სიკვდილის ფაქტი ოფიციალურად და დროულად უნდა იქნეს კონსტატირებული სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის (ექიმი ან ექთანი) მიერ, მიზეზებსა და გარემოებებზე მითითებით. ამ მოთხოვნის აღსრულება აშშ-ის სხვადასხვა ნაწილში მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ოჯახმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს, რა არის მოსალოდნელი და მოსაგვარებელი; თუ პირი ჰოსპისში იმყოფება, ჰოსპისის პერსონალი პაციენტს გააცნობს სათანადო რეგულაციებს; თუ პოლიცია ან სხვა უწყების ოფიციალური პირები არის გამოსაძახებელი, ოჯახმა ეს უნდა იცოდეს და მათ დროულად შეატყობინოს, რომ პირი სახლში კვდება. ჰოსპისისა და შინმოვლის პროგრამებში ხშირად ასახულია ოფიციალური შეტყობინების ზოგადი წესები, რომელთა დაცვაც თავიდან აცილებს ოჯახს უსიამოვნო მოულოდნელობებს. თუ პროცესში არ არის ჩართული ჰოსპისი ან შინმოვლის სააგენტო, ოჯახი უნდა დაუკავშირდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტს ან დამკრძალავი სახლის ხელმძღვანელს, უმჯობესია სიკვდილამდე, იმის გასაგებად, თუ რა არის მოსალოდნელი. გარდაცვალების სერტიფიკატი აუცილებელია სადაზღვევო მოთხოვნისთვის, ფინანსურ ანგარიშებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, გარდაცვლილის კუთვნილ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული და სხვა ქონებრივი საკითხების მოსაგვარებლად. ყოველივე ზემოხსენებულისთვის ოჯახს სჭირდება საბუთების საკმარისად დიდი რაოდენობა.
ოჯახს შეიძლება არ სიამოვნებდეს თხოვნა ან სანქციის მიცემა გვამის გაკვეთაზე (ავტოფსია). მართალია, გარდაცვლილს ვერაფერში წაადგება, მაგრამ ავტოფსია სასარგებლოა სიკვდილის გამომწვევი დაავადების შესახებ ცოდნის გასაღრმავებლად, ოჯახის წევრებს ეხმარება გაურკვევლობის დაძლევაში იმის თაობაზე, თუ რამ განაპირობა სიკვდილი. ავტოფსიის შემდეგ სხეული მოწესრიგდება და მომზადდება საპანაშვიდო რიტუალისთვის, დაკრძალვის ან კრემაციისთვის. ავტოფსიის დროს წარმოებული განაკვეთების კვალი ტანსაცმლით იფარება.
დაკრძალვის საკითხების წინასწარ მოგვარება, სათანადო მომსახურებისთვის წინასწარი გადახდა შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ოჯახისთვის, თუ ცნობილია თავად გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გამოთქმული სურვილები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოეპყრან მის სხეულს. არჩევანი შეიძლება მერყეობდეს დაკრძალვას, კრემაციას ან სამეცნიერო კვლევისთვის გვამის გადაცემას შორის. ბევრ ოჯახს აქვს დაკრძალვისას ან საყვარელი ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად სამგლოვიარო შეკრების ორგანიზების სურვილი. ზოგიერთი ირჩევს სამგლოვიარო რიტუალის ჩატარებას მალევე პირის გარდაცვალების შემდეგ, ზოგი კი – რამდენიმე კვირის ან რამდენიმე თვის შემდეგაც კი.
საყვარელი ადამიანის სიკვდილის შემდეგ ცხოვრების სირთულე დამოკიდებულია გარდაცვლილთან ურთიერთობის ბუნებაზე, გარდაცვლილის ასაკზე, მისი სიკვდილით შეპირობებულ განცდებზე, არსებულ ემოციურ მდგომარეობაზე, ფინანსურ რესურსებზე. გარდა ამისა, ოჯახს ხშირად სჭირდება იმისი დაჯერება, რომ პირნათლად მოიხადა ვალი გარდაცვლილის წინაშე. სიკვდილიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ექიმთან საუბარი ეხმარება ოჯახის წევრებს შემაწუხებელ კითხვებზე პასუხის მიღებაში. ოჯახის ახლობელი წევრის დაკარგვით ადამიანების უმრავლესობა განიცდის გულისტკივილს, რასაც შეიძლება თან ახლდეს სიკვდილის ფაქტის მიუღებლობა, მომხდარის გამო გულისწყრომა, დეპრესია, სიმარტოვის გრძნობა, დეზორიენტაცია, მონატრება. სევდას დრო გააქარვებს, მაგრამ დანაკარგის გრძნობა არ ქრება. ადამიანები ვერ ძლევენ ხოლმე სიკვდილით გამოწვეულ განცდებს, ამ განცდებით აგრძელებენ ცხოვრებას.