სიკვდილისთვის მომზადება ნიშნავს ყოველგვარი ცხოვრებისეული საქმიანობის დასრულებას, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან საქმეების მოწესრიგებას, გარდაუვალობასთან შეგუებას. სულიერი საკითხები მნიშვნელოვანია ბევრი მომაკვდავისა და მათი ოჯახების წევრებისთვის. ზოგიერთ ჰოსპისსა და საავადმყოფოში მზრუნველი გუნდის წევრები არიან ღვთისმსახურები. სხვა შემთხვევაში, პროფესიონალ მომვლელებსაც შეუძლიათ აგრძნობინონ ადამიანებს და მათი ოჯახების წევრებს სულიერი თანადგომა.
სიკვდილის მოახლოება წამოჭრის ხოლმე კითხვებს ცხოვრების საზრისის, ტანჯვისა და სიკვდილის მიზეზების შესახებ. ამ ფუნდამენტურ კითხვებზე მარტივი პასუხი არ არსებობს. პასუხის ძიებაში მძიმე ავადმყოფებს და მათი ოჯახის წევრებს შეუძლიათ მიმართონ თვითანალიზს, რელიგიას, მრჩევლებს, მეგობრებს, ისაუბრონ, მონაწილეობა მიიღონ რელიგიურ ან საოჯახო რიტუალებში, ან ჩაერთონ გარკვეულ საქმიანობებში. სასოწარკვეთილების საუკეთესო წამალია იმისი შეგრძნება, რომ ადამიანს გვერდით ჰყავს თანამდგომი, მისი გაჭირვების გამზიარებელი. ავადმყოფობის დიაგნოზთან თუ მკურნალობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა არ უნდა დააკნინოს ცხოვრებისეული გამოცდილების, ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობა.
მწუხარება ნორმალური პროცესია, რომელიც იწყება მოსალოდნელ სიკვდილამდე. ელიზაბეთ კიუბლერ-როსის (Elisabeth Kxbler-Ross), სიკვდილსა და კვდომასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის პიონერის აზრით, მომაკვდავი ადამიანები ხშირად ხუთ ემოციურ საფეხურს გაივლიან ხოლმე, სახელდობრ: უარყოფა, გულისწყრომა, შეგუება, დეპრესია, აღიარება. უარყოფის სტადიაზე ადამიანს შეუძლია იმოქმედოს, ილაპარაკოს ან იფიქროს ისე, ვითომ ის არ არის მომაკვდავი. უარყოფა, ჩვეულებრივ, დროებითი რეაქციაა მოვლენათა მსვლელობაზე კონტროლის დაკარგვის, საყვარელ ადამიანთან განშორების, გაურკვეველი მომავლისა და ტანჯვის შიშზე. საუბარი ექიმთან და ჯანდაცვის სხვა პროფესიონალებთან შეიძლება დაეხმაროს მომაკვდავ ადამიანს იმაში დარწმუნებაში, რომ მას შეუძლია დარჩეს კონტროლის შესაძლებლობა, იყოს იმედიანად და მშვიდად. გულისწყრომა შეიძლება გამოიხატოს როგორც პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ: "რატომ მაინდამაინც მე?" შეგუება შეიძლება იყოს სიკვდილის შესახებ განსჯის, დროის მოგების სურვილის ნიშანი. როდესაც მომაკვდავი ადამიანი გაიცნობიერებს, რომ შეგუება და სხვა სტრატეგიები უეფექტოა, შეიძლება დაიწყოს დეპრესია. აღიარება, ხშირად განხილული როგორც გარდაუვალობის წინაშე აღმოჩენა, შეიძლება აღმოცენდეს ოჯახთან, მეგობრებთან, მზრუნველებთან განსჯის შემდეგ. მოვლენათა ჩამოთვლილი მიმდევრობის გარდა, კვდომის პროცესში ადამიანების ემოციური სტატუსი განსხვავებულია და ზემოხსენებული მიმდევრობაც შესაძლოა, განსხვავებული იქნეს.
სიკვდილისთვის მზადება განცდების ტალღისებური ცვალებადობით თანხლებული მძიმე პროცესია. იმავდროულად, ადამიანების უმრავლესობისთვის, ეს ახლის შეცნობის დროა. წარსულში განცდილი ტკივილების მიტევებით, ერთმანეთთან შეხმატკბილებული ურთიერთობით მომაკვდავი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ხშირად აღწევენ შინაგან სიმშვიდეს.