ილეუსი | მკურნალი.გე
  1. ილეუსი
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
ილეუსი

ილეუსი (პარალიზური ილეუსი, ადინამიური ილეუსი) ნაწლავის კედლის ნორმალური კუმშვითი მოძრაობების დროებითი გაქრობაა.

  • ხშირი გამომწვევია მუცლის ღრუს ქირურგიული ოპერაციები და ნაწლავის მოძრაობის შემაფერხებელი წამლები.
  • ახასიათებს შებერილობა, ღებინება, შეკრულობა, სპაზმური ტკივილი და მადის დაკარგვა.
  • დიაგნოზი ისმება რენტგენოლოგიურად.
  • პაციენტებს ეკრძალებათ ჭამა და დალევა. ცხვირიდან კუჭში იდგმება თხელი ზონდი.

ილეუსი, ნაწლავის ობსტრუქციის მსგავსად, ნაწლავის შიგთავსის გადაადგილებას აფერხებს. ილეუსი, მექანიკური გაუვალობისგან განსხვავებით, იშვიათად იწვევს ნაწლავის მთლიანობის დარღვევას.

ილეუსი, ძირითადად, მუცლის ღრუზე ქირურგიული ჩარევიდან 24-72 საათში ვითარდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანიპულაცია ნაწლავებზე ჩატარდა. მისი ხშირი გამომწვევია წამლები, განსაკუთრებით ოპიოიდური ანალგეტიკები და ანტიქოლინერგული საშუალებები. ილეუსი ასევე შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ ან მუცლის ღრუში არსებულმა სისხლის კოლტმა, ათეროსკლეროზმა, რომელიც ნაწლავის სისხლით მომარაგებას ამცირებს, ან ნაწლავის არტერიის ან ვენის დაზიანებამ. ილეუსის განვითარების მიზეზი შეიძლება სხვა ორგანოების დაავადებები და სისტემური დარღვევები იყოს – თირკმლების უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში ელექტროლიტების შემცველობის დარღვევა (მაგალითად, კალიუმის დაბალი ან კალციუმის მაღალი დონე).

სიმპტომები და დიაგნოზი

ილეუსის სიმპტომებია მუცლის შებერილობა, ღებინება, ძლიერი შეკრულობა, მადის დაკარგვა და სპაზმური ტკივილი.

ექიმი სტეტოსკოპით ისმენს ნაწლავის შემცირებულ ხმიანობას ან მას საერთოდ ვერ ისმენს. მუცლის რენტგენოლოგიური გამოკვლევით მოჩანს ნაწლავის გადაბერილი მარყუჟები. ზოგჯერ ექიმი სიტუაციას აფასებს კოლონოსკოპის საშუალებით (მსხვილი ნაწლავის გამოკვლევა დრეკადი დასათვალიერებელი მილით).

მკურნალობა

აუცილებელია ილეუსის შედეგად დაგროვილი აირისა და სითხისგან გათავისუფლება. ჩვეულებრივ, ცხვირიდან კუჭში ან წვრილ ნაწლავში იდგმება ზონდი და ხდება შიგთავსის ამოქაჩვა, რათა შემცირდეს წნევა და მოიხსნას ნაწლავის დაჭიმულობა. ნაწლავის ფუნქციის აღდგენამდე არ შეიძლება საკვების და სასმლის მიღება. სითხეებისა და ელექტროლიტების (მაგალითად ნატრიუმი, ქლორი და კალიუმი) მიწოდება ინტრავენურად ხდება. ზოგჯერ, როცა პრობლემა ძირითადად მსხვილ ნაწლავშია, წნევის შესამცირებლად მსხვილ ნაწლავში მილი ანუსიდან იდგმება.