სწორი ნაწლავის პროლაფსი ანუსიდან სწორი ნაწლავის უმტკივნეულო გამოვარდნაა.
სწორი ნაწლავის პროლაფსი იწვევს სწორი ნაწლავის გადმობრუნებას ისე, რომ სწორი ნაწლავის ამომფენი შრე ანუსის გარეთ მოჩანს როგორც მუქი წითელი, ტენიანი, თითისმაგვარი გამოშვერილობა. შესაძლებელია სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, ხშირი სიმპტომია შარდის შეუკავებლობა. უფრო იშვიათად სწორი ნაწლავი საშოში გამოვარდება (რექტოცელე).
სწორი ნაწლავის მხოლოდ მფარავი შრის (ლორწოვანი შრის) დროებითი პროლაფსი ხშირია სხვა მხრივ ჯანმრთელ ახალშობილებში, რაც, სავარაუდოდ, ნაწლავების მოქმედებისას ჭინთვების დროს ვითარდება და არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. მოზრდილებში სწორი ნაწლავის ამომფენი შრის გამოვარდნას მუდმივი ხასიათი აქვს და შეიძლება სწორი ნაწლავის სულ უფრო მეტი ნაწილი გამოვარდეს. სწორი ნაწლავის მთლიანად გამოვარდნას სრულ პროლაფსს უწოდებენ (ლათინურად procidentia). ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად გვხვდება 60 წელზე უფროსი ასაკის ქალებში.
პროლაფსის ხარისხის დასადგენად ექიმი ამოწმებს ანუსის მიდამოს, როცა პაციენტი დგას ან ჩაცუცქულია და იჭინთება. ხელთათმნიანი თითით ანალური სფინქტერის შეგრძნებისას ექიმი ხშირად ამჩნევს კუნთის გამქრალ ტონუსს. მსხვილი ნაწლავის სიგმოიდოსკოპიამ, კოლონოსკოპიამ ან ბარიუმის ოყნით რენტგენოლოგიურმა კვლევამ შეიძლება ძირითადი დაავადება გამოავლინოს.
ახალშობილებსა და ბავშვებში, განავლის დამარბილებლები აქრობს ჭინთვის მოთხოვნილებას. ნაწლავის მოქმედებებს შორის დუნდულების ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირება ხშირად პროლაფსის თავისთავად განკურნებას უზრუნველყოფს.
მოზრდილებში პრობლემის კორექციისთვის, როგორც წესი, ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ქირურგიული ოპერაცია ხშირად კურნავს გამოვარდნას. მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციის ერთ-ერთი მაგალითია სწორი ნაწლავის მთლიანად აწევა, უკან შებრუნება და მენჯში გავის ძვალთან მიმაგრება.
მათთვის, ვისაც მძიმე ზოგადი მდგომარეობა აქვს ღრმა მოხუცებულობის თუ ცუდი ჯანმრთელობის გამო, უმჯობესია ქირურგიული მიდგომა განხორციელდეს სწორი ნაწლავიდან, ვიდრე მუცლის ღრუდან. ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთი ვარიანტია სფინქტერის ირგვლივ ერთგვარი მავთულის პლასტიკური მარყუჟის ჩადგმა – ე.წ. ტირშის პროცედურა. ალტერნატიული მიდგომაასწორი ნაწლავის სეგმენტის ან ზედმეტი მფარავი შრის ამოკვეთა (ექსციზია).