ღვიძლი ყველაზე დიდი, სოლისებრი ფორმის, მრავალი ფუნქციის მქონე ორგანოა. ის ორგანიზმში ქიმიური ქარხნის როლს ასრულებს, ახორციელებს უამრავ სასიცოცხლო ფუნქციას – ქიმიური ნივთიერებების დონის რეგულირებით დაწყებული და იმ ნივთიერებების (შემადედებელი ფაქტორები) წარმოქმნით დამთავრებული, რომლებიც სისხლის კოლტს წარმოქმნის სისხლდენის დროს.
ღვიძლი აწარმოებს სხეულის ქოლესტეროლის დაახლოებით ნახევარს, დანარჩენს ადამიანი საკვებთან ერთად იღებს. ღვიძლის მიერ წარმოებული ქოლესტეროლის ნახევარზე მეტი გამოიყენება ნაღვლის პროდუქციისთვის, რომელიც მომწვანო-მოყვითალო ფერის, სქელი კონსისტენციის წებოვანი ნივთიერებაა, მონაწილეობს საკვების მონელებაში. ქოლესტეროლი საჭიროა ზოგიერთი ჰორმონის წარმოქმნისთვისაც, როგორებიცაა ესტროგენები, ტესტოსტერონი და თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები, ის ყველა უჯრედის მემბრანის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტია. ღვიძლი წარმოქმნის სხვა ნივთიერებებსაც, რომლებიც საჭიროა სხეულის ფუნქციონირებისთვის, მაგალითად, შემადედებელ ფაქტორებს, რომლებიც სისხლდენის შესაჩერებლად საჭირო ცილებია, ალბუმინს – ცილას, რომელიც ინარჩუნებს წნევას სისხლის მიმოქცევის სისტემაში.
ღვიძლი შლის ნაწლავიდან შეწოვილ ან სხეულის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნილ ტოქსიკურ ნივთიერებებს (ტოქსინებს) და შემდეგ გამოყოფს მათ სისხლში ან ნაღველში, როგორც შუალედური ცვლის უსაფრთხო პროდუქტებს. ნაღველში გამოყოფილი შუალედური ცვლის პროდუქტები გადადის ნაწლავში და სხეულს განავალთან ერთად ტოვებს, ხოლო სისხლში გამოყოფილი თირკმლებში იფილტრება და სხეულს შარდთან ერთად ტოვებს. ღვიძლი აგრეთვე ცვლის მიღებული წამლების ქიმიურ სტრუქტურას, გადაჰყავს ისინი არააქტიურ ფორმაში, ან ხელს უწყობს მათი სხეულიდან გამოყოფას.
ღვიძლი სისხლით ნაწლავებიდან და, სხვა ორგანოების მსგავსად, გულიდან მარაგდება. სისხლი ნაწლავებიდან შეიცავს თითქმის ყველა შეწოვილ შენაერთს, მათ შორის საკვებ ნივთიერებებს, წამლებს, ზოგჯერ ტოქსინებს. სისხლი ნაწლავის კედლის კაპილარების გავლით ჩაედინება ღვიძლში შემავალ კარის ვენაში, შემდეგ ღვიძლში არსებულ უწვრილესი არხების ბადეში, სადაც გადამუშავდება მონელებული საკვები ნივთიერებები და ტოქსინები.
გულიდან ღვიძლამდე სისხლი ღვიძლის არტერიით მიდის. ეს სისხლი ღვიძლის ქსოვილს გადასამუშავებლად აწვდის ჟანგბადს, ქოლესტეროლს და სხვა ნივთიერებებს. ამის შემდეგ ნაწლავებიდან და გულიდან შემოდენილი სისხლი ღვიძლის ქსოვილებში ერთმანეთში ირევა და ღვიძლის ვენის გავლით უკან მიედინება გულში.