ულტრაბგერა გამოიყენებაღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად. ტრანსაბდომინალური ულტრაბგერა ინფორმაციულია სტრუქტურული პათოლოგიების არსებობაზე ეჭვის (მაგალითად, ციროზი – ღვიძლის დანაწიბურება, ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვება) დასადასტურებლად. ეს ყველაზე იაფი და სწრაფი მეთოდია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე სადინარების გამოსახულების მისაღებად.
ულტრაბგერის საშუალებით ექიმს შეუძლია აღმოაჩინოს ნაღვლის ბუშტის კენჭები. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შეიძლება სანაღვლე სადინარის დახშობით გამოწვეული სიყვითლე (კანისა და თვალის თეთრი ნაწილის მოყვითალოდ შეფერვა) განვასხვაოთ ღვიძლის უჯრედების ფუნქციური უკმარისობით გამოწვეული სიყვითლისგან; სახელდობრ, თუ ულტრაბგერა გამოავლენს სადინარების გაფართოებას, სიყვითლის მიზეზად სადინარის დახშობა უნდა ჩაითვალოს. ულტრაბგერა გამოიყენება ღვიძლში ნემსის ზუსტად შესაყვანად ქსოვილის ნიმუშის მისაღებად ღვიძლის ბიოფსიის დროს. ულტრაბგერის ერთ-ერთი სახე, დოპლეროგრაფია, გამოიყენება ღვიძლში სისხლის მიმოქცევის შესასწავლად. დოპლერით გამოკვლევისას შეიძლება ღვიძლის არტერიებისა და ვენების დახშობის აღმოჩენა, განსაკუთრებით კარის ვენისა, რომელიც ნაწლავიდან ღვიძლისკენ სისხლის დინებას უზრუნველყოფს. დოპლერის მეშვეობით შეიძლება დადგინდეს წნევის მომატება კარის ვენაში. ენდოსკოპიური ულტრაბგერითი გამოკვლევისას გამოიყენება ენდოსკოპის თავზე მოთავსებული უმცირესი ზომის ზონდი, რომელიც პირიდან შეიყვანება კუჭში და წვრილი ნაწლავის პირველ სეგმენტში (თორმეტგოჯა ნაწლავი), რაც აახლოებს ზონდს ღვიძლთან და მის გარშემო მდებარე ორგანოებთან.
რადიონუკლიდური (რადიოიზოტოპური) ვიზუალიზაციისთვის გამოიყენება რადიოაქტიური ინდიკატორის შემცველი ნივთიერება, რომელიც სხეულში ინტრავენურად შეყვანის შემდეგ გროვდება რომელიმე ერთ ორგანოში. რადიოაქტიურობას აფიქსირებს მუცლის ზედა ნაწილზე მოთავსებული და კომპიუტერთან დაკავშირებული გამა-კამერა, რომელიც გამოსახულებას იძლევა. ღვიძლის სკანირებისას გამოიყენება რადიოაქტიური ნივთიერება, რომელიც ღვიძლის უჯრედებში გროვდება. ქოლესცინტიგრაფია (ჰეპატობილიარული სცინტიგრაფია ან სკანირება), რადიონუკლიდური ვიზუალიზაციის ერთ-ერთისახე, აფიქსირებს რადიოაქტიური ნივთიერების მოძრაობას მისი ღვიძლიდან გამოყოფისას, ნაღვლის ბუშტის, შემდეგ კი სანაღვლე სადინარების გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში გადაადგილებისას. ამ მეთოდით შეიძლება ნაღვლის სადინარის (აერთიანებსმთავარ ნაღვლის სადინარს ნაღვლის ბუშტთან) დახშობის აღმოჩენა. ასეთი დახშობა ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთების დამადასტურებელია.
კომპიუტერული ტომოგრაფია უზრუნველყოფს ღვიძლის საუკეთესო ხარისხის გამოსახულებების მიღებას. ის გამოიყენება ღვიძლის სიმსივნეების, ჩირქგროვების (აბსცესები), აგრეთვე დიფუზური დარღვევების, როგორიცაა მაგალითად, გაცხიმოვნებული ღვიძლი, დიაგნოსტიკისთვის.
მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევით შესაძლებელია ღვიძლის ისეთი დაავადებების გამოვლენა, როგორიცაა ჰეპატიტი, ჰემოქრომატოზი და ვილსონის ავადმყოფობა, რომლებიც მიახლოებით თანაბრად აზიანებს ღვიძლის ყველა არეს. კვლევის ეს მეთოდი შესაძლებელს ხდის სისხლის მიმოქცევის შესწავლას და, შესაბამისად, სისხლძარღვების დაავადების დიაგნოსტიკას. მისი გამოყენება აგრეთვე უზრუნველყოფს სანაღვლე სადინარებისა და ახლომდებარე სტრუქტურების გამოსახულებების მიღებას იმ მეთოდის გამოყენებით, რომელსაც მაგნიტურრეზონანსული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ეწოდება. მიღებული გამოსახულებები ისევე ხარისხიანია, როგორც კვლევის ინვაზიური მეთოდების მეშვეობით მიღებული გამოსახულებები. კომპიუტერული ტომოგრაფიისგან განსხვავებით, მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევისას არ გამოიყენება რენტგენის სხივები. ამავე დროს, ის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე უფრო ძვირი პროცედურაა და მეტ დროს საჭიროებს.
ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია გულისხმობს ენდოსკოპის (დრეკადი დასათვალიერებელი მილი) პირის, საყლაპავისა და კუჭის გავლით თორმეტგოჯა ნაწლავში შეყვანას. ამის შემდეგ ენდოსკოპის მეშვეობით ბილიარულ ტრაქტში შეჰყავთ წვრილი მილი, რომლითაც რადიოკონტრასტული ნივთიერება შეიყვანება სანაღვლე გზებში, რაც სანაღვლე ტრაქტისა და პანკრეასის სადინარის რენტგენის სხივებით გამოკვლევის შესაძლებლობას იძლევა. იგივე მეთოდიზოგჯერ გამოიყენება ბილიარული ტრაქტის სტრუქტურების უბრალო მიმოხილვითი გამოსახულების მისაღებად. მიუხედავად ამისა, უპირატესობა ენიჭება მაგნიტურ-რეზონანსულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიას, ვინაიდან ის უფრო მეტად ეფექტური და უსაფრთხო მეთოდია. სხვა სადიაგნოზო ტესტებისგან განსხვავებით, ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია ბიოფსიის, აგრეთვე, მკურნალობის ზოგიერთი სახის ჩატარების შესაძლებლობას აძლევს ექიმებს. ასე მაგალითად, ეს მეთოდი გამოიყენება ნაღვლის სადინარში არსებული კენჭის ამოსაღებად ან მილის (სტენტი) საშუალებით სიმსივნით დახშული სანაღვლე სადინარის გამავლობის აღსადგენად. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის გამოყენებისას შემთხვევების დაახლოებით 1%-ში გართულებები ვითარდება – პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი) ან სისხლდენა. მკურნალობის ჩატარებისას ეს გართულებები უფრო ხშირად არის მოსალოდნელი.
პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფია გულისხმობს კანის გავლით ღვიძლში გრძელი ნემსის და ამ გზით რადიოკონტრასტული ნივთიერების ნაღვლის სადინარში შეყვანას. ნემსის შეყვანისას მისი გადაადგილების ვიზუალიზაციისთვის ექიმი ულტრაბგერას იყენებს. რენტგენი თვალსაჩინოს ხდის სანაღვლე ტრაქტს, განსაკუთრებით სანაღვლე სადინარების ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ დახშობას. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფიის მსგავსად, პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფია უფრო მეტად ბიოფსიის ან მკურნალობისთვის გამოიყენება, ვიდრე სანაღვლე ტრაქტის გამოსახულების მისაღებად. პერკუტანეული ტრანსჰეპატური ქოლანგიოგრაფიის გართულებები, როგორიცაა სისხლდენა და შინაგანი ორგანოების დაზიანება, მას ენდოსკოპიურ რეტროგრადულ ქოლანგიოპანკრეატოგრაფიაზე ნაკლებად სასურველ მეთოდად ხდის, თუმცა ზოგიერთი განსაკუთრებული გარემოების დროს მისი გამოყენება საჭირო ხდება.
ოპერაციული ქოლანგიოგრაფია გულისხმობს ნაღვლის ბუშტზე ოპერაციის დროს რენტგენოკონტრასტული ნივთიერების პირდაპირ ბილიარული ტრაქტის სადინარებში შეყვანას, რის შემდეგაც რენტგენი თვალსაჩინოს ხდის სანაღვლე ტრაქტის გამოსახულებებს. კვლევის ეს მეთოდი იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც სხვა ნაკლებად ინვაზიური გამოკვლევები ვერ იძლევა საკმარის ინფორმაციას. ოპერაციული ქოლანგიოგრაფიის ჩატარება უფრო რთულია ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაციის წარმოებისას (მუცელზე მცირე ზომის განაკვეთიდან შეყვანილი დრეკადი დასათვალიერებელი მილის და ქირურგიული ხელსაწყოების გამოყენებით).
მარტივი რენტგენი ვერ ავლენს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე ტრაქტის დაავადებებს.