ღვიძლის სიმსივნე შეიძლება კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი იყოს. ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები კლასიფიცირდება პირველად (სათავეს იღებს ღვიძლში) ან მეტასტაზურ (ვრცელდება ორგანიზმის სხვა ნაწილიდან) სიმსივნეებად. ღვიძლის კიბოს უმეტესობა მეტასტაზურია. ღვიძლში კიბოს ხშირი გავრცელება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სხეულის სხვა ადგილას განვითარებული სიმსივნიდან მოწყვეტილი კიბოს უჯრედები შედის სისხლის მიმოქცევაში და საბოლოოდ ხვდება ღვიძლში, რადგან ღვიძლი ფილტრავს სხეულის დანარჩენი ნაწილებიდან მომავალი სისხლის უმეტეს ნაწილს.
კეთილთვისებიანი სიმსივნეები შედარებით ხშირია და, ჩვეულებრივ, ისინი უსიმპტომოა. უმეტესობის აღმოჩენა ხდება სხვა მიზეზით ჩატარებული ულტრაბგერითი (ექოსკოპიური), კომპიუტერულ-ტომოგრაფიული (კტ/CT) ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევის დროს (მრტ/MRI). კეთილთვისებიანი სიმსივნეები იშვიათად იწვევენ ღვიძლის გადიდებას ან სისხლდენას მუცლის ღრუში. ღვიძლი ნორმალურად მუშაობს კეთილთვისებიანი სიმსივნის არსებობის შემთხვევაშიც. ამის გამო, ღვიძლის ფუნქციური ტესტები ჩვეულებრივ ნორმაშია.
ღვიძლში შესაძლოა ჩამოყალიბდეს სითხის შემცველი "ბუშტუკები" – ცისტები. მათი უმეტესობა უსიმპტომოა და არ იწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. მათი აღმოჩენა ხდება შემთხვევით, რადიოლოგიური გამოკვლევების დროს. იშვიათად, ადამიანები იბადებიან ღვიძლით, რომელშიც ბევრი ცისტაა (ამ დაავადებას ღვიძლის პოლიკისტოზი ეწოდება). ჩვეულებრივ, ცისტები ჩნდება სხვა ორგანოებშიც, მაგალითად, თირკმელში (თირკმლების პოლიკისტოზური დაავადება). ღვიძლი იმატებს ზომაში, მაგრამ, ჩვეულებრივ, ნორმალურ ფუნქციონირებას აგრძელებს.