პერფორაცია | მკურნალი.გე
  1. პერფორაცია
  2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებელი მდგომარეობები
  3. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები
პერფორაცია

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერი ღრუ ორგანო შეიძლება გაიხვრიტოს (განვითარდეს პერფორაცია), რაც გასტროინტესტინური შიგთავსის გარეთ გადმოსვლას იწვევს. შედეგად ვითარდება შოკი და, დაუყოვნებელი ქირურგიული ჩარევის გარეშე – სიკვდილი.

  • სიმპტომები მოიცავს უეცარ, ძლიერ ტკივილს გულმკერდში ან მუცელში. შეხებით მუცელი მგრძნობიარეა.
  • დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია.
  • საჭიროებს გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას.

პერფორაციის შედეგად საკვები, საჭმლის მომნელებელ წვენი ან ნაწლავის შიგთავსი მუცელში (ან ხანდახან გულმკერდში, თუ საყლაპავია პერფორირებული) იღვრება. ეს მასა ძლიერი გამღიზიანებელია და შეიცავს ბაქტერიებს, რომლებიც იწვევენ ძლიერ ანთებასა და ინფექციას, რაც მკურნალობის გარეშე ფატალურია.

გამომწვევი მიზეზები

გამომწვევი მიზეზი განსხვავდება იმისდა მიხედვით, თუ სად არის პერფორაცია; თუმცა, ტრავმამ შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის ნებისმიერი მონაკვეთი დააზიანოს. გადაყლაპული უცხო სხეულები, ჩვეულებრივ, სირთულის გარეშე გადაადგილდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში; თუმცა, ზოგჯერ ის შეიძლება გაიჭედოს და პერფორაცია გამოიწვიოს.

სიმპტომები

საყლაპავის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის პერფორაცია იწვევს მწვავე ტკივილს, რაც შეიძლება გადაეცეს (ირადირდეს) მხარში. ადამიანი ძალიან ავადმყოფურად გამოიყურება, გახშირებული აქვს პულსი, ოფლიანობს და მისი მუცელი შეხებისას მტკივნეულია. წვრილი და მსხვილი ნაწლავის პერფორაცია ხშირად ტკივილით მიმდინარე სხვა მდგომარეობების ფონზე ხდება, და ის ზოგჯერ შემოფარგლულია (მიფარებული პერფორაცია). ამიტომ პერფორაციის სიმპტომები შეიძლება ნაკლებად იყოს გამოხატული და არსებული მდგომარეობა შეცდომით ძირითადი დაავადების გაუარესებად იყოს მიჩნეული.

პერფორაციის შემთხვევაში ყველა პაციენტს, როგორც წესი, აქვს გულისრევა, ღებინება და მადის დაკარგვა.

დიაგნოზი და მკურნალობა

დიაგნოზის დასასმელად ექიმი, ჩვეულებრივ, იყენებს გულმკერდისა და მუცლის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რამაც შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან გასული ჰაერი გამოავლინოს. ეს პერფორაციის უტყუარი ნიშანია. ზოგჯერ ექიმს დიაგნოზის დასადასტურებლად კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ/CT) სჭირდება.

თუ ექიმმა დასვა პერფორაციის დიაგნოზი, გადაუდებელი ქირურგიული ჩარევაა საჭირო. ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტი იღებს ინტრავენურ სითხეებს და ანტიბიოტიკებს. ამასთან, წვრილი ზონდი ცხვირის გავლით კუჭში თავსდება, რათა ამოიქაჩოს კუჭის წვენი და არ მოხდეს მისი პერფორირებული ადგილიდან (ხვრელიდან) გარეთ გამოსვლა.