მოკლე ნაწლავის სინდრომი | მკურნალი.გე
  1. მოკლე ნაწლავის სინდრომი
  2. მალაბსორბცია
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
მოკლე ნაწლავის სინდრომი

მოკლე ნაწლავის სინდრომის დროს აღინიშნება დიარეა და საკვები ნივთიერებების შეწოვის დაქვეითება (მალაბსორბცია). სინდრომი უმეტესწილად წვრილი ნაწლავის დიდი ნაწილის ამოკვეთის შემდეგ ვითარდება.

  • – ლოპერამიდის და ქოლესტირამინის გამოყენებით.

წვრილი ნაწლავის დიდი ნაწილის ამოკვეთის ყველაზე ხშირი მიზეზებია: კრონის დაავადება, არტერიის დახშობა, რომელიც სისხლით ამარაგებს ნაწლავის უმეტეს ნაწილს (მეზენტერული არტერია), რადიაციით გამოწვეული ნაწლავის ანთება (რადიაციული ენტერიტი), კიბო, ნაწლავის მარყუჟის შემოგრეხა და თანდაყოლილი დეფექტები.

საკვების უმეტესი ნაწილი წვრილ ნაწლავში მოინელება და შეიწოვება. ნაწლავის ამოკვეთის შედეგები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დიდი და რომელი ნაწილი ამოიკვეთა. შუა ნაწილის (მლივი ნაწლავი) მოცილების შემთხვევაში ზოგჯერ წვრილი ნაწლავის ბოლო ნაწილში (თეძოს ნაწლავი), შექმნილი გარემოებების საპასუხოდ, უფრო მეტი საკვები ნივთიერებები შეიწოვება, რაც, მხოლოდ გარკვეულწილად, შეწოვის დაქვეითების კომპენსაციას ახდენს. ამავე დროს, თუ თეძოს ნაწლავის 1 მეტრზე მეტი ამოიკვეთა, დარჩენილი ნაწილი, როგორც წესი, კომპენსაციას ვერ ახერხებს. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ნაწლავიდან აღარ ხდება საკვები ნივთიერებების, მათ შორის ცხიმების, ცილების და ვიტამინების საჭირო რაოდენობის შეწოვა. ვეღარ შეიწოვება ნაღვლის მჟავებიც, რომლებიც ღვიძლში გამომუშავდება და საჭმლის მონელებას უწყობს ხელს.

შეწოვის დაქვეითება იწვევს დიარეას, რომელიც, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევის შემდეგ მალევე იჩენს თავს. მოგვიანებით მოხსენიებულს კვების დაქვეითებისა და ვიტამინების დეფიციტის სიმპტომებიც ემატება.

მკურნალობა

ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, როდესაც დიქირურგიული ოპერაციის შემდეგ, როდესაც დიარეა, როგორც წესი, მძიმეა, დანაკარგის აღსადგენად პაციენტს ინტრავენურად უსხამენ სითხეებს და, ხშირად, საკვები ნივთიერებების ხსნარებს. ასეთ კვებას ტოტალური პარენტერული კვება (ტპკ) ეწოდება. ამ გზით ორგანიზმს მიეწოდება ყველა საჭირო ნივთიერება, მათ შორის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები. მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განავლის გამოყოფის შემცირების კვალობაზე, პაციენტს ფრთხილად აძლევენ სითხეებს დასალევად.

წვრილი ნაწლავის სიგრძე დაახლოებით 4-7 მეტრია. პაციენტები, რომელთაც წვრილი ნაწლავის დიდი ნაწილი აქვთ ამოჭრილი (დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის მლივი ნაწლავი თუა დარჩენილი) და სითხის კარგვა უგრძელდებათ, ტოტალურ პარენტერულ კვებას მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში საჭიროებენ. სხვებისთვის, დროთა განმავლობაში, საკვების ჩვეული გზით, პირიდან მიღება ასატანი ხდება. როგორც წესი, რეკომენდებულია უფრო მეტი ცხიმისა და ცილის, ვიდრე ნახშირწყლების შემცველი დიეტა, საკვების მცირე ულუფების ხშირად და არა დიდი ულუფების იშვიათად მიღება.

პაციენტებმა, რომელთაც საკვების მიღების შემდეგ ფაღარათი ეწყებათ, უნდა მიიღონ დიარეის საწინააღმდეგო წამალი, მაგალითად, ლოპერამიდი ჭამამდე 1 საათით ადრე. ნაღვლის მჟავას შეწოვის დაქვეითებით გამოწვეული დიარეის დროს შესაძლებელია ქოლესტერამინის მიღება. პაციენტთა უმეტესობა უნდა იღებდეს ვიტამინების, კალციუმის და მაგნიუმის დანამატებს, ზოგიერთი B12-ის ყოველთვიურ ინექციას საჭიროებს.

მოკლე ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებისთვის, რომელნიც ვერ ეგუებიან ტოტალური პარენტერული კვების რეჟიმს, მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია წვრილი ნაწლავის გადანერგვა.