ანამნეზის და ფიზიკური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე ექიმს, ჩვეულებრივ, შეუძლია განსაზღვროს, აქვს თუ არა ადამიანს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადება. ამის შემდეგ ექიმმა უნდა შეარჩიოს პროცედურები დიაგნოზის დასაზუსტებლად, დაავადების სიმძიმისა და სტადიის დასადგენად, მკურნალობის დასაგეგმავად.
ექიმი ინფორმაციას სიმპტომების შესახებ პაციენტის გამოკითხვის მეშვეობით იღებს (ანამნეზი). ექიმი სვამს კონკრეტულ კითხვებს დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად. მაგალითად, მუცლის ტკივილის მქონე პაციენტთან საუბრისას ექიმმა შეიძლება იკითხოს "როგორია ტკივილი?". ამ შეკითხვას შეიძლება თან მოაყოლოს ისეთი კითხვები, როგორიცაა: "უმჯობესდება თუ არა ტკივილი ჭამის შემდეგ?" ან "ძლიერდება თუ არა ტკივილი წინ გადახრისას?".
ფიზიკური გასინჯვისას ექიმი ყურადღებას აქცევს ადამიანის წონას, შესახედაობას, რაც შეიძლება კუჭ-ნაწლავის დაავადებების არსებობაზე მიუთითებდეს. გარდა ამისა, ექიმი მთელ სხეულს გაუსინჯავს ხოლმე პაციენტს, ყურადღების განსაკუთრებული გამახვილებით მუცელზე, ანუსსა და სწორ ნაწლავზე.
თავდაპირველად ექიმი ათვალიერებს მუცელს ყოველი მხრიდან, ეძებს მუცლის წინა კედლის გამობერვას, რაც შეიძლება ორგანოს პათოლოგიური ზრდის ან დილატაციის შედეგი იყოს. ექიმი სტეტოსკოპს ათავსებს მუცელზე, ისმენს ხმიანობას, რომელიც ნაწლავებში საკვების გადაადგილებას ახლავს, აფიქსირებს პათოლოგიურ ხმიანობასაც. მუცლის წინა კედლის ხელით გასინჯვისას ექიმი ყურადღებას აქცევს მისი დაჭიმულობის ხარისხს, მუცლის ღრუში პათოლოგიური სიმსივნური წარმონაქმნების ან გადიდებული ორგანოების არსებობას. მუცლის წინა კედელზე ხელით ნაზი ზეწოლისას ტკივილის აღმოცენება, ზეწოლის უეცრად შეწყვეტის შემდეგ კი ტკივილის გაძლიერება მუცლის ღრუს ამომფენი გარსის ანთების, ზოგჯერ კი მისი დაინფიცირების (პერიტონიტის) მაჩვენებელია.
ანუსი და სწორი ნაწლავი ისინჯება ხელთათმნიანი თითით, განავლის მცირე ნიმუშის ანალიზი ტარდება ფარული (ოკულტური) სისხლდენის გამოსავლენად. ქალის გინეკოლოგიური გასინჯვა ხშირად ეხმარება ექიმს კუჭ-ნაწლავის პრობლემების გინეკოლოგიური პრობლემებისგან განსასხვავებლად.
საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ტვინს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირია. ამიტომაც, ზოგჯერ, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზის გასარკვევად ფსიქოლოგიური შეფასებაა საჭირო. ასეთ შემთხვევებში, ექიმები არ თვლიან, რომ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოსახვითი ან გამოგონილია. ეს პრობლემები შეიძლება იყოს მღელვარების, დეპრესიის ან სხვა განკურნებადი ფსიქიკური აშლილობის შედეგი. მოხსენიებული ეხება კუჭ-ნაწლავის დაავადებების სიმპტომების მქონე ადამიანების 50%-ს. 1111
ავადმყოფობის განვითარების ისტორიის მონაცემების, ფიზიკური გასინჯვის და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური შეფასების შედეგების გათვალისწინებით ექიმი განსაზღვრავს, რა გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს. საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევისთვის გამოიყენება ენდოსკოპი (დრეკადი ზონდი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება შინაგანი ორგანოების დათვალიერება, ქსოვილის ნიმუშების აღება), რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი კვლევა, რადიოაქტიური ნივთიერებების (ზედმიწევნით მცირე რაოდენობა) გამოყენება, კაფსულარული ენდოსკოპია და ქიმიური გამოკვლევები. ჩამოთვლილთაგან ზოგიერთის ჩასატარებლად საჭიროა კუჭ-ნაწლავის სისტემის დაცლა განავლისგან, სხვებისთვის – 8-12-საათიანი შიმშილი, ზოგს კი არავითარი მომზადება არ სჭირდება.
სადიაგნოზო კვლევები შეიძლება იყოს ძალიან ზუსტი, ზოგჯერ – ძალიან ძვირი, იშვიათ შემთხვევებში – სისხლდენის ან ტრავმის განმაპირობებელი.
ენდოსკოპია არის შინაგანი სტრუქტურების – ორგანოებისა და ქსოვილების – დათვალიერება სპეციალური დრეკადი ზონდის (ენდოსკოპი) მეშვეობით. პირიდან ენდოსკოპის შეყვანისას შესაძლებელია საყლაპავის (ეზოფაგოსკოპია), კუჭის (გასტროსკოპია) და წვრილი ნაწლავის მცირე ნაწილის დათვალიერება (ზედა გასტროინტესტინალური ენდოსკოპია). ანუსიდან შეყვანილი ენდოსკოპით შეიძლება სწორი ნაწლავის დათვალიერება (ანოსკოპია), მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის, სწორი ნაწლავის და ანუსის დათვალიერება (სიგმოიდოსკოპია), აგრეთვე, მთლიანად მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის და ანუსის დათვალიერება (კოლონოსკოპია). ჩამოთვლილი პროცედურების ჩატარებამდე, ანოსკოპიისა და სიგმოიდოსკოპიის გარდა, პაციენტს ინტრავენურად უკეთებენ წამლებს დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად.
ენდოსკოპების დიამეტრი მერყეობს დაახლოებით 0.5 სანტიმეტრზე ოდნავ მეტიდან 1.5 სანტიმეტრამდე, სიგრძე – დაახლოებით 30.5 სმ-იდან თითქმის 2 მეტრამდე. ენდოსკოპის შერჩევა იმაზეა დამოკიდებული, კუჭ-ნაწლავის რომელი ნაწილის გამოკვლევაა განზრახული. ენდოსკოპი დრეკადია, აქვს სინათლის წყარო, აგრეთვე, პატარა კამერა, რაც ექიმს საშუალებას აძლევს კარგად დაათვალიეროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ენდოსკოპიისას შესაძლებელია გაღიზიანების, წყლულის, ანთების და პათოლოგიური ქსოვილის ზრდის დაფიქსირება.
ბევრი ენდოსკოპი აღჭურვილია პატარა მაკრატლით, რომლითაც შეიძლება ქსოვილის ნიმუშების აღება (ენდოსკოპიური ბიოფსია). ამ ნიმუშებს შემდეგ იკვლევენ ანთების, ინფექციის ან სიმსივნის არსებობის დასადგენად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლების ამომფენ გარსს და შიდა შრეებს ნერვები არ აქვს (ანუსის ქვედა ნაწილის გარდა), ამიტომაც ზემოთ მოხსენიებული პროცედურა უმტკივნეულოა.
ენდოსკოპები მკურნალობისთვისაც გამოიყენება. ექიმს შეუძლია ამა თუ იმ ინსტრუმენტის დანიშნულების ადგილამდე გადაადგილება ენდოსკოპის წვრილი არხის მეშვეობით. ენდოსკოპის წვერზე მოთავსებული ელექტროზონდის გამოყენება შეიძლება პათოლოგიური ქსოვილის გასანადგურებლად, მცირე ზომის წანაზარდების მოსაცილებლად ან სისხლძარღვის დასახშობად, ნემსისა – საყლაპავის გაფართოებულ ვენებში წამლის შესაყვანად სისხლდენის შესაჩერებლად. ენდოსკოპის ბოლოში მოთავსებული ლაზერითაც არის შესაძლებელი პათოლოგიური ქსოვილის განადგურება.
ზონდის გადაყლაპვამდე რამდენიმე საათის განმავლობაში პაციენტმა საკვები არ უნდა მიიღოს. კუჭში საკვების არსებობამ ექიმს შეიძლება ხელი შეუშალოს სასურველი ადგილის დათვალიერებაში ან პროცედურის ჩატარებისას ღებინება გამოიწვიოს. ენდოსკოპის სწორ და მსხვილ ნაწლავში შეყვანამდე პაციენტმა უნდა მიიღოს საფაღარათო საშუალებები, ზოგჯერ ოყნის გაკეთებაა საჭირო ნაწლავების განავლისგან გასასუფთავებლად. გარდა ამისა, რამდენიმე საათის განმავლობაში საკვების მიღებისგანაც უნდა შეიკავოს თავი, რადგანაც ამან შეიძლება ღებინება გამოიწვიოს, შეამციროს საფაღარათოების და ოყნების ეფექტურობა.
ენდოსკოპიას იშვიათად მოჰყვება გართულებები. მიუხედავად იმისა, რომ ენდოსკოპიის დროს შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის რომელიმე ნაწილის დაზიანება და გახვრეტაც კი, ჩვეულებრივ, ის მხოლოდ ლორწოვანის გაღიზიანებას და უმნიშვნელო სისხლდენას იწვევს.
კაფსულური ენდოსკოპია არის პროცედურა, რომლის დროსაც ადამიანი ყლაპავს კაფსულს ბატარეით. კაფსული შედგება ერთი ან ორი პატარა კამერისგან, სინათლის წყაროსა და გადამცემისგან. ნაწლავების ლორწოვანის გამოსახულებები გადაეცემა მიმღებს, რომელიც პაციენტს ან ქამარზე აქვს დამაგრებული, ან ნაჭრის ჯიბეში აქვს მოთავსებული. შესაძლებელია ათასობით სურათის გადაღება. ეს ტექნოლოგია განსაკუთრებით სასარგებლოა წვრილი ნაწლავის შიდა ზედაპირზე ლოკალიზებული დაზიანებების აღმოსაჩენად; ეს უკანასკნელნი ენდოსკოპიით ძნელად შესამჩნევია.
ლაპაროსკოპია არის მუცლის ღრუს დათვალიერება ენდოსკოპით. ზოგადი ანესთეზიის ფონზე, კანი ანტისეპტიკური საშუალებით გულდასმით იწმინდება და პატარა განაკვეთი კეთდება, უფრო ხშირად ჭიპის არეში. ამის შემდეგ ენდოსკოპი შეჰყავთ მუცლის ღრუში. შესაძლებელია სიმსივნის ან რომელიმე სხვა პათოლოგიური პროცესის აღმოჩენა. ლაპაროსკოპია, არსებითად, მუცლის ღრუს ყველა ორგანოს დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ხერხდება ქსოვილის ნიმუშის აღება და ქირურგიული ჩარევაც კი. მოსალოდნელი გართულებებია სისხლდენა, ინფექციის შეტანა და პერფორაცია.
კუჭ-ნაწლავის პრობლემების შესაფასებლად რენტგენი ხშირად გამოიყენება. სტანდარტული რენტგენოლოგიური გამოკვლევა განსაკუთრებულ მომზადებას არ საჭიროებს, შესაძლოა გამოავლინოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქცია ან დამბლა, ან ჰაერის პათოლოგიური დაგროვება მუცლის ღრუში. სტანდარტული რენტგენოლოგიური გამოკვლევისას შეიძლება გამოჩნდეს ღვიძლი, თირკმლები და ელენთა.
ბარიუმის გამოყენებით გამოკვლევა უფრო მეტ ინფორმაციას იძლევა. პაციენტს აძლევენ ან ბარიუმის არომატულ ხსნარს დასალევად, ან ბარიუმით დაფარულ საკვებს. ბარიუმი თეთრად ჩანს რენტგენის აპარატის ეკრანზე, რაც შესაძლებელს ხდის საყლაპავის, კუჭის და წვრილი ნაწლავის კონტურებზე დაკვირვებას და ლორწოვანი გარსის დათვალიერებას. ბარიუმი გროვდება ამა თუ იმ დაავადების გამო შეცვლილ უბნებში და თვალსაჩინოს ხდის წყლულებს, სიმსივნეებს, ობსტრუქციას, ეროზიებს, გაგანიერებულ საყლაპავის ვენებს.
რენტგენის სურათის გადაღება შეიძლება ინტერვალებით, ბარიუმის გადაადგილების შესაბამისად. ბარიუმის გადაადგილებაზე უწყვეტი რენტგენოლოგიური დაკვირვება (ფლუოროსკოპია) საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოების ფუნქციონირების, საკვების გადაადგილების გზაზე არსებული დაბრკოლებების შეფასების კარგი საშუალებაა. ექიმს შეუძლია ამ უწყვეტი პროცესის გადაღება და შემდეგ გულდასმით მიმოხილვა.
მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილის კონტურების დასათვალიერებლად ბარიუმის შეყვანა შეიძლება ოყნის მეშვეობით. რენტგენის სურათზე თალსაჩინო ხდება პოლიპის, სიმსივნის ან სხვა სტრუქტურული ცვლილებების არსებობა. ეს პროცედურა ზოგჯერ მუცელში მოვლითი ხასიათის ტკივილს იწვევს, რაც მსუბუქი ან საშუალო ინტენსიურობის დისკომფორტის მიზეზი ხდება.
დალეული ან ოყნით შეყვანილი ბარიუმი განავალთან ერთად გამოიყოფა და მას ცარცის ფერს სძენს. ბარიუმმა შეიძლება ყაბზობა გამოიწვიოს. ამიტომაც, ბარიუმის გამოყოფის დასაჩქარებლად, ექიმმა პაციენტს შეიძლება ურჩიოს მსუბუქი საფაღარათო საშუალების მიღება.
ულტრაბგერითი სკანირებისას შინაგანი ორგანოების გამოსახულების მისაღებად გამოიყენება ბგერითი ტალღები. ეს მეთოდი ორგანოების ზომისა და ფორმის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის ღვიძლისა და პანკრეასისა, აგრეთვე თვალსაჩინოს ხდის პათოლოგიურ წარმონაქმნებს, როგორიცაა კისტა და ზოგიერთი სიმსივნე. გარდა ამისა, ულტრაბგერითი სკანირებით შეიძლება დადგინდეს მუცლის ღრუში სითხის არსებობა (ასციტი). ულტრაბგერითი სკანირება მუცლის კედლის გარეთა ზედაპირის გადამცემის გამოყენებით არ არის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის შესწავლის ფასეული მეთოდი. ლორწოვანი გარსი ბევრად უფრო მკაფიოდ ჩანს ენდოსკოპიური ულტრაბგერითი სკანირებისას; ამ შემთხვევაში გადამცემი ენდოსკოპის წვერზეა მოთავსებული.
ულტრაბგერითი სკანირება უმტკივნეულოა, არ ახლავს რაიმე გართულების რისკი, განსხვავებით ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევისგან, რომელსაც იგივე რისკები ახასიათებს, რაც ენდოსკოპიას.
კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ძალიან კარგი მეთოდებია მუცლის ღრუს ორგანოების ზომისა და ადგილმდებარეობის დასადგენად. გარდა ამისა, ამ გამოკვლევებით ხშირად დიაგნოსტირდება ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები, შეიძლება სისხლძარღვებში ცვლილებების აღმოჩენა. გარდა ამისა, როგორც წესი, ჩანს ხოლმე ანთება, მაგალითად, ჭიანაწლავის (აპენდიციტი) ან დივერტიკულის (დივერტიკულიტი). ეს გამოკვლევები ზოგჯერ გამოიყენება რადიოლოგიური ან ქირურგიული პროცედურების ეფექტური მართვისთვის.
პარაცენტეზი არის მუცლის ღრუში ნემსის შეყვანა სითხის გამოსაღებად. ნორმაში მუცლის ღრუ შეიცავს სითხის მხოლოდ მცირე რაოდენობას. სითხე გროვდება ზოგიერთი მდგომარეობის დროს, როგორიცაა ღვიძლის დაავადება, გულის უკმარისობა, გაგლეჯილი კუჭი ან ნაწლავი, სიმსივნე, ან გაგლეჯილი ელენთა. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება პარაცენტეზი დიაგნოზისთვის (მაგალითად, სითხის ნიმუშის აღება ანალიზისთვის) ან როგორც მკურნალობის ნაწილი (მაგალითად, სითხის გამოღება მისი ჭარბი რაოდენობით დაგროვებისას).
პარაცენტეზამდე ტარდება ფიზიკური გასინჯვა, ზოგჯერ ულტრაბგერით სკანირებასთან ერთად, მუცლის ღრუში სითხის ჭარბი რაოდენობით არსებობის დასადასტურებლად. ამის შემდეგ მუცლის წინა კედლის კანის გარკვეული უბანი, უხშირესად ჭიპის ქვემოთ, იწმინდება ანტისეპტიკური ხსნარით, ტარდება ადგილობრივი ანესთეზია. მომდევნო ეტაპია, მუცლის წინა კედლის კანისა და კუნთების გავლით, შპრიცზე დამაგრებული ნემსის შეყვანა სითხის დაგროვების ადგილში. შეიძლება სითხის მცირე რაოდენობის გამოღება ლაბორატორიული ანალიზისთვის, საჭიროებისას – რამდენიმე ლიტრის გამოღება შებერილობის შესამსუბუქებლად. შესაძლო გართულებებია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია და სისხლდენა.
საჭმლის მომნელებელ სისტემაში სისხლდენის მიზეზი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს უმნიშვნელო დაზიანება გაღიზიანების სახით, სხვა შემთხვევაში – ისეთი სერიოზული დაავადება, როგორიცაა კიბო. სისხლის ძალიან მცირე, თვალით შეუმჩნეველი რაოდენობა, რომელიც არ ცვლის განავლის შესახედაობას, შეიძლება ქიმიური მეთოდებით იქნეს დადასტურებული. ამ რაოდენობის სისხლის არსებობა შეიძლება ადრეული მინიშნება იყოს წყლულის, სიმსივნის ან სხვა დაავადების არსებობაზე.
რექტალური გამოკვლევის დროს, ექიმმა ხელთათმნიანი თითით შეიძლება მოიპოვოს განავლის მცირე რაოდენობა. ეს ნიმუში თავსდება პატარა ფილტრის ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილია სათანადო ქიმიური ნივთიერებით (გუაიაკი). სხვა ნივთიერების დამატების შემდეგ ნიმუში თუ სისხლს შეიცავს, ფერს იცვლის. პაციენტს ზემოხსენებულ ფილტრის ქაღალდებს შინ გაატანენ ხოლმე. მან ამ ქაღალდებზე უნდა მოათავსოს 3 სხვადასხვა დროს ნაწლავების მოქმედებისას გამოყოფილი განავლის ნიმუშები და სპეციალური კონტეინერით გამოსაკვლევად გაუგზავნოს ეს მასალა ექიმს. თუ დადასტურდება სისხლის არსებობა, საჭიროა შემდგომი გამოკვლევები სისხლდენის წყაროს დასადგენად.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინტუბაცია არის მცირე ზომის დრეკადი, პლასტიკური მილის (ნაზოგასტრალური ზონდი) შეყვანა ცხვირიდან ან პირიდან კუჭში, ან წვრილ ნაწლავში. ეს პროცედურა გამოიყენება სადიაგნოზო ან სამკურნალო მიზნებისთვის. ინტუბაცია ხშირად იწვევს ღებინების რეფლექსს და გულისრევას, ამიტომაც ცხვირში და ხახის ფუძეზე ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების შესხურებას მიმართავენ. ზონდის ზომა სხვადასხვა შეიძლება იყოს, იმის მიხედვით, თუ რა მიზნისთვის გამოიყენება.
ნაზოგასტრალური ინტუბაციის მეშვეობით შეიძლება კუჭის წვენის ნიმუშის მიღება. ზონდი შეჰყავთ უფრო ცხვირიდან, ვიდრე პირიდან, ვინაიდან ცხვირიდან საყლაპავისკენ მიმართვა უფრო ადვილია. გარდა ამისა, ზონდის ცხვირში გატარება ნაკლებად გამაღიზიანებელია და ხველის აღმოცენების ალბათობაც უფრო მცირეა. ექიმს შეუძლია განსაზღვროს, არის თუ არა კუჭში ჩაღვრილი სისხლი, შეისწავლოს კუჭის წვენის მახასიათებლები. მოწამვლაზე ეჭვის არსებობისას კუჭის წვენის ანალიზით შესაძლებელია მომწავლელი ნივთიერების განსაზღვრა. ზოგ შემთხვევაში ზონდს ადგილზე ტოვებენ იმისათვის, რომ წვენის ნიმუშების აღება რამდენიმე საათის შემდეგაც იქნეს შესაძლებელი.
ნაზოგასტრალური ინტუბაცია გამოიყენება გარკვეული მდგომარეობის სამკურნალოდაც, მაგალითად, შხამის ამოსატუმბავად ან აქტივირებული ნახშირით გასანეიტრალებლად, თხევადი საკვების შესაყვანად იმ პაციენტებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ ყლაპვა.
ზოგჯერ ნაზოგასტრალური ინტუბაცია გამოიყენება კუჭიდან საკვების განუწყვეტლივ ამოსაქაჩავად. ზონდის ბოლო მიმაგრებულია გამწოვ მოწყობილობაზე, რომელიც კუჭიდან ამოტუმბავს გაზს და სითხეს. ეს ამცირებს კუჭშიდა წნევას, რაც მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როცა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამავლობაა შეფერხებული, ან სისტემა სხვამხრივ არ ფუნქციონირებს რიგიანად. ამ ტიპის ზონდი ხშირად გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების შემდეგ, მანამ, სანამ არ აღდგება კუჭ-ნაწლავის სისტემის ნორმალური მოქმედება.
ოცდაოთხსაათიან pH ტესტს უწოდებენ პროცედურას, რომლის დროსაც ზონდს ცხვირის გავლით საყლაპავში მიმართავენ და იქ ტოვებენ მომდევნო 24 საათის განმავლობაში. ზონდიდან პერიოდულად ამოაქვთ საყლაპავის სითხის ნიმუშები, რომელთა მჟავიანობის განსაზღვრით შესაძლებელია დადგინდეს კუჭის შიგთავსის უკუდინება საყლაპავში (გასტროეზოფაგური რეფლუქსი), მისი სიმძიმე და სიხშირე.
ნაზოენტერალური ინტუბაციის დროს უფრო გრძელი ზონდი შეჰყავთ ცხვირიდან კუჭის გავლით წვრილ ნაწლავში. ინტუბაციის ეს სახე გამოიყენება ნაწლავის შიგთავის ნიმუშის ან ნაწლავშიდა სითხის ამოსაღებად, ან საკვების მისაცემად.
მანომეტრიისთვის საყლაპავში თავსდება ზონდი, რომელზეც წნევის გამზომი მოწყობილობაა (მანომეტრი) დამაგრებული. მანომეტრიის მონაცემების მიხედვით ექიმს შეუძლია განსაზღვროს არის თუ არა საკმარისი საყლაპავის კედლის შეკუმშვა საკვების გადასაადგილებლად. მსგავსი მოწყობილობა გამოიყენება ანალურ სფინქტერში წნევის გასაზომადაც, რაც სფინქტერის კუნთის ფუნქციონირების გამართულობაზე იძლევა წარმოდგენას.