ტოლერანტობა არის ადამიანის ორგანიზმის დაქვეითებული პასუხი წამლის მიღებაზე, რომელიც ვითარდება წამლის განმეორებითი გამოყენებისას, როცა ორგანიზმი ეგუება წამლის ორგანიზმში არსებობას. რეზისტენტობა გულისხმობს მიკროორგანიზმებისა და სიმსივნური უჯრედების მედეგობას წამლების მიმართ, რომლებიც ადრე ეფექტური იყო მათ წინააღმდეგ გამოყენებისას.
ტოლერანტობა: ადამიანს ტოლერანტობა შეიძლება განუვითარდეს იმ პრეპარატისადმი, რომელიც განმეორებით, ხშირად გამოიყენება. მაგალითად, როდესაც მორფინი ან ალკოჰოლი დიდი ხნის განმავლობაში იხმარება, იმავე ეფექტის მისაღებად საჭიროა უფრო და უფრო მაღალი დოზების გამოყენება. ჩვეულებრივ, ტოლერანტობა ვითარდება წამლის გადამუშავების აჩქარების გამო (ხშირად იმიტომ, რომ წამლების გარდაქმნაში მონაწილე ღვიძლის ფერმენტები უფრო აქტიური ხდება) და აგრეთვე იმიტომ, რომ იმ ადგილების რაოდენობა (უჯრედული რეცეპტორები), რომელსაც წამალი უკავშირდება, მცირდება ან მცირდება რეცეპტორსა და წამალს შორის არსებული კავშირის სიძლიერე (აფინურობა).
ტოლერანტობა არ არის დამოკიდებულება ან ნარკომანია. დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური, გულისხმობს წამლის მიერ გამოწვეული ეფექტების განცდის ძლიერ სურვილს. ფიზიკური დამოკიდებულების დროს, როცა წამლის მიღება შეწყდება, ადამიანს შესაძლოა აღკვეთის ფენომენი განუვითარდეს. ნარკომანია არის წამლის იძულებითი გამოყენება და წამალთან დაუძლეველი კავშირის ქონა.
რეზისტენტობა: როდესაც მიკროორგანიზმებზე (ბაქტერიებზე ან ვირუსებზე) ჩვეულებრივ მოქმედი ანტიბიოტიკები ან ანტივირუსული პრეპარატები მათ ვეღარ კლავენ ან ვეღარ აინჰიბირებენ (ან როცა ეფექტის მისაღწევად საჭიროა წამლის ნორმაზე გაცილებით მაღალი დოზების გამოყენება), ამბობენ, რომ ამ მიკროორგანიზმებს განუვითარდათ რეზისტენტობა. მსგავსი რეზისტენტობა შეიძლება განუვითარდეთ სიმსივნურ უჯრედებს ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ.
რეზისტენტობა შეიძლება განვითარდეს მზარდი უჯრედების ნებისმიერ ჯგუფში სპონტანურად აღმოცენებული მუტაციების შედეგად, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ეს უჯრედი წამალთან შეხებაში. ასეთი მუტაციების უმეტესობა დამაზიანებლად მოქმედებს უჯრედის სტრუქტურაზე ან ბიოქიმიურ პროცესებზე. ამასთან, ზოგიერთი მუტაცია მოქმედებს უჯრედის იმ ნაწილებზე, რომელზეც ზეგავლენას ახდენს წამალი, რაც ამცირებს წამლის მოქმედებას (ვითარდება რეზისტენტობა). იმის გამო, რომ ასეთი მუტაციები ძალიან იშვიათია, მოცემულ ჯგუფში ძალიან ცოტაა რეზისტენტული უჯრედი. თუმცა, თუ წამალმა დახოცა ყველა ნორმალური უჯრედი ან მათი უმეტესობა, გადარჩენილი უჯრედების უფრო დიდი ნაწილი იქნება რეზისტენტული. თუ გადარჩენილი უჯრედების რეზისტენტული ფორმები არ დაიხოცა სხეულის ბუნებრივი დაცვის მექანიზმების გავლენით, რაც სავარაუდოა იმ შემთხვევაში, როცა წამალი ადრე მოიხსნა, ან არ იქნა შესაბამისი წესების დაცვით მიღებული, ისინი შეიძლება გამრავლდნენ და გადასცენ რეზისტენტობა თავის შთამომავლობას.
რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად, ექიმები ანტიბიოტიკებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში იყენებენ (არ შეიძლება მათი გამოყენება ვირუსული ინფექციების, მაგალითად, გაცივების დროს) და მოითხოვენ, რომ პაციენტებმა ანტიბიოტიკებით მკურნალობის სრული კურსი ჩაიტარონ. ზოგიერთი სერიოზული ინფექციის მკურნალობისას, როგორიც არის შიდსი, ექიმები რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად იყენებენ, რადგანაც ნაკლებსავარაუდოა, რომ უჯრედი ერთდროულად ორი პრეპარატის მიმართ იქნება რეზისტენტული. თუმცა, მცირე დროის განმავლობაში ერთი წამლის მიცემამ, რომელსაც შემდეგ სხვა წამლით ჩაანაცვლებენ, შეიძლება გამოიწვიოს რეზისტენტობა მრავალი წამლის მიმართ. კერძოდ, ასეთი პრობლემა აღმოცენდა ტუბერკულოზის მკურნალობასთან დაკავშირებით.
თუ წამლის მიმართ ტოლერანტობა ან რეზისტენტობა განვითარდა, ექიმები ზრდიან წამლის დოზას ან იყენებენ სხვა წამალს.