ფატალური დაავადების დროს, მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისას, ავადმყოფი ადამიანი და მისი ოჯახის წევრები ხშირად კარგავენ მიმდინარე მოვლენებისადმი კონტროლის უნარს. ზოგი უპირატესობასაც კი ანიჭებს ასეთ მდგომარეობას, ვინაიდან ეს მოვლასა და მკურნალობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მოვალეობისგან გათავისუფლებას ნიშნავს. სხვები არჩევენ, თავად განსაზღვრონ მკურნალობისა და ზრუნვის ყველა ასპექტი, ზოგჯერ ისიც კი, როგორ უნდა ჩატარდეს პანაშვიდი, დაკრძალვა.
გულწრფელი, ღია კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის სიცოცხლის დასასრულისას მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე გვეხმარება შეძლებისდაგვარად საუკეთესო ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფაში ფატალური დაავადების დროს. სიცოცხლის დასასრულისას ექიმი მიუკერძოებლად აფასებს სიცოცხლის შემანარჩუნებელი მკურნალობის სავარაუდო სარგებლობას და ზიანს, მათ შორის, გავლენას ცხოვრების ხარისხზე. პაციენტი გამოთქვამს თავის სურვილებს, რისი გაკეთების მომხრეა და რისი – მოწინააღმდეგე. მას ეძლევა შესაძლებლობა, განაცხადოს, რა სახის მკურნალობას ანიჭებს უპირატესობას, შეუძლია დააწესოს შეზღუდვები მკურნალობის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენებისთვის, გამოხატოს სურვილები იმის თაობაზე, თუ სად უნდა სიკვდილი და რა სურს, რომ გაკეთდეს, როცა სიკვდილი გარდაუვალი იქნება; აგრეთვე, გადაწყვიტოს, თანახმაა თუ არა სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოების სხვა ადამიანისათვის გადასანერგად გამოყენებაზე.
ბევრი ადამიანი, რომელსაც აქვს სერიოზული დაავადება ან ტერმინალურ მდგომარეობაშია, იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელთანაც მას აქვს ხანგრძლივი, ნდობით აღსავსე დამოკიდებულება და ურთიერთობა. ამავე დროს, არის გამონაკლისებიც. მაგალითად, ზოგიერთი ექიმი შეიძლება წინააღმდეგი იყოს ტერმინალური სედაციის ან ოპიოიდების მაღალი დოზით გამოყენებისა ტკივილის სამკურნალოდ. ორივე ეს მეთოდი უფრო მშვიდს ხდის სიკვდილის პროცესს, მაგრამ, შესაძლოა, ოდნავ დააჩქაროს სიკვდილის დადგომა. თუ პაციენტი არჩევს ამგვარ თერაპიას, ხოლო მის ექიმს არ შეუძლია ამისი უზრუნველყოფა, პაციენტს შეუძლია სხვა ექიმი აირჩიოს სამედიცინო მომსახურებისთვის. ზოგჯერ ჰოსპისს აქვს ზემოთ მოხსენიებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, თუ მომაკვდავი პაციენტის მკურნალი ექიმი თანამშრომლობს ჰოსპისის გუნდთან.
სამედიცინო მომსახურების გამწევის არჩევა: სამედიცინო მომსახურების სისტემა მოიცავს ექიმებს, საავადმყოფოებს, მოხუცებულთა სახლებს და შინმოვლის სააგენტოებს მათი სამედიცინო დახმარების პროგრამებით. სისტემის შემადგენლები განსხვავდება ერთმანეთისგან მომსახურების ფასებით, ჯანმრთელობის დაზღვევის სქემით, ანაზღაურების, დაქვითვის, თანაგადახდის მოცულობით. პაციენტისთვის სასურველი და ხელმისაწვდომი მომსახურების მიმწოდებლის შერჩევა შესაძლებელია ექიმებისგან, ექთანებისგან, სხვა პაციენტებისა და მათი ოჯახების წევრებისგან, სოციალურ მუშაკებისგან ან დაწესებულებათა მმართველებისგან ქვემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხის მიღების გზით: