მკურნალობის მოცულობა თუ ხარისხი: სიცოცხლის დასასრულს მკურნალობის მეთოდის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანი უნდა გაკეთდეს ორი საპირისპირო შესაძლებლობიდან ერთ-ერთის სასარგებლოდ, სახელდობრ: მომაკვდავი პაციენტისთვის ტანჯვის შემსუბუქება, მაგრამ, სავარაუდოდ, სიკვდილის დადგომის დაჩქარება ან აგრესიული თერაპიის გამოყენება, რაც აძლიერებს დისკომფორტს, სხვებზე დამოკიდებულებას და ოდნავ ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მაგალითად, ფილტვების ავადმყოფობის მძიმე ფორმით შეპყრობილი პაციენტი უფრო მეტხანს იცოცხლებს მექანიკური ვენტილაციის (აპარატი ხელოვნური სუნთქვისთვის) გამოყენებისას, მაგრამ ადამიანების უმრავლესობისთვის ხელოვნური სუნთქვა უაღრესად არასასიამოვნოა, მტანჯველია და ხშირად ინტენსიურ სედაციას მოითხოვს.
ზოგიერთი მომაკვდავი ადამიანი და მისი ოჯახის წევრები ცდილობენ სიცოცხლის გახანგრძლივებას მკურნალობის ნებისმიერი მეთოდის გამოყენებით, მაშინაც კი, როდესაც მხოლოდ ხანმოკლე გახანგრძლივებაზე მეტის იმედი უსაფუძვლოა. ამასთან, მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები ხშირად აუტანელს ხდის მომაკვდავი ადამიანის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს, აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ამიტომაც, სიცოცხლის დასასრულს მომვლელი პერსონალის ძალისხმევის მიზანი უნდა იყოს პაციენტისთვის ტანჯვის შემსუბუქება, მისი დამშვიდება, განვლილი ცხოვრებისთვის თვალის გადავლების შესაძლებლობის უზრუნველყოფა. მომაკვდავის მიერ და მის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია პაციენტის პიროვნული ფილოსოფიის, ფასეულობების, აღმსარებლობის გათვალისწინება.
ადამიანი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, კრიზისული სიტუაციის დადგომამდე ცდილობს განსაჯოს თავისი სურვილები სიცოცხლის დასასრულთან მიმართებაში. ასეთი ადრეული განსჯა მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოგვიანებით ავადმყოფობა ხშირად აღარ აძლევს პირს თავისი სურვილების გამოხატვის შესაძლებლობას. ოჯახის წევრები ხშირად თავს იკავებენ სიცოცხლის გამახანგრძლივებელი მკურნალობის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისგან, თუ არ არსებობს პაციენტის მიერ წინასწარ ერთმნიშვნელოვნად გამოხატული სურვილი ამის შესახებ. ეს პროცესი მოიხსენიება ხოლმე წინასწარ განსაზღვრულ მკურნალობის გეგმად და ის სამართლებრივი ძალის მქონე წინასწარ გაცხადებული ნების წინა პირობაა. წინასწარ გაცხადებული ნება წერილობით უნდა იყოს გაფორმებული და უნდა ეთანადებოდეს კანონის მოთხოვნებს. ამავე დროს, პაციენტს, მისი ოჯახის წევრებს და სამედიცინო პერსონალს შორის საუბრისას ყალიბდება გეგმა მკურნალობის საუკეთესო მეთოდის შესახებ, რაც, ჩვეულებრივ, საკმარისია სახელმძღვანელოდ გადაწყვეტილების მიღებისას მოგვიანებით, როდესაც მომაკვდავ პაციენტს თავად აღარ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი.
ხელოვნური კვება: საკვებისა და წყლის მიწოდება მილებით (ხელოვნური კვება და ჰიდრატაცია) პაციენტის თვითგრძნობას არ აუმჯობესებს, სიცოცხლეს არ ახანგრძლივებს, თუმცა ზოგიერთისთვის სარგებლობის მომტანია. მათ განხორციელებაზე შეიძლება უარი ითქვას წინასწარ გაცხადებულ ნებაში ან გადაწყვეტილებით, რომელიც ხელოვნური კვების გამოყენების შესახებ საკითხის განხილვისას მიიღება.
რეანიმაცია: გარდაცვლილი პირისთვის სიცოცხლის დაბრუნების მცდელობა (რეანიმაცია) გულისხმობს ღონისძიებათა კომპლექსს, სახელდობრ: გულმკერდის მასაჟს, ხელოვნურ სუნთქვას, წამლებს და, გულის გაჩერებისას, ელექტრულ შოკს. მოხსენიებული კომპლექსი სტანდარტად არის მიჩნეული და ტარდება საავადმყოფოში, თუკი წინასწარ სხვა რამ არ არის გადაწყვეტილი (ე.წ. არ ჩამიტარო რეანიმაცია). რეანიმაციის ღონისძიებები შეიძლება აიკრძალოს წინასწარ შემუშავებული მკურნალობის გეგმით ან სათანადოდ გაფორმებული წინასწარ გაცხადებული ნებით, ან შეთანხმებით პაციენტს (თუ პაციენტს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი, მის კანონიერ წარმომადგენელს) და ექიმს შორის. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ექიმი სათანადო ჩანაწერს აკეთებს პაციენტის სამედიცინო ბარათში.
გულის გაჩერება უკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიის ფინალური მომენტია. ასეთი სიტუაციისას რეანიმაცია, უკეთეს შემთხვევაში, აბრუნებს პაციენტს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ის გულის გაჩერებამდე იყო, ამიტომაც უსარგებლოა. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ პაციენტების უმრავლესობა რეანიმაციულ ღონისძიებებზე არ რეაგირებს, ხოლო იმათ, ვინც რეაგირებს, ცნობიერებაც არ აღუდგებათ ხოლმე სრულად, მათთვის სიკვდილი მცირე ხნის შემდეგ მაინც გარდაუვალია.
სიცოცხლის დასასრულს რეანიმაციულ ღონისძიებებზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას აზრი აქვს ადამიანების უმრავლესობისთვის. ეს გადაწყვეტილება ოჯახს არ უნდა აწვებოდეს მძიმე ტვირთად.
ადგილის შერჩევა: ზოგჯერ მომაკვდავ ადამიანს და მისი ოჯახის წევრებს ურჩევნიათ სიცოცხლის უკანასკნელი დღეების შინ გატარება, კარგად ნაცნობ, ჩვეულ გარემოში და არა საავადმყოფოში. იმ შემთხვევაში, როცა მომაკვდავი ადამიანი ბინაზე რჩება, მომვლელები უნდა გაფრთხილდნენ, რომ არ გამოიძახონ გადაუდებელი დახმარების ბრიგადა, თუ სიმპტომები სიკვდილის მოახლოებას მოასწავებს. თუ პაციენტი საავადმყოფოშია, პერსონალი შეიძლება დაეხმაროს ოჯახის წევრებს პაციენტის შინ გადაყვანაში საჭირო მკურნალობის ყველა საშუალების, მათ შორის მედიკამენტებით თერაპიის, ფუნქციური საწოლის გამოყენების უზრუნველყოფით. თუ საავადმყოფოს ეძლევა უპირატესობა ან საავადმყოფოში ყოფნა გარდაუვალია, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამკურნალო ჩარევებზე უარის თქმის შესახებ პირის გადაწყვეტილება სათანადოდ იქნეს დოკუმენტირებული.