პლაცებო წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც მიმსგავსებულია წამალს, მაგრამ არ შეიცავს რაიმე აქტიურ წამალს.
პლაცებო შესახედავად ნამდვილი წამლის იდენტურია, მაგრამ შექმნილია არააქტიური ნივთიერებისაგან, როგორიცაა სახამებელი ან შაქარი. ამჟამად პლაცებო მხოლოდ კვლევის ფარგლებში გამოიყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ის არ შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, პლაცებოს მიღების შედეგად ზოგიერთი ადამიანი თავს უკეთესად გრძნობს, ზოგიერთს კი არასასურველი ზემოქმედება აღენიშნება. ამ ფენომენს, რომელსაც პლაცებოს ეფექტს უწოდებენ, სავარაუდოდ, ორი მიზეზი აქვს. ერთი მიზეზია მოვლენათა თანხვედრა. მრავალი დაავადება და სიმპტომი ჩნდება და გაივლის მკურნალობის გარეშე და პირის თვითშეგრძნების გაუმჯობესება ან გაუარესება შეიძლება დაემთხვეს პლაცებოს მიღებას. როცა ასეთი ცვლილება ხდება, დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეიძლება პლაცებოს მიეწეროს. მეორე მიზეზია მოლოდინი, წინასწარგანწყობა (ზოგჯერ მას შთაგონებას უწოდებენ). იმის მოლოდინი, რომ წამალი შედეგს გამოიღებს, ხშირად აუმჯობესებს ადამიანების თვითშეგრძნებას. პლაცებოს ეფექტი უმეტესად სიმპტომებზე ვლინდება, ვიდრე დაავადებებზე.
მაგალითად, პლაცებო ვერასოდეს შეახორცებს მოტეხილ ძვალს უფრო სწრაფად, მაგრამ მას შეუძლია შეამციროს ტკივილის შეგრძნება. ზოგიერთი ადამიანი, სხვებთან შედარებით უფრო მეტად არის განწყობილი პლაცებო ეფექტისადმი. ადამიანებს, რომლებიც დადებითად არიან განწყობილნი წამლების, ექიმების, ექთანების და საავადმყოფოების მიმართ, უფრო კარგი რეაქცია ექნებათ პლაცებოს მიმართ, ვიდრე იმ ადამიანებს, რომელთაც უარყოფითი შეხედულება აქვთ.
როდესაც ახალი წამალი იქმნება, მეცნიერები ატარებენ კვლევებს, რომლის ფარგლებშიც ახალი წამლის ეფექტს ადარებენ პლაცებოს მოქმედებას, რადგან ნებისმიერ წამალს შეიძლება ჰქონდეს პლაცებოს ეფექტი, რაც უშუალოდ მის მოქმედებასთან არ არის დაკავშირებული. აუცილებელია წამლის ეფექტის გამიჯვნა პლაცებოს ეფექტისაგან. ჩვეულებრივ, კვლევაში მონაწილე პირების ერთ ნახევარს აძლევენ საკვლევ წამალს, ხოლო მეორე ნახევარს იმავე შესახედაობის მქონე პლაცებოს. სასურველია, რომ არც კვლევაში მონაწილე პირებმა და არც მკვლევრებმა იცოდნენ, მონაწილეთაგან ვინ იღებს წამალს და ვინ პლაცებოს (ასეთ კვლევას უწოდებენ ორმაგ ბრმა კვლევას).
კვლევის დასრულების შემდეგ ახალი წამლით ნამკურნალები პირების ორგანიზმში გამოვლენილ ცვლილებებს ადარებენ იმ პირებში გამოვლენილ ცვლილებებს, რომლებიც პლაცებოს იღებდნენ. ახალი წამლის დასანერგად რეკომენდებისათვის აუცილებელია, რომ ის გაცილებით უკეთეს შედეგს იძლეოდეს პლაცებოსთან შედარებით. ზოგიერთ კვლევაში პლაცებოთი ნამკურნალებ მონაწილეთა 50%-ის მდგომარეობა უმჯობესდება (პლაცებოს ეფექტის შედეგად), რაც ართულებს ახალი წამლის ეფექტურობის შეფასებას.