გასტროეზოფაგური რეფლუქსი (პეპტიკური დაავადებები) | მკურნალი.გე
  1. გასტროეზოფაგური რეფლუქსი (პეპტიკური დაავადებები)
  2. პეპტიკური დაავადებები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
გასტროეზოფაგური რეფლუქსი (პეპტიკური დაავადებები)

გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადება [გერდ]) დროს კუჭის მჟავე შიგთავსი და ფერმენტები კუჭიდან საყლაპავში გადადის, რაც საყლაპავის ანთებას და გულმკერდის არეში ტკივილს იწვევს.

  • რეფლუქსის მიზეზია საყლაპავის ქვედა ნაწილში მოთავსებული ბეჭდის ფორმის კუნთის (საყლაპავის ქვედა სფინქტერი) ფუნქციის მოშლა. ნორმაში ეს კუნთი ბარიერის როლს ასრულებს და შეუძლებელს ხდის კუჭის შიგთავსის საყლაპავში გადასვლას;

  • ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია გულძმარვა (მკერდის ძვლის უკან წვის შეგრძნება და ტკივილი);

  • დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომების შეფასებას;

  • მკურნალობისთვის საჭიროა მაპროვოცირებელი ნივთიერებების (ალკოჰოლი და ცხიმიანი საკვები) მიღებისთვის თავის არიდება და იმ წამლების გამოყენება, რომლებიც ამცირებს კუჭში მჟავიანობას.

კუჭის ამომფენი გარსი იცავს კუჭს მჟავას დამაზიანებელი მოქმედებისგან. საყლაპავს არ აქვს მსგავსი ამომფენი გარსი, ამიტომ კუჭის მჟავა შიგთავსის საყლაპავში უკუდინება (რეფლუქსი) უსიამო შეგრძნებების, ზოგ შემთხვევაში კი დაზიანების მიზეზი ხდება.

კუჭის შიგთავსის საყლაპავისკენ უკუდინების მიზეზია საყლაპავის ქვედა ნაწილში მოთავსებული ბეჭდისებრი ფორმის კუნთის ფუნქციის დაქვეითება. ეს კუნთი ბარიერის როლს ასრულებს – ის ნორმაში შეუძლებელს ხდის კუჭის შიგთავსის საყლაპავში რეფლუქსს. როდესაც ადამიანი ფეხზე დგას ან ზის, სიმძიმის ძალა ხელს უშლის კუჭის შიგთავსის დაბრუნებას საყლაპავში. ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი (სიმძიმის ძალა) სხეულის ჰორიზონტალურ პოზიციაში გადასვლისას (დაწოლისას) წყვეტს მოქმედებას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ მწოლიარე მდგომარეობაში რეფლუქსის სიმპტომები მაქსიმალურად არის ხოლმე გამოხატული. რეფლუქსი უფრო ხშირად ჭამის შემდეგ ვითარდება, როცა კუჭის შიგთავსის მოცულობა დიდია და მჟავიანობა უფრო მაღალი, ხოლო სფინქტერის შეკუმშვის უნარი, სავარაუდოდ, დაქვეითებულია. რეფლუქსის განვითარებას ხელს უწყობს წონაში მატება, ცხიმიანი საკვები, შოკოლადი, კოფეინიანი და გაზიანი სასმელები, ალკოჰოლი, თამბაქო და ზოგიერთი წამალი. საყლაპავის ქვედა სფინქტერის ფუნქციას აქვეითებს პრეპარატები, რომლებსაც აქვს ანტიქოლინერგული ეფექტი (მრავალი ანტიჰისტამინური საშუალება, ზოგიერთი ანტიდეპრესანტი), კალციუმის არხის ბლოკერები, პროგესტერონი და ნიტრატები. ალკოჰოლი და ყავა ბიძგს აძლევს მჟავას წარმოშობას. რეფლუქსი შეიძლება გააძლიეროს კუჭის დაგვიანებულმა დაცლამაც (მაგალითად, დიაბეტით დაავადებისას ან ოპოიდების გამოყენების გამო).

სიმპტომები და გართულებები

გულძმარვა (მკერდის ძვლის უკან წვითი ხასიათის ტკივილი) გასტროეზოფაგური რეფლუქსის ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომია. ზოგჯერ ტკივილი ვრცელდება კისრისა და ხახისკენ, სახეზე.

საყლაპავის ანთებამ (ეზოფაგიტი) შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც, ჩვეულებრივ, მსუბუქია, მაგრამ ზოგჯერ ძლიერიც არის ხოლმე. შესაძლებელია სისხლიანი ღებინება. თუ სისხლი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში გადადის, აღინიშნება კუპრისფერი განავალი (მელენა). მძიმე სისხლდენის დროს განავალში ალისფერი სისხლი შეიმჩნევა.

განმეორებადი რეფლუქსების შედეგად საყლაპავის შიგნითა ზედაპირზე წყლულები – ღია იარები აღინიშნება. ეს უკანასკნელი იწვევს ტკივილს მკერდის ძვლის უკან ან უშუალოდ მის ქვემოთ, მსგავსად გულძმარვისა.

რეფლუქსით გამოწვეული საყლაპავის შევიწროება (სტრიქტურა) თანდათან აძნელებს მყარი საკვების ყლაპვას. სასუნთქი გზების შევიწროება იწვევს ჰაერის უკმარისობას და ხმაურიან სუნთქვას. გასტროეზოფაგური რეფლუქსის სხვა სიმპტომებია ტკივილი გულმკერდში, ყელის ტკივილი, ხმის ჩახლეჩა, ჭარბი სალივაცია (ნერწყვდენა), ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნება და სინუსების ანთება (სინუსიტი).

განმეორებადი რეფლუქსების შედეგად საყლაპავის ქვედა ნაწილის ხანგრძლივი გაღიზიანებისას საყლაპავის ამომფენი უჯრედები შეიძლება შეიცვალოს, რის შედეგადაც ვითარდება მდგომარეობა, რომელსაც ბარეტის საყლაპავი ეწოდება. ეს ცვლილება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო მის შედეგად წარმოქმნილი უჯრედები ზოგჯერ ავთვისებიან ზრდას (კიბო) აძლევს ბიძგს.

დიაგნოზი

დიაგნოზი შეიძლება დაეფუძნოს სიმპტომებს და მკურნალობის დაწყება შესაძლებელია დეტალური სადიაგნოზო კვლევების გარეშე. სპეციფიკური გამოკვლევები ტარდება მაშინ, როცა დიაგნოზი არ არის ნათელი და მკურნალობის შედეგად სიმპტომები არ იხსნება. ზოგჯერ დიაგნოზის დასადასტურებლად და გართულებების გამოსავლენად საჭირო ხდება საყლაპავის გამოკვლევა ენდოსკოპით (დრეკადი დასათვალიერებელი ზონდი), რენტგენოლოგიური კვლევები, საყლაპავის ქვედა სფინქტერთან წნევის გაზომვა (მანომეტრია) და საყლაპავში pH-ის (სიმჟავიანობის) განსაზღვრა.

ენდოსკოპიამ შეიძლება დაადასტუროს დიაგნოზი, თუ ექიმი დაადგენს, რომ პაციენტს აქვს ეზოფაგიტი ან ბარეტის საყლაპავი. ენდოსკოპიის მეშვეობით შეიძლება გამოირიცხოს საყლაპავის კიბო. ბარიუმის ხსნარის (ნივთიერება, რომელიც თვალსაჩინოს ხდის კუჭ-ნაწლავის სისტემის კონტურებს) დალევის შემდეგ, როცა ადამიანს დააწვენენ ისე, რომ თავი უფრო დაბლა ექნება, ვიდრე ქვედა კიდურები, რენტგენზე შეიძლება გამოჩნდეს ბარიუმის უკუდინება კუჭიდან საყლაპავში. ექიმს მუცელზე ზეწოლით შეუძლია გაზარდოს რეფლუქსის ალბათობა. ბარიუმის დალევის შემდეგ ჩატარებულმა რენტგენოლოგიურმა გამოკვლევამ შეიძლება გამოავლინოს წლულები ან საყლაპავის შევიწროება.

საყლაპავის ქვედა სფინქტერთან წნევის გაზომვა განსაზღვრავს სფინქტერის ფუნქციურ მდგომარეობას – შეკუმშვის სიძლიერეს. ამ გამოკვლევით მიღებული ინფორმაცია ეხმარება ექიმს გადაწყვეტილების მიღებაში ქირურგიული ჩარევის მიზანშეწონილობის შესახებ.

ზოგიერთი ექიმის აზრით, გასტროეზოფაგური რეფლუქსის დასადგენად საუკეთესო საშუალებაა საყლაპავში pH-ის განსაზღვრა. ამ გამოკვლევის დროს თხელი, დრეკადი მილი, წვერზე დამაგრებული გადამცემით, ცხვირიდან შეჰყავთ საყლაპავში. მილის მეორე ბოლო შეერთებულია პაციენტის ქამარზე ჩამოკიდებულ მონიტორთან. მონიტორი იწერს საყლაპავში სიმჟავის დონეს 24 საათის განმავლობაში. რეფლუქსის სიხშირის დადგენის გარდა, ეს გამოკვლევა წარმოდგენას იძლევა პაციენტის სიმპტომებსა და რეფლუქსს შორის კავშირზე, მათ შორის ისეთ შემთხვევებში, როცა პაციენტს აქვს სიმპტომები, რომლებიც არ არის ტიპური რეფლუქსისთვის. საყლაპავის pH-ის ტესტი საჭიროა ყველა პაციენტისთვის, როდესაც გასტროეზეფაგური რეფლუქსის გამო ქირურგიული ჩარევის შესაძლებლობა განიხილება. ახალი აპარატი (მცირე ზომის იმპლანტირებული pH ელექტროდის გამოყენებით, რომელიც გზავნის სიგნალს) გამოსადეგია მათთვის, ვინც ვერ ეგუება ზონდს ცხვირში.

პრევენცია და მკურნალობა

გასტროეზოფაგური რეფლუქსის შესამსუბუქებლად პაციენტს ურჩევენ საწოლის თავის ამაღლებას (დაახლოებით 15 სმ-ით). ამან შეიძლება ხელი შეუშალოს კუჭის შიგთავსის საყლაპავში უკუდინებას ძილის დროს. პაციენტი უნდა მოერიდოს რეფლუქსის მაპროვოცირებელი საკვებისა და წამლების მიღებას, თამბაქოს მოხმარებას. გამოიყენება წამლებიც, მაგალითად, ბეთანექოლი ან მეტოკლოპრამიდი, რომლებიც ხელს უწყობს საყლაპავის ქვედა სფინქტერის უფრო მჭიდროდ დახურვას. უნდა აღიკვეთოს ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების მიღება: ყავა, ალკოჰოლი, მჟავე სასმელები, როგორიცაა ფორთოხლის წვენი, კოლა, ძმარნარევი სოუსები, აგრეთვე ისეთი ნივთიერებები, რომლებიც კუჭს უბიძგებს მჟავას პროდუქციისკენ ან აყოვნებს კუჭის დაცლას. ბევრი წამალი, რომელიც გასტრიტის და პეპტიკური წყლულის სამკურნალოდ გამოიყენება, ხელს უწყობს რეფლუქსის თავიდან აცილებას, მის მკურნალობას. მაგალითად, ძილის წინ ანტაციდების მიღება ამცირებს საყლაპავში გადასული მჟავას რაოდენობას, რის შედეგადაც მცირდება საყლაპავის წყლულის არსებობით შეპირობებული ტკივილი. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები ყველაზე ძლიერი საშუალებაა მჟავას წარმოქმნის დასაქვეითებლად და, ამიტომაც, ყველაზე ეფექტურია გასტროეზოფაგური რეფლუქსის სამკურნალოდ, ვინაიდან მჟავას მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოიწვიოს უაღრესად შემაწუხებელი სიმპტომები. შეხორცებისთვის საჭიროა 4-12 კვირის მანძილზე იმ პრეპარატების მიღება, რომლებიც ამცირებს მჟავას წარმოქმნას. წყლული ხორცდება ნელა, მიდრეკილია რეციდივისკენ და, თუ ქრონიკულია და ღრმა, შეხორცებისას შეიძლება საყლაპავი შეავიწროოს.

საყლაპავის შევიწროებას მკურნალობენ წამლებით და განმეორებითი გაფართოებით, რაც შეიძლება ჩატარდეს ბალონებით ან სპეციალური გამაფართოებლებით (ბუჟები). თუ გაფართოება წარმატებული აღმოჩნდა, პაციენტს აღარ სჭირდება საკვების რაოდენობის შეზღუდვა, ვინაიდან ყლაპვა აღარ აქვს გაძნელებული.

ბარეტის საყლაპავი უკუგანვითარებას არ განიცდის მას შემდეგაც, როცა მკურნალობით რეფლუქსის სიმპტომები მოიხსნება. ამიტომაც მისი არსებობისას ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ ედნოსკოპიური გამოკვლევაა საჭირო იმაში დასარწმუნებლად, რომ სიმსივნე არ წარმოიქმნა.

ქირურგიულ ჩარევას ურჩევენ იმ შემთხვევებში, როცა მკურნალობით სიმპტომების შემსუბუქება არ აღინიშნება ან თუ პაციენტს აქვს ეზოფაგიტი, ის გრძელდება სიმპტომების მოხსნის შემდეგაც. გარდა ამისა, ქირურგიული ჩარევა შეიძლება სასურველი იყოს მათთვის, ვინც ვერ ეგუება წლობით წამლების მიღების აუცილებლობის პერსპექტივას. ყველაზე ნაკლებად ინვაზიური პროცედურა ტარდება ლაპარასკოპით. ნაოპერაციები პაციენტების 20-30%-ს ამ პროცედურის შემდეგ აღენიშნება გვერდითი მოვლენები, ყველაზე ხშირად ყლაპვის გაძნელება და საკვების მიღების მერე შებერილობის და დისკომფორტის შეგრძნება მუცელში.