მომაკვდავმა ადმიანმა შეიძლება მოისურვოს, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანო სხვა ადამიანს გადაუნერგონ (ორგანოს დონაცია). ამ სურვილის შესასრულებლად გადაწყვეტილება, უმჯობესია, მიღებული იქნეს პაციენტის სიკვდილამდე, ოჯახთან შეთანხმებით.
ქრონიკული დაავადების მქონე მომაკვდავმა ადამიანმა შეიძლება რქოვანას, კანისა და ძვლის აღების ნება დართოს მისი სიკვდილის შემდეგ. მოულოდნელად გარდაცვლილი ადამიანისგან, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, შეიძლება თირკმლების, ღვიძლის, გულის, ფილტვების აღება სხვა ადამიანისთვის გადასანერგად, იმ პირობით, რომ ამ პირმა სიცოცხლეში მოაწერა ხელი სტანდარტულ ბარათს ორგანოს დონაციის შესახებ და აცნობა ამის თაობაზე თავის ექიმს და ოჯახს.
დონაციისგან თავის შეკავების შესაძლო მიზეზების შესახებ პოტენციურ დონორთან წინასწარ გასაუბრებაა საჭირო. სახელდობრ, მას უნდა განემარტოს, რომ ორგანოს დონაცია არ არის ხელშემშლელი გარემოება გვამის პანაშვიდზე დასვენებისთვის, ოჯახს არ მოუწევს რაიმე თანხის გადახდა დონაციის შემთხვევაში, აგრეთვე, რომ ორგანოს ამოღება არ შეიძლება მანამ, სანამ პაციენტი არ მოკვდება. ექიმი უნდა იცნობდეს ორგანოს დონაციისთვის საჭირო ორგანიზაციულ საკითხებს, განურჩევლად იმისა, პაციენტი კვდება შინ თუ სამედიცინო დაწესებულებაში.