ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების (სადინარები, რომლებიც აკავშირებს ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს, უზრუნველყოფს ნაღვლის ტრანსპორტს) დაავადებების სადიაგნოზოდ კვლევის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზების კომპლექსი, რომელიც ცნობილია ღვიძლის ფუნქციური სინჯების სახელწოდებით. ეს ტერმინი, გარკვეულწილად, შეცდომის წყარო შეიძლება გახდეს, ვინაიდან ამ ტესტების უმრავლესობის შედეგების მიხედვით შეუძლებელია ღვიძლის მეტაბოლური ან ნაღვლის წარმომქმნელი ფუნქციის შეფასება. ისინი უპირატესად ღვიძლის ანთების ან დაზიანების მაჩვენებლებია. გამოკვლევის ეს მეთოდები წარმოადგენს ღვიძლის დაავადებების გამოვლენის არაინვაზიურ სკრინინგულ მეთოდს (მაგალითად, დონორის შემოწმება ჰეპატიტის არსებობაზე სისხლის აღებამდე) და გამოიყენება ღვიძლის დაავადების სიმწვავისა და პროგრესირების, მკურნალობაზე პასუხის დადგენის მიზნით.
იმის მიხედვით, თუ რა დაავადების არსებობაზეა ეჭვი მიტანილი, ექიმი იყენებს გამოსახულებით კვლევებს, როგორიცაა ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია ან ნაღვლის სადინარების ქოლანგიოგრაფია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ან რენტგენის საშუალებით. ზოგჯერ ექიმი მიკროსკოპით შესასწავლად იღებს ღვიძლის ქსოვილის ნიმუშს. ამ პროცედურას ღვიძლის ბიოფსია ეწოდება.