ანალური ნაპრალი ანუსის ამომფენ შრეში განვითარებული ნახეთქი ან წყლულია.
ანალური ნაპრალის განვითარება შეიძლება განავლის მყარმა და დიდი რაოდენობით მასების გავლამ გამოიწვიოს. არცთუ ხშირად ის შეიძლება გამოიწვიოს ანუსის პენეტრაციამ ანალური სექსის დროს. ნაპრალი იწვევს ანალური სფინქტერის სპაზმს, რაც აუარესებს ტკივილს და ხელს უშლის შეხორცების პროცესს.
ნაპრალი იწვევს ტკივილს და სისხლდენას, როგორც წესი, ნაწლავთა მოქმედებისას ან მოქმედებიდან მცირე ხნის შემდეგ. ტკივილი რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება და შემდეგ იკლებს ნაწლავთა მორიგ მოქმედებამდე. ექიმს შეუძლია დიაგნოზი ანუსის ფრთხილი დათვალიერებით დასვას.
დამარბილებელი საფაღარათო საშუალებები, ფსილიუმი ან ბოჭკოვანი საკვებით გამდიდრებული დიეტა განავლის მყარი მასებით ნაწლავის ხელახალი დაზიანების შესაძლებლობას ამცირებს. შეხორცების ხელშესაწყობად გამოიყენება დამცავი თუთიის ოქსიდის მალამო ან სანთელი (მაგალითად გლიცერინი), რაც სწორი ნაწლავის გაპოხვას და განავლის დარბილებას უზრუნველყოფს. ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ 10-15 წუთის განმავლობაში გაკეთებული თბილი ჯდომითი აბაზანა ამცირებს დისკომფორტს და ზრდის ანალურ არეში სისხლის მიდინებას, რაც ხელს უწყობს შეხორცების პროცესს.
სფინქტერის სპაზმის მოხსნისა და ნაპრალების შეხორცებისკენ მიმართული მკურნალობა მოიცავს სფინქტერში ბოტულიზმის ტოქსინის ინექციას და ნაპრალის არეში ნიტროგლიცერინის მალამოს ან კალციუმის არხის ბლოკერის გამოყენებას.
თუ ეს ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდება, შესაძლოა ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო. სფინქტერის სპაზმი შეიძლება მოიხსნას ანუსის გაჭიმვით (დილატაცია) ან შიდა სფინქტერის ჩაჭრით (ანუსის შიდა სფინქტეროტომია).