მოგზაურის (ტურისტის) დიარეას ახასიათებს ფაღარათი, გულისრევა და ღებინება. უმეტესწილად ავადდებიან მსოფლიოს იმ რეგიონებში მოგზაურობისას, სადაც წყალი ცუდად იწმინდება.
მოგზაურის დიარეა ვითარდება იმ შემთხვევებში, როცა ადამიანი დასენიანდება ისეთი ბაქტერიებით ან, უფრო იშვიათად, პარაზიტებით, რომლებთანაც მანამდე ნაკლები შეხება ჰქონდა და არც იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული მათ მიმართ. ბაქტერიები (ან პარაზიტები) ორგანიზმში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად. ისიც საკმარისია, თუ საკვების გასარეცხად გამოყენებული წყალია დაბინძურებული. დაავადება უმეტესწილად ხვედრია განვითარებადი ქვეყნებისა, სადაც წყლით მომარაგების სისტემა სათანადოდ არ იწმინდება. მიკროორგანიზმები, რომლებიც იწვევს მოგზაურის დიარეას, ნაწლავის ჩხირის ტოქსინების წარმოქმნის უნარის მქონე სახეობებია, აგრეთვე, ზოგიერთი ვირუსი, მაგალითად, ნოროვირუსი, რომელიც სამგზავრო გემების მგზავრების დაავადების ხშირი მიზეზია. ავადდებიან ისინიც კი, ვინც მოიხმარს მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმულ სასმელ წყალს, მაგრამ დალევის წინ ონკანის წყლისგან მომზადებულ ყინულის კუბურებს ურევს. დასენიანებას იწვევს ასევე გაურეცხავი კბილის ჯაგრისის გამოყენება ან ადგილობრივი წყლით გარეცხილი, ან კარგად დაუმუშავებელი საკვების მიღება.
გულისრევა, ღებინება, ნაწლავების ყურყური, მოვლითი ხასიათის ტკივილი მუცელში და დიარეაც შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერი კომბინაციით და სხვადასხვა ხარისხით გამოხატული. ეს სიმპტომები იწყება დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებიდან 12-72 საათში. ღებინება, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი განსაკუთრებით ხშირია ნოროვირუსით გამოწვეული დაავადების დროს. შემთხვევების უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს, სიმპტომები 3-5 დღეში გაივლის მკურნალობის გარეშე. სადიაგნოზო კვლევები იშვიათადაა საჭირო.
მოგზაურებმა მხოლოდ საიმედო რეპუტაციის რესტორნებში უნდა იარონ, არ უნდა მიიღონ გარე ვაჭრობის ობიექტებში შეძენილი საკვები და სასმელი. ცხელი საკვები უფრო მეტად უსაფრთხოა. მოსარიდებელია ღია კონტეინერებში მოთავსებული მოუხარშავი ბოსტნეული, ხილის საწებლიანი სალათები. ნებისმიერი ხილი უნდა გაითალოს მიღებამდე. რეკომენდებულია მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული გაზიანი წყალი ან ისეთი სასმელები, რომლებიც ანადუღარ წყალზეა დამზადებული. ყინულის კუბურებიც კი ანადუღარი წყლისგან უნდა იყოს მომზადებული. დასენიანების რისკს ზრდის ბუფეტები და სწრაფი კვების დაწესებულებები.
პრევენციისთვის ანტიბიოტიკების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მათთვის, ვინც დიარეისადმი მიდრეკილია, დაქვეითებული აქვს იმუნური სისტემის ფუნქცია. ანტიბიოტიკებიდან უფრო ხშირად ციპროფლოქსანის გამოყენებაა მიზანშეწონილი.
სიმპტომების გამოვლენის შემდეგ საჭიროა სითხეების დიდი რაოდენობით მიღება, წამლების გამოყენება მუცლის კუნთების სპაზმების შესამცირებლად (მაგალითად, ლოპერამიდი). ამ უკანასკნელის დანიშვნა არ შეიძლება სხეულის ტემპერატურის მომატებისას, სისხლიანი განავლის შემთხვევაში ან თუ ბავშვი 2 წელზე მცირე ასაკისაა. გარდა ამისა, რეკომენდებულია ანტიბიოტიკები (ზრდასრულებისთვის – ციპროფლოქსანი, ლევოფლოქსაცინი, აზითრომიცინი ან რიფაქსიმინი; ბავშვებისთვის – აზითრომიცინი). ცხელების ან განავალში სისხლის გამოჩენისას მოგზაურმა სამედიცინო პერსონალს უნდა მიმართოს.