ნაღვლის ბუშტი მცირე ზომის, მსხლისებრი ფორმის კუნთოვანი პარკია, რომელშიც ნაღველი გროვდება. ნაღველი მომწვანო-მოყვითალო ფერის, სქელი კონსისტენციის წებოვანი ნივთიერებაა, რომელიც შედგება ნაღვლის მარილების, ელექტროლიტების (ხსნადი, დამუხტული ნაწილაკები, როგორიცაა ნატრიუმი და ბიკარბონატი), ნაღვლის პიგმენტების, ქოლესტეროლისა და სხვა ცხიმებისგან (ლიპიდები). ნაღველს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს: მონელებისთვის ხელშეწყობა და ზოგიერთი ნარჩენი პროდუქტის (ძირითადად ჰემოგლობინისა და ჭარბი ქოლესტეროლის) სხეულიდან მოცილება. ნაღვლის მარილები ხელს უწყობს მონელებას ქოლესტეროლის, ცხიმებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ნაწლავებში შეწოვის ხელშეწყობით. ნაღვლის მთავარი პიგმენტი – ბილირუბინი ნარჩენი პროდუქტია, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინისგან (ჟანგბადის გადამტანი ცილა) და ნაღველში გადადის. ჰემოგლობინი ძველი ან დაზიანებული სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად გამოიყოფა.
ნაღველი ღვიძლიდან გამოედინება ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა სადინარების მეშვეობით, რომელთა შეერთებით იქმნება ღვიძლის საერთო სადინარი. ეს უკანასკნელი უერთდება ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებულ სადინარს, რომელსაც ნაღვლის სადინარი ეწოდება, მათი შეერთების შედეგად ნაღვლის საერთო სადინარი წარმოიქმნება. ნაღვლის საერთო სადინარი ჩადის წვრილ ნაწლავში ოდის სფინქტერთან (ბეჭდისებრი კუნთი), რომელიც კუჭიდან რამდენიმე სანტიმეტრით ქვემოთ მდებარეობს.
საკვების მიღებებს შორის პერიოდში გამოყოფილი ნაღვლის ნახევარი ნაღვლის საერთო სადინარის გავლით ჩაედინება წვრილ ნაწლავში. დარჩენილი ნაწილი ნაღვლის სადინარის მეშვეობით უკან ბრუნდება ნაღვლის ბუშტში და იქ გროვდება. ნაღვლის ბუშტში ნაღველში არსებული წყლის 90% შეიწოვება სისხლის ნაკადში, რაც დარჩენილ ნაღველს ძალზე კონცეტრირებულს ხდის. როდესაც საკვები წვრილ ნაწლავს მიაღწევს, აქტიურდება ნერვული და ჰორმონული სიგნალები, რომლებიც ნაღვლის ბუშტის შეკუმშვასა და ოდის სფინქტერის მოდუნებას და გახსნას იწვევს. ამის შემდეგ ნაღველი ნაღვლის ბუშტიდან წვრილ ნაწლავში გადადის, ერევა ნაწლავის შიგთავსს, ხელს უწყობს მის მონელებას. წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილში ნაღვლის მარილების 90% სისხლის მიმოქცევის სისტემაში გადადის.
ღვიძლი სისხლის მიმოქცევიდან გამოაცალკევებს ნაღვლის მარილებს და გამოყოფს მათ ნაღველში. ეს ციკლი დღეში დაახლოებით 10-12-ჯერ მეორდება. ყოველ ჯერზე ნაღვლის მარილების მცირე ნაწილი არ შეიწოვება და აღწევს მსხვილ ნაწლავს, სადაც ის ბაქტერიების ზეგავლენით იშლება. ნაღვლის მარილების ნაწილი ისევ შეიწოვება მსხვილ ნაწლავში, დარჩენილი ნაწილი კი განავალთან ერთად გამოიყოფა.
ნაღვლის ბუშტი სასარგებლო ორგანოა, მაგრამ არა აუცილებელი. მისი ამოკვეთის შემდეგ (მაგალითად, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს) ნაღველი წვრილ ნაწლავში პირდაპირ ღვიძლიდან გადადის.
ნაღვლის ბუშტში ან სანაღვლე სადინარებში შეიძლება ჩამოყალიბდეს უპირატესწილად ქოლესტეროლისგან წარმოშობილი მკვრივი მასები (ნაღვლოვანი კენჭები). მათი არსებობისას სიმპტომები არ აღინიშნება, მაგრამ კენჭებმა ზოგჯერ შეიძლება შეაფერხოს ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის დინება და ტკივილი (ბილიარული კოლიკა), ან ანთება გამოიწვიოს. ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის სადინარში მათი გადაადგილებისას კენჭები აბრკოლებენ ნაღვლის წვრილ ნაწლავში გადადინებას, რამაც ტკივილთან და ანთებასთან ერთად შეიძლება სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა) გამოიწვიოს. ნაღვლის დინების შეჩერება შეიძლება სიმსივნეებმაც განაპირობოს; შეჩერების სხვა მიზეზები ნაკლებად არის გავრცელებული.