ღვიძლის ქსოვილის ნიმუში შეიძლება მოპოვებულ იქნეს სადიაგნოზო ოპერაციის დროს, მაგრამ უფრო ხშირად ღვიძლის პერკუტანეული ბიოფსია გამოიყენება. ეს პროცედურა შემდეგნაირად ტარდება: კანის ანესთეზიისა და ულტრაბგერის დახმარებით ღვიძლის ადგილმდებარეობის ზუსტად განსაზღვრის შემდეგ ნემსი კანის გავლით შეჰყავთ ღვიძლში. ნემსის მოძრაობა და ღვიძლში პათოლოგიური კერის ლოკალიზაცია ულტრაბგერით კონტროლდება. ღვიძლის ბიოფსია ამბულატორიულ პროცედურად არის მიჩნეული. ქსოვილის ნიმუშის მოპოვების შემდეგ პაციენტი უნდა დარჩეს ამბულატორიულ დეპარტამენტში 3-4 საათის განმავლობაში, ვინაიდან გასათვალისწინებელია გართულებების ალბათობა, სახელდობრ, ღვიძლის გაგლეჯისა. ამ უკანასკნელის დროს შეიძლება დაიწყოს სისხლდენა, სისხლი მუცლის ღრუში ჩაიღვრება. თუ სისხლდენა ძლიერია, მან შეიძლება შოკი გამოიწვიოს. იმის გამო, რომ სისხლდენა შეიძლება დაიწყოს ბიოფსიის ჩატარებიდან 15 დღის შემდეგაც კი, პაციენტს აძლევენ მითითებას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ისეთ ადგილზე დარჩეს, რომელიც საავადმყოფოდან მხოლოდ 1 საათის სავალი გზით არის დაშორებული. მიუხედავად იმისა, რომ გართულებები ხშირი არ არის, ამ პროცედურის შემდეგ ყოველი 10000 ადამიანიდან 1 იღუპება. მსუბუქი ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში, რომელიც ზოგჯერ მარჯვენა ბეჭზე გადაეცემა, საკმაოდ ხშირია ღვიძლის ბიოფსიის შემდეგ და ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება ხდება საჭირო.
ღვიძლის ტრანსვენური ბიოფსიის დროს კისრის ვენაში დგამენ კათეტერს, რომელიც გულის გავლით ღვიძლის რომელიმე მადრენირებელ ვენაში ხვდება, აქედან კი კათეტერის ბოლოზე დამაგრებული ნემსი ვენის კედლის გავლით ღვიძლს აღწევს. ამ პროცედურის დროს, ღვიძლის პერკუტანეულ ბიოფსიასთან შედარებით, ღვიძლის დაზიანება ნაკლებად მოსალოდნელია. ის ყველაზე მეტად ეფექტურია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სისხლდენისკენ მიდრეკილება აღენიშნებათ.
ღვიძლის ბიოფსიის მეშვეობით შეიძლება ისეთი ინფორმაციის მიღება, რომელიც სხვა გამოკვლევებით შეიძლება არ გამომჟღავნდეს. ის ხშირად გამოიყენება ღვიძლში ცხიმის ჭარბად დაგროვების (ღვიძლის გაცხიმოვნება), ღვიძლის ქრონიკული ანთების (ქრონიკული ჰეპატიტი), ღვიძლის მეტაბოლური დაავადებების, როგორიცაა ვილსონის დაავადება (სპილენძის სიჭარბე) და ჰემოქრომატოზი (რკინით გადატვირთვა), ღვიძლის გადანერგვის შემდეგ განვითარებული გართულებებისა და ღვიძლში სიმსივნის გამოვლენის მიზნით.