ადამიანის დაბერებას თან ახლავს სტრუქტურული და მიკროსკოპული ცვლილებები ღვიძლში. იცვლება მისი ფერი – ღია ყავისფრიდან მუქ ყავისფრამდე, ზომა და სისხლით მომარაგება მცირდება, თუმცა, ღვიძლის ფუნქციური სინჯების შედეგები ძირითადად ნორმალური რჩება.
ღვიძლში სხვადასხვა ნივთიერების გადამუშავების ინტენსივობა ასაკთან ერთად მცირდება. მაგალითად, ასაკოვნებში ზოგიერთი წამლის ინაქტივაციის სისწრაფე კლებულობს. ამის გამო წამლის დოზამ, რომლის გამოყენებასაც ახალგაზრდებს შორის არ ახლავს რაიმე გვერდითი ეფექტები, ასაკოვან პირებში გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომაც მოხუცების მკურნალობისას ხშირად საჭირო ხდება წამლის დოზის შემცირება. ასაკის მატებასთან ერთად კლებულობს ღვიძლის უნარი, შეამციროს სტრესის ზეგავლენა ორგანიზმზე. ნივთიერებებმა, რომლებიც ღვიძლზე ტოქსიკურად მოქმედებენ, უფრო მეტად შეიძლება დააზიანოს ის მოხუცებულობის დროს, ვიდრე ახალგაზრდა ასაკში. გარდა ამისა, ღვიძლის დაზიანებული უჯრედების აღდგენა ასაკოვნებში უფრო ნელა მიმდინარეობს, ასაკთან ერთად მცირდება ნაღვლის წარმოქმნა, მისი დინების სიჩქარე, რის შედეგადაც იზრდება კენჭების ჩამოყალიბების ალბათობა.