ანუსის კიბო ვითარდება უშუალოდ ანუსის გარშემო ან ანუსსა და სწორ ნაწლავს შორის არსებულ გარდამავალ ზონაში (ანალური არხი) მდებარე კანის უჯრედებიდან. სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის კიბოსაგან განსხვავებით, რომელიც თითქმის ყოველთვის ადენოკარცინომას წარმოადგენს, ანუსის კიბო პირველადი ბრტყელუჯრედოვანი კარცინომაა.
შეერთებულ შტატებში ანუსის კიბო ყოველწლიურად 4000 მეტ ადამიანს უდგინდება. ის თითქმის ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება ქალებში. ანუსის კიბოს გამომწვევი უცნობია. გაზრდილი რისკის ქვეშ არიან ანალური სქესობრივი კავშირის მქონე პირები, ისევე როგორც ადამიანები, ვისაც გარკვეული ტიპის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები აქვთ, განსაკუთრებით ადამიანის პაპილომავირუსის (HPV ტიპი 16) და ვენერიული ლიმფოგრანულომის მქონე პირები.
ანუსის კიბოს მქონე პირებს ხშირად აღენიშნებათ სისხლდენა ნაწლავის მოქმედების დროს, ტკივილი და ზოგჯერ ანალური ქავილი. ანუსის კიბოს მქონეთა დაახლოებით 25%-ს სიმპტომები არა აქვს. ამ შემთხვევაში კიბოს აღმოჩენა მხოლოდ რუტინული გასინჯვის დროს ხდება.
ანუსის კიბოს დიაგნოზისთვის ექიმმა, პათოლოგიის აღმოსაჩენად, ჯერ ანუსის გარშემო არსებული კანი უნდა დაათვალიეროს. ექიმს ხელთათმნიანი თითი შეჰყავს ანუსსა და სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილში და ამოწმებს, რომელიმე მონაკვეთი განსხვავებულად ხომ არ შეიგრძნობა გარშემო მდებარე ქსოვილებთან შედარებით. შემდეგ ექიმს შეუძლია პათოლოგიური არიდან ქსოვილის ნიმუშის აღება და მიკროსკოპის ქვეშ გამოკვლევა (ბიოფსიის ჩატარება).
რადიაციული თერაპია ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქირურგიული ჩარევის ნაცვლად, ან ქირურგიულ ოპერაციასთან ერთად. ხშირად დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა მხოლოდ ქირურგიული ჩარევა; თუმცა, ექიმი ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დააზიანოს ფუნქციური კუნთოვანი რგოლი (ანალური სფინქტერი), რომელიც ანუსს ხურავს, ნაწლავების მოქმედებებს შორის პერიოდში. მისი დაზიანება გამოიწვევს ნაწლავის მოქმედებაზე კონტროლის დაკარგვას (ფეკალური შეუკავებლობა). სხივური და ქიმიოთერაპიის კომბინაცია ან სხივური თერაპიის კომბინაცია ქირურგიულ ოპერაციასთან, კურნავს ანუსის კიბოს უმეტეს ნაწილს. ამ ფონზე პაციენტთა 70%-ის ან მეტის სიცოცხლის ხანგრძლივობა 5 წელს აღემატება. ზოგჯერ საჭირო ხდება უფრო ფართო მასშტაბის ქირურგიული ჩარევა. ეს იმ შემთხვევაში, თუ პირველადი მკურნალობის შემდგომი ბიოფსიის შედეგი კიბოს რეციდივს აჩვენებს.