ბეზოარები და უცხო სხეულები | მკურნალი.გე
  1. ბეზოარები და უცხო სხეულები
  2. დიაფრაგმული თიაქარი, ბეზოარები და უცხო სხეულები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ბეზოარები და უცხო სხეულები

ბეზოარები – ნაწილობრივ მონელებული ან მოუნელებელი ნივთიერებების მკვრივი გროვები, რომლებიც გაჭედილია კუჭში ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ნაწილში. უცხო სხეულები – მცირე ზომის გადაყლაპული საგნები, რომლებიც აგრეთვე იჭედება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ზოგჯერ ხვრეტს კიდეც მას.

  • მოუნელებელი საკვების გროვები შეიძლება გაიჭედოს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე ნაწილში;

  • ბეზოარების და უცხო სხეულების უმეტესობამ სიმპტომები შეიძლება არ გამოიწვიოს;

  • დიაგნოზი ეფუძნება რენტგენის და, ზოგჯერ, დრეკადი დასათვალიერებელი ზონდის (ენდოსკოპის) გამოყენებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ვიზუალიზაციისთვის;

  • ბეზოარების და უცხო სხეულების უმეტესობა მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ ზოგჯერ მათი დაშლა ან ქირურგიული ჩარევის გზით მოცილებაა საჭირო.

ნაწილობრივ მონელებული ან მოუნელებელი საკვების, ან სხვა ნივთიერებების მკვრივი გროვები (ბეზოარები) და უცხო სხეულები, ჩვეულებრივ, კუჭში გროვდება. ამის მიზეზია კუჭის მრუდე ფორმა და კუჭისა და წვრილი ნაწლავის პირველი სეგმენტის (თორმეტგოჯა ნაწლავი) შემაერთებელი ხვრელის (პილორუსის სფინქტერი) დიამეტრის სიმცირე, რის გამოც დაახლოებით 2სმ-ზე მეტი ზომის ბეზოარების და უცხო სხეულების გადაადგილება თორმეტგოჯა ნაწლავისკენ იშვიათად თუ არის შესაძლებელი.

ბეზოარები შეიძლება შედგებოდეს ნაწილობრივ მონელებული თმისგან, ხილის ან ბოსტნეულის ბოჭკოებისგან, ზოგჯერ – ერთმანეთთან შეწეპებული წამლების (როგორიცაა ანტაციდები) მკვრივი ბლოკებისგანაც კი. ეს ყველაფერი უხშირესად კუჭში გროვდება, შედარებით იშვიათად – საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რომელიმე სხვა ნაწილში გაიჭედება ხოლმე.

უცხო სხეულებს ზოგჯერ ბავშვები ყლაპავენ, ხანდახან უფროსებიც, განსაკუთრებით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფნი. თუ მოუნელებელი საგნები პატარაა, ისინი გაივლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს და განავალთან ერთად გამოიყოფა. შედარებით დიდი ზომის ან წვეტიანი საგნები, მაგალითად თევზის ფხა, შეიძლება გაიჭედოს საყლაპავში ან კუჭში, ან, უფრო იშვიათად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა რომელიმე ნაწილში. ზოგჯერ უცხო სხეულებს წინასწარი განზრახვით ყლაპავენ, მაგალითად, კონტრაბანდისტები ნარკოტიკებით სავსე ბუშტს, მებაჟეების გასაცურებლად.

საკვების ან სხვა ნივთიერებების გროვები ზოგჯერ რაიმე თვალსაჩინო მიზეზის გარეშე ყალიბდება, უხშირესად კი – გარკვეული გარემოებების არსებობისას. ამ უკანასკნელის მაგალითებია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე გადატანილი ოპერაცია, განსაკუთრებით თუ კუჭის ან ნაწლავის ნაწილია მოჭრილი; დიაბეტის დროს ზოგჯერ კუჭის დაცლის შეფერხება.

სიმპტომები და დიაგნოზი

ბეზოარების და უცხო სხეულების არსებობისას უხშირესად პაციენტს ჩივილები არა აქვს.

გადაყლაპული მცირე ზომის ბლაგვი საგანი შეიძლება საყლაპავში რაიმეს გაჩრის შეგრძნების მიზეზი გახდეს. ეს შეგრძნება ზოგჯერ საგნის კუჭში გადასვლის შემდეგაც რჩება. გადაყლაპული მცირე ზომის ბასრი საგანი კი შეიძლება გაიჭედოს საყლაპავში და ტკივილი გამოიწვიოს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს ნორმალურად ყლაპვა შეუძლია. როდესაც საყლაპავი მთლიანად დახშულია, რაიმეს ჩაყლაპვა შეუძლებელი ხდება, ნერწყვისაც კი. ადამიანი განუწყვეტლივ იდორბლება და იფურთხება, შეიძლება სცადოს პირღებინების გამოწვევა, მაგრამ პირში არაფერი ამოსდის. ბასრი საგნით საყლაპავის გახვრეტას შეიძლება საშიში შედეგები მოჰყვეს.

ზოგჯერ ბეზოარების და უცხო სხეულების არსებობისას განავალი სისხლნარევია. კუჭის, წვრილი ნაწლავის ან, იშვიათად, მსხვილი ნაწლავის ნაწილობრივი ან სრული დახშობა იწვევს მოვლითი ხასიათის ტკივილებს მუცელში, შებერილობას, უმადობას, ღებინებას, ზოგჯერ ცხელებასაც კი. თუ ბასრმა საგანმა გახვრიტა კუჭი ან წვრილი ნაწლავი, განავალი ჩაიღვრება ნაწლავების ირგვლივ სივრცეში, რასაც მოჰყვება ძლიერი ტკივილები მუცელში, ცხელება, გულისწასვლა, ზოგჯერ შოკი. ასეთმა გაჟონვამ შესაძლოა პერიტონიტი გამოიწვიოს, ამიტომაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აუცილებელია. თუ ადამიანმა წამლით სავსე ბუშტი გადაყლაპა, ბუშტი შეიძლება გასკდეს, რაც წამლით ინტოქსიკაციას გამოიწვევს.

ხშირად სანათურის დახშობის განმაპირობებელი საგანი გამოჩნდება ხოლმე მუცლის ღრუს რენტგენით კვლევისას. დახშობის გამომწვევი საგნის რაობის დასადგენად და სიმსივნის გამოსარიცხავად ზოგჯერ ტარდება ენდოსკოპია (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დათვალიერება დრეკადი ზონდით – ენდოსკოპით). იშვიათად, მიმართავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას და ულტრასონოგრაფიას (ექოსკოპიას).

მკურნალობა

ბეზოარების და უცხო სხეულების უმეტესობას არ სჭირდება მკურნალობა. პატარა მონეტაც კი, სავარაუდოა, რაიმე გართულების გარეშე გაივლის კუჭ-ნაწლავის სისტემას. ექიმი ურჩევს ადამიანს განავლის შემოწმებას უცხო სხეულის საპოვნელად, ზოგჯერ – თხიერი საკვების მიღებას საგნის გადაადგილების და მისი განავალთან ერთად გამოყოფის დასაჩქარებლად.

ბეზოარის დაშლისთვის ექიმმა შეიძლება დანიშნოს ცელულოზის შემცველი ან ხორცის დამარბილებელი ნივთიერებები, რომლებიც წყალში იხსნება და დასალევად ეძლევა პაციენტს. ზოგჯერ ექიმები იყენებენ მაშებს, ლაზერს ან სხვა ტექნიკურ საშუალებებს ბეზოარების დასაშლელად, რაც აადვილებს მათ გადაადგილებას და გამოყოფას.

თუ ექიმი ეჭვობს, რომ ბლაგვი უცხო სხეულია გაჩხერილი საყლაპავში, ინტრავენურად შეიძლება დაინიშნოს გლუკაგონი, რომელიც ადუნებს საყლაპავის კედელს, ხელს უწყობს გადაადგილებას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. სხვა პრეპარატის, მაგალითად, მეტოკლოპრამიდის გამოყენებამ, აგრეთვე შეიძლება ხელი შეუწყოს ბეზოარების ან ბლაგვი უცხო სხეულების გადაადგილებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში კუნთების შეკუმშვის გაძლიერების გზით.

ექიმებს შეუძლიათ საყლაპავში გაჭედილი ზოგიერთი საგნის მოცილება მაშებით ან ენდოსკოპის მეშვეობით შეყვანილი წნულით.

ბასრმა საგნებმა შეიძლება გახვრიტოს საყლაპავის კედელი, ამიტომ საჭიროა მათი მოცილება, რისთვისაც ან ენდოსკოპი გამოიყენება, ან ქირურგიული ჩარევა. ბატარეების ამოღებაც აუცილებელია საყლაპავიდან შინაგანი დამწვრობის თავიდან ასაცილებლად. როდესაც ეჭვია, რომ უცხო სხეული წამლით სავსე ბუშტია, ის უნდა მოცილდეს წამლის ჭარბი დოზით გამოწვეული გართულებების თავიდან ასაცილებლად.