დიაფრაგმული თიაქარი (დიაფრაგმული თიაქარი, ბეზოარები და უცხო სხეულები) | მკურნალი.გე
  1. დიაფრაგმული თიაქარი (დიაფრაგმული თიაქარი, ბეზოარები და უცხო სხეულები)
  2. დიაფრაგმული თიაქარი, ბეზოარები და უცხო სხეულები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
დიაფრაგმული თიაქარი (დიაფრაგმული თიაქარი, ბეზოარები და უცხო სხეულები)

დიაფრაგმული თიაქარი არის კუჭის ნაწილის ამობერვადი ფრაგმის ხვრელში, რომელშიც ნორმაში საყლაპავი გადის.

  • ამ დაავადების მიზეზი ძირითადად უცნობია, მაგრამ ასაკი, სიმსუქნე და თამბაქოს მოხმარება ხელმშემწყობი ფაქტორებია;

  • ზოგიერთ პაციენტს სიმპტომები ან არა აქვს, ან უმნიშვნელოდ აქვს გამოხატული (მაგალითად, რეფლუქსი ან დისპეფსია), სხვებს კი უფრო შემაწუხებელი ჩივილები აქვთ, სახელდობრ, ტკივილი გულმკერდის არეში, მუცლის შებერვა, ბოყინი, ყლაპვის გაძნელება;

  • დიაგნოზი ეფუძნება ბარიუმით რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგებს;

  • მკურნალობის მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, ზოგჯერ წამლების გამოყენებით, იშვიათად – ქირურგიული ჩარევით.

  • მუცლის ღრუს რომელიმე სტრუქტურის ამობერვას დიაფრაგმის (კუნთოვანი შრე, რომელიც გულმკერდის ღრუს ჰყოფს მუცლის ღრუსგან) გავლით მის ზემოთ ეწოდება დიაფრაგმული თიაქარი. დიაფრაგმას აქვს ხვრელი, რომელშიც ნორმაში საყლაპავი გადის. თიაქარს, რომელიც წარმოიქმნება ამ ხვრელში დიაფრაგმული თიაქარი ეწოდება. საყლაპავის დიაფრაგმული თიაქრის მიზეზი უცნობია. ეს დაავადება უფრო ხშირია 50 წელზე მეტი ასაკის პირებში, რომელთაც ჭარბი წონა აქვთ (განსაკუთრებით ქალები) ან თამბაქოს მოიხმარენ. გარდა ამისა, დიაფრაგმული თიაქარი თანდაყოლილი ან ტრავმის შედეგი შეიძლება იყოს.
  • არსებობს ორი ძირითადი ტიპის დიაფრაგმული თიაქარი: მცოცავი და პარაეზოფაგური. მცოცავი დიაფრაგმული თიაქრის დროს საყლაპავის და კუჭის შეერთების ადგილი, აგრეთვე, ნორმაში დიაფრაგმის ქვემოთ მდებარე კუჭი და მისი ნაწილი დიაფრაგმის ზემოთ გადაინაცვლებს. შეერთებული შტატების მოსახლეობის 40%-ზე მეტს აქვს მცოცავი დიაფრაგმული თიაქარი. მისი სიხშირე ასაკთან ერთად მატულობს და 60 წელზე მეტი ასაკის პირებში 60%-ს აღწევს.
  • პარაეზოფაგური დიაფრაგმული თიაქრის დროს საყლაპავის და კუჭის შეერთების ადგილი თავის ჩვეულ ადგილზეა, მაგრამ კუჭის ნაწილია ამობერილი დიაფრაგმის ზემოთ და საყლაპავის გვერდით მდებარეობს.

სიმპტომები

მცოცავი დიაფრაგმული თიაქრების უმეტესობა ზომით ძალიან პატარაა და პაციენტებს ჩივილები ან არ აქვთ, ან უმნიშვნელოდ აქვთ გამოხატული, ისიც ძირითადად გასტროეზოფაგური რეფლუქსით არის გამოწვეული. აღინიშნება ხოლმე დისპეფსია, განსაკუთრებით თუ პაციენტი მალევე დაწვა საკვების მიღების შემდეგ. წინ გადახრა, დაძაბვა და სიმძიმეების აწევა, აგრეთვე, ორსულობა სიმპტომებს აუარესებს.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაფრაგმული თიაქარი კარგად ჩანს რენტგენით გამოკვლევისას, თუმცა ზოგჯერ საჭიროა ხოლმე მუცელზე ზეწოლა, რის შემდეგაც თიაქრის არსებობა თვალსაჩინო ხდება. ხშირად რენტგენით გამოკვლევამდე პაციენტებს თხევად ბარიუმს აძლევენ დასალევად, რის შემდეგაც საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კონტურები კარგად გამოიკვეთება და ცვლილებებიც უფრო ადვილად შეიმჩნევა. მცოცავი თიაქარი უხშირესად მკურნალობას არ საჭიროებს. თუ გასტროეზოფაგური რეფლუქსის ნიშნებიც დაერთო, მაშინ ძილის დროს სასთუმლის ამაღლება ხშირად კარგ შედეგს იძლევა. რეფლუქსის არსებობისას სხვა დამხმარე ზომებია საჭირო: საკვების მიღება მცირე ულუფებად, ჭარბი წონის დაკლება, თამბაქოს მოხმარებაზე და ჭამის შემდეგ მალევე დაწოლაზე უარის თქმა, ფიზიკური დატვირთვისთვის თავის არიდება, ხალვათი ტანსაცმლის ხმარება. უნდა აღიკვეთოს ან შემცირდეს მჟავე სასმელების (ფორთოხლის წვენი, კოლა), ალკოჰოლური სასმელების, ყავის, ზოგიერთი სახის საკვების (შოკოლადი, ხახვი, ცხარე, მჟავე და ცხიმიანი საკვები) მიღება. ანტაციდები და წამლები, რომლებიც ხელს უშლის მჟავას წარმოქმნას, აგრეთვე ამსუბუქებს სიმპტომებს.

სიმპტომებით მიმდინარე პარაეზოფაგური დიაფრაგმული თიაქარი, ჩაჭედვის თავიდან ასაცილებლად, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ეს უკანასკნელი შეიძლება ჩატარდეს გულმკერდზე ან მუცლის წინა კედელზე მცირე ზომის განაკვეთიდან შეყვანილი სპეციალური ზონდის გამოყენებით (ლაპარასკოპიული ქირურგია). ზოგჯერ ღია წესით ოპერაცია არის საჭირო.