საყლაპავის კიბოს ყველაზე ხშირი ტიპია ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა, რომელიც საყლაპავის კედლის ამომფენი შრის უჯრედებიდან ვითარდება. ასეთი კიბო შეიძლება საყლაპავის ნებისმიერ მონაკვეთში განვითარდეს და შეიძლება გამოვლინდეს საყლაპავის შევიწროების (სტრიქტურა), სიმსივნის, პათოლოგიური ბრტყელი ზედაპირის (ფოლაქი) სახით ან საყლაპავსა და ფილტვის აირგამტარ გზებს შორის პათოლოგიური კავშირის წარმოქმნით (ფისტულა). საყლაპავის კიბოს ნაკლებად ხშირი ფორმებია ლეიომიოსარკომა (საყლაპავის გლუვი კუნთის კიბო) და მეტასტაზური კიბო (კიბო, რომელიც ორგანიზმის სხვა ადგილიდან ვრცელდება).
შეერთებულ შტატებში საყლაპავის კიბო ყოველწლიურად 15500 ადამიანს აზიანებს. ორივე სახის კიბო, ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა და ადენოკარცინომა, კაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. ბრტყელუჯრედოვანი კარცინომა უფრო ხშირია შავკანიანებში, ადენოკარცინომა კი უფრო ხშირად თეთრკანიანებში გვხვდება. 1970-იან წლებიდან შეერთებულ შტატებში ადენოკარცინომის სიხშირე სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით თეთრკანიან კაცებში და საყლაპავის ქვედა ნაწილში ის ამჟამად ბრტყელუჯრედოვან კარცინომაზე უფრო ხშირად ვითარდება.
თამბაქოს მოხმარება (ნებისმიერი სახით) და ალკოჰოლი საყლაპავის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია, თუმცა უფრო მეტად ბრტყელუჯრედოვანი კარცინომისთვის, ვიდრე ადენოკარცინომისთვის. საყლაპავის კიბოს განვითარების მომატებული რისკი აღენიშნებათ პირებს, რომლებიც ინფიცირებული არიან ადამიანის პაპილომავირუსით, ან ადრე ჰქონიათ თავისა და კისრის კიბო, ან სხვა ახლომდებარე კიბოს სამკურნალოდ სხივური თერაპია საყლაპავის მიდამოში აქვთ ჩატარებული.
საყლაპავის კიბოს განვითარების მაღალი რისკი ასევე აღენიშნებათ პირებს, რომელთაც უკვე აქვთ საყლაპავის დაავადება, როგორიცაა აქალაზია, საყლაპავის აპკი (პლამერ-ვინსონის სინდრომი) ან კოროზიული ნივთიერების (როგორიცაა ტუტე) გადაყლაპვით გამოწვეული შევიწროება. კუჭიდან მჟავას განმეორებითი უკუდინებით (გასტროეზოფაგური რეფლუქსი) საყლაპავის ხანგრძლივად გაღიზიანებამ, შეიძლება გამოიწვიოს კიბოსწინარე მდგომარეობა, რასაც ბარეტის საყლაპავი ეწოდება. მიუხედავად იმის, რომ ბარეტის საყლაპავით გამოწვეული საყლაპავის კიბო იშვიათია, ინდუსტრიული ქვეყნების უმრავლესობაში მისი სიხშირე სწრაფად მატულობს საყლაპავის კიბოს სხვა ფორმებთან შედარებით.
საყლაპავის კიბო ადრეულ სტადიაში შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. პირველი სიმპტომი ხშირად მყარი საკვების ყლაპვის გაძნელებაა, რომელიც კიბოს ზრდის შედეგად საყლაპავის შევიწროებით არის გამოწვეული. რამდენიმე კვირის შემდეგ ძნელდება რბილი საკვების, მოგვიანებით კი, სითხისა და ნერწყვის გადაყლაპვა. წონაში კლება ხშირია მაშინაც კი, თუ ადამიანი კარგად იკვებება. პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ზურგში გადაეცემა.
კიბო პროგრესირებასთან ერთად, ჩვეულებრივ, იჭრება სხვადასხვა ნერვში, სხვა ქსოვილებსა და ორგანოებში. სიმსივნე შეიძლება იმ ნერვს დააწვეს, რომელიც ხმის იოგებს აკონტროლებს, რაც ხმის ჩახლეჩას იწვევს. ირგვლივმდებარე ნერვების კომპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორნერის სინდრომი, ხერხემლის ტკივილი და სლოკინი. კიბო ხშირად ვრცელდება ფილტვებში, რასაც შეიძლება სუნთქვის უკმარისობა ახლდეს, აგრეთვე ღვიძლში, რამაც შეიძლება ცხელება და მუცლის შესივება გამოიწვიოს. სიმსივნის ძვლებში ზრდამ შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს. ტვინში გავრცელება შეიძლება თავის ტკივილის, გონების დაბინდვის და კრუნჩხვების მიზეზი გახდეს. ნაწლავებში ზრდამ შეიძლება ღებინება, სისხლიანი განავალი და რკინადეფიციტური ანემია გამოიწვიოს. თირკმლებში გავრცელება ხშირად ასიმპტომურია.
მოგვიანებით სტადიებზე კიბომ შეიძლება სრულად დაახშოს საყლაპავი. ყლაპვა შეუძლებელი ხდება, სეკრეტი გროვდება პირის ღრუში, რაც ძალიან შემაწუხებელია.
საყლაპავის კიბოს დიაგნოზზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში საუკეთესო დიაგნოსტიკური პროცედურაა ენდოსკოპია, რის დროსაც დრეკადი მილი (ენდოსკოპი) საყლაპავის დასათვალიერებლად პირის ღრუდან შეჰყავთ. მიკროსკოპიული კვლევისთვის ექიმი ენდოსკოპით იღებს ქსოვილის ნიმუშს (ბიოფსია) და ფაშარ უჯრედებს (ჯაგრისის დახმარებით). ობსტრუქციის გამოვლენა შესაძლებელია ბარიუმით ჩატარებული რენტგენოლოგიური კვლევით (პაციენტი სვამს ბარიუმის ფაფას, რომელიც ხილულია რენტგენოლოგიურად). კიბოს გავრცელების შესაფასებლად მიმართავენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ/CT) და ენდოსკოპის საშუალებით ჩატარებულ ულტრასონოგრაფიულ სკანირებას.
საყლაპავის კიბოს დიაგნოზი, როგორც წესი, დაავადების გავრცელებამდე არ ისმება, რის გამოც სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. 5%-ზე ნაკლებია მათი რაოდენობა, ვინც 5 წელზე მეტს ცხოვრობს. ბევრი კვდება პირველი სიმპტომის გამოვლენიდან ერთი წლის განმავლობაში. რადგან საყლაპავის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა ფატალურია, ექიმის მთავარ ამოცანას სიმპტომების კონტროლი წარმოადგენს, განსაკუთრებით ტკივილისა და ყლაპვის გაძნელების, რაც ძალიან აშინებთ პაციენტსა და მის ახლობლებს.
სიმსივნის ამოსაკვეთად ჩატარებულ ქირურგიულ ოპერაციას ყველაზე ხანგრძლივი შვება მოაქვს. თუმცა განკურნება იშვიათია, რადგან ქირურგიული ჩარევის დროს, როგორც წესი, კიბო უკვე გავრცელებულია. ქიმიოთერაპიამ, დამოუკიდებლად ან სხივურ თერაპიასთან ერთად, შეიძლება მოხსნას სიმპტომები და რამდენიმე თვით გაახანგრძლივოს სიცოცხლე. ხანდახან ოპერაციისწინა რადიაციული თერაპია ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ზრდის ქირურგიული განკურნების სიხშირეს. სიმპტომების მოხსნისაკენ მიმართული სხვა ღონისძიებები მოიცავს საყლაპავი მილის შევიწროებული ადგილის გაგანიერებას (დილატაცია) და შემდგომ მილის ჩადგმას საყლაპავის გამავლობის შესანარჩუნებლად (სტენტი), სიმსივნის შემოვლას ნაწლავის მარყუჟის გამოყენებით (შუნტი) და ლაზერული ფოტოთერაპიის ჩატარებას, რომლის დროსაც სინათლის მაღალენერგიულ ნაკადსმიმართავენ საყლაპავის ობსტრუქციის გამომწვევი კიბოს ქსოვილის დასაშლელად.
კიდევ ერთი ტექნიკა, რომელიც სიმპტომების მოსახსნელად გამოიყენება, ფოტოდინამიკური თერაპიაა. ამ დროს მკურნალობამდე 48 საათით ადრე ვენაში (ინტრავენურად) შეჰყავთ სინათლემგრძნობიარე საღებავი (კონტრასტული აგენტი). კიბოს უჯრედები საღებავს ბევრად უფრო მაღალი ინტენსივობით ითვისებს, ვიდრე საყლაპავის ნორმალური ქსოვილი. ენდოსკოპის საშუალებით საყლაპავში შეტანილი ლაზერის სხივი ააქტიურებს საღებავს და საღებავი, ანადგურებს რა კიბოს ქსოვილს, ათავისუფლებს საყლაპავის მილს შევიწროებისაგან. იმ შემთხვევებში, როცა, სუსტი ჯანმრთელობის გამო, ქირურგიული მკურნალობა არ არის შესაძლებელი, ფოტოდინამიკური თერაპია ობსტრუქციის გამომწვევ წარმონაქმნს ბევრად უფრო სწრაფად ანადგურებს, ვიდრე რადიაციული ან ქიმიოთერაპია.
ადეკვატური კვების ფონზე ნებისმიერი მკურნალობა უფრო ეფექტური და ადვილად გადასატანია. პირებს, რომელთაც ყლაპვა შეუძლიათ, საკვებად ეძლევათ საკვები ნივთიერებების კონცენტრირებული სითხე. მათ, ვისაც ყლაპვა არ შეუძლიათ, შეიძლება დასჭირდეთ ზონდით ან ინტრავენური კვება.
რადგან სიკვდილი გარდაუვალია, საყლაპავის კიბოს დიაგნოზის მქონე პირმა გარკვეული გეგმები უნდა დასახოს. კერძოდ, მას უნდა ჰქონდეს გულახდილი საუბარი მკურნალ ექიმთან სიცოცხლის ბოლო ეტაპზე ჩასატარებელი სამედიცინო დახმარების საჭიროებასა და ფორმაზე (წინასწარ გაცხადებული ნება).