ან მსხვილი ნაწლავის ზოგიერთი დაზიანება შეიძლება დიაგნოსტირებული იქნეს და განიკურნოს მანამ, სანამ მისი ავთვისებიანობა გამოვლინდება. სკრინინგის პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს სიკვდილიანობა ზოგიერთი დაავადების დროს. მაგალითად, აშშ-ში, ქალთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზის, საშვილოსნოს ყელის კიბოს სიხშირე 1955 წლიდან მოყოლებული, 75%-ით შემცირდა. სკრინინგის საშუალებით შეიძლება დიაგნოსტირებული იქნეს ქრონიკული დაავადება, რომელიც არ იკურნება (მაგალითად, მაღალი სისხლის წნევა), მაგრამ სათანადო მკურნალობა პაციენტს თავიდან ააცილებს მძიმე გართულებებს.

გავრცელებულია აზრი, რომ თუ ტესტი იძლევა სერიოზული დაავადების დიაგნოსტიკის შესაძლებლობას, ის აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ეს მოსაზრება არ არის მართებული. სკრინინგს დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია, მაგრამ ხანდახან სირთულეებსაც გამოიწვევს ხოლმე; სახელდობრ, ზოგიერთი სკრინინგული ტესტი პაციენტისთვის ზიანის მიყენების დაბალი რისკის მატარებელია (მაგალითად, კოლონოსკოპიამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის კედლის მთლიანობის დარღვევა – პერფორაცია ან გაგლეჯა). თუ ტესტი უტარდება პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანების დიდ რაოდენობას, მაშინ მათი მცირე რაოდენობისთვისაც კი, ზემოთ მოხსენიებულმა ზიანის მიყენებამ, თავისი ნეგატიური მნიშვნელობით შეიძლება გადაწონოს პოზიტიური ეფექტი პაციენტების იმ კონტინგენტისთვის, რომლისთვისაც ტესტის ჩატარება სასარგებლო იქნება დიაგნოზის დასადგენად. მსგავსად ამისა, ზოგჯერ ტესტის შედეგი პოზიტიურია იმ პაციენტებთან, რომლებსაც არ აქვთ დაავადება და მათ გარკვეულ რაოდენობას შემდეგ უტარდება არასაჭირო (ძვირად ღირებული და, შესაძლოა, მტკივნეული ან საშიში) ტესტები ან მკურნალობა. გარდა ამისა, სკრინინგი ზოგჯერ გამოავლენს ხოლმე გადახრებს, რომელთა მკურნალობაც არ შეიძლება ან არ არის საჭირო. მაგალითად, პროსტატის კიბო ხშირად ისე ნელა იზრდება, რომ მოხუცებული ადამიანების ჯანმრთელობაზე არ ახდენს რაიმე გავლენას სხვა რაიმე მიზეზით გამოწვეულ სიკვდილამდე. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა დაავადებაზე უარესია. ზოგადი კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება, როგორც სკრინინგის მეთოდი, არ არის რეკომენდებული, ვინაიდან სარგებლობა (სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით) არ აღემატება რისკს (რადიაციით გამოწვეული ზიანი, მათ შორის კიბო). გარდა ამისა, როდესაც ადამიანს ატყობინებენ, რომ მას, სავარაუდოდ, სერიოზული დაავადება აქვს, შეიძლება შფოთვა დაეწყოს, რაც, თავის მხრივ, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. ზემოთ მოხსენიებული მიზეზების გამო, სკრინინგი რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა:

  • ადამიანს აქვს ესა თუ ის დაავადება;

  • სკრინინგული ტესტი ზუსტია;

  • დაავადების მკურნალობა უფრო ეფექტურად არის შესაძლებელი მანამ, სანამ დაავადების სიმპტომები გამოვლინდება;

  • სკრინინგის სარგებლობა ხარჯთეფექტურს ხდის მას ჯანდაცვისათვის.

ზოგიერთი სკრინინგ-ტესტი (როგორიცაა ტესტები საშვილოსნოს ყელის და მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოსავლენად) რეკომენდებულია გარკვეული ასაკისა და სქესის ყველა პირისთვის. მათთვის, ვისაც აღენიშნება სხვა ფაქტორებით შეპირობებული მომეტებული რისკი, შეიძლება რეკომენდებული იქნეს ტესტების უფრო ადრეულ ასაკში და უფრო ხშირად, აგრეთვე, სხვა გამოკვლევების ჩატარებაც. მაგალითად, პირს რომელსაც აქვს კოლორექტული კიბოს ოჯახური ისტორია ან აქვს დაავადება, რომელიც ზრდის ხსენებულის განვითარების რისკს (მაგალითად, წყლულოვანი კოლიტი), შეიძლება ერჩიოს სკრინინგული კოლონოსკოპიის ჩატარება უფრო ხშირად, ვიდრე ეს რეკომენდებულია ზომიერი რისკის მქონე პირებისთვის. ქალებისთვის, რომელთაც აქვთ ძუძუს კიბოს მძიმე ოჯახური ანამნეზი, სკრინინგული მამოგრაფია უფრო ადრეულ ასაკშია რეკომენდებული. ზოგიერთი სკრინინგული ღონისძიება ნაჩვენებია გარკვეული დაავადებებით შეპყრობილთათვის. მაგალითად, დიაბეტის მქონე პირებმა ყოველდღიურად უნდა შეიმოწმონ ტერფები სიწითლისა და წყლულების გამოსავლენად. ხსენებულთა არსებობის იგნორირება შეიძლება მძიმე ინფექციის მიზეზი გახდეს და, საბოლოო ჯამში, ამპუტაციის აუცილებლობა განაპირობოს.

პრევენციული ფარმაკოთერაპია

წამლებით პრევენცია (ზოგჯერ მოიხსენიება როგორც ქიმიოპრევენცია) არის მედიკამენტების გამოყენება დაავადების თავიდან აცილების მიზნით. პრევენციის ეს სახე გამოიყენება იმ შემთხვევებში, როცა პაციენტს აქვს ისეთი დაავადების განვითარების რისკი, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია, იმ პირობით, რომ პრევენციისთვის გამოსაყენებელი წამლის გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობა დაბალია. წამლებით პრევენციული თერაპია ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა, მაგალითად, ინფექციის თავიდან ასაცილებლად გარკვეული დაავადებების (როგორიცაა შიდსი) მქონე პირებს შორის, თავის ტკივილის პრევენციისთვის შაკიკის დროს და ბევრ სხვა სიტუაციაში. მართალია, პრევენციული თერაპია წამლებით ეფექტურია მხოლოდ სპეციფიკურ სიტუაციებში, მაგრამ ზოგი ამ სიტუაციათაგან ხშირია და, ამდენად, ეს მკურნალობა ბევრი ადამიანისთვის არის სარგებლობის მომტანი. მაგალითად, მოზრდილებისთვის, რომელთაც აქვთ კორონარული არტერიების დაავადების ან ინსულტის განვითარების რისკი, რეკომენდებულია ასპირინის მიღება. ახალშობილებს შორის, გონოკოკური ინფექციის პრევენციისთვის რუტინულად გამოიყენება თვალის წვეთები. სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებისათვის პრევენციის მიზნით სასარგებლოა წამლით თერაპია (მაგალითად, ტამოქსიფენის გამოყენება).