დივერტიკულოზი არის მრავლობითი ბუშტისმაგვარი გამობერილობების (დივერტიკული) არსებობა, როგორც წესი, მსხვილ ნაწლავში.
დივერტიკული მსხვილი ნაწლავის ნებისმიერ ნაწილში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად ის სიგმოიდურ კოლინჯში ყალიბდება. სიგმოიდური კოლინჯი მსხვილი ნაწლავის ბოლო ნაწილია, სწორ ნაწლავამდე. დივერტიკულის დიამეტრი მერყეობს დაახლოებით 0.25-2.5 სანტიმეტრის ფარგლებში. ის იშვიათია 40 წლამდე ასაკში, რის შემდეგაც მისი სიხშირე სწრაფად იზრდება. 90 წელს მიღწეულ თითქმის ყველა ადამიანს აქვს დივერტიკულები. გიგანტური დივერტიკული იშვიათია. მისი დიამეტრი დაახლოებით 2.5-15 სანტიმეტრის ფარგლებში მერყეობს. ადამიანს შეიძლება მხოლოდ ერთი გიგანტური დივერტიკული ჰქონდეს.
ვარაუდობენ, რომ დივერტიკული ნაწლავის კუნთოვანი შრის სპაზმით არის გამოწვეული. ნაწლავის სპაზმის გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ბოჭკოებით ღარიბ საკვებთან. სპაზმით გამოწვეული წნევა ნაწლავის კედელში მსხვილი ნაწლავის კუნთოვანი შრის სუსტ ადგილებში, როგორც წესი, არტერიების ახლოს, კედლის გამობერვას იწვევს. დივერტიკულოზით დაავადებულთა სიგმოიდურ კოლინჯში ხშირად ნახულობენ კუნთოვანი შრის გასქელებას. გიგანტური დივერტიკულის ჩამოყალიბების მიზეზი უცნობია.
დივერტიკული თავისთავად საშიში არ არის. დივერტიკულოზით დაავადებულთა უმეტესობას სიმპტომები არა აქვს. თუმცა, დივერტიკულოზმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს: აუხსნელი შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცელში, ნაწლავების მოქმედების დარღვევა და სისხლიანი განავალი. სისხლდენა შეიძლება განვითარდეს დივერტიკულის წვრილი შესავლიდან, სისხლი იღვრება ნაწლავის სანათურში ან, თუ დივერტიკული სწორ ნაწლავშია, სწორი ნაწლავიდან გარეთ. სისხლდენა ზოგჯერ ძლიერი შეიძლება იყოს. მისი გამომწვევი შეიძლება ზოგჯერ იყოს განავლის დივერტიკულაში ჩაჭედვა და სისხლძარღვების დაზიანება (როგორც წესი, დივერტიკულის გვერდზე მდებარე არტერიის). დივერტიკულში ჩაჭედილმა განავალმა, სისხლდენის გარდა, შეიძლება გამოიწვიოს ანთება და ინფექცია, რის შედეგადაც დივერტიკულიტი ვითარდება.
დივერტიკულოზის დიაგნოზი სავარაუდოა, თუ პაციენტს აქვს აუხსნელი მოვლითი ხასიათის ტკივილები მუცელში, ნაწლავების მოქმედების დარღვევა ან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა. დიაგნოზი, როგორც წესი, დასტურდება კოლონოსკოპიით და ზოგჯერ ბარიუმის ოყნის შემდეგ ჩატარებული რენტგენოლოგიური გამოკვლევით, თუმცა, თუ პაციენტს ძლიერი მუცლის ტკივილი აქვს, მას, ანთებადი ნაწლავის მთლიანობის დარღვევის დიაგნოსტირებისთვის, კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება.
განავალში სისხლის არსებობის შემთხვევაში, სისხლდენის წყაროს დასადგენად საუკეთესო საშუალებაა კოლონოსკოპია. თუმცა, ზოგჯერ ანგიოგრაფია და რადიონუკლიდური სკანირებაა საჭირო. ეს უკანასკნელი რადიოაქტიური სისხლის წითელი უჯრედების ვენაში შეყვანის შემდეგ ტარდება.
მკურნალობის მიზანი, როგორც წესი, ნაწლავის სპაზმის შემცირებაა. ეფექტურია ბოჭკოებით მდიდარი საკვების (ბოსტნეული, ხილი და მარცვლეული) და სითხეების მიღება. მსხვილ ნაწლავში განავლის მასის გაზრდილი მოცულობაამცირებს სპაზმს, რაც, თავის მხრივ, მსხვილი ნაწლავის კედელზე მოქმედ წნევას აქვეითებს. თუ მხოლოდ ბოჭკოებით მდიდარი დიეტა უშედეგოა, ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს საკვებში ყოველდღიურად ქატოს დამატება ან მოცულობითი საფაღარათო საშუალების, როგორიცაა ფსილიუმის (მრავალძარღვას თესლის ბოჭკო) ან მეთილცელულოზის გამოყენება.
გაურთულებელი დივერტიკულოზი, როდესაც სახეზე არ გვაქვს ანთება, ინფექცია ან გართულება, ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. სისხლდენა, უმეტესად, მკურნალობის გარეშე ჩერდება. მაგრამ თუ სისხლდენა არ შეჩერდა, მაშინ, სისხლის დენის შესაჩერებლად, ექიმი ატარებს კოლონოსკოპიას (კოაგულაცია), რომლის დროსაც შეჰყავს წამალი სისხლმდენ ადგილას. თუ სისხლდენა ხშირად მეორდება ან სისხლდენის წყარო ვერ დგინდება, შესაძლოა საჭირო გახდეს მსხვილი ნაწლავის უმეტესი ნაწილის ამოკვეთა, მაგრამ ასეთი ქირურგიული ჩარევა ხშირად არ კეთდება.
გიგანტური დივერტიკულა, როგორც წესი, ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, რადგანაც ის ადვილად ინფიცირდება და იგლიჯება.