ლაქტოზის აუტანლობა შაქარ ლაქტოზას მონელების შეუძლებლობაა (ლაქტოზას შეიცავს ყველა რძის პროდუქტი). ის გამოწვეულია მომნელებელი ფერმენტის – ლაქტაზის დეფიციტით და დიარეითა და მუცლის სპაზმური ტკივილით ხასიათდება.
ლაქტოზა რძესა და სხვა რძის პროდუქტებში შემავალი ძირითადი შაქარია. მისი დამშლელი ფერმენტი ლაქტაზა წვრილი ნაწლავის ამომფენი შრის უჯრედების მიერ გამომუშავდება. ლაქტაზა ლაქტოზას (რთულ შაქარს) შლის ორ კომპონენტად, გლუკოზად და გალაქტოზად. ეს მარტივი შაქრები შემდგომში ნაწლავის კედლიდან სისხლში შეიწოვება. ლაქტაზის დეფიციტის შემთხვევაში ვერ ხდება ლაქტოზის დაშლა და შეწოვა. ლაქტოზის მაღალი კონცენტრაცია აკავებს სითხეს წვრილ ნაწლავში და იწვევს დიარეას. ლაქტოზა, რომელიც არ შეიწოვა, შემდეგ გადადის მსხვილ ნაწლავში, სადაც ის ბაქტერიის მიერ ფერმენტიზაციას ექვემდებარება რაც მეტეორიზმს და განავლის მომატებულ მჟავიანობას იწვევს.
ლაქტაზის დონე მაღალია ჩვილებში, რაც მათ რძის მონელების საშუალებას აძლევს. თუმცა, უმეტეს ეთნიკურ ჯგუფში (შავკანიანების და ლათინური ამერიკელების 80% და აზიელების თითქმის 100%) ლაქტაზის დონე ძუძუთი კვების შეწყვეტასთან ერთად იკლებს. ლაქტაზის დონის კლების გამო ამ ეთნიკურ ჯგუფში შემავალ ბავშვებსა და მოზრდილებს დიდი რაოდენობით ლაქტოზის მონელება არ შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ჩრდილო-დასავლელი ევროპელი თეთრკანიანების 80-85% ლაქტაზას მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოიმუშავებენ და, ამგვარად, მათ რძის და რძის პროდუქტების მონელება მოზრდილ ასაკშიც შეუძლიათ. შეერთებული შტატების პოპულაციის ეთნიკური შემადგენლობიდან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ შეერთებულ შტატებში 30-50 მილიონამდე ადამიანს ლაქტოზის აუტანლობა აქვს. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 75%-ზე მეტისთვის ეს "აუტანლობა" ნორმალური მდგომარეობაა.
აუტანლობა ასევე შეიძლება შეგვხვდეს სხვა შაქრების მიმართაც, თუმცა ის შედარებით იშვიათია. მაგალითად, ფერმენტ საქაროზის დეფიციტის გამო ვერ ხდება შაქარ საქაროზის სისხლში შეწოვა და ფერმენტ მალტაზის და იზომალტაზის დეფიციტისას სისხლში არ შეიწოვება შაქარი მალტოზა.
ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტები, როგორც წესი, ვერ მოიხმარენ რძეს და რძის სხვა პროდუქტებს, ასევე ნებისმიერ ლაქტოზა-შემცველ პროდუქტს. ზოგიერთი ამას სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ხვდება და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად თავს არიდებს რძის პროდუქტების მოხმარებას.
ლაქტოზის აუტანლობის მქონე ბავშვებს, რძის შემცველი საკვების მიღებისას დიარეა და წონაში მატების შეფერხება აღენიშნებათ. მოზრდილებში ლაქტოზის აუტანლობას ახასიათებს მუცლის შებერილობა, სპაზმური ტკივილი, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, ნაწლავის ხმიანობა (ბუყბუყი) და, ლაქტოზის შემცველი საკვების მიღებიდან 30 წუთიდან 2 საათის განმავლობაში – დეფეკაციის იმპერატიული მოთხოვნილება. ზოგიერთ შემთხვევაში მწვავე დიარეა ხელს უშლის საკვები ნივთიერებების სათანადო შეწოვას, მათი ორგანიზმიდან ძალიან სწრაფი გამოდევნის გამო. ლაქტოზის აუტანლობით გამოწვეული სიმპტომები ძირითადად მსუბუქია. ამის საპირისპიროდ, მალაბსორბციის სიმპტომატიკა, რომელიც ცელიაკიის, ტროპიკული სპრუსა და ნაწლავური ინფექციების ფონზე ვითარდება, გაცილებით მძიმეა.
ლაქტოზის აუტანლობა იმ შემთხვევაში შეიძლება ვივარაუდოთ, როდესაც სიმპტომები რძის პროდუქტების მიღების შემდეგ ვითარდება. თუ 3-4-კვირიანი საცდელი პერიოდით საკვებიდან რძის პროდუქტების გამორიცხვა სიმპტომებს აქრობს, დიაგნოზი დასტურდება. სპეციფიკური კვლევები იშვიათად არის საჭირო.
ლაქტოზის აუტანლობის მართვა შესაძლებელია საკვებიდან ლაქტოზის გამორიცხვით, პირველ რიგში – რძის პროდუქტების მიღების შეწყვეტით. ლაქტაზის ფერმენტები გამოდის თხიერი და ტაბლეტის ფორმით, იყიდება რეცეპტის გარეშე და შეიძლება დაემატოს რძეს. ულაქტოზო რძისა და სხვა პროდუქტების ყიდვა შესაძლებელია ბევრ სუპერმარკეტში. პაციენტებმა, რომლებიც არ იღებენ რძის პროდუქტებს, კალციუმის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მიიღონ კალციუმის დანამატები.