ღვიძლის დაავადება შეიძლება გამოვლინდეს: სიყვითლით (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა), ქოლესტაზით (ნაღვლის დინების შემცირება ან შეწყვეტა), ღვიძლის გადიდებით, პორტული ჰიპერტენზიით (პათოლოგიურად მაღალი წნევა იმ ვენებში, რომლებსაც სისხლი ნაწლავიდან ღვიძლში მიაქვს), ასციტით (მუცლის ღრუში სითხის დაგროვება), ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიით (ტვინის ფუნქციების გაუარესება ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების გამო, რომელთა გაუვნებელყოფა, ჩვეულებრივ, ღვიძლში ხდება) და ღვიძლის უკმარისობით.
ზოგჯერ ღვიძლის დაავადების გამოვლინებები არ არის თვალნათელი. მაგალითად, სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, უმადობა და წონაში კლება. ეს სიმპტომები ბევრი სხვა დაავადებისთვისაც არის დამახასიათებელი. ამიტომაც, შესაძლოა, რომ ღვიძლის დაავადება ვერ იქნეს ამოცნობილი, განსაკუთრებით, საწყის სტადიაში.