ნაწლავში შიგთავსის გადაადგილების შენელება იწვევს ნაწლავის ზოგიერთი ნორმალური ბაქტერიის ჭარბ ზრდას, რაც დიარეით და საკვები ნივთიერებების შეწოვის დაქვეითებით (მალაბსორბცია) ვლინდება.
წვრილ ნაწლავში ბაქტერიების სათანადო ბალანსის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია ნაწლავის შიგთავსის ნორმალური, რეგულარული მოძრაობა. ბაქტერიები ჭარბად მრავლდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწლავის შიგთავსის მოძრაობა ფერხდება ან წყდება. ეს შეიძლება მოხდეს კუჭზე, ნაწლავებზე ან ორივეზე ერთად გარკვეული სახის ქირურგიული ჩარევების შედეგად. დაავადებებს, როგორიცაა დიაბეტი, სისტემური სკლეროზი და ამილოიდოზი, ასევე შეუძლია პერისტალტიკის შეფერხება და ბაქტერიების ჭარბი ზრდა გამოიწვიოს.
ჭარბი ბაქტერიები მოიხმარს საკვებ ნივთიერებებს, მათ შორის ვიტამინ B12-ს და ნახშირწყლებს, რაც ორგანიზმის მიერ ნაკლები კალორიების ათვისებას და B12 ვიტამინის დეფიციტს იწვევს. ბაქტერიები შლის ღვიძლში გამომუშავებულ ნაღვლის მარილებს, რომლებიც ხელს უწყობს მონელების პროცესს. ნაღვლის მარილების დეფიციტი ცხიმების შეწოვას აფერხებს, რაც დიარეასა და კვების დეფიციტს იწვევს.
ზოგ პაციენტს მსუბუქი სიმპტომატიკა ან მხოლოდ წონაში კლება აღენიშნება, სხვებს კი – საკვები ნივთიერებების მძიმე დეფიციტი და დიარეა, ან ორივე ერთად.
ექიმი დიაგნოზს გარკვეული ტიპის ქირურგიული ოპერაციის შემდეგ განვითარებული დამახასიათებელი სიმპტომების გათვალისწინებით სვამს. ზოგჯერ ცხვირიდან შეყვანილი თხელი პლასტიკური მილის საშუალებით წვრილი ნაწლავიდან გამოსაკვლევად იღებენ სითხის ნიმუშს. ზოგიერთი ექიმი მოხსენიებულის ნაცვლად სუნთქვის ტესტს ატარებს – 14C-ქსილოზური სუნთქვის ტესტი. ამ ტესტის დროს პაციენტი სვამს სითხეს, რომელიც შეიცავს სუსტ რადიოაქტიურ მარკერს (კარბონ-14), რომელიც შაქართან (ქსილოზა) არის დაკავშირებული. თუ ბაქტერიების ჭარბი რაოდენობით არსებობის გამო ქსილოზა დაიშლება, ამონასუნთქ ჰაერში კარბონ-14 გამოვლინდება.
პაციენტთა უმეტესობა დასალევი ანტიბიოტიკების 10-14-დღიანი კურსის შემდეგ თავს უკეთ გრძნობს. კონკრეტული საკვები ნივთიერების დეფიციტის კორექციისთვის ინიშნება საკვები დანამატები.